|
წმიდა ეფრემ ასური
სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი მონაზონთა მიმართ და მარტოდ-მყოფთა
ძველი ქართული თარგმანი
სწავლამან ძისა ღმრთისამან განანათლა ყოველი სოფელი და იხილა სოფელმან გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვიდოდის მას შინა. სიტყუაჲ მისი სანთელი არს აღნთებული, ბრწყინვალე, განმანათლებელი ყოველთა განყენებულთაჲ და მისგან გამოვალს ნათელი განმანათლებელი ალაგთა მათ მორწმუნეთასა. იგი არს გზაჲ ნათლისაჲ და ცხორებისაჲ, რომელნი ვლენან მას. ხოლო რომელი თჳნიერ მისსა ვალს, მიემთ\ხუევის იგი ძნელსა ღჳრღუანოანსა. იგი არს კარი ცხორებისაჲ და რომელი მიერ შევიდეს, მიიწიოს ცნობასა ჭეშმარიტებისასა. იგი არს საფასე დაულეველი და რომელმან ესე არა მოიგოს, მიემთხჳოს იგი სიგლახაკესა, სიმკოდვესა და უპოვრებასა.
მოგებაჲ ოქროჲსაჲ მძიმე არს და ჴელთ-ბორკილ და საკრველ განუჴსნელ ექმნის იგი მომგებელთა მისთა და მიცვალებასა საცთურ, და სტანჯველ არს იგი კაცისა. სიტყუაჲ ღმრთისაჲ არს სიმდიდრე ჭეშმარიტი, ოდეს შეეზაოს სული კაცისაჲ მას და მის მიერ აღივსოს მადლითა დაფარულითა სულიერითა საუკუნოდ. საფასენი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა ფრიად ნაკლულ და გლახაკ არიან მათ თანა, რომელნი სულნი მინდობილ არიან ღმრთისა. რამეთუ მინდობაჲ სოფლისა საფასეთა მსგავს არს მიყრდნობასა ლერწმისა დაჩეჩქჳლისასა, რამეთუ რომელი მიეყრდნის მას, ჴელი განუჴურიტის, რამეთუ ვერ შეუძლის ტჳრთვად მიყრდნობილი იგი უძლურებითა. ხოლო რომელი მიენდოს ღმერთსა უკუნისამდე, არა დაეცეს იგი, არამედ მტკიცედ ეგოს იგი სასოებასა ზედა უცვალებელსა. რამეთუ ღმერთი არს სიმდიდრე და საფასე მოუკლებელ და საუნჯე სავსე მადლითა და ცხორებითა.
მოვედით, ჵ ნაკლულევანნო, და აღვივსენით ამის მადლისაგან, რამეთუ რომელი მომკუდარ არს, არარაჲ სხუაჲ ჰნებავს მას თჳნიერ ცხორებისა, ხოლო რომელი ცხოველ არს, ჰნებავს მას სასოებით დადგრომაჲ მას შინა. ჵ მომწყუდარნო, რომელთა გნებავს ცხორებაჲ, ძიებასა მისსა აღასუბუქენით ბრჭალნი ფერჴთა თქუენთანი და გულს-მოდგინედ ისწრაფეთ მოგებად იგი და ნუ ჰყოვნით, რამეთუ ღმრთისა თანა დაფარულ არს და დამარხულ ცხორებაჲ შენი. შევედ და მოიღე მისგან ცხორებაჲ დაუსრულებელი. სიღრმენი წყალთანი მაცხოვნებელ არიან თევზთა, ხოლო უკუეთუ აღმოჴდეს თევზი ჴმელად, გარე-წარჰჴდა იგი საზღვარსა ცხორებისა თჳსისასა და მოკუდა. ეგრეთვე ძესა ღმრთისასა აქუს სული მაცხოვარებისაჲ ნათესავისა კაცთაჲსაჲ და რომელი განეშოროს მისგან, წარწყმდეს. ვითარცა რომელიმე ღელავნ ზღუასა დიდსა სულიერსა, ხოლო რაჟამს განვიდის იგი მისგან, მიეცის სიკუდილსა სავსესა ვაებითა, რამეთუ თჳნიერ მისა ვერ შემძლებელ არნ პოვნად ცხორებასა.
აწ უკუე იყავნ ღმერთი შენდა წყალ და შენ იყავ თევზ, და ძოვდი მას შინა ცხოვრებასა. სული სოფლისაჲ მობერვაჲ სიკუდილისაჲ არს, და რომელნი იყნოსენ სენსა მას, აღეგზნებიან მათ შორის გემონი ჴორცა ბუნებისანი. გუელმან შეჰბერა ევას, დედასა მას ნათესავისა ჩუენისასა, და ხისა მის ცნობადისა დაწყეულ იქმნა სიკუდილისა მოწევნაჲ ადამის ზედა, რამეთუ ხილვაჲ ხისაჲ მის იყო გემოვან და ტკბილ ფრიად და სავსე სიკუდილითა. და გემონი სოფლისანი ეგრეთვე შთაიყვანებენ ჯოჯოხეთა, რომელნი ჰყუარობენ მათ. რამეთუ ევა ოდეს იხილა ხე იგი შუენიერად, შეუყუარდა. მაშინ მოისთლო ნაყოფისა მისგან სიკუდილი. და მიერითგან აქამომდე შუებანი და გემონი სოფლისანი სიკუდილსა შობენ, და სიკუდილით მოაკუდინებს შუენიერებაჲ მისი ტრფიალთა მისთა. და ხისა მის ცნობადისა, შეუენიერისა და შემკულისა, რომელ არს სოფელი ესე და საშუებელი მისი, მომგებელთა მისთათჳს იქმნა სიკუდილ. საფასენი სოფლისანი ნაყოფნი არიან ხისა მკლველისანი, და რომელმან არა მოიგოს სოფელსა შინა იგი, არა იხილოს გემოჲ მისი, ხოლო რომელი არა ზრუნვიდეს, ვითარცა ბრძანებელ არს მისა, დაცხრომილ არს მისგან ურვაჲ იგი მაურვებელი, და მცნებითა მით სულიერითა, რომელი ამცნო, არავინ ზრუნავს ჴორციელთათჳს. განეშორენ კაცი ნაყოფისა მისგან მომაშთობელისა, რომელთა იკრიბონ იგი.
