|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§12. ნერვების აგებულება
ნერვები წარმოადგენენ უწვრილეს ძაფებს, რომელთა
მეშვეობითაც ტვინის ცენტალური ნაწილები უკავშირდებიან სხეულის ყველა, თუნდაც
ყველაზე შორეულ ნაწილს. სხეულის ყველა ნაწილი და ორგანო, რომლებიც გარე
სამყაროსთან უშუალო ურთიერთობაშია, ამ ნერვების საშუალებით აკავშირებენ ტვინთან
ყველა ხილულ საგანს. ნერვები ორგვარია: მგრძნობელობის ნერვები და მოძრაობის
ნერვები. პირველადი ნერვული ძაფების რაოდენობა, რომლებიც ფარავენ სხეულის ყველა
კიდურს, ყველა ნაწილს, აურაცხელია, მაგრამ ისინი ყველანი თავს აყრიან ტვინში,
რომელიც, ჩანს, თვითონ წარმოადგენს რაღაც სხვას, ვიდრე თავად ამ ძაფთა კავშირს და
დაბოლოებას. შთაბეჭდილებებს, რომელნიც ორგანოებიდან ნერვებს გადაეცემა, ეს
უკანასკნელნი ტვინს აწვდიან. ამ მოქმედებას მათში ახორციელებს ეგრეთწოდებული
ნერვული საწყისი ტალღისებური თრთოლვის (oscillatio) გზით. ეს oscillatio თავისი
მოძრაობით შემოწერს წრეს. პერიფერიის მოცემულ ადგილზე მიღებული გაღიზიანება გადადის
ნერვულ ცენტრში და იქედან კვლავ უბრუნდება გაღიზიანებულ ადგილს, მაგრამ უკვე არა
ტკივილის სახით, არამედ მოძრაობის სახით. ამ წრიული მოძრაობის სიჩქარე მეტად
დიდია და ძლივს იზომება. ფეხის თითში ქინძისთავის ჩხვლეტას მაშინვე მოსდევს ფეხის
უჯან გაწევა, მაგრამ ეს მოძრაობა, რომლიც თითქოს თვითონ ჩხვლეტასთანაა შერწყმული,
სინამდვილეში იმის შემდეგ ხდება, რაც ნერვის გაღიზიანებამ ტვინამდე მიაღწაა და
იქედან უკანვე იქნა არეკლილი ფეხში. თუმცა ზოგიერთი ფიზიოლოგი ნერვების მოქმედების
გვარობას რამდენადმე სხვანაირად ხსნის, რასაც ჩვენ ვნახავთ წინამდებარე წიგნის
მეორე განყოფილებაში.
|
|