|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§20. ლიბიხის მოწმობა [4]
მიუნხენის უნივერსიტეტში 1856 წელს წაკითხულ თავის
პირველ ლექციაში ლიბიხმა საზეიმოდ ცნო სულიერის თვითმყოფობა ნივთიერთან მიმართებით
ორგანულ არსებებში. სახელგანთქმული მეცნიერის სიტყვებში ჩვენ აგრეთვე ვნახავთ
ყოველივე იმის დადასტურებას, რაც აქამდე იყო ნათქვამი ჩვენი შეგრძნებების შესახებ.
აი, მისი სიტყვები: „ამ დილეტანტებს (ასე უწოდებს მეცნიერი ზერელე ადამიანებს,
რომელნიც მეცნიერულ მუშაობას ეწევიან სხვათა შორის, გართობის მიზნით), ბუნების
კანონების ცოდნის ამ ბალღებს სურთ დაარწმუნონ არამცოდნე და მიმნდობი საზოგადოება
იმაში, რომ მათ შეუძლიათ გააგებინონ ჩვენში აზრების წარმოქმნა, ჩვენი სულის არსი და
თვისებები. სულიერი ადამიანი, მათი სიტყვების მიხედვით, მხოლოდ თავისი გრძნობების
წარმონაქმნია. ტვინი მხოლოდ ნივთიერი ცვლილებების საშუალებით ბადებს აზრებს და მისი
მათდამი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ღვიძლისა ნაღველისადმი. როგორც ღვიძლთან ერთად
გაქრება ნაღველი, თითქოს ასე კვდება ჩვენი სულიც ტვინის დარღვევასთან ერთად.
ჩამოაშორეთ ამ ბატონების დასკვნებს მათი მოჩვენებითი ბრწყინვალება, რომელიც სერიოზული
მკვლევარების თვალში სხვა არაფერია გარდა ნათელმყოფილი ბურუსისა, და მხოლოდ ის აზრი
დაგვრჩება, რომ ფეხები ადამიანს სირბილისათვის აქვს მიცემული, ტვინი კი
აზროვნებისათვის, და რომ აზროვნება საჭიროა ისევე ვისწავლოთ, როგორც სირბილს
ვსწავლობთ, რომ ფეხების გარეშე ვერ ვირბენთ, ტვინის გარეშე კი ვერ ვიაზროვნებთ,
რომ მოძრაობის ორგანოების დაზიანება ხელს გვიშლის სიარულში, აზროვნების ორგანოების
დაზიანება კი ცვლის თვითონ აზროვნებას. მაგრამ ხორცი და ძვლები, რომელთაგანაც
შედგება ფეხები, თავისთავად ხომ არ მოძრაობენ - მათ ამოძრავებს მიზეზი, რომელიც არც
ხორცია, და არც ძვლები; ისინი მხოლოდ ძალის არაღებია; აზროვნებს არა რბილობი,
რომელსაც ტვინს უწოდებენ, - იგი მხოლოდ იარაღია აზრის წარმომქმნელი მიზეზისა. ტვინი
არის ერთადერთი შინაგანი ორგანო, რომელზეც ადამიანის ნება უშუალოდ ზემოქმედებს.
ნებას არ შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს არც გულის მოძრაობებზე, არც კუჭის
მოქმედებაზე, მაგრამ დროულად გაწნული სილა ზოგჯერ მათემატიკური აქსიომის გაგებაზეც
მოქმედებს. თვალი კი არ ხედავს სინათლეს ან სხეულებს, ყურს კი არ ესმის მუსიკა,
ისინი მხოლოდ იარაღებია სინათლის ტალღებისა და ბგერების აღსაქმელად.
დილეტანტები ამტკიცებენ, რომ აზრები წარმოადგენენ ტვინის ნივთიერების ცვლილების
პროდუქტებს, ისე როგორც ნაღველი არის ღვიძლის ნივთიერების ცვლილების პროდუქტი.
მაგრამ ნამდვილმა ფიზიოლოგიამ ჯერ კიდევ არაფერი იცის ნაღველის მიმართებაზე
ღვიძლის, როგორც მისი გამომყოფი ორგანოს, ნივთიერების ცვლილებასთან, ხოლო რაც აქ
ქიმიას გაურკვევია, იმას ამტკიცებს, რომ ნაღველის სტიქიური საწყისები არავითარ
დამოკიდებულებაში არ არის ღვიძლის სტიქიურ საწყისებან. სულის მქონე ადამიანი კი არ
არის თავისი გრძნობების პროდუქტი, არამედ გრძნობების მოქმედებანი წარმოადგენენ
ადამიანის გონიერი ნების პროდუქტებს.
ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლილება ანიჭებს ძალას ორთქლის მანქანას. ხე, ნახშირი
იწვის ანუ იცვლის თავის თავდაპირველ თვისებებს ჟანგბადთან შეერთებისას. ამ წვის შედეგს
წარმოადგენს სითბო, რომელიც წყალს ორთქლად აქცევს, ეს უკანასკნელი კი ავითარებს წნევას
ქვაბის კედლებზე და ამოძრავებს მანქანას. გალვანურ სვეტში ნივთიერების ცვალებადობის
გზით, მჟავაში მეტალის გახსნის გზით წარმოიშობა ელექტრული დენი; თუ მას ლითონის მავთულში
გაატარებთ, იგი მაგნიტად იქცევა; მაგნიტს აქვს მიზიდვის თვისება, და თუ მას წნევად
გარდავქმნით, იგი მანქანას გასწევს. აქედან შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანის სხეულშიც
ნებისმიერი მოძრაობის განმსაზღვრელი მექანიკური ძალა ნივთიერების ცვალებადობასთანაა
დაკავშირებული, კერძოდ კი - კუნთურ სისტემაში, მაგრამ თვითონ მათი ურთიერთმიმართება
ჩვენთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობია.
