|
წმიდა ეფრემ ასური
თქუმული წმიდისა ეფრემისი მოძღურისა მის კურთხეულისაჲ [წესი და განგებაჲ საცთურთა ეშმაკისათაჲ]
ძველი ქართული თარგმანი
მო-ოდესმე-ვიდეს წმიდანი მამანი და ევედრებოდეს ნეტარსა ეფრემს, რაჲთა ასწაოს მათ წესი და განგებაჲ მრავალ-სახეთა მათ საცთურთა ეშმაკისათა. ხოლო მან ნეტარმან მიუგო სიმდაბლითა ესრეთ: მე ვჰნატრი განგებასა ცხოვრებისა თქუენისასა, ნეტარნო და ქრისტეს მოყუარენო მამანო, და ვჰგმობ და ვსძაგებ განგებასა ცხოვრებისა ჩემისასა, რომელსა შინა ყოლადვე არა იპოვების სარგებელი. ვაქებ და ვჰნატრი ცხოვრებასა თქუენსა, საყუარელნო, რამეთუ ეძიებთ უაღრესსა სათნოებასა დაჯერებისათჳს ღმრთისა თქუენისა. და ვინმე არა იგლოვდეს ბოროტად ამას ცხოვრებასა ჩემსა, რამეთუ შევაწუხე და განვარისხე ღმერთი საქმითა ჩემითა შეგინებულითა. ნეტარ ხართ თქუენ. მამანო, რომელთა დამკჳდრებად გიც თქუენ სასუფეველი ცათაჲ კეთილითა საქმითა თქუენითა, და სრულისა სიყუარულისა თქუენისათჳს მე ფრიად დამიკჳრდა თქუენთჳს, თუ ვითარ არა დაიზარეთ სიშორისაგან გზისა მოსლვად ჩემ გლახაკისა.
არამედ ნუუკუე ძიებისათჳს სულთა სარგებელისა თავს-იდევდით ესე. და კუალად დამიკჳრდა და გულის-ზრახვად ვდგა, თუ ვითარ მოხუედით კაცისა შეურაცხისა და ცოდვასა შინა განფრდილისა და ეძიებთ მისგან შესაძინელსა და სარგებელსა სულთა თქუენთასა. ჭეშმარიტად საკჳრველ არს, თუ ვითარ სავსენი ყოვლითა კეთილითა ღმრთისა სიტყუათაჲთა მოხუედით კაცისა უქონოჲსა და სიყმილითა დამდნარისა, ვითარ უკუე მდიდარნი გლახაკისა, ვითარ ბრძენნი უცებისა, ვითარ წმიდანი შესუარულისა, ვითარ ცოცხალნი სნეულისა, ვითარ აზნაურნი მონისა, ვითარ მოსწრაფენი სულთა ცხოვრებისათჳს მოხუედით კაცისა უდებისა და დაჴსნილისა.
ჭეშმარიტად თქუენ ხართ მჴურვალედ მეძიებელნი სათნოებათა ღმრთისათა, ხოლო მე მიცთომილი გონებასა და გარდასრული ნებასა ღმრთისასა. თქუენ ხართ სულნელებანი ქრისტესნი კეთილითა საქმითა და უბიწოდ სლვისა თქუენთჳს, ხოლო მე უდებებისა ჩემისაგან სავსე ვარ სიმყრალითა და მწინკულევანებითა. ჭეშმარიტად საკჳრველ არს თუ ვითარ, რომელთა თანა ესევითარი სულთა სარგებელი სავსებით იპოვების, მოხუედით კაცისა, რომელი ვერ სარგებელ ეყოფვის თავსა თჳსსა, არამედ ჯერისაებრ სათანადოჲსა ჰყავთ ესე, ქრისტეს მოყუარენო. ხოლო ინებეთ მოსლვითა თქუენითა განმტკიცებაჲ ჩემი დაჴსნილისა და უძლურისა, რაჲთა მოსწრაფე ჰყოთ სული ჩემი და ასწაოთ მას სიმდაბლე, ვინაჲთგან მოხუედით საწყალობელისა ამისგან სმენად სიტყუასა სარგებელისასა და ამხილეთ უგუნურებასა ჩემსა, არამედ ნაყოფისათჳს სიმდაბლისა ვიტყოდი მე სირცხჳლეული კდემულად. რამეთუ ოდესღა ვიწყო მოძღურებად და სწავლად, ვარცხუენ და დავსჯი სულსა ჩემსა, და ოდეს სხუათა განვიკითხვიდე, უფროჲსღა სულსა ჩემსა გინვიკითხავ და სინაკლულესა მისსა ვამხილებ, და ჩემ ზედა აღესრულების თქუმული უფლისაჲ: "მკურნალო, განიკურნე პირველად თავი შენი" (ლუკა 4.23) . და კუალად იტყჳს: "ყოველი რაოდენი გრქუან თქუენ მღუდელთ მოძღუართა ყოფად, ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" (მათე 23.3) . ამისთჳს სავსემან სულ-მყრალებითა ვიწყო სწავლად თქუენდა მსგავსად ნაკლულევანებისა ჩემისა, რამეთუ სამწყსოჲ ესე მიმსგავსებული კრებულსა ანგელოზთასა, და ვჰნატრი ყოველსა საქმესა მათსა სულიერსა. და ვინმე არა ჰნატრიდეს მათ, რომელთა ყოველი ცხორებაჲ მათი ნებასა შინა ღმრთისასა აღასრულეს სიწმიდით და ღირსებით მოლოდებისათჳს კეთილთა მათ საუკუნეთა. და ვინ არა ტიროდის და იგლოვდეს ჩემ ზედა, რომელმან დღენი ცხორებისა ჩემისანი უდებებით წარვჰჴადენ და უწყი, ვითარმედ მცირისა და შეურაცხისა საქმისათჳს, რომელი უდებ ვყავ, განვიდევნო მე სასუფეველისა მისგან ცათაჲსა რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: "ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარჴდენ" (მათე 24.35). და უმჯობეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრეღა იოტა ერთი გამოხატული სიტყუათგან ღმრთისათა წარსლვად, რამეთუ რომელი-იგი ჩუენ მცირე და საწუნელ გჳჩს, იგი ცათა და ქუეყანისა უფროჲს არს წინაშე ღმრთისა.
ამიერითგან ისმინეთ ჩემი, ძმანო ჩემნო, და გითხრა, რომელსა შემძლებელ იქმნეს უძლური ესე გონებაჲ ჩემი გამოთქუმად.