რამეთუ უფალმან ჩუენმან სიკუდილსა უზეშთაეს წარუმართა გზაჲ მოწაფეთა თჳსთა, რაჟამს-იგი ჰრქუა: ნუ ჰზრუნავთ მო-თუ ვინმე- გაკუდინნეს. ბოროტ არს ზრუნვაჲ და დამაშთობელ სულისა ყოველსა ჟამსა. აწ უკუე ნუ შეიშთვებით ზრუნვითა და დაუტევეთ ძჳრი, რომელი გიტჳრთავს თქუენ, რამეთუ დღისაცა ერთისა ზრუნვაჲ ბოროტ არს კაცისათჳს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან ზრუნვაჲ იგი დღისაცა ერთისაჲ აიღო მოწაფეთა თჳსთაგან და ბოროტად შეჰრაცხა წინაშე მათსა. და დღისა ერთისა ზრუნვაჲ არა თუ მცნებად მისცა მოწაფეთა თჳსთა, არამედ დაუტევა იგი თჳნიერ შჯულისა, ვინაჲთგან ასწავა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: "ნუ ზრუნავთ ხვალისა" (მათე 6.34) . ამით მოასწავა, ვითარმედ ნუ ზრუნავთ ხვალისა, ვითარცა ნაკლულევანნი, ოდეს-იგი იგინა წინაშე მათსა. და მიუტევა სიბოროტე დღესა მას, რაჲთა ამით სახითა გულისხმსა-ყონ, ვითარ არს სწავლაჲ იგი და ნებითა მათითა მოვიდენ სრულებად, რაჲთა არცაღა დღისა ერთისათჳს ზრუნვიდენ ჴორციელსა ზრუნვასა.
ხოლო სული სავსე არს სასოებითა და მინდობითა საღმრთოჲთა. და არა აქუს ადგილი ზრუნვასა შესავალად მისა, ვინაჲთგან სასოებაჲ მისი ჭეშმარიტ არს მის თანა, და უკუეთუ მოაკლდეს სასოებაჲ, შეაშთოს იგი ზრუნ[ვა]მან. აწ უკუე ნურას ზრუნავნ კაცი, უკუეთუ ღმრთისა მიმართ დაუც სასოებაჲ თჳსი, რამეთუ ღმერთი სიმდიდრე არს მოუკლებელი და უზრუნველად გარდამოადენს კეთილთა მისთა, რამეთუ იგი არს საფასე დაულევნელი, და რომელმან მოიგო იგი, მას დაუთრგუნავს ზრუნვაჲ. და რომელსა კაცსა თანა ესე საფასე არს, იგი უზრუნველ არს და უნაკლულო ყოლადვე. უკუეთუ ესე მოგიგიეს, და რაჲღა არს რომელი არა შენი არს, ოდეს-ღა იგი შენი არს. და უკუეთუ იგი არა მოგიგიეს, ჭეშმარიტად ნაკლულევან ხარ შენ ყოვლისაგან უცილობელად. უკუეთუ იგი შენ თანა არს, ვინ არს ზიარ საზრდელისა შენისა და ვინაჲთგან ცხორებაჲ შენი მისგან არს, რაჲსა ჰზრუნავ შენ მისთჳს, რომელი არა შენი არს. ისმინე შენ სწავლისა მისისაჲ და მიჰხედე გამოცდილებასა საქმისა მისისასა, რამეთუ რავდენცა შეევედრო მას, ყოველივე უზრუნველად მოგცეს შენ. ვინ შემძლებელ არს თავით თჳსით აღზრდად გუამისა თჳსისა, გინა შემატებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ (მათე 6.27; ლუკა 12.25), უკუეთუ ძალ-უც აღმაღლებად. ამით აჩუენა, ვითარმედ რომელი მზრდელ არს ყოვლისა ჰასაკისა, იგი აცხოვნებს მათ თჳნიერ ზრუნვისა შენისა. და რომელი აცხოვნებს, იგი ზრდის განცხოველებულთა თჳსთა, რამეთუ ცხოველებაჲ უფროჲს არს საზრდელისა და იგი მისცემს ყოველთა დაბადებულთა თჳსთა. და რომელი ზრდის, იგივე შეჰმოსს
აწ უკუე არა შენი არს ზრუნვაჲ ჰასაკთა სამოსლისაჲ, რამეთუ რომელი მზრდელი არს მათი, იგი არა ნაკლულ არს მიცემად სამოსლისაცა გამოზრდილსა მას მისგან. შენ რაჲსა ჰზუნავ მისთჳს? და უკუეთუ დააყოვნოს მიცემად სიყუარულით, გამოცდისათჳს დააყოვნის იგი. ესერა იგავით შროშანნი გიჩუენნა შენ, ვითარ-იგი არა სთესვენ და არცა შურებიან, და შუენიერითა და პატიოსნითა სამოსლითა შემოსილ არიან ღმრთისა მიერ (ლუკა 12.27).