დაბეჯითებით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ორგანიზმში ძალა ისე არ წარმოიშობა, როგორც
ორთქლის მანქანაში, და შეუძლებელია მისი ახსნა ელექტრობის ჩვენთვის ცნობილი კანონებით.
ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლა სხეულის ყველა ნაწილში ხდება, რომ მექანიკური ძალის
ხარჯვა გავლენას ახდენს სხეულის ყველა ორგანოზე, მის მთელ მექანიზმზე, რომ სირბილით ან
მძიმე მუშაობით დაღლილი ადამიანის ნება ნაწილობრივ კარგავს ძალაუფლებას აზროვნების
ორგანოზე, ტვინზე. მაგრამ ბუნებისმეტყველებამ სრულიად არაფერი იცის ტვინის ნივთიერების
ცვლილების შესახებ, რომელიც თითქოს აზრებს წარმოქმნის. ყოველივე, რაც ჩვენ ამ
მიმართებით ვიცით - დაიყვანება ერთ ჩვეულებრივ ჭეშმარიტებაზე, რომ თავს ტვინის გარეშე
არ შეეძლებოდა არც აზროვნება და არც გრძნობა.
მკვლევარები, რომელთაც მართლა სურდათ ორგანული სიცოცხლის კანონები
შეესწავლათ, ბუნებრივად აქცევდნენ ყურადღებას მასში შემჩნეულ ქიმიურ და ფიზიკურ ძალებს,
როგორც ისეთ საგნებს, რომელნიც მათთვის ცნობილი იყვნენ სხვა მოვლენებიდან. მათ დროებით
თავი გაანებეს სასიცოცხლო ძალის საკითხს, რათა გამოეკვლიათ, რამდენად შესწევს
უნარი ფიზიკას და ქიმიას, ახსნას სიცოცხლე და მისი პროცესები, მაგრამ იქ, სადაც ეს
საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, ყველგან ვლინდებოდა ახალი, ჯერ კიდევ უცნობი საწყისის
მოქმედება, რომლის მოცულობისა და არსის განასაზღვრას იქვე
ცდილობდნენ. დროებითი გამორიცხვის ეს მეთოდი ბევრისთვის უცნობი იყო, ბევრმა
იგი ვერც გაიგო, და სწორედ ამის გამო ფიქრობდნენ, თითქოს ბუნებისმეტყველები
უარყოფენ ორგანული სიცოცხლის თვითმყოფობას, მაშინ როცა ისინი მხოლოდ იმას
ცდილობდნენ, რომ გაეგოთ ამ სიცოცხლის ქიმიური და ფიზიკური პირობები.
მაგრამ თვითონ მატერიალიზმის მქადაგებლებსაც კი უსამართლოდ რომ არ მოვექცეთ, უნდა
გავითვალისწინოთ, რომ მათი შეხედულებები, არსებითად, მხოლოდ უკიდურესი რეაქციაა,
რომელიც თავის საწინააღმდეგოდ აღძრეს სხვადასხვა მოძღვრებებმა, სულ რამდენიმე წლის
წანათაც რომ აღიარებით სარგებლობდნენ. ეგრეთ წოდებული „ბუნების ფილოსოფიის"
დასკვნებზე დამყარებულ ფიზიოლოგიას საფუძვლად არ ედო ზუსტი გამოკვლევები, ცდის
მნიშვნელოვანი ჩვენებანი; იგი კვების, სუნთქვის, მოძრაობის ყველა პროცესს ხსნიდა
წარმოსახული მიზეზით, რომელსაც სასიცოცხლო ძალას უწოდებდნენ; მაშინ ფიქრობდნენ,
რომ ორგანულ სსეულში ქიმიური და ფიზიკური ძალები სულაც არ მონაწილეობენ; სხეული
თავის თავში თვითონ და თავისებურად ბადებს მისთვის საჭირო რკინასაც და სითბოსაც.
ზუსტმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ნივთიერების ყველა ძალა იღებს ნამდვილ
მონაწილეობას ორგანულ პროცესში, ხოლო უკიდურესი რეაქცია, წინააღმდეგ ძველი
შეხედულებისა, ახლა ამტკიცებს, რომ ყველა სასიცოცხლო მოვლენა განპირობებულია მხოლოდ
ქიმიური და ფიზიკური ძალებით, რომ სხეულში არ მოქმედებს არავითარი სხვა ძალა.
მაგრამ როგორც ადრე ბუნების ფილოსოფოსები ვერ ასაბუთებდნენ, რომ ყოველივეს მათი
სასიცოცხლო ძალა წარმოქმნის, ასევე უახლეს მატერიალისტებსაც არ შეუძლიათ
დაასაბუთონ, რომ ყველაფერს არაორგანული ძალები ქმნიან და რომ მხოლოდ ისინია
საკმარისი ორგანიზმისა და თვითონ სულის წარმოქმნისათვის. მათი ყველა დებულება
ემყარება, როგორც ადრე, არა საქმის ვითარების ცოდნას, არამედ მის სრულ არცოდნას.
ჭეშმარიტება კი შუაში ძევს: იგი გაურბის ცალმხრიობას და ცნობს წარმომქმნელ საწყისს
ორგანულ სიცოცხლეში, გაბატონებულ იდეას, რომელიც არა მარტო ქიმიურ და ფიზიკურ
ძალებთან ერთად იჩენს თავს, არამედ თვითონ მათშივე მოქმედებს".
ასეთია თანამედროვე მეცნიერების საბოლოო დასკვნა, რომელსაც დიდი ქიმიკოსი
მოგვახსენებს.
|
|