მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანულის გზის შემეცნება

 

ახლა მე შენ აგიხხსნი, როგორ აღწევს სისრულეს ადამიანი სინანულის მეშვეობით, რათა სინანულის გზა შეიმეცნო და შენში ცოდვის ნასახიც არ დარჩეს. ისმინე:

ადამიანის მოწამვლის ცოდვას ინანიებ? - სრულიად აღხოცე მისი ნაკვალევი; არა მარტო ცხადად, არამედ საიდუმლოდაც ნუღარ ჩაიდენ ამ ცოდვას.

კაცის კვლას ინანიებ? ამიერიდან მოიძაგე არამარტო მკვლელობა, არამედ ენაც დაიმჭირვე ცილისწამებისაგან, ძვირისმეტყველებისგან, ჭორაობისგან.

კერპთმსხურებას ინანიებ? მკითხაობას, ფრინველთ ფრენაზე დაკვირვებას, და სხვა მინიშნებების ძიებასაც ერიდე. ყოველივე ეს კერპთმსახურების ნაწილად იქცევა, როცა ამ ნიშნების მიხედვით წინასწარმეტყველებენ, ვარსკვლავთმრიცხველობენ, ან შეკითხვებით მიმართავენ ვარსკვლავებზე დამკვირვებლებს, და მკითხავებს.

გარყვნილობას ინანიებ? დაგმე ყოველგვარი ბილწება, რადგან ყოველგვარი აღვირახსნილობა მისგან იბადება. უფრთხილდი სიცილს, ხუმრობას, ბილწსიტყვაობას, მუცლის სიხარბეს-ესენი სიძვისკენ მიმავალი გზებია.

ჩადენილ სიცრუეს ინანიებ? მოიკითხე ყოველგვარი ტყუილი, რადგან სწორედ სიცრუემ ააყვავა ვერცხლის მოყვარების ყველა ნამეტნაობა.

ფიცის გატეხვას ინანიებ? სავსებით შეიკავე თავი ტყუილისაგან და ქურდობისაგან, რადგან სიცრუეა ცრუ ფიცის კარიბჭე და მორევი.

მზაკვრობას ინანიებ? განეშორე გულისწყრომას, სიძულვილს, შურს, საძაგელ სიმხდალეს და ყოველგვარ სულმდაბლობას.

უგუნურობას ინანიებ? არამარტო სანახაობებს მოერიდე, არამედ სრულიად განიკაფე სიცილი და ყოველგვარი გართობა, რადგან ამგვარი საქციელი წარსულში გვაბრუნებს.

 არამართლმადიდებლობას ინანიებ? ნუ იმეგობრებ ერეტიკოსებთან.

მცირედ მორწმუნეობას ინანიებ? განეშორე ყოველგვარ ხალხურ ნადიმს.

ჩხუბს ინანიებ? სიტყვის მშვიდად თქმასაც მიაჩვიე ენა. შენ თვითონ გამოიწრთობ თავს, მცოდველო, და თვითონვე აღიდგენ მკვდრეთით.

ამიტომაც, თუ სანახევროდ ასრულებ რასმე, თავს ვნებ. სისრულეს სულ მცირედიც რომ დააკლდეს, არასრულყოფილი და ნაკლულევანი გამოვა ის, რაც უნდა შეგესრულებინა; მაშ წარმოიდგინე, რამდენად უარესი იქნება სანახევროდ გაკეთებული საქმე! ვინ განსაზღვრავს და ზომავს მთელს ნაწილით? თუ ნაწილობრივ ვასრულებთ რასმე, ამ შემთხვევაში მცირე ნაწილი ძლევს უდიდესს, ასევე: ერთი ნახევარი გადააჭარბებს მეორეს. თუ სავსებით და სრულად არ ინანიებ, მაშინ სანახევროდ განმართლდები. ღორს არას არგებს ნახევრად სისუფთავე, რადგან მთლიანობაში ის მაინც უსუფთაოა. ასევე შენ თუ სავსებით არ მოექცევი, უწმინდურ ღორს, და კურდღელს ემსგავსები, რადგან ნახევრად სუფთა კურდღელი მთლიანობაში მაინც უსუფთაოა. მაცხოვარი ამბობს: „ ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგარიტსა თქუენსა წინაშე ღორთა“ (მათე 7,6). ამით გვიჩვენებს, რომ მასთან სანახევროდ მიახლებულები ღორებს ემსგავსებიან; ხოლო ვინც თავის ძველ ცოდვებს უბრუნდება, ძაღლს ემსგავსება, რომელსაც თავის ნათხევართა მიბრუნება და მისი თქვლეფა ჩვევად აქვს.