აწ უკუე იხილე, ვითარ-იგი მისცა უფალმან თივასა მთათასა სამოსელი ბრწყინვალე და შუენიერი, რაჲთა არა იქადოს მეფემან. ვითარმედ მოსილ არს იგი სამოსლითა ბრწყინვალითა და შუენიერითა. და სოლომონმანცა ბრძენმან და ქებულმან ყოველსა მას შინა დიდებასა მისსა და მეფობასა ვერ შეუძლო შემოსად სამოსელი, ვითარცა ერთი შროშანთაგანი, რომელნი უზრუნველ არიან დიდად და უფროჲს შუენიერად შემოსილ არიან და ოდესღა ფრიად მოსწრაფებით იღუაწის მეფემან, ძნიად განაშუენის სამოსელი თჳსი ბრწყინვალედ.
აჰა ესერა ვხედავთ თივათა ველისათა, რომელნი არიან უბრწყინვალეს და უშუენიერეს და შემკობილ მეფისა, და ყოვლითა მით შრომითა და ზრუნვათა სიმძიმითა ვერ შემძლებელ არიან გამოწერად ბრწყინვალედ შუენიერებასა მას შროშნისასა. ზღუასა შინა შთაჴდიან მეყურჭუმენი, რაჲთა აღმოიღონ მიერ ძოწი იგი მრავალ სასყიდლისაჲ, და ჴმელსა ზედა დაშურიან მავალნი, რაჲთამცა შეიღებეს სამოსელი ბრწყინვალედ და შუენიერად ფერითა და განსაკჳრვებელი ხილვითა. და ოდეს შეიმკვის მით მეფე, არა სწორვენ იგი ერთსაცა ყუავილსა მთისა თივისასა.
აწ იხილეთ-ღა, ვითარ-იგი ეკალმან გამოიღის ვარდი, რომელმან მეფენი განაკჳრვნის ფერისა და სურნელებისა მისისაგან და ბრწყინვალედ შუენიერებისა. აწ უკუე ვინ ბრძენი არს, ამის სახისაგან ისწავენ და დაიჯერენ და უზრუნველ-იყავ ყოვლისათჳს. ვარდი დაჭნის და განჴმის, რაჲთა ამხილოს მათ, რომელთა ჰნებავნ სამოსლითა შემკობაჲ და ცნან, ვითარმედ ყოველივე წარმავალ და განქარვებად არს, ვითარცა თივაჲ იგი ველისაჲ. აწ უკუე რაჲსა ჰზრუნავ შენ, ჵ კაცო, ყუავილი განჴმების და დაცჳვის და წარვალს, რაჲთა გამოიწეროს გულსა კაცთასა, ვითარმედ ესრეთვე წარმავალ არს შუენიერებაჲ სოფლისაჲ ამის, ვითარცა ყუავილი.
აწ უკუე სამოსელი სამე და სამკაული მეფეთაჲ არა ესწორების შუენიერებასა შროშნისასა და ბრწყინვალებასა, და უზრუნველად შეიმოსს იგი მას ღმრთისა მიერ, რაჲთა აჩუენოს ცუდად ზრუნვაჲ იგი მდიდართაჲ სამოსლისა და სამკაულისათჳს შუენიერისა მყის წარმავალისა და რაჲთა ასწაოს სოფელსა, ვითარ-იგი ცუდ და ამაო იქმნების ყოველი დიდებაჲ და სუფევაჲ მისი. სოფლისა ამის მკჳდრობაჲ თივასა შეასწორა ღმერთმან და მით ასწავა, ვითარმედ წარმავალ არს ყოველი დიდებაჲ მისი. მთანი უზრუნველად შეჰმოსენ საბლარდნელსა დიდებისასა, რომელნი დაყუდებით ეძიებენ მათ შინა შუენიერებასა სამოსლისა მის საქორწინისასა. უკუეთუ თივაჲ ველისაჲ ხვალე თონესა შთაეგზების (მათე 6.30) , ესრეთ შემოსის ღმერთმან ყოვლისა დამბადებელმან, შენ-მე დაგიტეოსა თჳნიერ სამოსილსა? და უკუეთუცა დაგიტეოს შიშულად და უპოვრად, ნუ მწუხარე ხარ ამისთჳს, არამედ ჰმადლობდი მას და უწყოდე, ვითარმედ სამოსელი ნათლისაჲ დაუმარხავს შენთჳს მერმესა მას სოფელსა წარუვალსა დაუძუელებელი.
რამეთუ არა სიძულილისა შენისათჳს დაგამდაბლებს შენ, ნუ იყოფინ, და ნუცა მწუხარე ხარ შეურაცხებისათჳს და ნუცა სდრტჳნავ, არამედ სულგრძელებით მოთმინე იქმენ და უწყოდე, ვითარმედ სიყუარულისა და წყალობისა შენისათჳს დაგამდაბლა შენ, რაჲთა კეთილი საუკუნოჲ ამით დაგიმკჳდროს შენ. მკურნალმან რაჲ დააყენის სნეული წყურიელი წყლისა გრილისა სუმად, არა თუ სძულნ მას იგი სნეული და მით არა უფლის მას სუმად გრილი წყალი, არამედ გულს-მოდგინედ მოსწრაფე არნ განკურნებასა მისსა და მისთჳს დააყენის სუმად, რაჲთა არა გრძელად სიხაშმედ გარადექცეს მას სალმობაჲ მისი და იქმნეს იგი უძჳრეს პირველისა. შეეწყურის სნეულსა ფრიად მჴურვალებისა მისგან, რომელ არნ გუამსა შინა მისსა და დააყენის მკურნალმან წყალობისა მისისათჳს და განკურნებისა.
