მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ა. შეგრძნება

 

§6. სუნის შესახებ

 

ფიზიკა და ქიმია გვიჩვენებს, რომ სუნი წარმოიშობა იმ უხილავი უმცირესი ნაწილაკებიდან, რომლებიც სუნის მქონე სხეულებს გამოეყოფიან, ყნოსვის ორგანომდე აღწევენ და აღიზიანებენ მის შინაგან აპკოვან კანს. ეს გაღიზიანებები ანუ შთაბეჭდილებები ყნოსვის ნერვს მიაქვს ტვინამდე, მთელი ნერვული სისტემის საერთო ცენტრამდე.

 

ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ თვითონ სუნი ანუ სუნის შეგრძნება მომდინარეობს ან ცხვირში, ან ყნოსვის ნერვში, ანდა ტვინში. მაგრამ რომ ყნოსვა ანუ სუნის გრძნობა არის არა ცხვირში და არა ყნოსვის ნერვში, ამაში ჩვენ სავსებით ვრწმუნდებით იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ ზემოთ, მხედველობისა და სმენის ანალიზისას. თვითონ ტვინი წარმოადგენს მხოლოდ შთაბეჭდილების გადამცემ პუნქტს და არა იმ არსებას, რომელიც შეიგრძნობს და ერთმანეთისაგან განარჩევს სხვადასხვა სუნს.

 

ამაში ჩვენ საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდებით, როცა ტვინის აგებულებას გავიცნობთ. აქ კი ჯერჯერობით აღვნიშნავთ შემდეგს: ყნოსვის, სმენის და მხედველობის შეგრძნებებს შორის ჩვენ ვგრძნობთ განსაცვიფრებელ განსხვავებას. მაგალითად, რა არის საერთო, ან როგორ შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს თეთრი ფერი, ზარის ხმა და ვარდის სუნი? მაგრამ შთაბეჭდილება ანუ ცვლილებები, რომელთაც იწვევენ ჩვენს ორგანოებში სინათლე, ჰაერის ტალღისებური მოძრაობები და სუნიანი სხეულის ნაწილაკები, არ შეიძლება თავისი არსებით ისე მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ფერი, ბგერა და სუნი, რადგანაც ორგანოები და ნერვები, რომლებიც ამ შთაბეჭდილებებს აღიქვამენ, ასე მკვეთრად განსხვავებული არ არიან. ამ მხრივ კიდევ უფრო განსაცვიფრებელია შემდეგი ფიზიოლოგიური ფაქტი: მხედველობის ნერვის ყოველგვარი გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ სინათლის შეგრძნებას იწვევს, ხოლო სმენის ნერვის გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ ბგერებს აღძრავს, ყნოსვისა - მხოლოდ სუნებს. მაგალითად, თუ ჩვენ ამ ნერვებში ელექტროდენს გავატარებთ ან უბრალოდ შევეხებით მათ პინცეტით, თითოეული მათგანი ჩვენში აღძრავს მხოლოდ ზემოთ მითითებულ შეგრძნებებს. აქ სამივე ნერვი ერთნაირადაა გაღიზიანებული, მაშასადამე თავადაც ერთნაირ შთაბეჭდილებებს იღებს და ტვინზეც ერთნაირად მოქმედებს, და, ბოლოს, თვითონ ტვინი, თავისი შემადგენლობით, ყველგან ერთნაირია, მაგრამ შედეგები მკვეთრად განსხვავებულია. მატერიალურ სამყაროში არ არსებობს ასეთი მოვლენა: მასში ერთნაირი მიზეზები ანუ ძალები ერთნაირ შედეგებს იწვევენ, მაგალითად, ერთნაირი ბიძგები ერთნაირ მოძრაობებს წარმოშობენ. ცხადია, ეს სამი შეგრძნება მატერიალურ სამყაროში არ ხდება.