თავი პირველი
შიშისათჳს ღმრთისა
ნეტარ არს კაცი იგი, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ ყოლადვე, და რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს ყოლადვე ნეტარებასა, ვითარცა წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებანი მისნი ჰნებავნ ფრიად (ფს. 111.1). და იჴსნეს იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთაჲსა. რამეთუ ყოველსა, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, მწრაფლ შემძლებელ არს იგი წინააღდგომად ყოველთა გულის-სიტყუათა მტერისათა და წარმო\ტყუენვად ყოველსა ძალსა მისსა. რომელსა თანა დამკჳდრებულ არს შიში ღმრთისაჲ, არა ჩქუეფნ იგი გულის-სიტყჳთა აქა და იქი და არცა იცვალებინ ადგილითი-ადგილად. რომელსა თანა არნ შიში ღმრთისაჲ, დაწყნარებულად მოელინ იგი მოლვასა უფლისა თჳსისა, რაჲთა არა მოვიდეს უგრძულად და პოვოს იგი უდებებასა შინა და მისცეს იგი სატანჯველსა საუკუნესა.
რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, არა ოდეს უდბად დაიძინის, არამედ ყოველსა ჟამსა მღჳძარედ ზრუნავნ იგი სულისა თჳსისა ცხორებისათჳს. რომელსა ეშინის ღმრთისა, არა ოდეს ძილითა გან[ძ]ღის იგი, არამედ სულითა ფრთხილითა მოელინ იგი მოსლვასა უფლისა თჳსისასა. რომელსა ეშინის უფლისა, არა ეძიებნ იგი განსუენებასა ჴორცთა თვსთასა, რაჲთა არა მედგრობისა მისასთჳს განურისხნეს მას უფალი თჳსი. რომელსა ეშინის ღმრთისა, ყოველსა ჟამსა ეძიებს იგი განსუენებასა უფლისა თჳსისა და განმზადებული მოელის, რაჲთა, ოდეს მოვიდეს, განისუენოს საქმესა მისსა ზედა და აქოს სარწმუნოებაჲ მონისაჲ მის და მრავალთა საფასეთა ზედა დაადგინოს იგი რომელმან მოიგო შიში ღმრთისაჲ, მან მოიგო ყოველი სათნოებაჲ კეთილი და აცხოვნა სული თჳსი.
მისთჳს, რომელსა არა ეშინის ღმრთისა. მეორჱ.
რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოვების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძინის უსაზომოდ და არა ჰნებავნ ზე აღდგომაჲ საქმისათჳს სათანადოჲსა, არამედ იქმნის იგი ჭურ დაჴსნილობისა და ჭურჭერ მცონარობისა და იგემოვნებნ ნებასა ჴორცთასა და ყოველსა განსუენებასა ამის სოფლისასა სიტკბოებით შეიწყნარებნ. და უშიშ არნ იგი მოსლვისათჳს ღმრთისა თჳსისა და უდებ საქმისათჳს საღმრთოჲსა, ერიდებინ შრომასა და სძაგებნ მშრომელთა, ჰგმობნ მდაბალთა და აქებნ ამპარტავანთა და თანა-ექცევინ ზუავთა და თავჴედთა.
მაშინ მოიწიოს უფალი მისი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს და პოოს იგი ესევითარსა განგებასა, რომელი არა სათნო არნ წინაშე მისსა. და უბრძანოს შეკრვაჲ მისი ჴელით და ფერჴით და შთაგდებად იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. და ვინმე არა მისცეს ვაებაჲ ეგევითარსა მას საწყალობელსა!
სიყუარულისათჳს : გ^ :
ნეტარ არს კაცისა მის, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაჲ, რამეთუ მას შინა ღმემრთი დამკჳდრებულ არს. რამეთუ ღმერთი სიყუარული არს და ყოველსა, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა არს მარადის და რომლისა თანა ღმერთი არს, შემძლებელ არს იგი წინა\აღდგომად ყოველსა ძალსა მტერისასა. რომლისა თანა არს სრული სიყუარული, არავის შეურაცხ-ჰყოფს, არცა მცირესა, არცა დიდსა, არცა მდიდარსა, არცაგლახაკსა, არამედ ჰხედავნ თავსა თჳსსა ყოველთა უდარეს და უნარჩევეს და უნაკლულეს, ყოველსა თავს-იდებნ, ყოველსა მოითმენნ. რომლისა თანა არს სიყუარული, არცა განლაღნის მოყუსისა ზედა, არცა ზუაობნ, არცა ვის განიკითხავნ. და უკუეთუ სხუაჲ ვინმე განიკითხავნ მოყუასსა, მან არა თავს-იდვის, არამედ ამხილის და მოაქციის.
რომლისა თანა არს სიყუარული, არა ემოყუსებინ მზაკუვარსა, არცა ვალნ ამპარტავანთა თანა. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა შურნ მონაგები ცოდვილთაჲ, არამედ ზრუნავნ მათთჳს და ასწავებნ ლმობიერად, და ნუგეშინის-სცემნ, და ოდეს იხილის მოყუასი ჭირსა შინა და განსაცდელსა, მწუხარე არს მისთჳს და ელმინ, და შემწე ეყვის ყოველთა ყოვლითა ძალითა მისითა, ვიდრე სიკუდიდმე. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა უგულებელს-ყვის უცხოჲ, არამედ შეიწყნარის სიყუარულით და განუსუენის მოსწრაფედ. რომლისა თანა არს სიყუარული, მან აღასრულოს ნებაჲ ღმრთისაჲ და არს იგი ჭეშმარიტად მოწაფე ქრისტესი, რამეთუ ესრეთ ჰრქუა მჴსნელმან ჩუენმან სანატრელთა მოციქულთა: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, ოდეს იყუარებოდით ურთიერთას" (იოანე 13.35).
რომლისა თანა არს სიყუარული, არარაჲ განიჩემის საკუთრად თავისა თჳსისა, არამედ ყოველი, რომელი აქუნ, სხუათათჳს ჰნებავნ. რომლისა თანა არნ სიყუარული, არავის ჰხედავნ უცხოდ, არამედ ყოველთავე თჳსა მეგობრად ჰხედავნ, და არცა ოდეს აღაშფოთნის და არცა უხარინ ბოროტსა ზედა ძმისასა და არცა ძჳრსა იტყჳნ ტყუვილით და არცა ვისთჳს მტერობასა იმარხავნ თჳნიერ ეშმაკთასა, არამედ ყოველსავე სულგრძელებით მოითმენნ. ნეტარ არს მის კაცისა, რომელმან მოიგო სიყუარული და ესრეთ მივიდა იგი წინაშე ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა, რომელმან-იგი უწყნის აღბეჭდულნი ბეჭდითა თჳსითა და შეიწყნარნეს იგინი სასუფეველსა მისსა ანგელოზთა თჳსთა თანა და დაიმკჳდრონ ქრისტეს თანა. რამეთუ ძე ღმრთისაჲ სიყუარულისათჳს მოვიდა ქუეყანად და სიყუარულითა განგჳღო ჩუენ სამოთხე და სიყუარულისათჳს გჳჩუენა ჩუენ გზაჲ აღსავალი ზეცად, რამეთუ ვიყვენით განდგომილ და მტერ ღმრთისა და სიყუარულითა დამაგნა ჩუენ მამასა. და ამისთჳს ჯერ-არს თქუმად, ვითარმედ: ღმერთი სიყუარული არს, და რომელი დაადგრეს სიყუარულსა ზედა, იგი ჰგიეს ღმრთისა თანა მარადის.