ეგრეთვე უფალი ჩუენი მკურნალ არს დაფარულთა სენთა სულისათა ძეთა კაცთასა და ყოლადვე ჰნებავს ყოველთა კურნებაჲ სიყუარულით. და უკუეთუ მცირედ დაგაკლოს მან საზრდელი გინა სამოსელი წუთსა ამას ჟამსა, უწყოდე, რამეთუ სიყუარულისა შენისათჳს ყო იგი. რამეთუ სიგლახაკე არს სამკაული მონაზონისაჲ და მარტოდ-მყოფთაჲ. და უკუეთუ მდიდარ არს მონაზონი და ფართოებით ჰქონან მას სოფლისა ამის საშუებელნი, დაკლებულ არს იგი და განსრულ არს გზისა მისგან იწროჲსა, რომელი მიიყვანებს ცხორებასა მას საუკუნესა, და უკუეთუ უყუარდეს განშუენებად თავი თჳსი სამოსლითა, ესე სირცხჳლ არს მისა. უკუეთუ სოფლისაგან განშორებულ არს, საზრდელსა მეტსა, უფროჲს საჴმრისა მისისა, ნუ დაიმარხავნ, რაჲთა არა დაწვეს და სასოებაჲ მისა ჰქონდის ხვალისა. და უკუეთუ კისაკი ოქროჲსა უც, შიშუელ არს სასოებისაგან და მინდობისა ღმრთისა. და უკუეთუ ოქროჲ გინა ვეცხლი დაუდებიეს მარხულად, ქრისტე დაუტევებიეს და განშორებულ არს მისგან. და უკუეთუ ზრუნავს იგი ხვალისა, უბოროტესსა ცოდვასა შთავარდების. და უკუეთუ სამოსლისათჳს ზრუნავს, დაუთრგუნავს მას ბრძანებაჲ იგი განმაცხოველებელისა მისისაჲ. და უკუეთუ განჰყიდის და იყიდის, ღმერთი განაძებს შოლტითა საბლისაჲთა. და უკუეთუ გულმან უთქუას მონაგებთათჳს, უცხო ქმნულ არს კრებულისაგან მონაზონთაჲსა და დაუჭირვებიეს შესა\ძინელი სარგებელისაჲ. და უკუეთუ ვინმე განბასრა იმათაგანი, იქმნა იგი საშჯელსა ქუეშე განკითხვისასა.
მონაზონსა ჭეშმარიტსა არა სძულნ მოძულე თჳსი, რამეთუ განშიშულებულ არს იგი სოფლისაგან და შეუმოსიეს სიყუარული ქრისტესი და არა თავს იდებს მოგებად ოქროსა გინა ვეცხლსა, რამეთუ აქუს მას სიმდიდრე დაფარული და ყოველნი საფასენი მეფეთანი ვერ ესწორებიან მას. ზეცისასა ეძიებს, და უკუეთუ ზეცისაჲ არა იყოს, არა შეიწყნარებს; და ამის საწუთროჲსასა ვითარცა ნამეტავსა ჰხედავს, ვინაჲთგან სასოებაჲ მისი მერმისა მის ცხორებისაჲ აქუს. ცხორებაჲ ესე ჩუენი საწუნელ და შეურაცხ არს წინაშე თუალთა მისთა და მერმისა მისთჳს სურვიელ არს სული მისი. მუნ არს სიმდიდრე და დიდებაჲ და აქა სიგლახაკე და შეურაცხებაჲ. არამედ აქაჲ ესე არა მტკიცე და საუკუნე არს, რამეთუ სოფელი ესე, ვითარცა თივაჲ არს, და ვითარცა ყუავილი და ფურცელი დასცჳდის. და რაჟამს განჴმის ყუავილი, ყოველი შუენიერებაჲ მის წარჴდის. ამისთჳს ევლტიან სოფელსა ამას მონაზონნი განშორებულნი, რაჲთა არა შეიტყუვნეს შეუენიერებამან მისმან წარმავალმან და დაუდგრომელმან, რომელი მსგავს არს სიზმარსა, და ვითარცა ჩუენებაჲ ღამისაჲ განქარდების და ვითარცა სიტკბოებაჲ ძილი\საჲ შეიპყრობს მოყუარეთა მისთა.
მონაზონი ჭეშმარიტი არა შვილი არს ღამისაჲ. უკუეთუ განშორებულ არს საცთურთაგან ღამისა უცნებისათა და საქმეთაგან ამის სოფლისათა დაუდგრომელთა, მას შინა დამკჳდრებულ არს ნათელი მისი და ბნელსა არა ჰმონებს იგი, რამეთუ ღმრთისა მიმართ მღჳძარე არს იგი და ღამისა საუცარნი ვერ აცთუნებენ მას. ხოლო რომელთა უყუარს სოფელი ესე, ყოლადვე საცთურსა შინა შებრკოლდებიან სლვანი მათნი და ბნელსა შინა ვლენან და მშჳდობასა და დაწყნარებულებასა ვერ სადა მიემთხჳნენ.
ღმერთი ჩუენი ნათელი არს მიუწდომელი და რომელი მას შეევედროს, მან წარუმართნეს გზანი მისნი, და ღირღუაროანი წრფელ უ[ყ]ვის მას სლვად. მისგან ბრწყინავს სული და ვალს იგი დაუბრკოლებელად ალაგთა მათ, სავსეთა მშჳდობითა, და მიიწევის იგი ქუეყანასა მას მამულსა. ვერ შემძლებელ არს ბრმაჲ გამორჩევად ფერებისა ერთიერთისაგან, რამეთუ სახედველნი მისნი ცუდ ქმნულ არიან და დაკლებულ არს იგი შუენიერებასა ხილვისასა. სიყუარული სოფლისაჲ ამის დააბრმობს კაცსა და ვერ შემძლებელ არს ხილვად შუენიერებასა მას დაფარულსა ახლისა მის სოფლისასა. რამეთუ ბოროტ იქმნის თუა\ლი და ვერ უძლის ხილვად შუენიერებასა ტკივილისა მისთჳს, რომელი ევნებინ. მონაგებნი სოფლისანი ტკივილ თუალთა არიან და მისგან დაბრყჳლდიან და ვერ შეუძლიან ხილვად სიმდიდრე იგი ზეცისაჲ წარუვალი.
