|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§24. აქვთ თუ არა ცხოველებს სული?
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი
უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები,
განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული,
არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული
ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები,
ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და
გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული
მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც
შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც
არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას
შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის
შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია.
მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?
თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ
უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი
განსხვავებებია.
სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ
ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული
იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის
ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება,
რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ
ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო
მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი
კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი
არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს,
ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ,
ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი
მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა.
აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!
|
|