მისთჳს, რომელსა თანა არა არს სიყუარული : დ^ :
ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს სიყუარული, რამეთუ დღენი ცხორებისა მისისანი ვითარცა სიზმარნი წარჴდენ. ვინ არა ეგლოვდეს ეგევითარსა მას, რომელმან განაშოვნა თავი თჳსი სიყუარულისაგან და დააკლო სულსა თჳსსა ნათელი ბრწყინვალე და მოუგო მას ბნელი იგი წყუდიადი. ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, ძმანო ჩემნო, რომლისა თანა არა არს სიყუარული, ღმერთი არა არს მის თანა, რამეთუ უტყუველი პირი იტყჳს ამას, რამეთუ: რომელსა თანა არა არს სიყუარული, იგი ბნელსა შინა ვალს მარადის და ცოდვასა შინა იქცევის; რომლისა თანა არა არს სიყუარული, იგი მწრაფლ აღეგზნის გულის-წყრომითა და უხარინ ძჳრი მოყუსისაჲ, და არავის დაცემულსა ჴელთ-აღუპყრის აღდგინებად და არცა ასწავის ცოდვილსა.
რომლისა თანა სიყუარული არა არს, იგი ბრმაჲ არს გონებითა და არს იგი მეგობარი ეშმაკთაჲ. მოყუარე მაგინელებელთაჲ და თანა-მავალ ძჳრის მოქმედთაჲ, და რასაღა განვამრავლებთ სიტყუასა! რომლისა თანა არა არს სიყუარული, ჭური არს იგი ეშმაკთაჲ და შეცთომილ არს იგი ყოველთა გზათა მისთა და არა უწყის, ვითარმედ ბნელსა შინა ვალს.
სულგრძელებისათჳს
ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან მოიგო სულგრძელებაჲ, რამეთუ აქებს მას წერილი და იტყჳს: "კაცი სულგრძელი მრავალ-გონება არს და ბრძენ" (იგავნი 17.27). კაცი სულგრძელი არასადა ევლტინ განსაცდელთა, მოწევნულთა მის ზედა, არამედ მადლობით მოითმენნ და სიხარულით სასოებასა ღმრთისა თჳსისასა და უშფოთველად იმარხავნ თავსა თჳსსა. კაცი სულგრძელი არაოდეს აღეგზნის გულის წყრომად და გინებად, და არცა აღიძრის გინებად სიტყუასა ცუდსა. და უკუეთუ ვინმე უსამართლოჲ უყვის მას, იგი არა შეწუხნის. და თუ ვინმე ეშჯინ, არა სიტყუა-უგებნ, და ყოველსა სიტყუასა ზედა და საქმესა განმტკიცებული შეუცთომელად ჰგიედ სავსე ყოვლითა საქმითა კეთილითა, და მხიარულ არნ იგი განსაცდელთა მოწევნისათჳს და რომელი-რაჲ ებძანის ვისგანმე, არა სიტყუა-უგებნ მას არა საქმედ. და უკუეთუ ვინმე შეჰრისხნის, არა შეშფოთნის, არამედ სულგრძელ არნ ყოველსა ზედა და მოითმენნ ყოველსა.
მისთჳს, რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ
რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ, მყის აღირღჳს იგი შფოთებად და გულის წყრომად. უკუეთუ ვინმე სიტყუა-უგის, მან აგინის, და უკუეთუ ვინმე აგინის, გუემის. და უკუეთუ ვინმე ძჳრი უყვის, შური იძიის. ემოყურებინ იგი კაცთა, რომელთაგან სარგებელსა რას ჰპოვებნ. რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ, სიტყუაჲ და საქმჱ მისი ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოდაიტაცებენ, რამეთუ სიტყუასა მისსა არა აქუნ სიმტკიცე და მწრაფლ აქცევნ საქმეთა ამიერ და იმიერ, და დაამტკიცებნ ბოროტსა. და ყოველი კაცი მის წინაშე არნ, ვითარცა არარაჲ. უსამართლოდ შემწე არნ და განმამართლებელ ცრუთა, და არასადა დაჰმარხის საიდუმლოჲ მოყუსისა თჳსისაჲ. რაჲმე იყოს უსაწყალობელეს ესევითარისა კაცისა!
სასოებით მოთმინეთათჳს
ნეტარ არს, რომელმან მოიგო მოთმინებაჲ, რამეთუ მოთმინებაჲ სასოებასა შეიქმს, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის. ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომლისა თანა არს მოთმინებაჲ, ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: "რომელმან დაითმინოს, იგი სრულიად ცხონდეს" (ფს. 39.1). და რაჲმე უკუე იყოს უდიდეს აღთქუმისა ამის, რამეთუ უფალი ტკბილ არს და კეთილსა უყოფს მათ, რომელთა დაუთმონ.
აწ გამოვიძიოთ და ვიხილოთ, თუ რავდენი სარგებელი აქუს მოთმინებასა. და არა ხოლო თუ ერთსა საქმესა ზედა ოდენ საჴმარ არს იგი, არამედ ფრიად მრავალსა: მოთმინე მხიარულ არნ ჭირთა მოწევნასა, და გამოიცადის იგი განსაცდელთა შემთხუევასა, და განმზადებულ არნ იგი ყოველთა მორჩილებად; მოთმინე განშუენდის სულგრძელებითა და სავსე არნ სიყუარულითა და მავნებელსა ჰლოცავნ; დუმილსა იმარხავნ და წიგნის კითხვასა სურვიელ არნ; მარხვასა მოსწრაფე და ლოცვასა გულს-მოდგინე, ჴელთ საქმარსა უცონელ და მიცემა-მოღებასა მარტივ; ყოველსა ბრძანებასა მორჩილ და სიტყჳს გებასა სულგრძელ, და, თუ რასმე საქმესა ზედა დაიდგ[ი]ნის, სარწმუნო იპოვის. მსახურებასა მხიარულ არნ და ძმათა განსუენებასა ტკბილ და განზრახვასა ბრძენ; ღამისა თევასა მოხარულ და უცხოთა შეწყნარებასა განკრძალულ; სნეულთა მოღუაწე და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელ.
რომელმან მოიგო მოთმინებაჲ, მან მოიგო სათნოებაჲ და სასოებაჲ, და ესე განშუენებელ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა და კადნიერად ღაღადებს ღმრთისა მიმართ და იტყჳს: "თმენით დაუთმე უფალსა, მომხედა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ" (მათე 10.22).