უკუეთუ იხილნეს სულმან ზეცისანი იგი კეთილნი, აღეხუნენ თუალნი მისნი და შეიწყნაროს სიმდიდრე იგი მოუკლებელი, და ოდეს მიაქცინეს თუალნი მისნი სოფლისაგან მცირედ ოდენ, მიიტაცნენ იგინი ღელეთა მათ დამბადებელისა შუენიერებისათა, რაჲთა ძოვდენ იგინი სულიერთა მათ საშუებელთა. და უკუეთუ გონებამან არა მიჰხედოს ქუეყანად და არცა საქმენი მისნი შეჰრაცხნეს ზეცისა მათ სამკჳდრებელთა, განისუენებდეს, სადა-იგი სამებაჲ მკჳდრ არს. და უკუეთუ იგი მეოტ ექმნეს სოფლისა სიყუარულსა, ღირს იქმნეს თანა-მოძმედ ძალთა ზეცისათა. და უკუეთუ იგი განთავისუფლდეს მონებისაგან სოფლისა ამის ბოროტისა, აღვიდეს და დაიმკჳდროს ქუეყანაჲ იგი დიდებისაჲ. ძილსა შინა არა არს ტკივილი და მწუხარებაჲ, და უკუეთუ შეპყრობილ იქმნეს იგი განგებითა ქუეყანისა ზრუნვისაჲთა, გარდამოვარდეს სიმაღლით და პირუტყვთა თანა შერაცხილ იქმნეს. ამისთჳს გჳბრძანეს მოძღუართა სულიერთა, რაჲთა ზეცისასა ვეძიებდეთ და ქუეყანისაჲ შეურაცხ-ვყოთ. და არა დავჰმარხოთ საფასე ჩუენი ქუეყანასა, ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი, რაჲთა არა საფასესა თანა დაეფლნენ გულნი ჩუენნი მიწასა შინა. ამისთჳს ბრძანა, რაჲთა ცათა შინა იუნჯებდეთ საფასეთა თქუენთა, რაჲთა აღვიდეს გონებაჲ თქუენი საუნჯესა თანა ქუეყანასა მას მაღალსა. რამეთუ გონებაჲ არა განშორებულ არს საფასისაგან, არამედ მის თანა შეპყრობილ არს და მარადის სცავს, სადაცა-იგი არს. უკუეთუ ქუეყანასა არს, ქუეყანასა მკჳდრ არს მის თანა, და უკუეთუ ზეცას არს, მუნ არს იგი მის თანა. რამეთუ რომელსა აქუს საფასე სულიერი ცათა შინა, არა გარდამოიყვანებს გონებასა თჳსსა ქუეყანად, რაჲთამცა დაუტევა საფასე თჳსი თჳნიერ მცველისა. რომელსა დაუუნჯებიეს საფასე თჳსი ღმრთისა თანა მაღალთა შინა, მუნვე შეპყრობილ არს გული-ცა მისი და სცავს მას. უკუეთუ გონებაჲ მისი ზეცას არს ღმრთისა თანა, საფასეცა მისი მუნ დამარხულ არს და ვერ განიპარვის იგი მპარავთაგან. და ვიდრემდის სული ღმრთისა მხედველ არს, სავსე არს, იგი ნათლითა. და უკუეთუ კუალად იქცეს იგი ხილვად ქუეყანისათა, მოიცვეს იგი ბნელმან და იქმნეს ვითარცა ცოლი ლოთისი. და ეყოს სახე ყოველთა განშორებულთა, რაჲთა არა მიჰხედონ ყოველთა სოფლისა სიყუარულსა. და უფალმანცა ჩუენმა[ნ] ეგევითარი სახე დაუდვა წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა უწყოდიან და ეჴსენოს, რომელი-იგი შეემთხჳა მას, რაჟამს იგი გარე უკუნ იქცა ქუეყანასა მას, რომლისაგან გამოსრულ იყო, შეიკრა იგი რისხვისაგან ქუეყანასავე თჳსსა და მის თანავე წარწყმდა. გამოიყვანა იგი პირველად წყალობამან ღმრთისამან, რაჲთა განერეს დაწჳსა მისგან. და რაჟამს იგი გონებაჲ მისი არა გამოვიდა მისი თანა, არცაღა იგი განერა, დაღაცათუ გამოსრულ იყო იგი მიერ, ა~დ გული მისი მუნვე სოდომას დარჩომილ იყო. და მისთჳს იგიცა დაშთა. და შეპყრობილ იქმნა რისხვასა თანა ღმრთისასა. და სახე და იგავს ექმნა ყოველთა, რომელთა სოფელი დაუტევიან და განეშორნიან საფრჴეთაგან მისთა, რაჲთა არღარა კუალად იქცენ და მიჰხედონ მას სიყუარულით გონებითა. რომელსა ერთ გზის განუძარცუავს, ნუღარა კუალად შეიმოსს გონებითა ზრუნვასა და საურავსა მისსა, რომელი მოიძულა, რაჲთა არა იყოს იგი შიშუელი და სირცხჳლეული მდგომარე დღესა მას სარჩელისასა.
