მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს, ჯუარისათჳს და პარასკევისა და კჳრიაკისათჳს

 

ძველი ქართული თარგმანი


საყუარელნო, რომელთა გნებავს მონებად უფლისა, მოიგეთ შიში ღმრთისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რამეთუ შიში ღმრთისაჲ, ვითარცა მახჳლი არს ორპირი, და მით მოიკუეთების ყოველი ნებაჲ ბოროტი და უშუერი. ამისთჳს გჳღირს, რაჲთა მოვიგოთ ყოველთა შიში ღმრთისაჲ მარადის და ჴსენებაჲ დღისა მის აღდგომისა და საშჯელისაჲ, ოდეს-იგი ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ და ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ხეთაგან. ოდეს-იგი გარდამოჴდეს ძე ღმრთისაჲ ქუეყანად და ძალნი ცათანი შეიძრნენ, და ანგელოზთა გუნდნი სცემდენ ნესტუსა ჴმითა საშინელითა, და შეძრწუნდეს ყოველი ქუეყანაჲ, რომელ არს ცასა ქუეშე, და უჴორცოთა კრებულნი ძწ\ოდიან გულ-გდებულნი და ზარ-განჴდილნი.

მაშინ, ძმანო ჩემნო, ვითარ-მე შიში და ზარი დამეცეს ჩუენ ზედა, ანუ ვითარითა ტირილითა ვსტიროდით თავთა ჩუენთა? ანუ რაჲმე ვყოთ, ოდეს ვიხილოთ უფალი ზეცით ქუეყანად გარადმომავალი რისხვითა და გულის წყრომითა მრავლითა, დაჯდომად საყდართა სასჯელისათა და განკითხვად [ყოვლისა ერისა] და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთაებრ? ვითარ-მე იყოს ჟამსა მას საქმე ჩუენი, სადა იყოს ამპარტავნებაჲ, სადა ზუაობაჲ და სიქადული, სადა ძლიერთა კადნიერებაჲ, სადა მდიდართა სიხარული, სადა ხატთა შუენიერებაჲ, სადა ჴმათა სიტკბოებაჲ. სადა იყოს სიცილი და მხიარულებაჲ, სადა იყუნენ, მაშინ, რომელნი აქა სიცილით და განცხრომით სუმიდეს ღჳნოსა; სადა იყუნენ რომელნი ურიდად იქმოდეს ცოდვასა და არა მოიჴსენებდეს შიშსა ღმრთისასა, სადა დაიფარნენ მუნ. სადა იყვნენ, რომელნი მოსწრაფედ იღუწიდეს და შეიკრებდეს თავთა თჳსთათჳს მონაგებთა მრავალთა. სადა იყვნენ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: მდიდარ ვართ. სადა იყვნენ მეფენი და ბრძენნი ამის სოფლისანი. გულისჴმა-ვყოთ, ძმანო ჩემნო, თუ ვითარ ყოფად ვართ მას ჟამსა, ოდეს-იგი საშჯელსა მიგუჴდიდეს უფალი ყოველთა საქმეთა ჩუენთათჳს ამაოთა, რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას, და ყოვლისა სიტყჳსათჳსცა ცუდისა, რომელი პირით ჩუენით გამოვიდა. ოდეს-იგი განარჩევდეს მსაჯული ცოდვილთა მართალთაგან და დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი მარცხენით მისა, და იყვნენ მართალნი წმიდათა თანა მოწამეთა წინაწარმეტყუელთა თანა და მოწამეთა და მამად მთავართა აბრაჰამ, ისაკ და იაკობის თანა სიხარულსა შინა და მხიარულებასა მიუწდომელსა. რამეთუ ჰრქუას მათ უფალმან: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ცათაჲ, რომელი განმზადებულ არს თქუენთჳს პირველ სოფლისა დაბადებისა საქმეთა თქუენთათჳს კეთილთა" (მათე 25.34).

მაშინ მოიხუნენ კეთილნი იგი, რომლისათჳსცა იღუწიდეს სოფელსა ამას და ჰხედვიდენ ყოველსა ჟამსა პირსა ღმრთისასა. და მე გაუწყო, ვითარ იყოს სიხარული დღისა მის ნათლისაჲ. რამეთუ დღესა მას არღარა იყოს არცა დღე და არცა ღამე, და არცა მზე და არაცა მთოარე და არცა ვარსკულავნი, რამეთუ ესრეთ ქადაგა წინასწარმეტყუელმან ესაია და თქუა, ვითარმედ: დღესა მას უკუანაჲსკნელსა იყოს ღმერთი ნათელ თქუენდა, იგი იყოს სიხარულ თქუენდა, რომელთა გეშინოდა მისა და დაიცვენით მცნებანი მისნი და გენება ხილვაჲ მისი.