მისთჳს, რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ :ჱ:
ვაებისა მიცემად ღირს არს საწყალობელი იგი კაცი, რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ, რამეთუ წერილ არს: ვაჲ მათდა, რომელთა არა აქუს მოთმინებაჲ, ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოიტაცებინ, ამან არცა ჭირი თავს-იდვის და არცა გინებაჲ დაითმინის. რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ, არაოდეს წარემართის საქმე მისი, არამედ არნ იგი შფოთის მოყუარე და მოყუსისა განსუენებასა მოძულე, ლოცვასა დაჴსნილ და მარხვასა მოწყინე, ღამის თევასა მცონარ და ცუდის მეტყუელებასა მოსწრაფე, წიგნის კითხვასა მძინარე და ზღაპრობასა მღჳძარე, მარხვასა მოლალე და ჴელთ საქმარსა მოზარე, ბოროტისათჳს ახოვან და კეთილისათჳს ჩუკენ.
უკუეთუ ვინმე იხილოს წარმატებად, მოშურნე არნ მისთჳს ბოროტად. რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ ფრიად, ავნებს იგი თავსა თჳსსა და ვერ შემძლებელ არს იგი კეთილისა საქმედ. აწ უკუე ვისწრაფოთ ღუაწლთა მათ მოთმინებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: დაუთმოთ განსაცდელთა, რაჲთა ვცხოვნდეთ ჩუენ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.
უშფოთველობისათჳს : თ^ :
ნეტარ არს კაცისა მის, რომელი მწრაფლ არა აღშ\ფოთნების და არცა შეიწყნარებს მჴურვალებასა გულის წყრომისასა, რამეთუ არს იგი მშჳდობისა მეძიებელ. ყოველმან, რომელმან განდევნა შფოთისა სიყუარული, არს იგი ყოლადვე დაწყნარებულ და მდოვრ სულითა და მოხარულ გულითა და მხიარულ პირთა, რომელსა ესმეს სიტყუაჲ რისხვისაჲ და არა მწრაფლ აღშფოთნეს და არა მწრაფლ აღიძრას გულის წყრომად, არს იგი მოქმედ კეთილისა და სიმართლისა, შეუკრძალავს მას ენაჲ თჳსი და არა მრავალსა ქარსა მიმოდაჰყვების და ყოველთა მიერ საყუარელ არს იგი.
რომლისა თანა არა არს შფოთი, არა სიტყჳს მგებელ არს მოყუსისა და არა უხარინ უსმართლოსა ზედა და იმარხავნ სულგრძელებასა, და არნ იგი სამკჳდრებელ სულისა წმიდისა. რომელსა არა უყუარს სული შფოთებისაჲ, არს იგი დედა სიყუარულისა და მშობელ სიმდაბლისა და მოყუას მოთმინებისა და შემკობილ ყოვლითა საქმითა კეთილითა. რომელმან სძლო აღშფოთებასა, ქებულ არს იგი ყოველთა მიერ და ქრისტეს მიერ საყუარელ და ანგელოზთაგან დიდებულ, და არს იგი სამ გზის სანატრელ და ცოცხალ სულითა და ჴორცითა და გონებითა მარადის და უკუნისამდე.
შფოთის მოყუარისათჳს : ი^ :
რომელსა ზედა უფლებელ არს სული შფოთისა და რისხვისაჲ. იგი მარადის გულ-მწყრალ არნ საქმესა ზედა კნინსაცა და დიდსაცა. ამისთჳს იტყჳს წმიდაჲ წერილი, ვითარმედ გულ-მწყრალობამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის, და ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომელი ესრეთ ძლეულ არს სულისა მისგან მრისხანებისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: გულ-მწყრალი მკლველ არს სულისა თჳსისა და არს იგი მარადის შფოთ და მწუხარე და გულის წყრომითა გუამი მისი დადნებინ და სული მისი განკფდებინ ფერი პირისა მისისაჲ მარადის ყჳთელ არნ და გული მისი შერყეულ და გონებაჲ შეშფოთებულ და არნ-ცა იგი მოძულებულ ყოველთა კაცთა მიერ. რამეთუ არა აქუნ მას სულგრძელებაჲ და სიყუარული და კნინისა საქმისათჳს აღეგზნის იგი მრავლის მეტყუელებად. და შეჰკსინდის იგი ცუდთა და უნდოთა რაჲმე საქმეთათჳს კაცსა მართალსა და ცრუსა. ეყუარებინ გინებაჲ კაცთაჲ და იგემოვნებ სხჳსა განკითხვასა. რამეთუ არნ იგი მშჳდობისათჳს ჩუკენ და ბოროტისათჳს ახოვან. და ჯერ-არს გლოვაჲ ესევითარსა ზედა კაცსა შფოთის მოყუარესა და ლოცვაჲ და მარადის კრძალვაჲ ბოროტთა მათ ვნებათა.
სიმშჳდისათჳს : ი^ა :
ნეტარ არიან მშჳდნი ჭეშმარიტად, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მისცემს მათ ნეტარებასა და იტყჳს: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5.5). რაჲ უკუე უდიდეს არს ამის ნეტარებისა ანუ რომელსა სიხარულსა მიიწიოს კაცი უფროჲს მისსა, რომელმან დაიმკჳდროს სიწმიდისა იგი ქუეყანაჲ. და კუალად თქუა უფალმან ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ: "მე ვისმე მივხედო, არამედ მდაბალთა და მყუდროთა და რომელნი ძწოდიან სიტყუათაგან ჩემთა" (ესაია 66.2). და რაჲმე უფროჲს არს აღთქუმისა ამის და პატივისა, რომელსა-იგი ღმერთმან წყალობით მიჰხედოს.
აწ უკუე მოსწრაფე იყვენით, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა თანა-წარგჴდეს ესევითარი ნეტარებაჲ და სიხარული მიუწდომელი და მოიგეთ სიმშჳდე და მყუდროებაჲ. რამეთუ კაცი მშჳდი და მდაბალი შემკულ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა, რამეთუ მშჳდნი შეურაცხებასა მოთმინე არიან და გინებასა უხარინ და, თუ ვინმე შეაწუხის, ულოცავნ, და მრისხანესა დაამშჳდებნ მყუდროებით და სიყუარულით, და სიყუარულსა მისსა ზედა შეუორგულებელად ჰგიედ. მსახურებასა უცონილ არნ [და] სიმდაბლესა ზედა უხარინ, და ამპარტავნებამან არა პოვის ადგილი მის თანა. უკუეთუ ვისგანმე იდიდებინ, არა აღზუავნის და, თუ იქის, არა განდიდნის, რამეთუ კაცთ მოთნებაჲ განშორებულ არნ მისგან და ბოროტი არა მიეხის, და განკითხვაჲ მოყუსისაჲ არა შეიწყნარის. სძულნ მას შეურაცხებაჲ ძმისაჲ და ცუდის მეტყუელებაჲ სძაგნ, და ჰყუარობნ ყოველსა კეთილსა საქმესა და სათნოებასა ღმრთისასა კეთილად შედგომილ არნ.