რომელი ერთ გზის განიბანის და განიწმიდის შეხებისაგან მკუდრისა და კუალად იქცეს და შეეხოს მკუდარსა, რაჲ სარგებელ ეყო მას პირველი იგი განწმედაჲ, ვინაჲთგან კუალად შეიგინა იგი?! ეგრეთვე ყოველმან რომელმან დაუტეოს სოფელი ესე და ევლტოდის საქმეთა მისთა, უკუეთუ კუალად იქცეს თუალვად მისა, არა დაუტევებიეს მას იგი, რაჟამს კუალად ზრუნავს მისთჳს. აწ უკუე დაუტევე სოფელი საქმითა და გონებითა, ვითარცა-იგი დაუტევა ლოთ ყოვლითურთ და განერა რისხვისაგან. ხოლო ცოლი მისი ზე უკუნ იქცა გონებითა და ზე უკუნ იხილა და წარწყმდა იგი რისხვისა მისგან (შესაქ. 19.12-26).
ამისთჳს უფალი ჩუენი იტყოდა: "ესემცა გაჴსოვს, რაჲთა უწყოდით, რამეთუ რაჟამს უკუნ იხილა, ეწია მას რისხვაჲ" (ლუკა 17.32) . გეშინოდენ, რაჲთა არა კუალად იქცეთ ღმრთისაგან და ვითარცა ცოლი ლოთისი შეპყრობილ იქმნეთ სოფლისა ბოროტითა. ლოთ მართალი ბრძენი იყო, რამეთუ სწრაფით რბიოდა იგი, გან-რაჲ-ოტებულ იყო იგი სოდომით, და რისხვაჲ იგი მოწევნული მას ვერ ეწია, რამეთუ სძულდა მას ქუეყანაჲ იგი ბოროტი და ყოველი განგებაჲ მისი. და რაჟამს გამოვიდა მიერ, არა უკუნ იხილა კუალად მართალმან, არამედ ყოვლითა სწრაფითა განვიდა სოდომით და განერა, და ვერ მოინადირა იგი რისხვამან, რომელმანცა იგი წარწყმიდა ცოლი მისი. და რაჟამს იყო მართალი ესე ქუეყანასა მას სოდომისასა, ვითარღამცა არა მუნ იყოფვოდა, ეგრეთ იყვნეს საქმენი მისნი. და რაჟამს დაუტევა და გამოვიდა მისგან, არღარა უკუნ იხილა მან ზე, რამეთუ სძულდა იგი მას. და იქმნა იგი იგავ ყოველთა, რომელთა სოფლისა ბოროტნი დაუტევნიან, რაჲთა ესრეთვე მოიძულონ, ვითარცა ლოთ სოდომი, რაჟამს-იგი განიოტა მისგან რამეთუ ჰხედვიდა იგი ბოროტისა საქმეთა მისთა. ამისთჳს მოიძულა და განჰკრთა გონებაჲ მისი უკეთურებისა მისგან მკჳდრთა მისთაჲსა და რისხვისა მისგანცა, რომელი მოიწია მათ ზედა. განერა, რამეთუ გონებაჲ მისი განკრთომილ იყო უკეთურთა მათთაგან. და ოდეს იგი რისხვაჲ გარადმოჴდა მათ ზედა, არა უკუნ იქცია პირი მისი ხილვად მისა. და ასწავა მათ, რომელთა სოფელი დაუტევიან, რაჲთა არღარა კუალად იქცენ მუნვე გონებითა მათითა და იხილონ იგი, დაღაცათუ ყოველი საქმე მათი დაიწუას.
რამეთუ ცოლმან ლოთისმან, რაჟამს უკუნ იხილა ხილვად სოდომისა, მუნთქუესვე იქმნა იგი ძეგლ მარილის. აწ უკუე განვგმოთ ჩუენ უგუნურებაჲ მისი და ვთქუათ: უკუეთუმცა არა გული მისი დარჩომილ იყო სოდომს, არამცა უკუნ ეხედნეს ქმრისა მისისაგან ხილვად დაწუვასა მას, არამედ მტკივნეულ იყ[ო] და დამძიმდა მის ზედა საქმჱ იგი, რომელი აქუნდა მას შინა დატევებად იგი მონაგებთაცა თჳსთა, რომელნი დაშთეს მუნ შინა.
გული მისი ფრიად შეკრულ იყო მათგან და მისთჳს უკუნ იხილა მან ზე უკუნ მწუხარებით დატევებისა მისგან. ამისთჳს ეწია მას რისხვაჲ და წარწყმდა იგი მონაგებთა მისთა თანა, და სახე და იგავ ექმნა იგი მონაზონთა განშორებულთა, შვილთა სასუფეველისათა. აწ უკუე მოიჴსენეთ, საყუარელნო ჩემნო, და ნუ შეიკრვინ გონებაჲ თქუენი მონაგებთათჳს, რომელნი სოფელსა შინა დაგიტევებიან. ნუღარა უკუნ იხილავთ გონებითა თქუენითა ხილვად მისა, რაჲთა არა კუალად იქცეთ სოფლადვე.
ჵ განშორებულო სოფლით, ემსგავსე შენ ლოთს და ივლტოდე შენ მისგან და მოიჴსენე ცოლი მისი და რაჲ-იგი შეემთხჳა მას. აჰა სოფლისა კუამლი ზე აღვალს ბოროტთა მისთაჲ, ნუღარა მიხედავ მას. უკუეთუ დაგიტევებიეს იგი და განშორებულ ხარ მისგან, რაჲსაღა მიჰხედევ და განიცდი კეთილთა და ბოროტთა მისთა, იხარებ და მწუხარე ხარ მის თანა? აცადე უკუე და რომელსა ენებოს, იხარებდეს, და რომელსა უნდეს, მწუხა\რე იყოს, და რომელი დაიწუეს, დაიწუეს! და შენ ნუ მიხედავ მას, რაჲთა არა კუამლმან მისმან დაგიბრმნეს თუალნი შენნი. და უწყოდე, რამეთუ სავსე არს იგი ზაკუვითა და ტყუვილითა, განსაცდელითა და უბადრუკებითა. რაჲ ძეს შენ შორის და მის შორის, ვინაჲთგან დაგიტევებიეს იგი და განშორებულ ხარ მისგან.
