|
წმიდა ეფრემ ასური
სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს
ძველი ქართული თარგმანი
ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვწუხდეთ მარადის, რამეთუ შეთხზულებაჲ ესე ცხორებისა ჩუენისაჲ დღითი-დღედ დაიშალების. რამეთუ აჰა ესერა დღენი მოსწრაფედ რბიან, რაჲთა განგჳყვანნენ ჩუენ სოფლით და ჩუენ არა გუნებავს, რაჲთა მოსწრაფე ვიქმნეთ საქმედ კეთილისა, ვიდრე-ესე სოფელსა შინა ვართ-ღა. და ესე დიდ მწუხარება არს, რამეთუ დღენი ჩუენნი მოაკლდებიან და ცოდვათა ჩუენთა შეემატების, ცხორებაჲ ჩუენი წარვალს და ბრალნი ჩუენნი განმრავლდებიან. და ესე მსგავს არს სახლსა უსართულოსა, რომელი მყის დაირღჳს.
ჯერ-უკუე-არს ჩუენდა, რაჲთა ვითარცა-იგი ცხორებისა ჩუენისა დღეთა დააკლდების, დღითი-დღედ დავაკლდეთ ეგრეთვე ცოდვათა ჩუენთაცა. არამედ ცხორებაჲ ჩუენი განიპარვის და ჩუენ ვერ ვიგრძნობთ, დღენი და ღამენი მოსწრაფედ მორბედ არიან დაკლებისათჳს ცხორებისა ჩუენისა და გუემღერიან ჩუენ, ვითარცა ყრმანი რაჲ იმღერიედ ბირთჳთა მიმოგდებით. რამეთუ დღე მიგჳგდებს ღამესა და ღამე მიგჳგდებს დღესა, და ჩუენ წარვემართებით გზასა შორსა და არა ვზრუნავთ ფერჴთ შესასხმელისა და საგზლისათჳს. რამეთუ ნებაჲ მონაგებთაჲ და სიხარული ხუასტაგისაჲ გუაცთუნებს და არა ვიურვით საგზალსა გზისა მისთჳს.
ხოლო ესე უწყოდეთ, რამეთუ ცხორებასა ჩუენსა მოაკლდების და ჩუენ უცნობელ ვართ. დღეს ეგოდენი არღარა გჳც, რომელ გუშინ გუედვა, რამეთუ დააკლო ღამემან, რომელი მოვალს და წარვალს, და შენ უდებ ხარ და უცნობელ ამისთჳს, ცხორებასა შენსა დააკლდების და სინანულსა არა შეემატების. უკუეთუმცა ყოველი საცხორებელი შენი წარაგე მოგებისათჳს დღეთა შენთაჲსა. რომელ გუშინ შესხნეს, ვერ შემძლებელ ხარ, რამეთუ წარჴდა გუშინდელსა თანა დღესა და არღარა უკუმოიქცევის. არა კუალად იქცეს წყაროჲ წყაროჲს თავადვე და არცა მზე კუალად იქცეს სამხრით აღმოსავალადვე და არცა ვარსკულავნი კუალად იქცენ აღმოსრულნი, და არცა მოსწრაფედ სრბაჲ ბუნებათაჲ დასცხრეს. და ესე ყოველნი წარსლვასა სოფლით გამხილებენ.
