|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§8. შეხების გრძნობის შესახებ
შეხების ორგანოს წარმოადგენს ჩვენი სხეულის მთელი
ზედაპირი, თუმცა უმეტეს წილად ითვლება, რომ შეხების ორგანოებია ხელის თითების
წვერები. მთელი ჩვენი სხეული დაფარულია კანით, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ უნარი
აქვს მიიღოს შთაბეჭდილებები გარე საგნებისაგან მათთან შეხების გზით. შეგრძნებები,
რომელთაც ჩვენ ვიღებთ შეხებით, შემდეგია: სიმაგრე, სირბილე, სითბო, სიცივე, ტკივილი ყველა მისი სახესხვაობით და ა.შ.
რადგანაც კანის დანიშნულებაა შეხებით მიღებული მგრძნობელობა, სწორ ზედაპირებს კი არ
შეუძლიათ გადმოგვცენ სხეულის ყველა ნიუანსი, ამიტომ კანი სხვადასხვაგვარად იკუმშება
და წარმოქმნის ნაოჭებს, ღარებს და ა.შ. გარდა ამისა, კანი რამდენიმე ფენას
შეიცავს, მაგრამ ყველაზე რბილი ფენა განლაგებულია გარე ზედაპირზე, რათა მოახერხოს
უმცირესი შთაბეჭდილებებით გაღიზიანება. ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულის
მთელი ზედაპირი განტოტებული ნერვების საშუალებით შეერთებულია თავის ტვინთან, რათა
მასთან მიიტანოს ყოველი შთაბეჭდილება.
მაგრამ როგორ და სად გრძნობს ადამიანი სითბოსა და სიცივეს, ტკივილს, სიმაგრეს,
სირბილეს და ა.შ.? აქაც ისეთივე ვითარებაა, როგორც სხვა შეგრძნებების შემთხვევაში.
შეხების ორგანოების შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელსაც ვიღებთ სხეულის
რომელიმე ნაწილში, შეხების ნერვს მიაქვს ტვინამდე, და აქ უკვე ხდება შეგრძნება,
მაგრამ მას ტვინი არ აწარმოებს. თუ ფეხის თითზე იჩხვლეტთ, თქვენ მაშინვე იგრძნობთ
ტკივილს, მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩხვლეტისაგან მიღებული
გაღიზიანება ტვინამდე მისულიყო და კვლავ ფეხში არეკლილიყო ტკივილის სახით. მაგრამ
იმის საბუთი, რომ ტკივილის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილზე არ წარმოქმნილა, ასეთია: თუ
გადავჭრით მგრძნობიარე ნერვს და ამით ფეხს ან რომელიმე სხვა ნაწილს გამოვაცალკევებთ
ტვინისაგან, ეს ნაწილები კარგავენ ყოველგვარ მგრძნობიარობას. ხოლო თუ როგორ ხდება
ის, რომ შეგრძნება არაა ფეხში, მაშინ როცა გვეჩვენება, რომ სწორედ ფეხი გვტკივა,
ამას ახლა ვნახავთ.
|
|