|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§23. რა არის სიცოცხლე?
განვიხილოთ ჩვენი გაგების საწინააღმდეგო ზოგიერთი
მოსაზრება. მათგან მთავარია სიცოცხლის ის გაგება, წომელსაც ბევრი ემხრობა.
ბუნებისმეტყველებასა და თვითონ ფილოსოფიაში არც ერთი სიტყვა ისეთ მნიშვნელოვან როლს
არ თამაშობს, როგორც სიტყვა „სიცოცხლე". ცნება, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს,
უაღრესად განუსაზღვრელია. ზოგჯერ მას ბევრ, სრულიად ერთმანეთის საპირისპირო
მნიშვნელობას მიაწერენ, მაგრამ უფრო ხშირად, იმ ადამიანების ენაზე, რომელნიც ვერ
შეჩვევიან თავისი სიტყვების გააზრებას, ის ნიშნავს რაღაც საიდუმლო ძალას, რომლის
მეშვეობითაც ცდილობდნენ აეხსნათ ყოველივე გაუგებარი და ბნელი მცენარეთა და
ცხოველთა სამყაროს არსებების ყოფიერებაში.
ზოგნი მცენარეებს ცოცხალ არსებებად თვლიან, რის გამო ბევრი უშვებს მცენარეულ
სიცოცხლეს, მცენარეთა სიცოცხლდა ა.შ.
მაგრამ თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რაც დღემდეა ცნობილი მცენარეულ არსებათა ზრდის,
კვების და, საერთოდ, არსებობის შესახებ, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მცენარეული სიცოცხლე
სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ქიმიურ-მექანიკურ ძალთა მოქმედება. ამას ის
ამტკიცებს, რომ მცენარის შიგნით მიმდინარე ყველა მოვლენა სრულიად
დამაკმაყოფილებლადაა ახსნილი მხოლოდ და მხოლოდ ქიმიური და მექანიკური კანონებით. მაგრამ
იდუმალ ძალთა მომხრეებს უნდათ მცენარეში დაუშვან რაღაც უფრო მეტი და მაღალი, ვიდრე
უბრალო მექანიკური მოძრაობებია, და იმოწმებენ რამდენიმე მოვლენას, რომლებიც თითქოს
იმას ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობები. ასეთ
მოვლენებს ეკუთვნის ზოგიერთი მცენარის მოძრაობა იმ მიმართულებით, საიდანაც მას
სინათლე ეცემა. მაგალითად, ბნელ სარდაფში ხახვის ბოლქვი სინათლის მხარეს ამოიყრის,
მზესუმზირა თავს მზისაკენ აბრუნებს, ბევრი ყვავილი საღამოს იხურება და დღისით იშლება
და ა.შ., მაგრამ მსგავსი მოვლენები მექანიკურ ძალების სფეროს არ სცდებიან.
აშკარაა, რომ მოყვანილ მაგალითებში მოქმედებს მზის სხივის უბრალო მიზიდულება,
რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მცენარეულობაზე. საერთოდ, ბუნების უფრო გამოცდილი
მკვლევარნი მცენარეებში არასოდეს უშვებდნენ შეგრძნებისა და ნებისეული მოძრაობის
მსგავს რაიმეს.
როდესაც მცენარეებიდან ცხოველების განხილვაზე გადადიოდნენ, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ
უკანასკნელებში მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობა შედეგია რაღაც ორგანული
სიცოცხლისა, ანუ იმ განსაკუთრებული ძალისა, რომელიც სულიერი არაა და მატერიის
განვითარების ორგანული ფორმის შედეგია. ამის საბუთი მოიპოვება ცხოველთა სამყაროს
მრავალ მოვლენაში.
ბუნებაში რომ ცხოველთა მხოლოდ მაღალი კლასები არსებობდეს, რომელთაც აქვთ
ცხოველური სიცოცხლის ყველა ორგანო და ნიშნები, მაშინ არავითარი
გაუგებრობები და კამათი არ წარმოიშობოდა მათი სიცოცხლის ძირითადი საწყისის შესახებ; მაგრამ
ბუნებაში გვხვდება ისეთი ცხოველები, რომელთა ფორმები, ცხოვრების წესი,
გამრავლების, კვების გვარობა და სხვა თვისებები, ჩანს, ეწინააღმდეგება შეგრძნებებისა და
ნებისეული მოძრაობების საწყისის შესახებ ყველა ჩვენს გაგებას. მართლაც, არ
შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ ზოგიერთი სახის ცხოველებში შენიშნულ მოვლენებს
შეუძლიათ მოაზროვნე ადამიანის განცვიფრება გამოიწვიოს. ბუნებაში გვხვდება
ცხოველები, რომლებზეც ძნელია თქვა, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები.