ძმანო ჩემნო, რომლითამე სინანულითა ინანდენ ურგებად ცოდვილნი ჟამსა მას, ოდეს-იგი განისხნენ რისხვით საყდრისაგან ქრისტესისა და დიდებისა მისისა. რომელი-მე მწუხარებაჲ და სირცხჳლი დაეცეს მათ ზედა, ოდეს-იგი წარდგენ წინაშე მსაჯულისა თუალ-უხუავისა და არა აქუნდეს მათ მიზეზი სიტყჳს გებისაჲ, რომელმან-მე ძწოლამან შეიპყრნეს, ოდეს-იგი დგენ მარცხენით ქრისტესა. და რისხვით ეტყოდის მათ და გულის წყრომით შეაძრწუნნეს იგინი შიშით. და ზარ-განჴდილნი და სირცხჳლეულნი და გულ-გდებულნი მიეცემოდიან ბნელსა მას გარესკნელსა დამკჳდრებად. რამეთუ ჰრქუას მათ უფალმან რისხვით: განმეშორენით მე, უკეთურნო, და წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს (მათე 25.41) . მაშინღა სირცხჳლეულნი და კდემულნი ეტყოდიან თავთა თჳსთა: ვაჲ ჩუენდა და საქმეთა ჩუენთა ბოროტთა; ვაჲ ჩუენდა და რომელი განმზადებულ არს ჩუენდა; ვაჲ ჩუენდა, რომელი-ესე შემემთხჳა სამართლად.

მაშინ შევიდენ იგინი სატანჯველსა მას საუკუნესა და იტანჯებოდიან. ვაჲ ჩუენდა და რაჲ-ღა მწარე არს ბნელი იგი და წყუდიადი! ვაჲ ჩუენდა, რაჲ-ღა მტკივან არს ალი ესე მოტყინარე და რაჲ-მე უკუე ვყოთ ანგელოზთა მათგან მრისხანეთა, რომელნი დად\გინებულ არიან სატანჯველთა ჩუენთა ზედა უწყალონი და მრისხანენი. ვაჲ ჩუენდა, ვითარღა მივეცენით ცეცხლსა მას საშინელსა და შემწუელსა, რომელსა არა აქუს ნათელი. მაშინ ღაღადებდენ ჴმითა მაღლითა და არავინ იყოს მწყალობელ მათდა და არცა მეოხ მათდა. მაშინ იტყოდიან: ვაჲ ჩუენდა, ვითარღა უდებ ვყავთ საქმე ღმრთისაჲ და სათნოებაჲ მისი და მივსცენით თავნი ჩუენნი ცოდვასა საქმედ, ვითარცა პირუტყუთა, და არა მოვიქეცით სინანულად, რაჲთამცა შეგჳწყალნა ჩუენ ღმერთმან.

წიგნთა ვიკითხევდით და ძალსა მისსა უვარ-ვჰყოფდით და უდებად თანა წარჰვიდოდეთ, და ვითარ არავინ იპოოს მათთჳს მწე ჭირსა მას შინა მათსა. მაშინ იტყოდიან: საშჯელი ღმრთისაჲ მართალ არს და მშჯავრი მისი სამართალ [არს].ვაჲ ჩუენდა, ვითარღა მოგუეგო ცოდვითა ჩუენითა ურიცხჳ სატანჯველი და არა მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ ახილვად ღმრთისა მიმართ. და კუალად იტყოდიან: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლოჲ მოწყალე ხარ და შემნდობელ და ძჳრ-უჴსენებელ. მოავლინე ჩუენ ზედა წყალობაჲ და მილხინე ჩუენ; და არა ისმინოს მათი.

აწ უკუე, ძმანო ჩემნო, მოვიქცეთ სინანულად, რაჲთა არა უკუნისამდე ურგებად ვინანდეთ უკუანაჲსკნელ, რამეთუ ადამცა შეინანა ურჩებაჲ იგი და ჭამაჲ იგი ხისა მისგან, უკუანაჲსკნელ არა სარგებელ ეყო, რამეთუ ოდეს-იგი ჭამა მისგანი, განშიშულდა, განიძო იგი სამოთხით ღმრთისაჲთ, და მიეფარა მისგან ვარსკულავი იგი მნათობი, რომელი ჰნათობდა მას და დაშთა იგი შიშუელი სირცხჳლეულად. ამისთჳს, ძმანო, დავიცვნეთ მცნებანი ღმრთისანი, რაჲთა არა განვისხნეთ სუფევისაგან და წყალობისა მისისა, რამეთუ ადამისი დაცემაჲ დღესა პარასკევსა იქმნა.

