მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი პირველი

 

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

 

ა. შეგრძნება

 

§3. ფსიქოლოგიური საკითხი

 

ფიზიოლოგს, რომლის ამოცანასაც მხოლოდ ის შეადგენს, რომ გამოარკვიოს ადამიანის სხეულის ორგანოების დანიშნულება და მოქმედება, შეუძლია აქ შეჩერდეს, რადგანაც მას არ სჭირდება ამის იქით წასვლა; მაგრამ ფსიქოლოგმა, რომელსაც სურს შეისწავლოს ადამიანის უხილავი მხარე, სწორედ ამ პუნქტიდან უნდა დაიწყოს თავისი კვლევა-ძიება. როცა იგი თვალს მიადევნებს სინათლის შთაბეჭდილების გზას თვითონ ტვინამდე და დარწმუნდება იმ ფაქტთა უეჭველობაში, რომ შეგრძნება ხდება არა თვალსა და ნერვში, არამედ ტვინში, მან უნდა დასვას შემდეგი საკითხი: თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება, თვითონ ტვინის ნერვული ბუშტები შეიგრძნებენ სინათლეს, ბგერას, და ა.შ., თუ არსებობს ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, რომელსაც უნდა მიეწეროს ეს შეგრძნებები? ამ საკითხს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცდისეული ფსიქოლოგიისათვის. მაგრამ ყველა ფიზიოლოგიური ფაქტის გულდასმით განხილვას და ყველა ორგანოს აგებულებისა და მოქმედების სწორ ანალიზს ასეთ დასკვნამდე მივყავართ: „საწყისი ანუ სუბსტანცია, რომელიც ადამიანში ყველაფერს შეიგრძნებს და ამოძრავებს, სრულიად განსხვავებულია ტვინისაგან და საერთოდ ყოველგვარი ორგანიზმისაგან. ეს არის არასხეულებრივი, სულიერი სუბსტანცია, რომლის ძირითად ძალას შეგრძნება შეადგენს. ტვინი კი მხოლოდ უკანასკნელი და ამავე დროს ცენტრალური ორგანოა, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება, რათა საბოლოოდ აისახოს სხვადასხვაგვარი შეგრძნებების სახით ამ უხილავ სუბსტანციაში". ამ მნიშვნელოვანი დებულების სრული და ყოველმხრივი დასაბუთება ამ თავში წარმოდგენილი მთელი კვლევა-ძიების ამოცანა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ მრავალრიცხოვანი ფიზიოლოგიური და ფიზიკური ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ამ დებულების სისწორეში დაგვარწმუნებს.