|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§13. უნდა ვცნოთ თუ არა მგრძნობიარე საწყისად თვითონ ტვინი?
ყოველივე ზემოთ თქმულის მიუკერძოებელი განხილვა გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ თვითონ ტვინი არ წარმოადგენს მგრძნობელ საწყისს, ანუ არსებას, რომელიც შეიგრძნებს სინათლეს, ბგერას, სუნს და ა.შ. ამის მთავარი და საკმარისი საბუთია ერთიანობა და სიმარტივე ჩვენი შეგრძნებებისა, ერთიანობა და სიმარტივე, რაც ესოდენ ეწინააღმდეგება ტვინისა და მთელი ნერვული სისტემის სირთულეს. მართლაც, თუმცა ჩვენი შეგრძნებები ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდებიან, რომ შეუძლებელია, მაგალითად, მოინახოს რაიმე მსგავსება სინათლეს, ბგერას, სუნსა და სხვა შეგრძნებებს შორის, მაგრამ მაინც სრულიად ცხადია, რომ ყველა ეს შეგრძნება ერთ, განუყოფელ არსებას ეკუთვნის. ცხადია, რომ ჩვენს შიგნით ხედავს, ისმენს და გემოს შეგრძნების მქონეა ერთი და იგივე და არა სხვადასხვა არსება. მაგრამ ეს ერთიანობა არ გვექნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენი შეგრძნებები თვითონ ტვინის მატერიის, ან რომელიმე სხვა სასიცოცხლო ძალის თვისება რომ ყოფილიყო, რადგან როგორც ტვინი, ისე ყოველი მატერალური ძალა არის ათასობით ნაწილისაგან შემდგარი მასა.
ტვინში არ არსებობს ისეთი წერტილი, რომელიც განსაკუთრებული წესით ყველა შეგრძნების სახეობას ავლენს: მასში ზოგი ადგილი მგრძნობიარეა, ზოგის დანიშნულებაა მოძრაობა, სხვებისა - გონებრივი მოქმედება. არსებობს ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც ადამიანს ართმევს ერთ უნარს, მაგალითად, მეხსიერებას. არის ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც სხვა უნარების დასუსტებას იწვევს. სადღაა ტვინში ჩვენი ცნობიერებისა და მოძრაობის ეს საოცარი ერთიანობა? როგორ ხდება, რომ ტვინის ეს განსხვავებული და ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებული ნაწილები შეგრძნების ერთიანობად შეირწყმება? ჩვენ ვლაპარაკობთ ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებულთა შესახებ, რამდენადაც
შეგრძნებებისა და აზრების სიმარტივესთან შედარებით, უმცირესი მანძილიც უსასრულოა.
განა ცხადი არაა, რომ ტვინის ყველა ამ მიკროსკოპულ ორგანოზე ბატონობს რაღაც უხილავი და მარტივი არსება, რომელიც შეგრძნებების სახით აღიქვამს მათ ყოველ ცვლილებას?
|
|