აწ უკუე იზრუნე თავისა შენისა მყუდროჲ სამკჳდრებელი შესავედრებელად, ვითარცა-იგი ეყო სეგორი შესავედრებელად ლოთს, და მიივლტოდა მისა და განერა რისხვისაგან. სოდომი ფრიად დიდი იყო და სეგორი ფრიად მცირე იყო, არამედ ცხორებაჲ სეგორს პოა მართალმან მან. ეგრეთვე დიდ არს სოფელი და მცირე არს საყოფელი მარტოდ-მყოფთაჲ, ხოლო სულთა ცხორებაჲ საყოფელსა მარტოდ-მყოფთასა იპოვების, რომელთა უყუარს და ჰნებავს იგი სიხარულით.
იყო ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ ფრიად საშუებელ და განსაფრთხობელ და შუენიერ ხილვითა. და იყო მას შინა მდინარები და სარწყავნი უხუებით, ბოსტანთა და ვენაჴთა და ხილოანთა სიმრავლე აღურაცხელი, და სავსე იყო იგი ყოვლითა საშუებელითა. ველთა ზედა ვაკეთა იყო სოდომი და თავსა ზედა მთათასა იყო სეგორი: მცირე, უწჳმარი და ურწყავი და უჴმარი. და რომელი-იგი იყო უჴმარი, ამან განსძარცუა ცხორებაჲ მას, რომელი-იგი მრავალ-ფერითა გემოჲთა შუებითა იყო სოდომი. მარტოდ-მყოფთა სა\ყოფელნი ცალიერ არიან საშუებელთაგან გემოანთა. და სოფელი მსგავს არს სოდომისა ქუეყანასა საშუებელითა და სიმრავლითა კეთილთაჲთა, არამედ დასაწუველ იქმნა იგი მსჯავრთა ღმრთისა მაღლისაჲთა და სეგორს შინა მოეცა ცხორებაჲ მართალსა ლოთს და იჴსნა იგი რისხვისაგან.
საფლავნი მეფეთანი სავსენი ძუალებითა არა სწორ არიან სახლსა საგლახაკოსა, რომელსა შინა მკჳდრთა ცხორებაჲ არს. რომელიმე ქუეყანაჲ უფროჲს უყუარდა და ჰნებვიდა ლოთს: სოდომი დიდი და სავსე საშუებელითა ანუ სეგორი მცირე, უჴმარი და ურწყული? სოდომსა დიდსა და საწადელსა ყოვლისასა მოჰბერეს ნიავ-ქართა სიკუდილისათა და ივლტოდა ლოთ მიერ და პოა ცხორებაჲ სეგორს მცირესა, შეევედრა მას და შეიყუარა იგი. თჳსაგან იყო და ეუწყა მას, თუ რომლად ქუეყანად ივლტოდის, საწუნელად, რომელი აცხოვნებდეს, და არა საშუებელად, რომელსა შინა რისხვით სიკუდილი პოვნილ იყოს.
ხოლო შენ, მოწაფეო, რომელი გამოსრულ ხარ ახალსა ცხორებასა, მოიძიე შენცა ქუეყანაჲ დაწყნარებული, ვითარცა ლოთ, რომელსა შინა სცხონდე შენ სულიერად. და უკუეთუ იყოს ქუეყანაჲ შუენიერი და იყოს მას შინა სიკუდილი სულისაჲ, დაუტევე იგი მწრაფლ და მეოტ იქმენ, ვითარცა-იგი დაუტევა ლოთ და მეოტ იქმნა. და უკუეთუ ჰპოვო შენ ქუეყანაჲ, რომელსა შინა იყოს ყუდროებაჲ და დაწყნარებაჲ სულისა შენისაჲ, შეევედრე მას და დაემკჳდრე მას შინა, უკუეთუ გიყუარს შენ საყოფელი დაწყნარებული. კარი სოფლისაჲ მაღალი არს და შემკული და შუენიერი, და სავსე სიხარულითა და საშუებელთა სიმრავლითა, და საქმენი მისნი დიდებულ და გემოან არიან; არამედ ესე შეიყვანებს საშუვალ ჯოჯოხეთისა ფართოებასა, და კუალად სამკჳდრებელი უღონოჲ და გლახაკი, უქონოჲ და შეურაცხი, მშიერი და წყურიელი და ყოლადვე პურის მთხოველი შეიყვანებს საშუებელთა მათ სულიერთა და ნუგეშინის-ცემასა ღმრთისასა.
ჵ განშორებულო, კეთილ არს შენდა საყოფელი საგლახაკოჲ, უღონოჲ და უპოარი. ესე უმჯობეს არს სამკჳდრებელსა სოფლისასა შუენიერებითა სავსესა, რომლისა სამკჳდრებელი ცეცხლი და სატანჯველი არს. რაჲ უკუე სარგებელ ეყო მდიდარსა მას ცხორებაჲ იგი ამის სოფლისაჲ და მუნ დაიმკჳდრა, ქუესკნელი იგი ჯოჯოხეთისაჲ, სავსე ვაებითა მწარითა. ევლტოდე სოფელსა, ვითარცა ლოთ სოდომასა და დაწუვასა მისსა, რამეთუ მან ყოველივე, რაჲცა აქუნდა, დაუტევა მას შინა და ივლტოდა. აჰა ესერა გქონან შენ საშუებელნი სულიერნი, სავსენი სიხარულითა, დღითი-დღედ იშუებდ უკუე მათ შინა სულიერად სიხარულით.
