მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ბ) მოძრაობის შესახებ

 

§18. სად არის მოთავსებული მამოძრავებელი საწყისი?

 

ამრიგად, აქაც, როგორც შეგრძნებების განხილვისას, ჩვენ მივადექით ტვინს როგორც წყაროს, საიდანაც მომდინარეობს ადამიანის ორგანიზმის ყველა მოძრაობა. მაგრამ თვითონ ტვინი აწარმოებს თავისუფალ მოძრაობებს, თუ არის კიდევ რაღაც განსაკუთრებული უხილავი საწყისი, რომელიც ტვინის საშუალებით აძლევს ბიძგს სხეულს? ყველა ფაქტი და მოსაზრებანი გვარწმუნებენ, რომ ტვინი მხოლოდ შუამავალი ორგანოა მოძრაობისა, პირველადი წყარო კი, ანუ პირველადი მამოძრავებელი ძალა მოთავსებულია არა მასში, არამედ განსაკუთრებულ, უხილ არსებაში. ამას ამტკიცებს შემდეგი:

1. ცხადია, რომ ადამიანში მამოძრავებელი საწყი იგივეა, რაც მგრძნობელი. მგრძნობელობები და მოძრაობები ჩვენში მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. შინაგანი ცნობიერება გვარწმუნებს, რომ ჩვენი სხეულის ნაწილებსაც ის არსება ამოძრავებს, რომელიც შეგრძნებებს იღებს. ადამიანის ორგანიზმში ხან შეგრძნებები გვევლინებიან მოძრაობის მიზეზად, ხან კი ზოგიერთი მოძრაობა იწვევს ზოგიერთ განსაკუთრებულ შეგრძნებას. როცა მე ტკივილი ვიგრძენი და ფეხი გამოვწიე, ცხადია, რომ ეს მოძრაობა იმავე არსებამ შეასრულა, რომელმაც ტკივილი იგრძნო. ამიტომაა, რომ ამ ორ მოვლენას, ე.ი. ფეხის ტკივილსა და მოძრაობას შორის, ისე მცირე დროის შუალედია, რომ ისინი ერთდროული გვგონია. მაგრამ თუ მამოძრავებელი საწყისი შეგრძნების იგივეობრივია, მაშინ ცხადია, რომ იგი ტვინში არაა, რადგანაც ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, რომ შემგრძნების საწყისი არ არის ტვინი.

2. ყველა ჩვენს სხეულებრივ მოძრაობაში, მიუხედავად მათი სიმრავლისა და მრავალგვარობისა, მოცემულია განსაცვიფრებელი ერთიანობა და თანხმობა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მოძრაობებს რომ ტვინს გარდა სხვა წყარო არა ჰქონდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ სხეულის მოძრაობებს განაგებს ტვინის არა ერთი, არამე რამდენიმე ადგილი, რომ დიდი, პატარა და მოგრძო ტვინის ერთი მხარის დაზიანება იწვევს დამბლას სხეულის ერთ ნახევარში, ხოლო მეორე მხარის დაზიანება მოძრაობის უნარს ართმევს სხეულის მეორე ნაწილს. მაგრამ რა ათანხმებს ერთმანეთთან ტვინის ამ ნაწილებს? აშკარაა, რომ ისინი თვითონ კი არ უთანხმდებიან ერთმანეთს, არამედ არის რაღაც განსაკუთრებული, უხილავი არსება, რომელიც მათი მეშვეობით შეთანხმებულად ამოძრავებს ყველა ნაწილს. დავსვათ შემდეგი მარტივი კითხვა: ერთი და იგივე არსება ამოძრავებს თუ არა ჩვენს მარცხენა და მარჯვენა ხელს? ჩვენი ცნობიერება, შინაგანი შეგრძნება გვპასუხობს, რომ ერთი და იგივე; მაგრამ თუ ტვინს გარდა არ დავუშვებთ განსაკუთრებულ არანივთიერ საწყისს, მაშინ გამოვა, რომ მარცხენა ხელს ერთი არსება ამოძრავებს, მარჯვენას კი - მეორე.

3. ბოლოს, მამოძრავებელი საწყისის: არამატერიალურობასა და სულიერებაში ყველაზე უფრო უდავოდ გვარწმუნებს ჩვენი მოძრაობების აზრიანობა და განზრახვისეულობა. ადამიანის სხეულის მოძრაობები იმით განსხვავდებიან ყველა სხვა უსიცოცხლო მატერიების მოძრაობებისაგან, რომ აქ ყველა ნაწილი განზრახვის შესაბამისად, გაანგარიშებულად მოძრაობს, მაშასადამე, მათ ამოძრავებს არა რომელიმე ბრმა, არამედ გონიერი ძალა. ამიტომ იძულებული ვართ დავუშვათ, რომ მათი მოძრაობის წყაროს წარმოადგენს გონიერი, უხილავი, სულიერი ძალა.