|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§14. საწინააღმდეგო მოსაზრება
მაგრამ, გვეტყვიან, ტვინი ჯერ კიდევ საბოლოოდ არაა
შესწავლილი. მასში შესაძლოა იყოს წერტილი, სადაც საბოლოოდ იყრის თავს ყველა ნერვი,
და სადაც, მაშასადამე, შეიძლება წარმოიშობოდეს ყველა შეგრძნება.
დავუშვათ, რომ ტვინში მართლაც არსებობს ისეთი ადგილი ან წერტილი, სადაც თავს იყრის
ყველა შთაბეჭდილება. მაგრამ ეს ადგილი, ეს წერტილი, შეიძლება იყოს ან ტვინის
ნაწილი, რომელიც რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნაწილისაგან შედგება, ან ერთი
განუყოფელი ატომი ტვინისა. თუ იგი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ვთქვათ, 10
ნაწილისაგან, მაშინ დაისმის კითხვა: რა შეადგენს ამ 10 ნაწილის ერთიანობას? როგორ
შეუძლიათ მათ იგრძნონ ასე შეწყობილად? ყოველი ამ ათთაგანი ნაწილაკი შეიგრძნებს
სინათლესა და ბგერებს (რაც შეადგენდა, ასე ვთქვათ, ათ-ათ ბგერას და სუნს), თუ ყველა
ერთად შეიგრძნებს და აცნობიერებს ერთ ბგერას? ერთი სიტყვით, ასეთი დაშვების
შემთხვევაში გაუგებარი რჩება სულიერი მოქმედების ერთიანობა. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ
ეს წერტილი ერთი განუყოფელი ატომისაგან შედგება, მაშინ ეს უკვე ტვინი არ იქნება,
რადგანაც ტვინის ყოველი უმცირესი ნაწილი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, რამდენიმე ისეთი
მარტივი ატომისაგან ქიმიურად შედგენილი სხეულია, რომელნიც თავის ქიმიურ
შეერთებამდე არ ჰგვანან ტვინს. ამრიგად, გამოდის, რომ შეგრძნებების ახსნისათვის
ჩვენ იძულებული ვართ დავუშვათ რაღაც ისეთის არსებობა, რაც არ არის ტვინის მსგავსი.
მაგრამ რა არის, არსებითად რომ ვთქვათ, ატომები? ეს არის მატერიის პირველადი
ნაწილაკები, რომელთა ქიმიური შეერთებითაც მიიღება ყველა სხეული. მაგრამ ცნობილია,
რომ ეს ატომები იგივე მატერიაა, იმავე არსებითი თვისებების მქონე. ამიტომ სრულიად
შეუძლებელია რომელიმე ერთი ატომის არსებობა, რომელიც არსებითად სხვების მსგავსი არ
იქნებოდა. რაც შეეხება პირველად ატომებს, ისინი ერთმანეთისაგან ფორმით და წონით
განსხვავდებიან, ყველა სხვა მხრივ კი ერთგვაროვანნი არიან.
ქიმიურად კი ტვინი შედგება ცილისა, ფოსფორისა, ცხიმისა და კიდევ რამდენიმე სხვა
ელემენტისაგან. არავინ იტყვის, თითქოს ცილას, ფოსფორს და ცხიმს ჰქონდეთ შეგრძნებისა
და ნებისეული მოძრაობის უნარი. მაგრამ რა საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ მათი ქიმიური შეერთება,
რომელიც ტვინს ქმნის, მისცემს მათ ამ ახალ და მათთვის უცხო თვისებას? რა არის
ქიმიური შეერთება? ეს ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც რამდენიმე მარტივი სხეული
გარკვეული პროპორციით ერთიანდება და ქმნის ახალ სხეულს. რა ცვლილებები ხდება
ქიმიური შეერთების დროს? ესაა გარეგანი ცვლილებები, მაგალითად, ახალი სახე, ახალი
სიმკვრივე, ზოგიერთი ახალი ქიმიური და ფიზიკური თვისებები, მაგრამ უაზრობაა
დავუშვათ, რომ ფოსფორი, ცილა და ცხიმი ქიმიური შეერთებისას იმდენად შეიცვალნენ, რომ
გაუჩნდათ შეგრძნების და სხეულის ნაწილთა ნებისეული ამოძრავების უნარი. ერთი
სიტყვით, რა დაშვებასაც არ უნდა მივმართოთ იმის დასაბუთებისათვის, რომ შეგრძნებები
ეკუთვნის ტვინს ან სხვა რომელიმე მატერიალურ საწყისს, ყოველმხრივ უამრავ
წინააღმდეგობას წავაწყდებით. დაგვრჩენია დავუშვათ, რომ შეგრძნება ეკუთვნის რაღაც
უხილავ, არც ტვინის და არც რაიმე სხვა სხეულის მსგავს, არსებას.
|
|