|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§9. იმის შესახებ, რომ ადამიანი ყველაფერს გრძნობს არა საკუთარი თავის გარეთ, როგორც ეს მას ეჩვენება, არამედ თავის თავში
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა
შესწავლისას! მაგალითად, რა უნდა იყოს იმაზე უფრო მარტივი, რასაც ჩვენ ყოველ წუთს
ვხედავთ, ვისმენთ ვეხებით და ა. შ.? მაგრამ თუ უფრო ახლო გავეცნობით ამ უმარტივეს მოვლენებს, მათში ბევრ ისეთ რამეს
აღმოვაჩენთ, რაც ადრე აზრადაც არ მოგვდიოდა და რაც პირველი შეხედვით, მისი
უეჭველობის მიუხედავად, დაუჯერებლადაც კი მოგვეჩვენება.
ხუთივე გრძნობის მოქმედებისას ბავშვობიდან შეძენილი და ერთგვარად თვითონ ჩვენს ბუნებად
ქცეული ჩვევა გვაიძულებს ისეთი მსჯელობები გამოვთქვათ, რომლებიც, თუმცა თვითონ ჩვენს
გარეთ მყოფი საგნების არსებასთან მიმართებით არაფერს მცდარს არ შეიცავენ, მაგრამ
ამასობაში აყალბებენ მათ დამოკიდებულებას ჩვენთან და მათ ზემოქმედებას ჩვენს გრძნობებზე.
ვინ არ იცის, რომ ჩვენ საგნებს ვხედავთ იმ გამოსახულებების მიხედვით, რომელთაც
ისინი წარმოშობენ თვალებში. მაშასადამე, მათ ჩვენ ვხედავთ ჩვენში, ჩვენს ორგანოში,
ამასობაში კი ვფიქრობთ, რომ მათ ვხედავთ იმ ადგილებზე, სადაც ისინი არიან.
ეს იმ ჩვევის გამო ხდება, რომელიც სულ ადრეულ ასაკში შეგვიძენია, იმ დროს, როცა
განვითარებული არ იყო ჩვენი არც განსჯა და არც გაგება. ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც ჯერ
კიდევ არ შეჩვევიან საგნებამდე მანძილის შეფასებას, სურთ ხელი ჩაავლონ შორს მყოფ
საგნებს თვალთა სიახლოვეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ისინი საგანთა გამოსახულებას
თვალში თავად საგნებად მიიჩნევენ. მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ბავშვები
თანდათან ხვდებიან, რომ საგნები მათგან დაცილებულია და სწავლობენ მათი დაცილებულობის განსაზღვრას. შემდგომში ეს მათ ბუნებად იქცევა, ასე რომ ზრდადასრულებული
ადამიანი საგნის შთაბეჭდილების მიხედვით ისე სწრაფად მსჯელობს მისი დაცილების შესახებ, რომ
მასთან თვალის გამოსახულების შეგრძნებას განუყრელად ახლავს საგნის თვითონ მანძილის მექანიკური, არაცნობიერი გაგება. თუ ამას დავუმატებთ წარმოსახვის ასეთსავე
სწრაფ მექანიკურ მოქმედებას, რომელსაც უცბად გადავყავართ შორს დანახულ საგანთან
და თითქოს მის ახლოს გვაყენებს, მაშინ ადვილად მივხვდებით, რატომ ვართ ასე მტკიცედ
დარწმუნებული, რომ საგნებს იმ ადგილებზე ვხედავთ, სადაც ისინი არიან. ეს
დარწმუნებულობა ისეთია, რომ ადამიანს, რომელსაც ფიზიკა არ შეუსწავლია და უნარი არა აქვს
გააანალიზოს თავისი შეგრძნებები, სისულელედ მოეჩვენება აზრი, რომ საგნებს იგი იქ
კი არ ხედავს, სადაც ისინი არიან სინამდვილყში, არამედ თავის თავში, საკუთარ ორგანოში. ზუსტად ასეთია
ჩვეულების ძალა სხვა შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების შემთხვევაშიც.
როდესაც ვუსმენთ ადამიანს, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, ჩვენ გვგონია, რომ ეს
ბგერები, ეს ჰარმონია, ტონთა ეს რაკრაკი სწორედ იქ, მის ხემთანაა. ჩვენ აზრადაც არ
მოგვდის რა მანძილი, რა გარემო და ცვლილებები უნდა გაევლოთ ვიოლინოს დამკვრელის ხემის
მიერ აღძრულ ჰაერის ტალღებს, რომ ჩვენს ცნობიერებაში ასახულიყვნენ ბგერების სახით,
ჩვენ, ვამბობ მე, აზრადაც არ მოგვდის, რომ ხემი და სიმები მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურ მოვლენებს აღძრავენ, ხოლო ბგერები ჩვენს ყურში გვესმის, და
ყურშიც კი არა, მის მიღმა. მაგრამ ეს შეცდომა, თუ კი შეიძლება მას შეცდომა ეწოდოს, კვლავ
ჩვეულების მიზეზით ხდება, რადგანაც ჩვილი ბავშვი, როცა ბგერებს ისმენს,
თავდაპირველად არ აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ბგერები მოდიან, მხოლოდ
შემდგომი გამოცდილება ასწავლის მას ბგერების შეგრძნებები გარკვეულ მიზეზებს
დაუკავშიროს.
როცა ვარდს ვყნოსავთ, ჩვენ გვგონია, რომ ეს მშვენიერი სუნი თვითონ ვარდის
ფურცლებშია. როცა რაიმე ტკბილს შევექცევით, გვგონია, რომ სიტკბო ამ საგნის
შემადგენელი ნაწილია. როდესაც ხელში ან ფეხში გვიჩხვლეტენ, ტკივილს, ჩვეულების
გამო, თავად ჩხვლეტის ადგილზე ვგრძნობთ. მაგრამ, თუ ბავშვებს დავაკვირდებით,
შეიძლება შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ სად ტკივათ, და
მხოლოდ შემდგომ სწავლობენ ტკივილის მიწერას იმ ადგილისადმი, სადაც მოხდა
ზემოქმედება. ერთი სიტყვით, ჩვენს ყოველ შეგრძნებას ან მათს გამომწვევ ფიზიკურ
მიზეზთან ვაიგივებთ (ვთქვათ, ბგერებს - ჰაერის მოძრაობასთან), ან თვითონ ორგანოს
გაღიზიანებასთან ანუ შთაბეჭდილებასთან (მაგალითად, ტკივილს - ჩხვლეტით გამოწვეულ
გაღიზიანებასთან) [2].
მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს ჰგონია, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გარეთ
გრძნობს, სინამდვილეში კი იგი ყველა გარე საგნებს თავის თავში შეიგრძნებს, ე.ი.
ის თავის თავში ხედავს, ისმენს, გრძნობს სუნს, ტკივილს, სითბოს, თუმცა
შთაბეჭდილებები მომდინარეობენ მის გარეთ არსებული, ნამდვილი საგნებისაგან.
|
|