მისთჳს, რომლისა (თანა) არა არს სიმშჳდე : ი^ბ :
ჯერ-არს უკუე, ძმანო გლოვაჲ და მწუხარებაჲ მისთჳს, რომლისა თანა არა არს სიმშჳდე, რამეთუ სავსე არს იგი ყოვლითა მედგრობითა, და უკეთურებითა, და სული წმიდაჲ იტყჳს ეგევითარისათჳს, ვითარმედ: "ნუ გშურნ უკეთურთაჲ, რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ" (ფს. 36. 1-27) . და კუალად უფალი იტყჳს, ვითარმედ: "კაცმან უკეთურმან საუნჯისაგან გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი" (ლუკა 6.45) , რამეთუ კაცსა უკეთურსა ეშმაკი არა უჴმს, რამეთუ იგი თჳთ თავისა თჳსისა ეშმაკ არს.
აწ უკუე მღჳძარე იყვენით, რაჲთა არა გეუფლოს თქუენ ვნებაჲ ესე და მისსა შემდგომად თავსა თჳსსა აბრალებდეთ. კაცსა უკეთურსა მარადის უხარინ ბოროტსა ზედა, რამეთუ სავსე არნ ზაკუვითა და მედგრობითა, მარადის შფოთ არნ, მარადის ირისხვინ, მარადის მოწყინე არნ, მარადის მოშურნე არნ, მარადის მასმენელ არნ. უკუეთუ მსახურებაჲ ებძანის, ურჩ ექმნის. უკუეთუ ვინ სიტყუა-უგის, აღშფოთნის. უკუეთუ ჰკითხის რაჲმე ვინ, ბოროტისა განმზრახველ ექმნის. უკუეთუ ვინმე წარმართებულად იხილის, დაუმძიმდის. უკუეთუ ვინმე ქველის საქმედ იხილის, დაჰჴსნინ და ყოლადვე ყოველთა მაშფოთებელ არნ. სწუნობნ წრფელთა და ჰბასრობნ მდაბალთა, ეკიცხევნ სულგრძელთა, ჰყუედრინ გლახაკთა და აგინებნ უცხოთა, და შემწე არნ ბოროტის მოქმედთა და არნ იგი ლოცვასა სულ-მოკლე, მღჳძარებასა მოწყინე, მარხვასა დაჴსნილ და ყოველსავე კეთილისა საქმესა უძლურ. და ჭეშმარიტად საწყალობელ არს, რომლისა თანა არიან ესსევითარნი ვნებანი.
ჭეშმარიტებისათჳს : ი^გ :
ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან მოიგო მარადის ჭეშმარიტებაჲ და არა ეუფლოს მას სული სიცრუვისაჲ. სამ გზის სანატრელ არს, რომელი იქმს ჭეშმარიტებასა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა. და ვინ არა ჰნატრიდეს, რომლისა თანა არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ მსგავს არს იგი ღმრთეებისა ჭეშმარიტებითა.
რომელი ეძიებს ჭეშმარიტებასა, სათნო არს იგი ღმრთისა და კაცთა, რამეთუ მრავალთა სარგებელ ეყვის იგი ჭეშმარიტებით. არავის თუალ-ახუნის და არცაღა კაცთა სათნოებისათჳს რას იქმნ, და არცა პატივისა და დიდებისათჳს ცრუდ განბჭის ვისთჳსმე, და სამართალსა ზედა არცა მდიდარსა შემწე ეყვის და არცა გლახაკი უგულებელს-ყვის. და შემკულ არნ იგი ყოვლითავე კეთილისა საქმითა, და ნეტარ არს, რომელი მარადის იმარხავს ჭეშმარიტებასა და სამართალსა.
სიცრუვისათჳს : ი^დ :
ვაჲ არს კაცისა მის საწყალობელისა ცრუჲსა და მზაკუვარისა და მტყუვარისა, რომელი მსგავს არს ეშმაკისა, რამეთუ ეშმაკი დასაბამითგან მტყუვარი არს, და ყოველი ტყუვილი და სიმწარე თესლისა მისისაგან აღმოცენებულ არს. და არს იგი მოძულებულ ღმრთისაგან. და ვინმე არა სტიროდის და მისცეს ვაებაჲ ცრუსა და მტყუვარსა, რამეთუ არა ოდეს წარემართის საქმჱ მისი კეთილისა მიმართ, კაცი მტყუვარი მარადის მაგზებელ არს ძმათა შორის შფოთისა და ლალვისა, და არს იგი განმლეველ სათნოებისა, ვითარცა გესლი რკინისა. რამეთუ ტკბილად ისმენნ სიტყუასა და შეჰძინის ბოროტნი სიტყუანი ტყუვილით და მიმოჰქონედ ზრახვანი საშფოთებელნი და ვითარცა ძღუენსა სათანადოსა მიუძღუნებნ გულსა წრფელთასა და აღაგზნებ მათ მანკიერებად, და იგი იხარებნ ამას ზედა.
არა არს წყლულებაჲ უბოროტეს წყლულებასა სიცრუვისა და ტყუვილისასა. ამისგან დაიცვენით თავნი თჳსნი, ძმანო, და ნუმცა გეუფლების თქუენ სული სიცრუვისაჲ.
მორჩილებისათჳს : ი^ე :
ნეტარ არს ჭეშმარიტად კაცი მორჩილი და უზაკუველი, რამეთუ მსგავს არს იგი მოძღუარსა თჳსსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი მორჩილ იქმნავე სიკუდიდმდე. ნეტარ არს, რომელმან მოიგო მორჩილებაჲ, რამეთუ მან მოიგო სიმდიდრე პატიოსანი, რომლისა თანა არს მორჩილებაჲ, უკუეთუ რასმე ებრძანის, არა ურჩ ექმნის და, თუ ვინმე შეჰრისხნის, არა აღშფოთნის. და, თუ იგინის, არა სიტყუა-უგის, რამეთუ განმზადებულ არნ ყოველსავე საქმესა კეთილისასა საქმედ. ყოველი განსაცდელი, რომელი მოიწიის მის ზედა, მადლობით შეიწყნარის იგი ღმრთისაგან. არა იცვალებინ ადგილითი-ადგილად და არცა მონასტრითი-მონასტრად. უხარინ შრომისათჳს ჰყუარობნ მასწავლელთა, და ადგილსა, რომელსა დაეწესის, არღარა განეშორის ვიდრე სიკუდიდმდე. არავის ძმათაგანსა შეურაცხ-ჰყოფნ და არცა უხუცესსა და მოძღუარსა განიკითხავნ. არა უხარინ განსუენებისათჳს და არცა შეწუხნის ჭირისათჳს.
მრავალ არს მადლი მორჩილთაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: დიდ არს ნაყოფი მორჩილებისაჲ და ნეტარ არს, რომელმან მოიგოს იგი.