ასეთია, მაგალითად, ზოოფიტები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მთავარი. ამ არსებათა
ბევრი სახე მეტად უცნაურ მოვლენებს წარმოადგენს, მაგალითად, პოლიპს თუ თავს მოვაჭრით,
მეორე თავი წამოეზრდება, თუ ჰიდრას რამდენიმე ნაწილად დავჭრით, ყოველი ნაწილიდან
ახალი ჰიდრა წარმოიშობა. უფრო მეტიც, არსებობს პოლიპების განსაკუთრებული
სახეობა, რომელიც შეიძლება მცირე ნაწილებად დავაქუცმაცოთ და თითოეული ნაწილიდან კვლავ
წარმოიშობა ძველის მსგავსი ახალი ცხოველები. ბოლოს, ასეთი არსებების სიცოცხლის
ახსნისას უკვე ის ქმნის უდიდეს სიძნელეს, რომ მათში ვერ მოძებნეს შეგრძნებებისა და ნებისეული
მოძრაობების ვერავითარი იარაღები ანუ ორგანოები, მაშინ როცა მათ ახასიათებს
მოძრაობა და თითქოს ისიც შენიშნეს, რომ შეგრძნებებიც აქვთ. სწორედ ამ
მოვლენების გამო ბევრი იძულებული იყო ეფიქრა, რომ შეგრძნება და მოძრაობა შეიძლება
ორგანული მატერიალური მასის კუთვნილება იყოს. ჩვენ არ შევუდგებით მსგავსი
საწინააღმდეგო მოსაზრებების მნიშვნელობის უარყოფას, ასევე არ გამოვიგონებთ არავითარ
ჰიპოთეზებს ჩვენს წინანდელ დებულებებთან მათი შეთანხმებისათვის, თუმცა ასეთი ცდა ძალზე
გამართლებული იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ, ამ
ცხოველთა შესახებ ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ გაბედულად და ყველა
მიუკერძოებელი მოაზროვნის თანხმობაში სავსებით დარწმუნებულნი, ვიტყვით, რომ სულაც გონიერი
და თანამიმდევრული არ იქნებოდა ესოდენ საიდუმლო მოვლენებზე დაგვეფუძნებია
რაიმე ფსიქოლოგიური დასკვნები. სიცოცხლის ძირითადი თვისებების შესახებ
შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ ცხოველთა შესწავლის საფუძველზე, რომელთაც გარკვეულ
განვითარებას მიაღწიეს და გამოავლინეს ყველაფერი, რაც გააჩნიათ; მაგრამ ჩვენ იმის
შესაძლებლობა არა გვაქვს, რომ რაიმე ნამდვილი გავიგოთ ისეთი არსებების
შესწავლისას, რომლებიც თითქოსდა ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებიან.
მართლაც, შეიძლება თუ არა რაიმე მსჯელობა დავაფუძნოთ ისეთი არსებების ყოფნის წესზე,
რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ვერ გვითქვამს, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები? რა თქმა
უნდა - არა! სიცოცხლის ნამდვილი თვისებები იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგი სრულად
განვითარებულა, და არა იქ, სადაც იგი მხოლოდ ჩასახვას იწყებს. იმ განუვითარებელი
ორგანიზმების შესწავლისას, რომლებიც ცხოველის მხოლოდ ჩანასახებს წარმოადგენენ, ჩვენ
ბევრი შეცდომა შეიძლება მოგვივიდეს, რასაც ბუნებისმეტყველების განვითარების
ისტორიაც გვიმოწმებს. ცნობილია, რომ ბევრი შეხედულება, რომელიც ადრე ჭეშმარიტად ითვლებოდა და
ეწინააღმდეგებოდა მეცნიერების ძირითად დებულებებს, მაგალითად, დებულება
ცხოველებისა და მცენარეების უთესლოდ ჩასახვის შესაძლებლობის შესახებ, შემდგომმა
აღმოჩენებმა მთლიანად უარყვეს.
ამრიგად, ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ სიცოცხლე მხოლოდ შეგრძნებასა და ნებისეულ
მოძრაობაში მდგომარეობს და არანაირად არ შეიძლება საკუთრივ მატერიის კუთვნილება იყოს.
სადაც ეს ორი ნიშანია მოცემული, იქ აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ არამატერიალური,
სულიერი საწყისის არსებობა.
|
|