დღე გიჴმობს შენ განსლვასა სოფლით მწრაფლ, ვითარმედ: მწრაფლ განვედ ჩემგან. და ღამე გიბრძანებს დატევებასა სამკჳდრებელისასა. ჟამნი გეტყჳან, რაჲთა განსცალო ადგილი. ცისკარი გდევნის შენ ვიდრე მწუხადმდე, და ღამე გდევნის შენ ვიდრე განთენებადმდე, და ესე არა დასცხრებიან, ვიდრემდის განგაძონ შენ ცხორებისაგან. აწ უკუე რაჲსათჳს უგუნურად გძინავს შენ და მტერნი შენნი და მეძიებელნი სულისა შენისანი ესრეთ მღჳძარედ მოსწრაფე არიან მყის განყვანებად შენდა. რამეთუ ჟამნი მწრაფლ მიგცემენ წინაჲ უკუანასა, და დღენი და თუენი მსგავსად ძალისა მათისა მოაკლებენ ცხორებასა შენსა და წელიწადი მოარღუევს დიდსა მოკლებულსა ნაშენებისაგან ცუხორებისა შენისა. რამეთუ მდევარნი შენნი მოსწრაფე და მრავალ არიან და მყის მოაკლებენ თუალულთა მათ დღეთა შენთა. რამეთუ ცხორებაჲ შენი ჟამიერ არს და მიდრეკილ არს, ვითარცა წყალი შთასაქანელსა და ვითარცა აჩრდილი მზის დასლვასა, და სინანული ამაო ქმნულ არს და შორად განშორებულ შენგან. ხოლო ცოდვაჲ მახლობელ არს და დღითი-დღედ საქმეთა მისთა აღასრულებ და იტყოდი: ხვალე შეინანო, და ხვალე იგი ფრიად შორს არს შენგან და ნუუკუე მო- ცა არა -ვიდეს. რომელი უკუე დღე არს, რომელსა შინა გეგულების სინანული. გჳჩუენე ჩუენ, რაჲთა ჩუენცა ვიცოდეთ და ვიხარებდეთ შენ თანა. ოდეს მოიწევის ჟამი იგი, რომელსა წარსრულ არიან და დღე იგი შენი ვერ მიიწია. ჟამნი მრავალნი ცვალებულ არიან, ხოლო ჟამი იგი სინანულისა შენისაჲ, არასადა ჩას აქამომდე.
შორს უკუე არს დღე იგი სინანულისა შენისაჲ. ვიდრემდის უკუე მოველოდით, ანუ ოდეს ვესვიდეთ მოსლვასა მისსა? მეშინის, ნუუკუე დღემან სიკუდილისა შენისამან წარგიტაცოს საქმესა კეთილსა, რომლისათჳს განიზრახავ და ეკაზმები აწვე საქმე[დ], ჟამსა ამას, იწრაფე და ჴელ-ყავ იგი აღსრულებად. უკუეთუ გულის-სიტყუაჲ კეთილისაჲ მოგიჴდეს გულსა შენსა, ნუ დაიძინებ, ვიდრემდის იწყო საქმედ მისა, რამეთუ დღენი ცხორებისა შენისანი არა შენ მიერ არიან და არცა უწყი რიცხჳ მათი, რავდენ არიან. არა უწყი ოდეს მოიწიოს სიკუდილი შენი, და ვინ უწყის, თუ ჟამსა ამას მდგომარე არს იგი კარსა შენსა ზედა. რაჲსა არა იწყებ საქმედ მას კეთილისასა, რომელი გუგულების აწვე ჟამსა ამას? რამეთუ არა უწყი, რაჲ მოიწევის შენ ზედა შემომავალსა ამას ღამესა. მიისწრაფე აწ, პირველ წარქცევადმდე შენდა ივლტოდე, რაჲთა არა გეწივნენ. ისწრაფე, რაჲთა არა საპყრობილედ მიგცენ შენ. ხოლო ვიდრე აქამომდე ეკაზმები და ჩუეულებისაებრვე იქადი სინანულსა, ოდეს მოიცალო. არამედ აწ საზღვარი დაუდევ სიკუდილსა და ჟამი განუჩინე და უბრძანე, რაჲთა არა მოვიდეს შენდა, ვიდრე არა შენ თჳთ მიუვლინო და მოუწოდო მას. არქუ უკუე, რაჲთა არა მოგეახლოს შენ, ვიდრე შენ თჳთ არა უბრძანო. და ოდეს განაძღე ცოდვითა და დაჰბერდე, მაშინ თუ ინებო სინანული და შეინანო და ეგრეთღა სიკუდილსა მოუწოდე. და თუ შენსა უბრძანებელად მოვიდეს, ნუ წარჰყვები და ნუცა რად შეგირაცხიეს იგი. უკუეთუ ვითარ ამას შემძლებელ ხარ, არა გასწრაფებ სინანულსა. ხოლო ესე ჭეშმარიტად უწყოდე, ვითარმედ სიკუდილი