მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ბ) მოძრაობის შესახებ

 

§22. ციტატები ბ-ნ ჟემჩუჟნიკოვის ფიზოლოგიიდან [5]

 

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცოცხალი სხეული გამოირჩევა მგრძნობელობით და მოძრაობით, და რომ მოძრაობის აღმძვრელ ბიძგს ნერვები იძლევიან. ახლა ისმის კითხვა, რა მოქმედებს ნერვებში? როგორ ხდება მათი მეშვეობით მოქმედება და მოძრაობა?

 

თავისი ცენტრიდან თუ გამოვაცალკევებთ, არც ერთ ნერვს არ ექნება არც დამოუკიდებელი სიცოცხლე და არც დამოუკიდებელი მოქმედება. მართალია, მოკვეთის შემდეგ, პირველ წამებში, ერთიც იჩენს თავს და მეორეც, მაგრამ ცოცხალი სხეულის შემდგომი სიკვდილი გვიჩვენებს, რომ მასში გამოილია იმ საწყისი მარაგი, რომელიც მას სიცოცხლეს და მოძრაობას ანიჭებდა, და რომ თვითონ მას არ შეუძლია შეანაცვლოს ეს საწყისი. რა საწყისია ეს? როგორ ანიჭებს იგი სიცოცხლეს ნერვებს და როგორ აღძრავს მათ სამოქმედოდ?

 

საწყისი, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს და სამოქმედოდ აღძრავს ნერვებს, არ გვეძლევა ჩვენი გრძნობებით: ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მის ზეგავლენას ნერვებზე, ვიცით, რომ მის გარეშე ნერვები წარმოადგენენ მკვდარ მექანიკურ ხელსაწყოს, მანქანას მამოძრავებელი ძალის გარეშე.

 

ამაზე ფიზიოლოგია ჩერდება. იგი ცდის საშუალებით გვარწმუნებს, რომ ჩვენს სხეულში არის სული; იგი წვდება მის გავლენას ნერვული სისტემის ცალკეულ მოქმედებებში. მაგრამ რა არის თვითონ სული? ეს საკითხი იმ ამოცანათა სფეროს გარეთაა, რომელთაც წყვეტს ფიზიოლოგია".