|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§11. ნერვული სისტემის აღწერილობა
ტვინი სამ მთავარ ნაწილად იყოფა, დიდ, პატარა
და ზურგის ტვინად. სამივე ეს ნაწილი თავს იყრის მოგრძო ტვინში, რომელიც ზურგის
ტვინის დასაწყისშია მოთავსებული. თუ თავს მოვაცილებთ ქალასა და სხვა გარსებს,
რომლებიც ტვინს ფარავენ, და მას ზევიდან შევხედავთ, იგი წარმოგვიდგება ოვალური
ფორმის მორუხო მასის სახით, რომელსაც ღარი ორ ნაწილად ყოფს. თუ ტვინს კეფის მხრიდან
შევხედავთ, დავინახავთ, რთმ ამ მთავარი მასიდან გამოყოფილია ახალი, უფრო მცირე
მასა, რომელიც ღარებითაა დაფარული: ეს არის პატარა ტვინი. თუ უფრო ქვევით ჩავყვებით
ქალას ხვრელისაკენ, დავინახავთ, რომ პატარა ტვინადან გამოდის მოთეთრო ზონარი და
შედის მალებში: ეს ზურგის ტვინია.
თუ ახლა ტვინს გადავაბრუნებთ და ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ტვინის ორივე მხარე
სამ ამონაზნექადაა გაყოფილი. შუაში ეს ნახევარსფეროები შეერთებულია განსაკუთრებული
ნივთიერებით, რომელსაც ტვინოვან ნივთიერებას უწოდებენ და რომელსაც ბევრი სულის
რეზიდენციად მიიჩნევს. თუ ტვინს გავჭრით ამ შეერთების ადგილზე, გამოჩნდება ღრუები,
რომელთაც ტვინის პარკუჭები ეწოდება. ამავე დროს მის შიგნითა მხარეს შეიძლება
შევნიშნოთ უფრო ოვალური, საკმარისად დიდი შემაღლება: ესაა მხედველობის ბორცვი.
გარდა ამისა, არის რამდენიმე სხვა ნაწილიც, რომელთაც სხვადასხვა სახელით
აღნიშნავენ. მათ შორისაა ჩაფხუტისმაგვარი, ბეჭდისებური ჯირკვალი, რომელსაც grandula
pinealis-ის სახელწოდებით გალენი და დეკარტი სულის რეზიდენციად მიიჩნევდნენ. დიდი
ტვინი და ზურგის ტვინი ერთმანეთს და პატარა ტვინს რამდენიმე მაკავშირებლით უერთდებიან.
ზურგის ტვინი იწყება მოგრძო ტვინიდან და მსხვილი სიმის, ან ტოტებით ქვემოთ
შებრუნებული ხის სახით მიემართება ზურგის გასწვრივ. ტვინის ცალკეული ნაწილების
დანიშნულება რომ გაეგოთ, მათზე სხვადასხვა ცდა ჩაატარეს. თუ ზურგის ტვინს გამოვყოფთ
თავის ტვინისაგან, ადამიანი დაკარგავს ყოველგვარ გრძნობას და ყოველგვარი მოძრაობის
უნარს თავის ყოველ ნაწილში, და რაც უფრო ახლოა გადაჭრის ადგილი თავის ქალასთან, მით
უფრო ძლიერია ეს მოვლენა. ხოლო თუ ზურგის ტვინს დავაზიანებთ ან გადავჭრით მხოლოდ
მარჯვენა მხარეს. მაშინ დამბლა თავს იჩენს სხეულის მთელ მარჯვენა მხარეს. თუ კი
ტვინს მარცხენა მხარეს დავაზიანებთ, სხეულის მთელი მარცხენა მხარე დაკარგავს
მოძრაობის და გრძნობის უნარს.
მოგრძო ტვინზე სულ მცირე შეხებაც კი საშინელ ტკივილებს აღძრავს, ხოლო მისი
შიგნითა მხარის დაზიანება იწვევს კრუნჩხვებს და თვით სიკვდილსაც. რაც შეეხება ამ
ნაწილის გარეთა მხარეს, იქ ამგვარი მოვლენები არ შეინიშნება. დიდი ტვინის ზოგიერთი
ადგილი მგრძნობელობას ამჟღავნებს, ზოგი კი - არა.
ასევე უნდა ითქვას მოძრაობების შესახებაც. დიდი ტვინის დაზიანება სხეულის ყველა
ნაწილის დამბლას იწვევს, ართმევს მათ მოძრაობის უნარს. თუ ცხოველს ამოვჭრით ტვინის
ერთ ნახევარსფეროს, მისი სხეულის ნახევარი დაკარგავს მოძრაობის უნარს. პატარა
ტვინის მთლიანად ან ნახევრად ამოჭრის შემთხვევაში იგივე მოვლენები მეორდება, მაგრამ მცირე ხარისხით.
ყველა მსგავსი ცდიდან მიღებული საერთო დასკვნა ასეთია:
მოგრძო ტვინის დანიშნულებაა ყველა არანებისეული მოძრაობის რეგულაცია, კერძოდ, გულის ცემის, სუნთქვის და სხვათა მოწესრიგება.
პატარა ტვინი ნებისეული მოძრაობების და სხეულის მდებარეობების საქმის მოწესრიგებას ემსახურება.
დიდი ტვინის ქვედა ნაწილი მართავს მთელი სხეულის მამოძრავეგელ კუნთებს და კიდურებს, ბოლო მისი სხვა ნაწილი გონებრივი მოქმედებების ადგილს წარმოადგენს.
|
|