ურჩებისათჳს : ი^ვ :
მარადის უბადრუკ და საწყალობენ არს, რომლისა თანა არა არს მორჩილებაჲ რამეთუ დრტჳნავნ იგი ყოვლისათჳს მარადის. მონაზონი ურჩი და მჩივანი ფრიად მავნებელ არს ადგილსა და დამაბრკოლებელ ძმათა. მონაზონსა ურჩსა უკუეთუ ებრძანის რაჲმე, არა ქმნის, არამედ სიტყუა-უგებნ და არასადა კეთილისა საქმესა წარემართის, და რომელნი იქმანედ მათ, აბრკოლებნ და ურჩებით სიტყჳს-გებასა ასწავებნ. მცონართა უშუელინ და მოწყინეთა შეეწივნ და ყოველთა დაჰჴსნინ, და განდგომილებასა ასწავებნ. და ურჩისა და მცონარისა საქმე არა ოდეს წარემართის, ვითარცა იტყჳს წერილი. უკუეთუ წარივლინის ვიდრემე მცონარი, იწყის მიზეზობად და იტყჳნ, ვითარმედ: გზასა ზედა ლომი არს და ავაზაკნი მზირიან. და უკუეთუ ლოცვად აღადგინებდე, აღშფოთნეს და მუცლისა ტკივილი მიზეზ-იდგას და თავი ილმოს. და თუ ასწავებდე, გრქუას: თავსა შენსა ასწავე ვიდრე ჩემდა სწავლადმდე, ჩემთჳს შენ არა მოგეჴადების; ვითა ღმერთსა უბრძანებიეს, ეგრე ყოფად ვარ; ნეტარ თუმცა შენ ჩემ ოდენ იცოდე, რაჲ ჴამს. უხარინ განსუენებასა ზედა და მწუხარე არნ შრომისათჳს, და მხიარულ არნ ტაბლისა დადგმასა და წუხნ მარხვისათჳს. ასმენნ ერთიერთსა და შეჰკრებნ და თხზავენ შფოთსა და მანკიერებასა, და დაჰჴსნინ სიყუარულსა და აღაზნებნ სიძულილსა.
ამისთჳს, ძმანო ჩემნო, ნუმცა ვინ თქუენგანი არს ურჩ და მდრტჳნავ, რომელი გებრძანოს მსახურებად ძმათაგან, რაჲთა ურჩებისა პატიჟთაგან განერნეთ.
უშურველობისათჳს : ი^ზ :
ნეტარ არს, რომელი არა იძლია შურითა და ჴდომითა, რამეთუ შური და ჴდომაჲ შეთხზულ არიან ურთიერთას, და რომლისა თანა არს ერთი მათგანი, ორივე მის თანა არს. ნეტარ არს, რომელი არა შევარდა საფრჴესა შურისასა, რამეთუ რომელსა ჰშურდეს კეთილი მოყუსისაჲ, იგი ეშმაკთა თანა დაისაჯოს. და რომელსა აქუს შური საეშმაკოჲ, ოდეს ძმაჲ თჳსი დიდებულად პატივსა შინა, აქუნ მას მტერობაჲ და სიძულვილი და ყოველი ბოროტი.
უკუეთუ ვინმე იხილის წარმატებად, დამძიმდის და ჰგმობნ მანკიერებით. ხოლო რომელსა არა აქუნ მანკიერებაჲ საეშმაკოჲ, ოდეს იხილის ძმაჲ თჳსი წარმატებად, უხარინ, და ოდეს იხილის ძმაჲ თჳსი დიდებულად პატივსა შინა, მხ[ი]არულ იქმნის მისთჳს, და ყოველსა კაცსა ჰხედავნ უფროჲს თავისა თჳსისა და უპატიოსნეს, და თავსა თჳსსა ჰხედავნ უდარეს ყოველთა კაცთასა.
რომლისა თანა არა არნ შური, მოხარულთა თანა უხარინ მას და მოქმედთა თანა შემწე-ეყვის კეთილისა საქმესა. უკუეთუ ძმაჲ ვინმე იხილის დაბრკოლებად, ჴელის ამპყრობელ ეყვის მას და განამტკიცებენ მას ძლიერად, და უკუეთუ განსუენებად იხილის, არა შეასმენ[ენ]. და უკუეთუ ცოდვასა იხილის, არა განგმის შეურაცხებით და არცა განიკითხავნ, არამედ ასწავებნ მოსწრაფედ და მის თანავე ელმინ. უკუეთუ იხილის აღშფოთებულად, დააწყნარებნ მშჳდობად სიყუარულითა. და უკუეთუ იხილის მწუხარედ, მის თანავე მწუხარე არნ და კეთილითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცემნ მას. და თუ იხილის უცები, იგი ასწავებნ მას და განაბრძობნ უშურველად. და უკუეთუ მძინარედ იხილის ლოცვასა, სიყუარულით განაღჳძებნ და ასწავებნ.
და ნეტარ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს შური და ჴდომაჲ.
მოშურნებისათჳს : ი^ჱ :
რომელი წყლულ არს ისრითა შურისაჲთა, არს იგი ყოლადვე უბადრუკ და თანა-მოდგამ და ზიარ ეშმაკისა, რომელმან-იგი შურისა მიზეზითა სიკუდილი სოფლად შემოიღო. რომლისა თანა არს შური და ჴდომაჲ, არს იგი ყოვლისავე წინააღმდგომ და არა ჰნებავს პატივი ვისიმე უფროჲს თავისა თჳსისა. და ოდეს ვინმე იხილის სულიერად წარმატებასა, შეურაცხ-ყვის და სწუნობნ. და უკუეთუ იხილის კაცი სათნოებასა შინა, ჰგმობნ და იჭუეულ-ყვის მდაბალი. და თუ ვინმე მმარხველად იხილის, იტყჳნ მისთჳს, ვითარმედ: ამპარტავან არს. და თუ იხილის კაცი მღჳძარედ და მეტყუელად, იტყჳნ მისთჳს, ვითარმედ: კაცთა ეჩუენების. უკუეთუ ვინმე იხილის მოსწრაფედ მსახურად, იტყჳნ მისთჳს: ესე მუცლისათჳს ჰმსახურებს და ქებასა ეძიებს. და თუ იხილის ვინმე წიგნის კითხვად, თქჳს, ვითარმედ: მოცალე არს იგი.
მოშურნესა არასადა უხარინ წარმატებაჲ კაცისაჲ, რამეთუ გული მისი მარადის სავსე არს მწუხარებითა და გუამი მისი განილევინ და ძალი მოაკლდებინ, და ყოველსავე იგი თუალითა ბოროტითა ჰხედავნ, და თუალთ-აღებნ, დღეს ამის თანა არნ და ხვალე იმის თანა, ყოველთა თანა იცვალებინ და მისგან იშვის მტერობაჲ და სიძულილი. ამისგან ვივლტოდით, საყუარელნო, რაჲთა არა ნაყოფსა მისსა ვეზიარნეთ.