სიტყუათა შენთა არა შეიწყნარებს, და არცა სიზარისაგან ჴელმწიფებისა შენისა ეშინის და არცა სიჭაბუკისა შუენიერსა ხატსა შენსა ზედა ადგრების და არცა სიყრმესა შენსა ერიდების და არცა სპეტაკთა მაგათ მჴეცთა შენთა პატივ-სცემს, არცა მდიდართაგან ზარი განჰვალს და არცა კუალად გლახაკთა ვედრებასა ისმენს, არცაღა სიტყუათა შენთა დაიჯერებს, რამეთუ მრავალ გზის აღუთქჳ სინანული და სიცრუით განამტყუვნი თქუმული შენი და აქამომდე არღა გიწყიეს საქმედ, და ნუუკუეცა მარჯუე გიჩნს შენ. ოდეს იწყებ, მე არა უწყი. აჰა ესერა აქამომდე დღითი-დღედ იქადი და ეკაზმები და ემზადები სინანულსა, ხოლო საქმით არას ვხედავ, თუმცა იწყე საქმედ. არამედ ამიერითგან დააცადე სიქადული და კაზმებაჲ და იწყე საქმით აღსრულებად. იხილე და გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ მჴურვალედ მოსწრაფე არიან დღენი და ღამენი დაუყდუნებელად აღსრულებად საქმისა მათისა, არცა იბადიან და არცავ ეკაზმებიან პირველ საქმისა, არამედ დუმილით აღასრულებენ საქმესა მათსა. და უკუეთუმცა მზემან სინათლე გჳქადა და არა ყო იგი საქმით, სიქადული ხოლო მისი ვერ განანათლებს სოფელსა, არამედ საქმენი. და უკეუთუმცა ცისკარმან აღმობრწყინვებაჲ გჳქადა და არა აღმობრწყინდა, რაჲმცა უკუე ვყავთ, რამეთუ ღამისა სიბნელე არა განგუეშორების ჩუენგან, ვიდრემდე არა აღმობრწყინდეს ცისკარი.
არა თუ სიტყუანი საქმე არიან, არამედ საქმენი სრულ იქმნებიან დაბადებულნი. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2.20) და შემდგომი. და აწ სიტყუანი დააცადენ და საქმენი აღასრულენ, რამეთუ დღეს დღე ესე და მონაგები შენი ჴელსა შინა შენსა არს, და ხვალე არა უწყი, ვისა ყოფად არს, და ნუუკუე ფერჴნი დამფლველთა შენთანი ამას ღამესა კარსა შენსა ზედა დადგენ. ნუ დაჰფლავ დღესა ამას შენსა, ვიდრე არა დაჰფლნე შეცოდებანი შენნი.
ნუ შეჰმურავ ღამესა შენსა, ვიდრე არა შეჰმურნე ყოველნი ბრალნი შენნი. ნუ დაიწუხებ თუალთა შენთა ძილისათჳს, ვიდრემდე არა აღაგო გონებაჲ შენი ლოცვისათჳს ღმრთისა მიმართ. იხილე-ღა, რაჲ მალიად წარმავალ არს დღე. ისწრაფე, რაჲთა მის თანავე წარავლინნე უკეთურებანი შენნი. ღამით განეშორე ცოდვისაგან და განთიად უჩუენე ყოველთა კეთილისა საქმე შენი, ნუმცა კაზმებაჲ შენი შორის საქმისაგან შენისა. პირველ კაზმებისა იწყე კეთილისა საქმესა. იყავნ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ საქმეთა შენთა მიერ ცხადთა. უკუეთუ მოგიჴდეს გულის სიტყუაჲ კეთილისაჲ მიმწუხრი, ღამითვე იწყე საქმედ და აღასრულე იგი. და უკუეთუ ღამით მოგიჴდეს, მზისა აღმოსლვასა თანა იწყე კეთილისა საქმედ. ნუ ადროებ კეთილისა საქმესა ვიდრე მზისა დასლვადმდე. ისწრაფე საქმედ, ნუ დაშურები ურგებთათჳს და ნუცა უდებ-ზამ სარგებელსა. ნუმცა არს გონებაჲ შენი მღჳძარე წარმავალთათჳს და მძინარე წარუვალთათჳს. აჰა ესერა ცხორებაჲ შენი მწრაფლ წარმავალ არს და სიკუდილი მწრაფლ მომავალ არს, ჟამნი მწრაფლ დაილევიან და კაცთა ნათესავი ერთიერთსა განმდევნელ არს, და სოფლისა ამის გზაჲ მოსწრაფე არს ნათესავთაგან სლვასა მას ზედა.
