მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ბ) მოძრაობის შესახებ

 

§17. მოძრაობის განპირობებულობა ტვინით

 

ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი მკაცრადაა დამოკიდებული თავისა და ზურგის ტვინზე, რომელიც მათ მართავს მამოძრავებელი ნერვების საშუალებით. ჩვენ ვიცით, როგორ ადვილად და თითქმის არაცნობიერად მოძრაობენ ჩვენი სხეულის ნაწილები. ჩვენ ისე მივეჩვიეთ მოძრაობას, რომ გვგონია ხელს თვითონ აქვს მამოძრავებელი ძალა, რომ ფეხი თავისთავად მოძრაობს, რომ საერთოდ სხეულის ყველა ნაწილი თვითონვე მოძრაობს, მაგრამ მათი მოძრაობის წყარო, მათი მამოძრავებელი ბიძგი, ტვინიდან მომდინარეობს. ამის საბუთი ასეთია: თუ სხეულის რომელიმე ნაწილს ტვინისაგან გამოვყოფთ - გადავჭრით ტვინთან მის დამაკავშირებელ მამოძრავებელ ნერვს, მაშინ ეს ნაწილი დაკარგავს მოძრაობის უნარს.

 

მაგრამ ფიზიოლოგია გვასწავლის, რომ ტვინი მარტო ერთი თავისი ნაწილის მეშვეობით არ მართავს სხეულის ყველა მოძრაობას, ტვინის სხვადასხვა ადგილები სხვადასხვა ორგანოს მოძრაობას განაგებენ. ზურგის ტვინის მარჯვენა მხარის დაზიანება, როგორც უკვე ვთქვით, იწვევს სხეულის მთელი მარჯვენა მხარის დამბლას, მარცხენა მხარის დაზიანებას კი ორგანიზმის მარცხენა მხარის დამბლა მოსდევს.

 

თუ ცხოველს მთლიანად ამოვაჭრით დიდი ტვინის ერთ ნახევარსფეროს, ამას მოჰყვება დამბლა სხეულის საპირისპირო მხარეზე. იგივვ ხდება პატარა ტვინის ნახევრის ამოჭრისასაც. ამავე მოვლენებს, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხში, გვიჩვენებს მოგრძო ტვინი, როგორც ტვინის ცენტრის ყველა ნაწილის შეერთების ადგილი. თუ მის ერთ ნახევარს დავაზიანებთ ქვედა ბოლოდან, ამას მოსდევს საშინელი ტკივილი და სხეულის ერთი ნახევრის სრული დამბლა, ხოლო თუ მთელ მოგრძო ტვინს გადავჭრით, ამას სწრაფად მოსდევს სიკვდილი.