|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§19. მგრძნობიარე და მოაზროვნე საწყისთა იგივეობის შესახებ
იმის შეუძლებლობაში, თითქოს ტვინს ჰქონდეს შეგრძნებების უნარი, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, როცა ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენი შეგრძნებები აზრების და განსჯათა ჩანასახს წარმოადგენენ, რომ შემგრძნები არსება იმავე დროს არის მოაზროვნეც, რომ შეგრძნება, აზროვნება და ცნობიერება ერთსა და იმავე განუყოფელ არსებაშია. დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ მოაზროვნე და შემგრძნები არსება ერთი და იგივეა. ჩვენი ცნობიერება, ჩვენი შინაგანი გრძნობა გვარწმუნებს, რომ, თუ ჩვენს გრძნობას არ ვენდობოდით და შეგრძნებებს აზრებისაგან გამოვყოფდით, მათ ორ განსხვავებულ სუბსტანციას მივაწერდით, მაშინ სრულიად უაზრო წინააღმდეგობაში ჩავვარდებოდით. ეს
იგივე იქნებოდა, რომ აზრი ორ ნაწილად გაგვეხლიჩა: მაშინ გამოვიდოდა, რომ გარე საგნებს ხედავს ერთი არსება, მათ შესახებ კი მსჯელობს სრულიად სხვა არსება. მაგრამ, ვიმეორენ, ეს უკიდურესი უაზრობაა, რამდენადაც ადამიანის დანახვა და მისი ლაპარაკის გაგონება უკვე ნიშნავს მის შესახებ განსჯას. აქ შეგრძნებები და მსჯელობა ერთმანეთისაგან განუყოფელია. მაგრამ თუ მოაზროვნე საწყისი იგივეა, რაც შემგრძნები, მაშინ იმის დაშვებით, რომ ტვინს შეუძლია შეიგრძნოს, ისიც უნდა გვეღიარებია, რომ მას აზროვნებაც შეუძლია. აი, სწორედ ამას ემყარებოდა ბევრი მატერიალისტი, როცა უარყოფდა ჩვენში არამატერიალური სულის არსებობას. მაგრამ თუ ჩვენ აქამდე შევძელით, როგორც ვფიქრობთ, უდავოდ დაგვესაბუთებია, რომ ტვინს არ შეუძლია შეიგრძნოს, უფრო ადვილად და უდავოდ შეიძლება იმის დასაბუთება, რომ მას მით უმეტეს არ შეუძლია იაზროვნოს. ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა იმის დასაბუთებისათვის, რომ შეუძლებელია ტვინს მივაწეროთ შეგრძნების უნარი, ორმაგ და სამმაგ ძალას იძენს, როცა იმის დასასაბუთებლად ითქმება, რომ ტვინს არ შეუძლია აზროვნება. ამიტომ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭირო არაა ძალისხმევა იმის დასაბუთებისათვის, რომ ტვინს და, საერთოდ, მატერიას აზროვნება არ შეუძლია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნებისმეტყველური მეცნიერებების დღევანდელი განვითარებისა და იმ ცდების პირობებში, რომლებითაც ახლა
ფიზიოლოგია გამდიდრდა, აღარ გამეორდება შეცდომა, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი არასაკმარისი განვითარების დროს, და ჩვენ ამ აზრს გაგვიმტკიცებს თანამედროვე ბუნებისმეტყველების პატრიარქის, სახელგანთქმული ლიბიხის მოწმობა.
|
|