|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§16. მთავარ მამოძრავებელ ორგანოთა ფიზიოლოგიური აღწერა
ადამიანის მოძრაობის ყველა ორგანო ემორჩილება წმინდა მექანიკის კანონებს. ადამიანის მამოძრავებელი
აპარატი შედგება: ა) ძვლებისაგან - სხვადასხვაგვარად მოწყობილი და მიზნებისადმი მეტად
ბრძნულად მისადაგებული ბერკეტების სიმრავლისაგან, და ბ) თოკებისაგან, რომელთაც ეს
ბერკეტები მოჰყავთ მოძრაობაში და რომელთაც კუნთები ეწოდება. კუნთების მოძრაობას
განაგებენ მამოძრავებელი ნერვები.
ცხოველის ძვალთა ერთობლიობა შეადგენს ჩონჩხს. ჩონჩხი, როგორც მექანიკური ხელსაწყო,
ერთ მთლიანს წარმოადგენს, მაგრამ თუ მისი ნაწილების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ,
რომ იგი მრავალმხრივ ესადაგება ცოცხალი არსების მოთხოვნილებებს. ამრიგად, იგი ა)
ასრულებს ორგანიზმისათვის დგარის, შტატივის როლს, ანუ, უბრალოდ, საკიდარის როლს
კუნთებისათვის, რომლებიც მასზეა გაჭიმული და მიმაგრებულია სხვადასხვა მიმართულებით,
გარედან კი დაფარულია ერთი, საერთო კანით; ბ) ქმნის მტკიცე დასაცავს ნერვული
სისტემის მთავარი ნაწილებისათვის, როგორც, მაგალითად, თავის ქალა - ტვინისათვის,
და, ბოლოს გ) შეადგენს სამოქმედო ხელსაწყოს მოძრაობისათვის.
კუნთები ორგანიზმში არის ის, რასაც ჩვენ ხორცს ვეძახით.
კუნთების დანიშნულებაა, როგორც ვთქვით, ბერკეტების - ძვლების ამოძრავება. ამ ბერკეტთა საყრდენ
წერტილებად გვევლინებიან კუნთების მიმაგრების ადგილები: სიმძიმის, ანუ წინააღმდეგობის
წერტილების როლს ასრულებენ ორგანოს ამწევი, დამხრელი და მომხრელი პუნქტები.
|
|