კითხვა: რას ნიშნავს ათი მცნების გაყოფა ორ სჯულისფიცრად?
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ მათზე აისახა ორი სახის სიყვარული: ღვთისა და მოყვასისა. ამიტომაც გვეკისრება ორგვარი მოვალეობა.
კითხვა: იესო ქრისტე ხომ არ ამბობს რამეს ამის შესახებ?
პასუხი: შეკითხვაზე – "რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?" – მან მიუგო: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათ. 22,36-40).
კითხვა: ყველა ადამიანი ჩვენი მოყვასია?
პასუხი: ყველა, რაკი ყველა ერთი ღმერთის ქმნილებაა და ერთი ადამიანიდან წარმოიშვა. მაგრამ ერთმორწმუნენი ორმაგად მახლობელნი არიან ჩვენთვის, როგორც ერთი ზეციური მამის შვილნი იესო ქრისტეს სარწმუნოებით (შდრ. ფილიპ. 3,9).
კითხვა: რატომ არ არსებობს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის მცნებაც?
პასუხი: იმიტომ, რომ მცნების გარეშეც, ბუნებრივად, "არავინ სადა თავი თვისი მოიძულოს, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას" (ეფ. 5,29).
კითხვა: რა კანონზომიერებით უნდა გვიყვარდეს ღმერთი, მოყვასი და საკუთარი თავი?
პასუხი: საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ღვთისთვის და ნაწილობრივ – მოყვასისთვის; მოყვასი – ღვთისთვის, ხოლო ღმერთი უნდა გვიყვარდეს თავად ღვთისთვის და ამასთან – ყველაზე მეტად. საკუთარი თავის სიყვარული მსხვერპლად უნდა შევწიროთ მოყვასის სიყვარულს, ხოლო საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული – ღმერთს.
"უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოან. 15,13).
"რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10,37), – ბრძანებს იესო ქრისტე.
კითხვა: თუკი მთელი სჯულის გადმოცემა შესაძლებელია ორი მცნებით, მაშინ ათი მცნება რატომღა მოგვეცა?
პასუხი: იმიტომ, რომ უფრო ცხადი წარმოდგენა გვქონდეს ღვთისა და მოყვასის მიმართ ჩვენს მოვალეობებზე.
კითხვა: რომელი მცნებების თანახმად გვეკისრება ღვთის მიმართ მოვალეობანი?
პასუხი: პირველი ოთხის თანახმად.
კითხვა: სახელდობრ, რა მოვალეობანი გვეკისრება?
პასუხი: პირველი მცნება გვავალებს, შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და პატივი მივაგოთ.
მეორე – ვერიდოთ ცრუ ღმერთთა თაყვანისცემას.
მესამე – არ დავარღვიოთ ღვთისადმი თაყვანისცემა სიტყვითაც კი.
მეოთხე – წესიერად და გულმოდგინედ აღვასრულოთ ღვთის თაყვანისცემის საქმენი.
კითხვა: რომელი მცნებების თანახმად გვეკისრება მოვალეობები მოყვასის მიმართ?
პასუხი: უკანასკნელი ექვსი მცნების თანახმად.
კითხვა: რა მოვალეობებზეა საუბარი?
პასუხი: მეხუთე მცნება გვავალებს, გვიყვარდეს მოყვასი და პატივი ვცეთ მას, განსაკუთრებით ჩვენს ახლობლებს, მშობლებით დაწყებული.
მეექვსე მცნება – საფრთხე არ შევუქმნათ მოყვასთა სიცოცხლეს.
მეშვიდე – არ შეურაცხვყოთ მათი ზნეობრივი სიწმინდე.
მერვე – არ ხელვყოთ მათი საკუთრება.
მეცხრე – არ ვავნოთ მათ სიტყვით.
მეათე – არ ვუსურვოთ ცუდი.
კითხვა: შედის თუ არა ათ მცნებაში საკუთარი თავის მიმართ მოვალეობანიც?
პასუხი: ისინი შედის მოყვასის მიმართ მოვალეობის ცნებებში იმიტომ, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს.