მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ბ) მოძრაობის შესახებ

 

§26. პირველი თავის დასკვნა

 

ვიმედოვნებთ, ამ თავში მოტანილი საბუთები საკმარისია ყველა მიუკრეძოებელი ადამიანის დასარწმუნებლად იმ ჭეშმარიტებაში, რომ ჩვენ შეგრძნებები სულიერი სამყაროს მოვლენებია, რომ დანახვა, მოსმენა, სუნის, გემოს, ტკივილის, სიცივის და სითბოს შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულის მქონე, არამატერიალურ არსებას; რომ, მაშასადამე, ადამიანში არის რაღაც მისი ორგანიზმისაგან სრულიად განსხვავებული, და, მაშასადამე, მას აქვს სული, რომელიც არამატერიალურია, გონისეულია. თუ კი მარტო შეგრძნების უნარი საკმარისად გვარწმუნებს სულის არანივთიერულობაში, რაღა უნდა ვთქვათ განსჯის, დასკვნის, თავისუფლების უნარებზე და სხვ. ეს უმაღლესი უნარები კიდევ უფრო უდავოდ გვარწმუნებენ ზემოთქმულის სისწორეში, მაგრამ არავითარი საჭიროება არ არის მივმართოთ მათ; საკმარისია იმის დამტკიცება, რომ შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულიერ საწყისს. აქედანვე ჩანს ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფსიქოლოგისათვის, დაამტკიცოს შეგრძნების შეუძლებლობა სულიერი სამყაროს გარეთ. მაგრამ ეს აუცილებლობა ყველაზე უკეთ შეიძლება დავინახოთ. მე-18 საუკუნის მატერიალიზმის წარმოშობის ისტორიიდან და იმ საფუძვლებიდან, რომელსაც ეს აუცილებლობა მუდამ ემყარება. ვინც იცნობს ვოლტერის, დიდროს, ბელვეციუსის, დალამბერის და სხვა ფილოსოფოსთა შეხედულებებს, მას შეეძლო ადვილად დარწმუნებულიყო, რა გზით მივიდნენ ისინი თავის მცდარ მტკიცებებამდე და ჩვეულებრივ რით იცავდნენ მათ. ფიზიოლოგიისა და ქიმიის არასაკმარისი განვითარების გამო, იმ დროს არსებობდა აზრი, რომ შეგრძნების უნარი მიეწერება ორგანიზმს, რომ ტვინი არის ერთადერთი არსება, რომელიც ისმენს, ხედავს, გრძნობს შეხებას და ა.შ. აქედან საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომ მისულიყვნენ რწმენამდე ტვინი განსჯასაც და დასკვნებსაც თვითონ აწარმოებსო; ეს იმიტომ, რომ აშკარაა, ვინც ჩვენში ხედავს, დანახულის შესახებ თვითონვე ბჭობს. ზუსტად ამასვე იმეორებენ თანამედროვე მატერიალისტებიც. ვინც მატერიალიზმით დასნებოვნებულ ადამიანებს შეხვედრია, მას ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ მათი ერთადერთი საყრდენი პუნქტი ის აზრია, თითქოს შეგრძნების უნარი ორგანიზმს ჰქონდეს. თუ ასეთ ადამიანებს დავუმტკიცებთ ფიზიოლოგიის ნიადაგზე, რომ ორგანიზმს არა აქვს შეგრძნების უნარი, ეს იგივე იქნებოდა, რაც მათი დამარცხება მათივე საკუთარი ირაღით.