წელიწადნი მოსწრაფე არიან სოფლით განძებასა, და არარაჲ გჳანობს და შორავს შენსა წარსლვასა სოფლისა ამისგან, თჳნიერ ხოლო დღე იგი სინანულისა შენისაჲ, რამეთუ მან არა ინება მოსლვად, არამედ განდგომილ არს და განშორებული და გარეგან არს იგი სოფლისა. დღენი ყოველნი წარსრულ არიან, ხოლო დღე იგი შენი არასადა ჩანს. ნუუკუე გულ-ფიცხელ არს იგი და არა ჰნებავს მოდრეკად ქედი მისი უღელსა ქუეშე ამათ ჟამთასა, რაჲთამცა შეერაცხა იგი სათუალავსა თთუეთა დღეთასა, და შენ ცუდსა იქადი.
სიჭაბუკესა შენსა იტყოდე სინანულსა, ვიდრემდე წარვიდა სიჭაბუკე და მოვიდა სიბერე და არავე შეინანე და დაჰლიენ დღენი სიჭაბუკისა შენისანი ვნებათა შინა ცოდვისათა და ბოროტთა შინა საქმეთა, და არა მოხუედ სინანულად, რამეთუ იყავ შენ სიჭაბუკესა შენსა ზუავ და ამპარატავან და გულ-ფიცხელ. და ვითარ მოიწია სიბერე, არავე გნებავს სინანული, არამედ დღითი-დღედ მიადროებ სინანულსა. და მე ვჰგონებ, ვითარმედ ლტოლვილ არს იგი შენგან, რამეთუ ოდეს ჭაბუკი იყავ, სთქუ: აღვისრულო აწ ოდენ ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ესრეთ ლმობიერად შევინანო. მოუწოდე დღეს-ღა, თუ პირველ მიწოდებამდე შენდა სიკუდილისა და განუღე მას, რაჲთა შემოვიდეს იგი შენდა, პირველ შესლვამდე შენდა ჯოჯოხეთად. უწყოდე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა სინანული არღარა არს და მკუდარი არა ინანის.
აწ უკუე შეინანე პირველ სიკუდილისა და აღასრულე დღე საქმე კეთილისაჲ, რომელსა ვერ შემძლებელ ხარ აღსრულებად შემდგომად მცირედისა ჟამისა. რამეთუ დღენი წარსრულნი გაუწყებენ შენ დღეთა მომავალთა; ვითარცა პირველნი იგი არა დაადგრეს, ეგრეთვე ესენიცა დაუდგრომელ არიან. რავდენ უკუე შორევდი და გეშორა დღევანდელი ესე დღე, აჰა ესერა მოვიდა და გეწია შენ, და ესეცა მწრაფლვე ივლტის შენგან, ვითარცა-იგი პირველნი ივლტოდეს შენგან. იღუაწე სულისა შენისათჳს პირველ წარსლვისა დღისა მის შენგან, ისწრაფე საქმედ კეთილისა პირველ დადებადმდე შენდა საფლავსა. ეწია ჟამსა, რამეთუ სიჭაბუკე დაუდგრომელ არს და შუენიერებაჲ ვითარცა აჩრდილი განქარდების. ჟამნი, ვითარცა მალედ-მსრბოლნი ივლტიან და მათ თანავე ივლტის ცხორებაჲ შენი. ევედრე-ღა დღესა ერთსა დადგრობად შენ თანა ორ ჟამ ოდენ, გინა ერთითა ჟამითა, უმეტეს განსაზღვრებულისა მისისა და, უკუეთუ მან ყოს, შენცა უდებ იქმენ სინანულისათჳს. ვითარცა დღე ერთი წარმავალ არს ცხორებაჲ შენი და ვითარცა ღამე ერთი დაილევიან ჟამნი შენნი. ცისკარსა მსგავს არს სიყრმე შენი და სამხარსა - სიჭაბუკე შენი, და მიმწუხრსა მსგავს არს სიბერე შენი. აწ უკუე აღასრულე კეთილისა საქმე, ვიდრე დღე ჰგიეს-ღა, რბიოდე პირველ ბნელისა მოწევნამდე, იხილენ დღენი, ვითარ წარმავალ არიან და ჟამნი ვითარ განქარდებიან.
