მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ა. შეგრძნება

 

§5. კვლავ ფსიქოლოგიური საკითხი

 

აქ ისევე, როგორც მხედველობის ანალიზისას, ფსიქოლოგმა უნდა დასვას საკითხი: თვითონ ტვინი არის თუ არა შემგრძნები საწყისი? ყველა ფაქტის საღი და მიუკერძოებელი აზრით განხილვა გვარწმუნებს, რომ ტვინი არის მხოლოდ იარაღი, რომელიც საბოლოოდ გადასცემს სმენის შთაბეჭდილებას რაღაც უხილავ არსებას, რომ თუმცა ბგერების შეგრძნება მასში წარმოებს, მაგრამ შემგრძნები სუბსტანცია არის არა თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება. ამის სრული დასაბუთება შემდეგ იქნება გადმოცემული, აქ კი მხოლოდ ზოგიერთ კერძო მოსაზრებას გამოვთქვამთ.

 

1 . ტვინი არის მარტივი ორგანული მატერია, რომელიც თითქმის იმავე ქიმიური ელემენტებისაგან შედგება, რისგანაც სხეულის ყველა ორგანო, თუმცა ერთგვარი განსხვავება არის ატომების რაოდენობასა და განლაგებაში; მაგრამ განა საფუძვლიანი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მატერიალურ ნაწილაკებს, თუნდაც ორგანულთ, შეიძლება ჰქონდეთ ისეთი საოცარი უნარი, როგორიცაა შეგრძნების უნარი? არ უნდა დავივიწყოთ, რომ რაიმე საგნის დანახვა, ბგერის მოსმენა ნიშნავს მოვლენის გაცნობიერებას, ფენომენის განსჯას.

 

2. თუ ერთმანეთს შევადარებთ მხედველობისა და სმენის ორგანოების აგებულებას და თვალს მივადევნებთ სინათლის შთაბეჭდილების გზას პირველში, ბოლო ბგერის ტალღებისას - მეორეში, დავინახავთ, რომ ორივე ეს შთაბეჭდილება, მათი არსის მიხედვით, მეტად მსგავსია, რადგანაც ერთიც და მეორეც წარმოადგენს ერთგვარ გაღიზიანებას, ანუ ორგანოსა და ნერვის ერთგვარ ცვლილებას, რომელიც ტვინამდე აღწევს. მაგრამ შეადარეთ ერთმანეთს თვითონ მხედველობისა და სმენის შეგრძნებები: არის თუ არა მათ შორის რაიმე მსგავსება? შემდეგ, მთელი ტვინი, თავისი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ერთნაირია; მაგრამ განა შესაძლებელია, რომ მატერიის ორ ერთნაირ ნაწილს ჰქონდეს ორი ესოდენ სრულიად განსხვავებული შეგრძნება, როგორიცაა ფერი და ბგერა?

 

3. შემდეგი მოსაზრება კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ მხედველობა და სმენა წარმოებს რომელიღაც განსაკუთრებულ, უხილავ არსებაში. მხედველობის ნერვი უერთდება ტვინის ერთ გარკვეულ პუნქტს, რომელთანაც მიდის სინათლის შთაბეჭდილება და რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მხედველობის ცენტრი ეწოდება. სმენის ნერვიც, უდავოდ, ასევე უკავშირდება ტვინის სხვა ადგილს, სანამდისაც მიედინება ნერვული დენი, რომელსაც ამ ორგანოს შთაბეჭდილება აღძრავს. მაშასადამე, თუ სმენა და მხედველობა თვითონ ტვინის ნივთიერების კუთვნილებას ანუ უნარებს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ ტვინის ნივთიერების ერთი ნაწილი ისმენს, მეორე კი ხედავს, ე.ი. ისმენს და ხედავს არა ერთი და იგივე არსება, არამედ განსხვავებული არსებანი. მაგრამ ეს აშკარა უაზრობაა, რამდენადაც ცხადია, რომ ჩვენში ისმენს და ხედავს ერთი და იგივე განუყოფელი არსება, ერთი რომელიღაც სუბსტანცია ანუ მონადა [1], რომელიც ერთმანეთს ადარებს ამ ორ შეგრძნებას და ამ შედარებიდან სათანადო დასკვნებს აკეთებს.