მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ბ) მოძრაობის შესახებ

 

§21. შენიშვნა ადამიანის სამწევროვანი აღნაგობის შესახებ

 

სანამ ჩვენი ქვეყნის მეცნიერის ფიზიოლოგიური შრომიდან მოვიტანდეთ სხვა მოწმობას, ერთი წუთით შევჩერდეთ ლიბიხის შენიშვნაზე სასიცოცხლო ძალის შესახებ, რომლითაც XVIII საუკუნეში ხსნიდნენ ორგანიზმის ყველა მოქმედებას. ამ ყბადაღებულ სასიცოცხლო ძალას გავლენა ჰქონდა და დღესაც ზეგავლენა აქვს იმათზე, ვინც „ფსიქოლოგიას" წერს და ასწავლის. მრავალ „ფსიქოლოგიაში" დღესაც გვხვდება აზრი, რომ ადამიანი შედგება სამი საწყისისაგან ანუ არსებისაგან, სახელდობრ: სხეულის, სულისა და გონისაგან. მაგრამ, აშკარაა, რომ ასეთი შეხედულება მიუღებელია.

 

მიზეზი, რის გამოც ბევრს „ფსიქოლოგიაში" შემოჰყავდა ეს საშუალო არსება ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ყოფდა ადამიანის სულიერ საწყისს ორ ნაწილად - სულად და გონად, ჩანს, ის იყო, რომ ამით უფრო ადვილი ხდებოდა ადამიანში გონითი და სხეულებრივი საწყისების შეერთება, რომელთა ერთგვარი შუამავალი რგოლიც, მათი აზრით, იყო სული. მაგრამ ამ ეშმაკური თეორიით არამარტო ვერ ახსნეს ბუნების საიდუმლოებანი, მარად აუხსნადის საიდუმლოებანი, არამედ კიდფ უფრო გააბუნდოვანეს ისინი, რადგანაც, თუ ადრე გაუგებარი იყო სულის და სხეულის კავშირი, ახალი თეორიის შემოღების შემდეგ ამას მეორე სიძნელეც დაემატა - ასახსნელი შეიქნა, როგორ უკავშირდება სული ჯერ სხეულს, შემდეგ კი გონს.

 

საჭირო არაა იმის დასაბუთება, რომ ადამიანის ეს სამწევროვანი აგებულება შეუძლებელია, მაგრამ რა უნდა ითქვას იმ ფსიქოლოგებზე, რომლებიც იგონებენ ადამიანის კიდევ უფრო უცნაურ დაყოფებს და ლაპარაკობენ სულზე ფართო მნიშვნელობით, სულზე ვიწრო მნიშვნელობით და გონზე? ეს სასაცილოზე მეტია.