აწ უკუე ისმინეთ ესე, რომელი მომიგო ჩუენ დღემან პარასკევმან, და ეკრძალენით ურჩებასა ღმრთისასა და არა გეყოს ღმრთისაგან, რაჲ-იგი ეყო ადამს მამასა ჩუენსა, რამეთუ რაჟამს ღმერთსა ურჩ ვექმნნეთ, ეშმაკისა დამონებულ ვართ და მის თანავე დავისაჯნეთ. დღესა პარასკევსა მეუფლა ჩუენ ეშმაკი და დღესა პარასკევსა განიბჭო ჩუენ ზედა დაშჯაჲ სიკუდილითა. და დღესა პარასკევსა მივეცენით ჩუენ ჴრწნილებასა და მოგუეღო ჩუენ უჴრწნელებაჲ. და დღესა პარასკევსა უბადრუკ ვიქმნენით. დღესა პარასკევსა განვჴედით და განვეშორენით ხისა მისგან ცხორებისა. დღესა პარასკევსა ვიხილეთ გემოჲ სიკუდილისაჲ, სხამეანი. დღესა პარასკევსა განძარცუვულ მამაჲ ჩუენი ადამ და გამოჩნდა შიშულად სირცხჳლი მისი. დღესა პარასკევსა მხიარულ იქმნა ეშმაკი და ყოველი გუნდი მისი. და დღესა პარასკევსა ვსუთ სასუმელი სიკუდილისაჲ. დღესა პარასკევსა გუესმა ჩუენ ჴმაჲ იგი, რომელი ითქუა, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადცა მიხჳდე. დღესა პარასკევსა შეჰმოსა უფალმან ადამს სამოსელი იგი ჴრწნილებისაჲ და განრყუნადი. და დღესა პარასკევსა გამოჴადა მამაჲ ჩუენი ადამ და უცხო იქმნა იგი სამოთხისა მისგან საშუებლისა. დღესა პარასკევსა გუესმა ჴმაჲ, რომელი ითქუა: განმეშორე ადამ ჩემგან, რამეთუ მე განგეშორები შენგან. და დღესა პარასკევსა იპოა მამაჲ ჩუენი ადამ განგდებულ გარეშე სამოთხესა მას საშუებლისასა. დღესა პარასკევსა ესმა ადამს ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: ვითარ იყავ ადამ აქამომდე და ვითარ იქმენ აწ ოდენ. ამისთჳსცა დღესა პარასკევსა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჴორცითა, რაჲთა ყოველი იგი უშუერი შეცვალოს შუენიერებად კაცთ მოყუარებითა თჳსითა და სახიერებითა. ხოლო დღე კჳრიაკე მეუფჱ არს დღეთაჲ და უფალი მათი, რამეთუ მას შინა დაჰბადა ღმერთმან ცაჲ და ქუეყ[ან]აჲ და ნათელი სოფლისაჲ. დღესა კჳრიაკესა აღიყვანა ღმერთმან კაცი მეუფე და საყდრის მოდგამ ყო იგი მის თანა.

დღესა კჳრიაკესა კაცი ღმერთ იქმნა, დღესა კჳრიაკესა კაცი იქმნა ძე ღმრთისა არა თუ ჴორციელად სისხლითა და არცა ნებითა კაცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვა. დღესა კჳრიაკესა ვჭამეთ ხისა მისგან ცხორებისა, რომლისაგან განყენებულ იყო მამაჲ ჩუენი ადამ. დღესა კჳრიაკესა დავემკჳდრენით ჩუენ სამოთხესა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა (I კორინთ. 2.9). დღესა კჳრიაკესა გამოვიყვანენით ჯოჯოხეთით, რომლისაგან ვერარაჲ გამოგჳჴსნიდა თჳნიერ ღმრთისა. დღესა კჳრიაკესა ვპოვეთ წყალობაჲ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა ძალითა მისითა წმიდითა. დღესა კჳრიაკესა ვიხილეთ ღმერთი განჴორციელებული ცხადად და ჭეშმარიტად შეერთებული ძეთა კაცთა თანა.

დღესა კჳრიაკესა განვძლიერდით ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, და შევიცვალენით ჴრწილნი უჴრწნელად. დღესა კჳრიაკესა მოვიგეთ ტაბლაჲ იგი უბიწოჲ, რომელსა ზედა ჰგიეს პური იგი ცხორებისაჲ, რომლისა მიერ განცხოველდებიან ყოველნი, რომელთა მიიღონ სარწმუნოებით. დღესა კჳრიაკესა შეიერთა განყოფილებაჲ ცისა და ქუეყანისაჲ და ყო მათ შინა ცხორებაჲ განცხადებულად. დღესა კჳრიაკესა შეიძრნეს საფუძ\ველნი ქუეყანისანი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მოქლონნი მისნი წინაშე პირსა მამისა ჩუენისა ადამისსა.

