|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§15. რა არის შემგრძნები საწყისი?
ზემოთ ითქვა, რომ ჩვეულების გამო ჩვენ გვგონია, თითქოს საგნებს სწორედ იქ ვხედავთ, სადაც ისინი არიან მოთავსებული, ბგერები სწორედ იქ გვესმის, სადაც ჰაერის რხევა მოხდა, გვგონია, თითქოს სუნი თვითონ საგნებშია, ტკივილს კი იქ ვგრძნობო, სადაც გაღიზიანება მოხდა; მაგრამ ითქვა ისიც, რომ სინამდვილეში ეს შეგრძნებები, როგორც ფიზიოლოგია გვასწავლის, სულ სხვაგვარად მოქმედებენ. სულის გასაგებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შეგრძნებების ზუსტ ანალიზს, მათი წარმოშობის მიზეზის ზუსტ გამოყოფას მათ მიერ აღძრული შთაბეჭდილებებისაგან, ხოლო შთაბეჭდილებებისა - თვითონ შეგრძნებებისაგან. ვცადოთ კიდევ ერთხელ მოკლედ გადმოვცეთ გრძნობების ანალიზი, რომელიც ზემოთ იყო მოცემული.
მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა. მისი ფიზიკური მიზეზია საგნებიდან მომდინარე სინათლის სხივები. მისი
ფიზიოლოგიური მიზეზია ოპტიკური გამოსახულება, რომელსაც ეს სხივები წარმოშობენ
თვალში. ეს ოპტიკური გამოსახულება არის შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელიც ნერვის
საშუალებით გადადის ტვინში, მაგრამ ჩვენ
იქვე ვნახეთ, რომ ტვინსაც არ შეუძლია ჰქონდეს შეგრძნებები. მაშინ რა არის ტვინში? -
ჩანს, ისეთივე გაღიზიანება ანუ შთაბეჭდილება, რაც საწყის ორგანოებში. სად ხდება
ხედვა, ე.ი. ფერების, ფიგურების, სიდიდეების და სხვათა შეგრძნება? ეს შეგრძნებები
არაა არც ტვინში, არც ნერვებში, არც თვალში. მაშასადამე, ეს შეგრძნება არაა არც
ფიზიკური და არც ფიზიოლოგიური მოვლენა: იგი სულიერი მოვლენაა.
ს მ ე ნ ა. სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას - ესაა ბგერების
ფიზიკური მიზეზი. ჰაერის ტალღისებური მოძრაობები სმენის ორგანოში ასევე მოძრაობისა
და გაღიზიანების სახით აისახება. სმენის ნერვი ამ გაღიზიანებას ანუ შთაბეჭდილებას
გადასცემს ტვინს, რომელშიც უნდა წარმოიშვას ასევე ერთგვარი შთაბეჭდილება ანუ
გაღიზიანება ტვინის ბუშტებისა. ჩვენ არ ვიცით, ისეთივეა თუ არა ეს გაღიზიანება,
როგორც იყო სინათლის შთაბეჭდილებით გამოწვეული გაღიზიანება, არ ვიცით რაშია კერძოდ
ამ ორი გაღიზიანებისა და შთაბეჭდილების მსგავსება და განსხვავება, ასევე არ ვიცით
სხვა ორგანოების შთაბეჭდილებების მსგავსებაა და განსხვავებაც, მაგრამ ცხადია, რომ
ისინი ყველანი წარმოადგენენ ორგანოებისა და ნერვების ცვლილებების თუ მოძრაობის
გარკვეულ სახეებს. ამრიგად, ბგერა სულიერი სამყაროს მოვლენაა.
ამავე შედეგებამდე მივყავართ სხვა შეგრძნებათა განხილვას. მაშასადამე, არსება,
რომელსაც აქვს შეგრძნების უნარი, არის სულიერი, არამატერიალური სუბსტანცია.
მაგრამ გვეტყვიან: სწორედ ტვინის ეს გაღიზიანებები არის ჩვენი შეგრძნებები,
სახელდობრ - მხედველობის ნერვის მიერ ტვინში გადაცემული შთაბეჭდილებებისაგან
წარმოქმნილი გაღიზიანება ტვინისა არის მხედველობის შეგრძნება, სმენის ორგანოს
შთაბეჭდილებებით წარმოქმნილი გაღიზიანება არის თვითონ ბგერის შეგრძნება და ა.შ.
მაგრამ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაღიზიანების ამგვარი არევისათვის თვითონ
შეგრძნებაში. მთელმა ზემოთ წარმოებულმა ანალიზმა დაგვანახა, რომ პირველი არის
მექანიკური მოქმედება, მეორეს კი არაფერი აქვს მექანიკური მოძრაობის მსგავსი. ამავე
დროს, თუ ასეთ რამეს ვივარაუდებდით, ჩვენ ვერ ავხსნიდით ჩვენი შეგრძნებების
ერთიანობას, იმ ერთიანობას, რომელიც გადაჭრით გვარწმუნებს, რომ ტვინი არ არის
შემგრძნები საწყისი. ბოლოს, ჩვენ ვიცით, და ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ
მგრძნობიარე არსება თავისუფლად მოიხმარს შეგრძნებებს, როცა მათ ერთმანეთს ადარებს
და მსჯელობებსა და დასკვნებს აწარმოებს, რაც ვერ გაკეთდებოდა წმინდა მექანიკური
გაღიზიანების საფუძველზე.
აქამდე ნავარაუდევი საბუთები კიდევ უფრო ძლიერდება თავისუფალი მოძრაობის განხილვის შემდეგ.
|
|