აჰა ეგერა დღენიცა ვითარცა მკუდარნი დაიფლვიან და დაივიწყებიან, რამეთუ გუშინდელსა უწოდით გუშინ და დღენდელსა მიმწუხრი დაჰფლავთ. აწ უკუე სტიროდე გუშინდელსა, რამეთუ წარვიდა, და მოცვალე ჴმაჲ ტირილისა შენისაჲ დღესისა, რამეთუ წარმავალ არს, და ესენი მათ თანავე წარსტყუენვენ ცხორებასა შენსა. და ვითარცა დაგფლის შენ ღამემან და აღგადგინის შენ განთიადმან, რამეთუ ყოველთა დღეთა მოგაკუდინებენ, რაჲთა გულისჴმა-ჰყო შენ, ვითარმედ მოკუდავი ხარ. ღამე განგაშიშულებს შენ, რაჲთა გეუწყოს, ვითარმედ შიშუელი განსლვად ხარ შენ ამის სოფლისაგან და ცისკარი შეგმოსს შენ, რაჲთა მოსწრაფე გყოს საქმესა ნათლისასა. ცხორებაჲ, რომელი გაქუნდა შენ გუშინ, ლტოლვილ არს შენგან და არღარა ჰპოებ. და ცხორებაჲ დღევანდელი მიახლებულ არს სივლტოლად და წარვალს. უკუეთუ გეძინოს, გინა გეღჳძოს, ღამე სრბასა მისსა არა დააცადებს, დაღათუ მოსწრაფე იყო, გინა უდებ, დღე სრბისა მისისაგან არა დასცხრების. და ესენი წარსტყუევნენ ცხორებასა შენსა. არამედ შენცა მოიავაზაკე მათ მიერ სულისა შენისა სარგებელი, და ნუ ჰგონე[ბ], ვითარმედ ცისკარი განმანათლებელ არს შენდა, უკუეთუ გონებაჲ შენი არა ნათელ იყოს ღმრთისა მიმართ.
და ნუ ჰგონებ, ვითარმედ ღამე განსუენება არს შენდა, ვიდრემდის სული შენი ბნელ იყოს ტკივილთა მიერ ბოროტთა, არამედ აქამომდე იტყოდე, ვითარმედ შევინანოო, და არა ინანდი. ხოლო ამიერითგან უკუეთუ ცოდვისა გულის-თქუმაჲ მოგიჴდეს, არქუ მას: წარველ ჩემგან, რამეთუ არა მცალს დღეს შენდად, დღესა კეთილისა საქმედ მომიცალებიეს და სინანულად მიწყიეს და გზასა სიმართლისასა დადგრომილ ვარ და პირველთა წყლულებათა კურნებაჲ მნებავს. წარვედ ჩემგან დღეს და ნუ მაწყინებ საქმესა, რომელსა მიწყიეს. და მისა შემდგომად ვიხილო და, თუ ჯერ-იყოს, მოგიწოდო.
ესრეთ განბასრე ცოდვისა გულის-თქუმაჲ და განაგდე იგი შენგან დაიჴსენ ცხორებაჲ შენი ცოდვისაგან. ვითარცა-იგი განსდევნე პირველ სინანული მიზეზობითა მოაქამდე. აწ უკუე განაფრთხვე გონებაჲ შენი და ეკრძალე ცოდვასა, და განდევნე იგი შენგან დღითი-დღედ, ვიდრემდის მოგცეს ძლევაჲ ვითარცა მდიდარსა გლახაკისაჲ. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვდევნოთ ცოდვისა მიზეზი და შევიკრძალოთ სათნოებაჲ, არა უცნობელი ხარ გონებითა. უკუეთუ მოსწრაფედ გულს-იდგინო, განგემარჯოს და სძლო ერთსა საქმესა, ხოლო სხუანი იგი განჰჴადნე მიზეზითა. ვითარცა-იგი პირველ მიადროებდი კეთილისა საქმესა აქამომდე, ეგრეთვე უყავ ცოდვასაცა, ვითარცა-იგი ჰბასრობდი პირველ ჭეშმარიტებასა, განბასრე აწ უსჯულოებაჲ. აქამომდე ცოდვასა შინა იქცეოდე და სინანულსა მიადროებდი, ხოლო ამიერითგან შეიკრძალე კეთილისა საქმე და მიადროებდი ცოდვისა საქმესა. სიტყჳთ აღუთქჳ, ხოლო საქმით ნურას იქმ.