დღესა კჳრიაკესა გარდამოჴდა სული წმიდაჲ მოწაფეთა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ენითა ცეცხლისაჲთა და დაემკჳდრა მათ თანა. დღესა კჳრიაკესა დაიკლა ზატიკად ჩუენდა კრავი იგი ღმრთისაჲ უბიწოჲ მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა. დღე კჳრიაკე დღე ღმრთისაჲ არს, რომელსა შინა მომავალ არს ქრისტე მჯდომარე ღრუბელთა ზედა ცისათა და ბეჭთა ზედა ანგელოზთასა და ნიში მისი წინაშე მისსა, რომელ არს ჯუარი პატიოსანი.

რამეთუ ჯუარი საცოჲ არს ქრისტეანეთაჲ. ჯუარი აღდგომაჲ არს მკუდართაჲ. ჯუარი სინათლე არს მწუხარებაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი და განმაძლიერებელი არს უძლურთაჲ. ჯუარი წინამძღუარი არს შეცთომილთაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს დავრდომილთაჲ. ჯუარი უძლურთა შეძლებაჲ არს. ჯუარი გჳრგჳნი არს გლახაკთაჲ. ჯუარი სინანული არს ბრალეულთაჲ. ჯუარი საძლეველი არს ეშმაკთაჲ. ჯუარი მოძულეთა მშჳდობაჲ არს. ჯუარი მასწავლელი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი ნუყიერებაჲ არს მშიერთაჲ. ჯუარი დამამჴობელ არს ამპარტავანთაჲ. ჯუარი დამშჯელი არს მძლავრთაჲ და მჴსნელი მიმძლავრებულთაჲ.

ჯუარი მცველი არს მეგობართაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს მგლოვარეთაჲ. ჯუარი სასოებაჲ არს განწირულთაჲ. ჯუარი განმგებელი არს ზღუასა შინა მავალთაჲ. ჯუარი ნავთ საყუდელი არს დანთქმულთაჲ. ჯუარი ზღუდე არს მბრძოლთაჲ. ჯუარი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ჯუარი მცველი არს ქორწინებულთაჲ. ჯუარი კეთილი მოძღუა\რი არს უსწავლელთაჲ. ჯუარი თავი არს მამათაჲ. ჯუარი მცველი არს დედათაჲ განსაცდელთაგან. ჯუარი მაცხოვარი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი პატივი და შუენიერებაჲ არს მოხუცებულთაჲ. ჯუარი მცველი და მფარველი არს ქალწულთაჲ.

ჯუარი სინათლე არს ბნელსა შინა მსხდომარეთაჲ. ჯუარი კუერთხი არს მკელობელთაჲ. ჯუარი ზარი და შუენიერებაჲ არს მეფეთაჲ. ჯუარი ძლიერებაჲ არს მთავართაჲ. ჯუარი სიბრძნე არს ღმრთის მოშიშებისაჲ. ჯუარი სწავლაჲ არს მართალთაჲ. ჯუარი მოძღუარი არს სახიერთაჲ. ჯუარი მომაქცეველი არს უღმრთოთაჲ. ჯუარი შჯული არს უშჯულოთაჲ. ჯუარი ქადაგებაჲ არს წინაწარმეტყუელთაჲ. ჯუარი სახარებაჲ არს მოციქულთაჲ. ჯუარი სიქადული არს მოწამეთაჲ. ჯუარი შემწე და მცველი არს მონაზონთაჲ. ჯუარი დიდებაჲ არს და სიხარული და ნათელი მღდელთაჲ. ჯუარი საფუძველი არს ეკლესიათაჲ. ჯუარი სიმტკიცე არს სოფლისაჲ. ჯუარი წარმწყმედელი არს უვარის მყოფელთაჲ. ჯუარი სირცხჳლი არს ჰურიათაჲ. ჯუარი დამამჴობელი არს კერპთაჲ და მსახურთა მათთაჲ. ჯუარი დამარღუე[ვე]ლი არს [ბაალის] საკურთხეველთაჲ.

ჯუარითა მძლე ვექმნენით ეშმაკსა. ჯუარი ძალი არს უძლურთაჲ. ჯუარი განმწმენდელი არს კეთროვანთაჲ. ჯუარი სიმაძღრე არს წყურიელთაჲ. ჯუარი სამოსელი არს შიშუელთაჲ.

აწ უკუე, ჵ შვილნო ეკლესიისა ღმრთისანო, კურთხეულნო, დღესა პარასკევსა განვიძარცუენით, რომელი პირველ ვაჴსენეთ, და დღესა კჳრიაკესა მოგუემადლა ჩუენ ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ. და ჯუარი არს ძალ და მაცხოარ და ნათელ ჩუენდა, და თაყუანის-ვსცეთ ჩუენ ადგილსა მას, რომელსა დაადგეს ფერჴნი [უფლისანი], რამეთუ იგი არს სასოჲ ჩუენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და მის მიერ მოეცა გულთა ჩუენთა სიხარული და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ, რამეთუ მისა ჰშუენის პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.