არამაგინებელთათჳს: ი^თ :
ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან ენითა თჳსითა არა ავნოს სულსა თჳსსა, არამედ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ყოველთავე საშჯელი თანა-გუაც სიტყუათათჳსცა ცუდთა. ნეტარ არს, რომელი არა იგემოვნებდეს სიტყუასა გინებისასა და არცა სმენაჲ მისი ეყუარებოდის. რომელი არა იგინებოდის, პირითა დაუცავს მას თავი თჳსი ვნებისაგან დიდისა. ამან არცა პირი თჳსი შეიგინა, არცა სხუათა საფრჴე ექმნა. რომელი ევლტოდის გინებასა, იგი მძლე ექმნას გუნდსა ეშმაკთასა. ყოველმან, რომელმან არა ასწავა გინებაჲ ენასა თჳსსა, მან მოიგო საფასე წარუვალი. რომელი არა სძაგებდეს მოყუასსა თჳსსა და არცა იგინებოდის, ესე თავისუფალ არს კაცის-კლვისაგან.
რომელსა არა ეუფლა გინებისა ეშმაკი, მან დაიცვა თავი თჳსი შეუგინებელად. რომელი არა ემოყუსოს მაგინებელთა, ემოყუსოს იგი ანგელოზთა. რომელმან არა მოიგონოს გინებაჲ გონებასა, სავსე არს იგი სიყუარულითა, რომელმან არა შეიგინოს პირი თჳსი გინებითა, სავსე არს პირი მისი ნაყოფითა სულისა წმიდისაჲთა. სამ გზის სა\ნატრელ არს, რომელმან დაიცვა ენაჲ თჳსი გინებისაგან.
მაგინებელთათჳს : კ^ :
რომელი აყუედრებდეს და აგინებდეს კაცთა, ესე უეჭუელად შთავარდეს მასვე, რომლისათჳსცა აყუედრებდეს მოყუასსა; რომელი სხუასა აყუედრებდეს, აყუედრებს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ არს იგი ჴორციელვე და შეთხზულ სოფლისა ცხორებასა. რომელი აგინებდეს და აყუედრებდეს სხუასა, არს იგი თჳთ უბადრუკ და საძულელ და კაცის-მკლველთა თანა დაისაჯოს იგი. ხოლო რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, გონებაჲ მისი მარადის მის თანა არს, არა უხარის სხჳსა გინებაჲ და არცა ვის აყუედრ[ებს]. ხოლო რომლისა თანა იყოს ჩუეულებაჲ გინებისაჲ, ვაჲ არს საწყალობელისა მის და ღირს არს იგი გლოვისა, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს გინებისა. ამისთჳს უკუე პავლე მოციქული იტყჳს: "არცა მაგინებელთა და მაყუედრებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ" (I კორინთ. 6.10).
კრძალულებისათჳს : კ^ა :
სამ გზის სანატრელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არს კრძალულებაჲ, [რამეთუ] კრძალულებითა [ცხ]ონდების კაცი. ისმინეთ უკუე, ძმანო ჩემნო, რავდენსა შინა საქმესა საჴმარ არს კრძალულება კაცისათჳს: კრძალვაჲ ნებასა ბოროტსა და კრძალვაჲ მრავლის მეტყუელებასა ცუდისა სიტყუასა და გინებასა და ყუედრებასა და წყევასა, და არა ზრახვად ყოლადვე, რომელი არა ჯერ-არს; და შესმენისაგან მოყუსისა, რაჲ არავინ შეურაცხ-ვყოთ და არცა საიდუმლოჲ ვისი განვაცხადოთ. დაკრძალვაჲ სმენისაგან და არა მიუპყრათ სასმენელი ცუდის მეტყუელებასა; და შეკრძალვაჲ თუალთაჲ, რაჲთა არა იხილონ შუენიერებაჲ სხჳსა, რომელი არა ჯერ-არს, არცა სარგებელ არს ჩუენდა.
კრძალვაჲ შფოთისაგან და გულის წყრომისა; კრძალვაჲ ცუდად დიდებისაგან და პატივისა და ქებისა; კრძალვაჲ გულის-სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა არა მისდრკე მათდა მოგონებითა და არცა იგემოვნებდე გონებასა შენსა; კრძალვაჲ საჭმელთაგან, რაჲთა არა ეძიებდე გემოანთა საჭმელთა და არცა უჟამოდ შჭამდე რას და არცა დაემორჩილო უძღებისა ეშმაკსა.
კრძალვაჲ სასუმლისაგან, რაჲთა არა უსაზომოდ ჰსუმიდე თჳნიერ შიშისა ღმრთისა და არცა ეძიებდე ტკბილთა და გემოვანთა სასუმელთა და არცა ჰსუმიდე უძღებებით არა ხოლო თუ ღჳნოსა, არამედ წყალსაცა. კრძალვაჲ სიძვისა ეშმაკსა, რაჲთა ყოლადვე დაიცვ\ნეს შენნი და არა მისდრკე და ტკბილად ჰზრახვიდე გულის სიტყუათა სიძვისათა, არამედ აღჳრ-ასხნე ნებასა ჴორცთასა შიშითა ღმრთისაჲთა.
ამისგან რომელმან დაიცვეს თავი თჳსი, იგი მიემთხჳოს კეთილთა მათ საუკუნეთა, რამეთუ არა ჰნებავს მას შემკობაჲ თავისა თჳსისაჲ ჴორციელად და არცა ეძიებნ ნელსაცხებელთა სულნელთა. და არცა იგემოვნებნ ქებისა სიტყუათა და არცა განაგრძვის ჴსენებაჲ დედათაჲ და საქმისა მათისაჲ, და არცა აღრევაჲ და ხილვაჲ მათი ჰნებავნ, და არცა სიტყჳს-გებაჲ მათ თანა და არცა თავს-იდვის ყოლადვე ხილვაჲ მათი გონებითა წამსაცა ერთსა, არამედ დაიცავნ და ეკრძალებინ თავსა თჳსსა. რაჲთა მიიწიოს იგი განსასუენებელსა მას და სიხარულსა მიუწდომელსა.
უკრძალულობისათჳს : კ^ბ :
რომელი არა ეკრძალებოდის თავსა თჳს[ს]ა, მწრაფლ ეუფლნიან მას საქმენი სასიკუდინენი. რომელი არა ეკრძალებინ თავსა თჳსსა, უყუარნ მას განსუენებაჲ და იგემოვნებნ სიტყუათა ცუდთა და ეძიებნ მრავალთა საჭმელთა და სასუმელთა, და განსცხრებინ და იხარებნ ჴსენებათა სასირცხჳნეთა და უნდოთა სიტყუათასა. და მარადის დაიწუებინ იგი გულის სიტყუათაგან სიძვისათა, და დაუცადებელად და ურცხჳნოდ ჰზრახავნ იგი მათ. ჰნებავნ მას დიდებაჲ და უყუარნ პატივი, და მხიარულად ისმენნ ჴსენებასა დედათასა, და იმკობნ თავსა თჳსსა და იცხებნ სურნელთა საცხებელთა, და იცინინ და განსცხრებინ და განსუენებულ არნ მას ზედა. და გონებასა თჳსსა გამოიწერნ პირ-შუენიერებასა დედათასა და გულსა თჳსსა გამოიხატვნ, რეცა ჴელითა შეიპყრობნ და აღრაცხავნ სირცხჳლისა სიტყუათა, და შეიტყუბის იგი და ასოთა თჳსთა შეახებნ საქმედ ბილწებისა და აღსრულებად ცოდვისა, და რეცა ჰზრახავნ ხენეშთა სიტყუათა და შეეცინინ და უწამწამებნ, და ბუნებისა თუალითა ჰხედავნ სამოსელსა და სამკაულსა მათსა, და ჴორცთა და ხატსა მათსა განიცდინ და რეცა პირსა აკოცებნ ბაგითა თჳსითა და იგემოვნებნ მდედრ სიტყუათა მათთა.
