მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თავის თავის მხილება და აღსარება ცოდვებისა,
რომლებიც წმიდა ეფრემმა მიიჩემა თავისი სიმდაბლისაებრ

 

ვაი მე, საწყალობელს, ყოველდღე ვკითხულობ დაბადებას, ვკითხულობ, რა შეემთხვათ დათანს და აბირონს – მოსეს მოწინააღმდეგეებს: როგორ გასკდა მოწა და დანთქა ისინი მათი სახლეულითა და ქონებითურთ (რიცხვთა 16,12-34); მე კი ყოველ ჟამს ვეწინააღმდეგები ღმერთს და არ ვემორჩილები როგორ გადავურჩები მის სასჯელს?

ვაი მე, საწყალობელს ვკითხულობ, რა შეემთხვა მარიამ წინასწარმეტყველს – მოსე წინასწარმეტყველის დას მოსეზე, თავის ძმაზე ნათქვამი ერთი სიტყვის გამო მისი სხეული კეთრის წყლულებით დაიფარა მთლიანად (რიცხვთა 2, 10); და მე, ვინც ყოველდღე განვარისხებ ღმერთს, როგორ გადავურჩები საუკუნო სატანჯველს?

კაენმა თავისი ძმა, აბელი მოკლა. ამისათვის ღმერთმა სასჯელად დაადო შიში და ძრწოლა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, და ღვთისგან განდგომილები როგორ იხსნიან თავს საუკუნო სატანჯველისგან! წარღვნა ეწია პირველდაბადებულ კაცთა მოდგმას მისი უსჯულოებისათვის, ყველა ერთიანად ამოწყდა; და მეც ვშიშობ, ვაითუ ერთი მათგანივით დავისაჯო ჩემი მრავალი ცოდვისათვის. ამიტომ გევედრებით, ჩემს ყველა საყვარელ ძმას და ვევედრები თქვენს სიწმინდეს, რომ ღვთისგან წყალობა და შენდობა მითხოვოთ. ვევედრები ყველა წმინდანსა და ნეტარს, მეოხება გამიწიონ, და მეშინია ვაითუ არ შეიწყნარონ ჩემი ვედრება, რადგან მსმენია ეზეკიელ წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „უკუეთუმცა აღდგა ნოვე ანუ დანიელ ვედრებად ერისა ამისთვის, არამცა შეწყნარებულ იქმნა თხოვაი მათი“ (ეზეკიელი 4). ყველა წინნასწარმეტყველს ვევედრები, მეოხება ჰყონ ჩემთვის. მაგრამ ვშიშობ, როგორც წინათ სხვებზე თქვა: „არ შევიწყნარებ იერემია წინასწარმეტყველის ლოცვა-ვედრებას ამ ხალხისთვის“, ახლა ჩემზეც იგივე არ უთხრას მათ. მარხვას თუ დავიცავ, უფალი ალბათ, მეტყვის: ამგვარი მარხვა არ გამომირჩევია მე (შეადარე ესაია 58, 5). ჩემს ქონებას გლახაკებს თუ გავუნაწილებ, ვაითუ უფალმა მომიგოს: ზეთი ცოდვილისა ნუ ეცხება - ჩემს თავს. შესაწირავი და საკმეველი რომ შევწირო, ვშიშობ, ვაითუ მითხრას: შენი მსხვერპლი არ მოსწონს ჩემს სულს და - შენი საკმეველი საძაგელია ჩემს წინაშე, მის სახლში - წმინდა ეკლესიაში რომ შევიდე და ლმობიერად ვევედრო, ვშიშობ, ვაითუ რისხვით მომიგოს: გამშორდი, უსჯულოების მოქმედო. ამიტომაც ვარ, ჩემო ძმებო, შემკრთალი და შეძრწუნებული. უფლის მიმართ რომ მოვიქცე და ჩემი შეცოდებები ვაღიარო, ესეც სავალალოა ჩემთვის – კადნიერი ლირწად თუ დავდგები ღვთის მიმართ სავედრებლად, მეშინია, ვაითუ მიწამ დამნთქას ან მეხისტეხის ცეცხლი გადმოვიდეს ზეციდან, დამწვას და წარმწყმიდოს.