გალობაჲ წინაწარმეტყუელთაჲ და სიტყუანი მათნი, რომელსა იტყოდეს საიდუმლოჲსათჳს განგებისა შენისა და მოციქულთა, რომელ გჳქადაგეს გამოჩინებაჲ ძისა ღმრთისაჲ, შენ თანავე ფსალმუნობენ დღითი-დღედ. განიფრთხვე ქნარითა მით დავითისითა ტკბილითა სასოებით, ცხორებასა შენსა უჴმს სწავლაჲ საღმრთოჲ. და სამოთხესა მას ცხოველსა და სიტყჳერსა განისუენებდეს სული შენი წყალთა ზედა განსასუენებელთასა დღითი-დღედ. და უფალი არს მწყემს შენდა და უზრუნველად მან გამოგზარდოს შენ. ლოცვაჲ შენი ყურთა მისთა ესმის და გული შენი წინაშე მისსა არს და სამკჳდ\რებელი შენი მის თანა. და უკუეთუ არა დაუტეო, ყოველივე შენი არს.
ყოველთა დღეთა სულსა შინა შენსა მოიგე ყოველივე შენი, ჵ ბრძენო, და გარეშე შენსა ნურას მოიგებ ამას სოფელსა. სასოებით დაწევ და მინდობილმან ღმერთსა დაიძინე, და სიზმარნი შემაძრწუნებელნი არა გეჩუენნენ შენ. უკუეთუ შეგაწუხოს შენ ძმამან, მიჰხედე ჯუარსა მას მჴსნელისასა და მუნთქუესვე ნუგეშინის-გეცეს შენ. უკუეთუ ბრძოლაჲ შეგემთხჳოს შენ, შემწედ მოჰხა\დე მას, რომელმან-იგი შენთჳს ივნო. და უკუეთუ იგინე ვისგანმე, მოიჴსენე, რამეთუ ღმერთი შენი იგინებოდა კაცთაგან და თავს-იდებდა. ჯუარი მოძღუარი არს შენი, რაჲსათჳს ეძიებ პატივსა? უკუეთუ შეგემშიოს შენ, მოიჴსენე, რამეთუ მოწაფეთაცა უფლისათა შეემშია და ჴოვილისა თავსა მოსრვიდეს და ჭამდეს, რაჟამს-იგი იყო მათ თანა ყოვლისა საზრდელი.
უკუეთუ სული შენი მინდობილ იყოს მისა, არა მოგამშიოს, არამედ ჰნებავს ქებაჲ შენი უპოვრებითა, რაჲთა განგაძლიეროს შენ და განგამტკიცოს შენ, ვინაჲთგან მიენდვე მას, ანუ ჰნებავს ჩუენება, ვითარმედ არა შეგაწუხებს შენ ნაკლულევანებაჲ, გინა იხილა სრულებაჲ შენი და დააყენა ჟამი შენგან, გინა ხარ შენ ნაკლულევან სასო[ე]ბასა და მინდობასა და ჰნებავს სწავლაჲ შენი. დავიწყებაჲ არა არს მონანულთაჲ.
აწ უკუე შენ ნუ დაივიწყებ და იგი არა დაგივიწყებს შენ. შეცვალებითა შენითა ჰნებავს სიმართლე შენი. აწ იზრუნე თავისა შენისათჳს და გეშინოდენ მაძღრობისა, რამეთუ ურვილი ცხორებაჲ მოიგის კაცმან მის მიერ. და გიხაროდენ შიმშილისათჳს რამეთუ სულთა ცხორებაჲ მის მიერ მოეცის. ორბსა სიმაძღრითა დაუმძიმდიან ფრთენი მისნი და ვერ უძლის აღფრენად სიმაღლესა ჰაერისასა, ვიდრემდის არა აღუსუბუქნის სიმძიმე იგი მაძღრობისაჲ. ეგრეთვე სული დამძიმდის ნაყროვნებითა. ამისთჳს ჯერ-არს შენდა, ჵ განშორებულო, რაჲთა იხარებდე უპოვრებასა ზედა უფროჲს ღონიერებისა. რამეთუ საუნჯენი ყოვლისა მპყრობელისანი სავსე არიან და არა ოდეს მოაკლდების, და განაგებს ყოვლესა მსგავსად ცნობისა თჳსისა, და მისცემს ცხორებასა ყოველსა სოფელსა. და სხუაჲ სავსე მადლითა და სიხარულითა არსვე ღმრთისა თანა, რომლისა ძიებასა ჰჴდებიან და ერთი-ერთსა უსწრობენ ყოველნი განშორებულნი ყოველთა დღეთა და ჟამთა მათთა. და ამას მოკიდებულ არს სული სასოებით, რაჲთა მოიგოს იგი. ხოლო კურთხეულ არს იგი, რომლისაჲ არს მეუფებაჲ და შეძლებაჲ დამკჳდრებად საყუარელთა თჳსთა საშუებელი იგი დაუსრულებელი და სიხარული საუკუნოჲ ზეცათა შინა უკუნისამდე.
დასრულდა თქუმული ესე აქამომდე და ჩუენ ვევედრებით სახიერებასა ღმრთისასა, რაჲთა მომცეს ძალი და შეწევნაჲ და სისრულე საქმისაჲ ნებასა შინა მისსა და ყოფად მართალი სარწმუნოებაჲ მცნებათა მისთა მადლი და დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ ყოველთა ზედა კეთილთა მისთა, და ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|