მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ა. შეგრძნება

 

§4. სმენის შესახებ

 

ფიზიკა გვასწავლის, რომ ბგერების გარეგანი მიზეზი ანუ ფიზიკური მოვლენა, რომელიც ჩვენში ბგერების შთაბეჭდილებას იწვევს, არის ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. მყარი სხეულების ნაწილაკები ურთიერთთან შეჯახების გამო რხევას იწყებენ. ეს რხევა გადაეცემა მათ გარემომცველ ჰაერს და ეს უკანასკნელიც იწყებს რხევას ანუ ტალღისებურ მოძრაობას, რაც ყოველ მხარეს ვრცელდება გარკვეული სიჩქარით. აღწევს სმენის ორგანომდე და იწვევს მასში გარკვეულ შთაბეჭდილებას ანუ ცვლილებას. ამ შთაბეჭდილების ბუნება რომ გავიგოთ, საჭიროა გავეცნოთ ყურის აღნაგობას.

 

ყური ისეა მოწყობილი, რომ ზუსტად შეესადაგება ჰაერის მოძრაობისა და არეკვლის კანონებს. სმენის ორგანო სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება: გარეთა, შუა და უკანა ნაწილებისაგან.

 

სმენის ორგანოს გარეთა ნაწილი მოიცავს გარეთა ყურს და სასმენ მილს. გარეთა ყურს ყველა ხედავს და მისი აღწერა საჭირო არაა. სასმენი მილი წარმოადგენს ელიფსურ ანუ ძაბრისებურ არხს, რომელსაც ქმნის ჯერ ხრტილი, შემდეგ კი თავის ქალას ძვალი. უკანა კიდესთან იგი მთავრდება აპკისებრი ტიხრით (დაფის აპკით), რომელიც წარმოადგენს გარეთა და შუა ყურის გამყოფ ყრუ ძგიდეს.

 

ყურის შუა ნაწილი შედგება მოგრძო ღრუსაგან. მის შიგნითა ნაწილში არის ორი ხვრელი, ოვალური და მრგვალი, რომლებიც ერთიმეორის ზევით არიან განლაგებული; ამას გარდა, ამ ღრუში მოთავსებულია პატარა ძვლების ჯაჭვი, რომელთაც ცნობილ საგნებთან მათი მსგავსების გამო უწოდებენ ჩაქუჩს, გრდემლს, უზანგს და ა.შ.

 

ყურის უკანასკნელი, უკანა ნაწილი შედგება პატარა ძვლების მთელი ლაბირინთისაგან და საკმაოდ რთული აგებულებისაა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილებია: კარიბჭე, ლაბირინთის შუაში მდებარე პატარა მოგრძო ღრუ, ნალისებურად მოხრილი ნახევარრკალოვანი არხები და ლოკოკინა.

 

მთელი ლაბირინთი ანუ უკანა ყურის მთელი სივრცე ავსებულია წყლოვანი მასით.

 

დაბოლოს, საჭიროა მივუთითოთ ყურის ერთ, მეტად მნიშვნელოვან, ნაწილზე, კერძოდ, ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

 

გარეთა ყურის დანიშნულებაა მიიღოს და შიგნით გადასცეს ჰაერის რხევები.

 

გარეთა სასმენი მილის დანიშნულებაა გადასცეს ეს რხევები დაფის აპკს. რადგან მყარი სხეულები რხევებს უკეთ ატარებენ, მისი პედლები ნაწილობრივ ძვლოვანია. გარდა ამისა, სასმენი მილი აძლიერებს რხევებს თავისი კედლებიდან არეკვლის გზით.

 

დაფის აპკი შესანიშნავადაა მისადაგებული აკუსტიკის კანონებისადმი. ცნობილია, რომ ჰაერის რხევებს არაფერი ისე არ ასახავს, როგორც დაჭიმული ცოცხალი აპკი. ამიტომაა, რომ დაფის აპკი სრულყოფილად იმეორებს მის მიერ მიღებულ ყველა რხევას. სასმენი ძვლების დანიშნულებაა დაფის აპკიდან რხევების მიღება. ამგვარად, ძვლოვანი ჯაჭვის გავლით რხევებმა მთელი სიწმინდით უნდა მიაღწიონ ლაბირინთს.

 

მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა დაფის აპკის რხევები: საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ. ასე იქცევიან ჩვეულებრივი დოლის გაკეთებისას - მასში ტოვებენ ნახვრეტს ჰაერის უწყვეტი მოდინებისათვის .

 

დაბოლოს, მართალია, ფიზიოლოგებმა ზუსტად ვერ ახსნეს ყურის უკანა განყოფილების ყველა ნაწილის დანიშნულება, მაგრამ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილებიც იმეორებენ და აძლიერებენ მათ მიერ ყურის წინა ორი განყოფილებიდან მიღებულ რხევებს.

 

ამრიგად, სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას. იგი გადაეცემა სმენის აპარატს, რომელიც ასახავს რხევებს და გადასცემს მათ სმენის ნერვს. დაბოლოს, სმენის ნერვი ამ შთაბეჭდილებას გადასცემს თავის ტვინს, ანუ, სახელდობრ, ტვინის იმ ადგილს, რომელსაც იგი უერთდება. მაგრამ სად ხდება თვითონ ბგერების შეგრძნება ანუ სმენა? ამაზე კვლავ შემდეგნაირად შეიძლება ვუპასუხოთ: ბგერების შეგრძნება წარმოებს ან თვითონ სმენის აპარატის ნაწილებში, ან სმენის ნერვში, ან ტვინში.

 

მაგრამ ნათელი და დამტკიცებული ფიზიოლოგიური ფაქტების საფუძველზე ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ სმენა ანუ ბგერების შეგრძნება არ წარმოებს არც თვითონ ყურში და არც სმენის ნერვში, რადგანაც თუ ჩვენ გადავჭრით ამ ნერვს და ამგვარად ყურს გამოვყოფთ ტვინისაგან, მაშინ, თუმცა ძველებურადვე აისახება რხევები, მაგრამ ბგერები გაქრება. მაშასადამე, თუმცა ადამიანი ყურის საშუალებით ისმენს, მაგრამ ყურში არ ისმენს. ამრიგად, დაგვრჩენია დავასკვნათ, რომ ბგერების შეგრძნება ხდება ტვინში.