ჩემ მიერ ბავშვობაში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა შესახებ მინდა მოგითხროთ და ამისაც მეშინია - ვაითუ განმაქიქოთ, შემიძულოთ დ და თითით საჩვენებელი გავხდე მთელი ხალხის წინაშე, ჩემო ძმებო, ბავშვობაში ვიყავი მაგინებელი, შეურაცხმყოფელი, მოპაექრე, დამბრალებელი, მავნებელი, მოძმეთა შემაწუხებელი, ყველას მიმართ შურიანი, ძვირისმოქმედი, მდიდრების მჩაგვრელი, გლახაკთა შეურაცხმყოფელი, დავრდომილთა მიმართ გულგრილი, ერთი სიტყვით – სრული ბოროტმოქმედი. მაგრამ მე ვიცი, რომ ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები ჩემი ნათლისღების ჟამს აღიხოცა; ხოლო ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ცოდვებისგან ვინ გამომიხსნის? მხოლოდ ღმერთია ცოდვების მომტევებელი და მოწყალე ცოდველთა მიმართ. ამიტომაც გევედრებით, ჩემო საყვარელო ძმებო, წყალობა და შენდობა მითხოვეთ მოწყალე ღმერთისგან. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული, ჩემს ბოროტ ნებას ვასრულებ, ვმრისხანებ, ვწყრები; ძვირის ხსენებაში, უგნურებაში, ნაყროვანებაში, უძღებებაში, ხორციელ სიტკბოებაში, ფულის სიყვარულში, გლახაკთა სიძულვილსა და გარეშეთა შეურაცხყოფაში ვარ ჩაფლული. მე, ყველა ადამიანზე ნაკლები, ჩემზე უკეთეს ადამიანებს კადნიერად ვეპყრობი და შეურაცხვყოფ, დიდებულ ადამიანებზე ვქედმაღლობ მე, ნარჩევი კაცთა. და რაც გითხარით, ყოველივე ამაზე უარესი ვარ და უბოროტესი, მნებავს რომ ადამიანები წმინდას მიწოდებდნენ. ცოდვაში ვარ დანთქმული და ადამიანთა წინაშე უბიწოდ გამოჩენა მსურს. მუდამ სიცრუეს ვამბობ და სხვების დასანახად ვითომ მძულს მატყუარები. მუდამ ჟამს ვისიძავ და ვმრუშობ გონებით, მსიძავებსა და მრუშებს კი ვგმობ და ვურისხდები, მპარავებს განვიკითხავ, გული კი მუდამ მოხვეჭას მითქვამს, მაგინებლებს ვაძაგებ და მუდამდღე ვიგინები. გარეგნულად სიწმინდეს ვაჩვენებ ადამიანებს და შინაგანად სავსე ვარ სისაძაგლით. სხვა ადამიანებზე წინ ვდგები ეკლესიაში ლოცვაზე და მათ უკან დგომის ღირსიც არ ვარ. დიდება და პატივისცემა მნებავს ადამიანებისგან და ღვთის თვალში არარა ვარ. მიყვარს, ადამიანები თაყვანს რომ მცემენ, მომიკითხავენ, და სირცხვილითა და გინებით სავსე ვარ, როცა საერო პირი ვიყავი, ერისკაცებს შორის ვქედმაღლობდი, და როცა მონაზვნად აღვიკვეცე, მამათა შორის ვთავხედობ სათნოებას ვაჩვენებ ადამიანებს: მდიდრებს სიკეთეს, უცხოებს მშვენიერებას. სულელებს სიბრძნეს, მორწმუნეებს სისრულეს, გლახაკებს - უწყალოებას, ჩემებს მანკიერებას,. და პირუტყვებზე უუგუნურესი ვარ, თუ ვინმე მაგინებს, შურს ვიძიებ; თუ შეურაცხმყოფენ, მანკიერებით ვივსები; და თუ სამართლიანობა მომეთხოვება, განვიკითხავ და განვსჯი.

თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, შევრისხავ და თუ მაქებს და ამაოდ მადიდებს, მეც ვაქებ მას და ვმედიდურობ. თუ მამხილებენ, ვწუხდები და თუ ვინმე შემივრდება, ვქედმაღლობ. თუ არ მემსახურებიან, ეშფოთავ, მათთან ყოფნა არ მსურს და ძვირს ვუზრახავ მზაკვრულად. თუ ძმა ჭირში ჩავარდება, სრულებით არ მნებავს მისი მიხედვა და თუ დიდებას მიაღწევს, მასთან ახლოს ყოფნას ვცდილობ, ვხალისობ და გულშოდგინედ ვემსახურები. თუ მოყვასი დასნეულდება, მაშინვე მოვიწყენ მის გვერდით, ხოლო თუ მე ვხდები ავად, მნებავს, რომ მრავალი მემსახურებოდეს, ყველა მე მკითხულობდეს, და მე ფრიად უგულებელვყოფ ამგვარ მსახურებას. თუ სხვა ადამიანი თუგინდ მცირე დაუდევრობას გამოიჩენს, ვმძვინვარებ, ბოროტად შევრისხავ კაცს, რომელიც პირში გელაქუცება და ზურგს უკან ძვირს გიზრახავს. მნებავს, რომ ღირსეულად ვიხსენიებოდე, ღირსეული საქციელისგან კი ფრიად შორს ვარ. მიყვარს ქება და პატივია, ხოლო საქები საქმე და საქციელი უცხოა ჩემთვის.

ჩემი საიდუმლოებების აღსარება მსურს თქვენს წინაშე და დაფარულ გულისსიტყვათა გამოცხადება ბოროტი ვნებების მიმართ, დღედაღამ რომ შემაჭირვებენ. ლოცვის დროს მოწყინება მიპყრობს და დასვენების დროს გულმოდგინება, როცა ფუჭი ზღაპრობა მესმის, მხიარულად ვისმენ და როცა სინანულზე საუბრობენ, სასმენელს ვარიდებ. წიგნების კითხვის დროს მიმერულება და თუ განსჯა და ცილობა მესმის, ვიღვიძებ. სალოცავად დავდგები, ჩემს გონებას სავაჭრო ადგილები და ფოლორცები მიმოიტაცებენ. ჩემი პირი გალობას წართქვამს და გონება ცოდვაში იწვრთნება. ჩემი ბაგეები მადლობას სწირავენ და ჩემი გული მზაკვრობას იზრახავს. ვის შეუძლია, აღწეროს ჩემი დაუდევრობა ლოცვის ჟამს და ჩემი გულმოდგინება ამაო შრომის დროს? საზიაროს მოხვეჭა მნებავს და ვაჭრის გაცრუება, მსესხებლისგან ვახშის მიღება მსურს და გლახაკისთვის არაფერი მემეტება. მსახურის შერისხვა მნებავს და მცოდველის დასჯა, მოძმეებისა მშურს და მეგობრებს ვეწინააღმდეგები თუ ვინმეს აღვუთქვამ რასმე, ვეცრუები, მოყვარეს მიზეზს ვუძებნი და მე თვითონ სავსე ვარ ყოველგვარი მიზეზით. სამართლის მიმართ გულგრილი ვარ და უსამართლობაში მხურვალე, სხვისი ფიცის გამაცრუებული, ტყუილის მოყვარე და მოყვასის მიმართ გულში მანკიერების დამმარხავი.

აი, ჩემ მიერ საიდუმლოდ ჩადენილი ცოდვები და ჩემი მონაზვნობის სათნოება. შეძაგებისა და შეძულების რომ არ მეშინოდეს, ჩემს სხვა საიდუმლოებებსაც გამოგიცხადებდით მათზე უმძიმესსა და უსაზარლეს ცოდვებს. მაგრამ დავიდუმებ, რათა მეტისმეტად არ მომიძულოთ, თქვენს სიწმინდეს, თქვენს ღვთისმოყვარებას ვევედრები, წყალობა მიყავით და ილოცეთ ჩემ ცოდვილისთვის, რომელიც ვამბობ: „აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაი გულისა ჩემისაი“. იგია შემნდობი და მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამას, ძეს და სულიწმიდას – აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.