მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ა. შეგრძნება

 

§10. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ წინა პარაგრაფის დებულებას

 

ადამიანები, რომელთაც დაკარგეს ფეხი ან ხელი, თავის ცნობიერებაში ინარჩუნებენ სხეულის ამ ნაწილთა სიმრთელის შეგრძნებას. ასეთი ილუზია გვხვდება არა მხოლოდ იმათთან, რომელთაც ხელი ან ფეხის ნაწილი დაკარგეს, არამედ იმათთანაც, რომელთაც დაკარგეს მთელი ხელი, მხარამდე, და ფეხი მუხლამდე [3]. სხეულის რომელიმე ნაწილის დამკარგავი ადამიანები ვერ ამოძრავებენ მას ჯანსაღი ნაწილის თანაბრად, ყველა შემთხვევაში, როცა ამ მოძრაობებს აქვთ ადგილი, და თავის ცნობიერებაში ვერ არჩევენ, რომ დაზიანებული ნაწილი მთელი არაა. გრძნობათა ცდომილება მხოლოდ უნაყოფოდ წარმოებული მოძრაობის შემდეგ ხდება ცხადი. ადამიანები, რომელნიც ხის ფეხს ატარებენ, მას იფხანენ, როცა თეძოს ნაწილში გრძნობენ ქავილს. ხისფეხიანები თუმცა კი გრძნობენ, სად ეხება თეძოს ნარჩენი ხის ფეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებენ გააქრონ ცნობიერებაში ფეხის სიმრთელის შეგრძნება. ბევრი ისეთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ცალფეხა ადამიანები ხის ფეხის მოხსნის შემდეგ, მუშაობისას უცებ წამოხტებოდნენ ხოლმე და ეცემოდნენ, და ეს მომხდარა არაერთგზის და არა გულმავიწყობის გამო. მუშაობისას ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ნაკლოვანი ფეხი ისეთივეა, როგორიცაა მეორე, ჯანმრთელი ფეხი. ბევრს ცივი წყლით უსველებდნენ მოჭრილი ფეხის თეძოს და ისინი გრძნობდნენ, რომ ცივი წყალი მოხვდა არა თეძოს, არამედ ფეხის თითებს. ცდომილება უფრო განსაცვიფრებელი ხდება, როცა აღიზიანებენ რომელიმე ნერვს. მაგალითად, ერთ ადამიანს მოჭრილი ფეხის თეძოს იმ ადგილზე აწვებოდნენ, სადაც გადის ცნობილი ნერვი, inchidiacus-ად წოდებული, და მას ეჩვენებოდა, რომ ჟრუანტელი უვლიდა ჯერ ფეხის ცერში, შემდეგ - ფეხის სხვა თითებში, მერე ფეხის უახლოეს ნაწილში, შემდეგ ფეხისგულში, ამის შემდეგ კი, განსაკუთრებით ძლიერად, კოჭში, ნაკუთალში. და ა.შ.

 

ბოლოს, ცნობიერების ასეთი ცდომილება ახასიათებთ არა მარტო იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულის ნაწილი ცხოვრების გვიან წლებში დაკარგეს, არამედ იმათაც, რომელთაც ძალიან ადრე დაკარგეს იგი, და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ დაკარგული ნაწილის სისაღის ცნობიერება შედეგი კი არ არის ორი ფეხით მოძრაობის ჩვეულებისა, არამედ მას საფუძველი თვითონ ტვინის ცენტრში აქვს.

 

თუ ყველა ამ ფაქტს დავუმატებთ ხუთი გრძნობის ზემოთ მოყვანილ ანალიზს, ამან საბოლოოდ უნდა დაგვარწმუნოს, ყოველ შემთხვევაში, იმაში, რომ ტვინი არის ცენტრი და სათავსი ჩვენი შეგრძნებებისა, რომ ყველა ჩვენი შეგრძნება ტვინში ხდება, ე.ი. ჩვენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, - ვხედავთ, გვესმის და ტკივილსაც და ყველაფერს შევიგრძნებთ ტვინში და არა იქ, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია - ჩვეულების გამო. მაგრამ არის თუ არა ამავე დროს იგი თავად მგრძნობელი საწყისი, ამას ჩვენ საბოლოოდ ვნახავთ, როცა თვითონ ტვინისა და ნერვების აგებულებას განვიხილავთ.