ესე ყოველნი სიწბოჲსა და სირცხჳლისა საქმენი გამოიხატნის გულსა თჳ(ს)სა, რომელი არა ეკრძალებინ თავსა თჳსსა და არცა დაიცავნ გონებასა თჳსსა ვნებათაგან. და ოდეს ესმინ სიტყუაჲ წიგნისაჲ სარგებელისათჳს, შეიჭმუხის პირი თჳსი, და ოდეს იხილის კრებული მამათაჲ შეკრებულად სულთა სარგებელისათჳს, განგმნის იგინი და ჰბასრობნ. და ოდეს იხილის მამასახლისი გინა მოძღუარი თჳსი მასწავლელად და შეკრძალვად სამწყსოსა თჳსსა, იგი შფოთ არნ და ძჳრსა უზრახავნ.
თუ ესმის სიტყუაჲ მარხვისათჳს, შეწუხნის; და ოდეს იხილის კრებული მამათაჲ, შეშფოთნის. და თუ დაემთხჳის კრებულსა დედათასა, განმხიარულდის და იმიერ და ამიერ ექცევინ მათ და სიტყჳთა ლაღობისაჲთა სიცილით და განცხრომით ჰზრახავნ მათ; უკუეთუ ღამე არნ, იღჳძებნ იგი, მოსწრაფედ და გულს-მოდგინედ მეტყუელებნ ჴმასა თჳსსა და აშუენებნ ჟამობასა, დაატკბობნ გალობასა, რაჲთამცა გემოვან ყო გალობაჲ და სათნო-ეყო დედათა. და ოდეს მამათა თანა ღამის თევასა დაემთხჳის, არნ იგი დაჴსნილ და მცონარ და მძინარე. სამ გზის უბადრუკ არს და საწყალობელ, რომელმან არა შეიწყნაროს და შეიკრძალოს თავი თჳსი ვნებათაგან. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, ოდეს გესმეს ნაყოფი კრძალვისაჲ და წარწყმედაჲ ურკძალულოებისაჲ, ისწრაფეთ კრძალვად და დაცვად თავთა თჳსთა.
ნეტარ არს, რომელი ეკრძალების თავსა თჳსსა მარადის სათნოებისათჳს ღმრთისა. და ნეტარ არს, რომელმან არა განარისხა ღმერთი საქმითა ბოროტითა. და ნეტარ არს, რომელი მარადის ჰმსახურებს ღმერთსა ჭეშმარიტებით და სიმართლით და არა ეუფლა მას გულის სიტყუაჲ ბოროტი წარმწყმედელი სული. ხოლო რაჲმე ვყო მე საწყალობელმან ამან, რომელი ვაქებ და ვადიდებ ყოველთა სათნოებათა და კეთილისა საქმეთა და არცაღა ერთისა მათგანისა მოქმედ ვარ მე, არამედ დამილევინ დღენი ჩემნი ბოროტთა შინა საქმეთა, და ჩემ ზედა აღესრულების სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ ვითარმედ: "შეკრიან ტჳრთი მძიმე და დასდვიან მჴართა ზედა უძლურთასა და მათ თით[ით]აცა შეძრვაჲ არა ჰნებავნ" (მათე 23.4) . ამისთჳს გევედრები თქუენ, საყუარელნო და ქრისტეს მოყუარენო ძმანო, რაჲთა გულს-მოდგინედ სათნო-ეყვნეთ ღმერთსა და გონებათა თქუენთა გამოიწერნეთ ზემოთქუმულნი ესე სიტყუანი ჩემ გლახაკისა და უსწავლელისანი, და ეკრძალნეთ მათ ყოვლითა გულს-მოდგინებითა.
ჵ ძმანო ჩემნო, რომელნი შედგომილ ხართ უღელსა ქრისტეს[ს]ა, ნუმცა შეუდგთ ნებასა ჴორცთა თქუენთასა, რაჲთა არა დღესა მას სარჩელისასა იხილვნეთ სიტყჳს მიმგებელ და შეუნდობელ მიგებასა მას კაცად-კაცადისასა საქმეთა მათთაებრ. ვაჲ მე უბადრუკსა ამას ჟამსა მას, რომელსა არა მაქუს მიზეზი სიტყჳს-გებისაჲ.
ნეტარ იყვნენ, რომელნი კადნიერად წარდგენ დღესა მას წინაშე ქრისტესა და მიიღონ კეთილი მისაგებელი საქმეთა მათთაებრ. ხოლო ვაჲ არს ჩემდა და მათდა, რომელნი სირცხჳლეულ ვიქმნნეთ დღესა მას უნდოჲსა და კნინი[სა საქმისათჳს, რომელნი არა ღირს ვიქმნეთ შენდობასა ქრისტესგან ამპარტავნებისათჳს და ურჩებისა უძღებებისათჳს და გინებისა, შურისათჳს და მრავლის მეტყუელებისა, ყუედრესათჳს და\ჴდომისა, რომელსა შენდობასა ღირს არიან ესევითარისა მომქმედნი, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიცემად გჳც, არა უწყი.
აწ უკუე ეკრძალენით, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა ამათ მცირედთა საქმეთათჳს დავისაჯნეთ, ხოლო დიდთა ბრალთათჳს და მძიმეთა საქმეთა ვესავ ქრისტესა, ვითარმედ დაცვულ ხართ მადლითა უფლისაჲთა. ხოლო ხმათ, რომელთა-იგი მცირჯედ ვხედავთ ჩუენ ყოველთა, საწუნელ გუგონიეს და ვჰგონებთ, ვითარმედ მათთჳს არარაჲ მოგუეჴადოს ჩუენ. ხოლო ესე მრავლისა შრომისა წარმწყმედელ არიან და ჯოჯოხეთისა მომატყუებელ და საუკუნოდ დამშჯელ.
აწ უკუე ვეკრძალნეთ, ძმანო ჩემნო, მიზეზთა ცოდვისათა დიდთა და მცირეთაცა, რაჲთა არა განვისხნეთ სამწყსოთა მათგან ქრისტესთა, არამედ ღირს ვიქმნეთ შესლვად სასუფე[ვე]ლსა ცათასა ნების მყოფელთა მისთა თანა, რომლისაჲ არს პატივი და თაყუანის-ცემაჲ და მადლი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|