მოიტაცე სათნოებაჲ და, ვითარცა ჯერ-არს, იჴსენ სული შენი ცოდვისაგან. ცხოველ იყავ ღმრთისა, ვითარცა ცხოელ იყავ სოფლისა. განამდიდრე სიგლახაკე, ვითარცა დააგლახაკე სიმდიდრე. ითხოვე უპოვრებაჲ, ვითარცა ითხოენ მონაგებნი ჴორციელნი. სულელ იქმენ ღმრთისათჳს, ვითარცა-იგი განაშორე თავი შენი ღმრთისაგან სოფლისა ძიებასა და აქამომდე არასათნო-ეყოფოდე სულსა შენსა, არამედ სოფელსა ჰმონებდ, ხოლო აწ ამიერითგან ჰმსახურე სულსა შენსა. აქამომდე წარტყუენულ იყო ცხორებაჲ შენი საქმითა ბნელისაჲთა, ვიდრემდის მისცემ სულსა შენსა ამაოებასა და ცოდვასა. რაჲ უკუე სარგებელ იყვნეს მშობელთა შენთა მონაგებნი მათნი, ანუ არა შენ დაიმკჳდრენა იგინი მათგან და ნებასა შინა შენსა წარაგენ შენ იგინი? უწყოდე, ვითარმედ აწ ოდენ მიიტაცნენ შენგანცა მონაგებნი შენნი, უკუეთუ არა დაიუნჯნე იგინი საუნჯესა წარუვალსა ჴელითა გლახაკთაჲთა. უკუეთუმცა მპარავთა განგპარეს იგი, ჰღაღადებდი-მცა სამე, ესერა ცხორებაჲ შენი ყოველი განიპარეს და შენ უცნობელ ხარ. ნუ ჰგონებ, ვითარმედ გაქუნდა შენ ცხორებაჲ პირველ, ხოლო აწ ცხოველ იქმენ მოქცევითა შენითა ღმრთისა. ოდეს-იგი სოფელსა შინა შენ ცოდვასა იქმოდე, იყავ შენ მკუდარ; და ნეტარ მკუდარი, უქმი, დაცხრომილი ბოროტთაგან, ვითარცა იყავ დაცხრომილი კეთილისა საქმესა, არამედ ცოდვისა საქმეთა მოსწრაფედ აღმასრულებელ იყავ.
აწ უკუე განაცხოველე იგი, რომელი მოაკუდინე, რაჲთა განსცხოველდე შენ ღმრთისა მიერ. ამიერითგან ნუღარა სიტყჳთ ხოლო ეკაზმები სინანულსა, არამედ საქმით ჴელ-ყავ საქმესა სინანულისასა და ივლტოდე სოფლით, რამეთუ ყუავილი არს მწუხრი დაჭნობადი, და ნუმცა გაცთუნებს შენ, სიზმარი არს დავიწყებადი, ნუ გრწამნ მისი; აჩრდილი არს განქარვებადი, ნუ მიჰხედავ მას; ლერწამი არს დაჩეჩქჳლი, ნუ მიეყრდნობი მას, რაჲთა არაჲ განგიჴურიტოს ჴელი შენი. ზღუაჲ არს ვრცელი სიცრუვისაჲ, ნუ შეხუალ, რაჲთა არა დაინთქა ღელვათა მისთა. და მწრაფლ წარმავალ არს, ვითარცა წერილ არს, რამეთუ სიმდიდრე განქარდეს და სიკეთე იცვალოს, და ჴელმწიფობაჲ დაჰჴსნდეს და დიდებაჲ დაეცეს, კეთილი იცვალოს და ბოროტი არა დაადგრეს და ნებიერობაჲ ცუდ იქმნეს. ესე ყოველი წარჴდეს და სხუაჲ გამოჩნდეს. ტყუვილი წარჴდეს და სამართალი გამოჩნდეს, დაეცეს დაჴსნადი იგი და გამოჩნდეს დაუჴსნელი იგი. ჴრწნილნი წარჴდენ და უხრწნელნი აღდგენ.
აწ უკუე არა ჯერ-არს ჩუენდა სიყუარული ესევითარისა განქარვებადისაჲ, არამედ განვიშოროთ იგი ვითარცა უნდოჲ, მოვედით ამიერითგან და ვიწყოთ სინანულსა; და ოდესმე იყოს ესე, მეშინის, თუ იყოსვე არა. რამეთუ ყოველნი ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი ცუდად წარჴდეს და აწ ნუუკუე მცირედ-ღა რაჲმე დარჩომილ არს დღეთა ჩუენთა სათუალავი. ეკრძალე, რაჲთა არა ბოროტად გარდაასრულნე ეგენიცა, ვითარცა-იგი პირველნი და ღმერთსა ჰმსახურე გულს-მოდგინედ, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|