მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანული ყოველ ადამიანზე ვრცელდება

 

მაშ ასე, ადამიანო, სინანული არსებობს, რადგან ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. სინანული არ არსებობს მათთვის, ვინც სინანულით ვაჭრობს. ვინც მონანიების იმედით ცოდვაში აყოვნებს, მას არ მიეცემა სინანული. სწორედ ასეთებზეა ნათქვამი, რომ სინანულს ძალა არ აქვს მათთვის. ვინც ღვთის წინაშე დაუდევრობს, ღვთის სათნოდ ცხოვრებას არ ცდილობს, მისთვის არ არსებობს სინანული. ვინც იცის, რომ ბოროტება დამღუპველია და ბოროტმოქმედებას მაინც სჩადის, მას ცოდვები არ შეენდობა სიკვდილის შემდეგ, რადგან ცოდვის მსახური იყო. უკანასკნელ სამსჯავროზე მონანიების საშუალება აღარ იქნება - მსაჯულის საქმე მიტევება კი არ არის, არამედ - განაჩენის გამოტანა საქციელზე, რომელსაც აღიარებენ. სამსჯავროზე მსჯავრი დაედება ყველას. ან კი როგორ შეიძლება მონანიება აღდგომის დღეს? ჩვენ შვილთა სხმისა და ცხოვრების მოწყობისათვის რომ ვდგებოდეთ მკვდრეთით, მაშინ მონანიების იმედიც გვექნებოდა, რადგან ცხოვრება ისევ სკოლა, ისევ სასწავლებელი იქნებოდა, და ჩვენს განკარგულებაში დარჩებოდა თავისუფალი ნება და გონება. არავის უნახავს, მსაჯულის წინაშე ავაზაკი - ბორკილგაყრილი არ იდგეს, ხოლო მრუში და საფლავის მძარცველი მშვიდად დადიოდეს. ასევე, სამსჯავროზე ჩვენი ბორკილი მხილება იქნება, გუშაგი - განსასჯელებთან ერთად დგომა, დამონება - სინდისი და ნებელობის სწრაფვა, რაც მსაჯულის მოკვლევით უმოქმედობაში მოიყვანება.

სინანულს არ ვქადაგებ, რათა დაუდევრად არ იცხოვრო (მონანიების იმედით), მაგრამ არც უარვყოფ მას, სასოწარკვეთაში რომ არ ჩავარდე (ჩადენილი ცოდვების გამო). არ გეუბნები: „ახლა დაუდევრად მოიქეცი, მონანიებას მერეც მოასწრებ“; არ გასწავლი ცხოვრებაში ცოდვების ჩადენას და სამსჯავროზე მონანიებას. წინასწარმეტყველიც ამბობს, რომ ჯოჯოხეთში არავინ აღიარებს ცოდვებს (ფსალმუნი 6,6). ნათლისღების შემდეგაც თუ შევცოდავთ, შეგვიძლია მოვინანიოთ, მაგრამ დაუდევრები არ უნდა ვიყოთ მონანიების იმედით. თუ სცოდავს ის, ვინც იცის - რა არის კარგი - და სიკეთეს არ აღასრულებს, მაშ რამდენად მეტად სცოდავს ის, ვინც იცის - რა არის ცუდი - და მაინც სჩადის ბოროტმოქმედებას?

თუ სინანული ძალიან კარგი რამ არის, მისი შეურაცხმყოფელი ცუდად იქცევა, და თვით სინანული შერისხავს მას: რატომ ფიქრობდა, თითქოს მას (სინანულს) ცოდვისა ისე „ეშინია“, რომ ადამიანის შეწევნა არ ძალუძს. ხოლო თუ ცოდვით ტკბობას მიეცემი და მასში დააყოვნებ, მაშინ სინანული პირს იბრუნებს შენგან, რადგან იცოდი, - რა კარგია ცოდვის მონანიება და მისგან გათავისუფლება, - და ამას ცოდვაში დაყოვნება ამჯობინე, სინანული ცოდვების მოტევებას ქადაგებს, მაგრამ მის მიმართ დაუდევარ მოპყრობას ვერ ითმენს. ვინც მას მიმართავს, განუყრელად მათთან მყოფობს, ხოლო ცოდვაში ჩაფლულებს ზურგს აქცევს. ისმინე, რას ხმობს უფალი: „რაჟამს მიიწიის უღმრთოი სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის” (იგავნი 18,3); და კიდევ: „ღაღადებდნენ და არა შევისმინო“ (ზაქარია 7,13).

შენ ამბობ, რომ ნათლისღების შემდეგ მონანიება შეუძლებელია; მაშ იოანე მახარებელმა რატომ თქვა: „ნუგეშინის-მცემელი გვივის მამისა მიმართ ქრისტე იესო მართალი და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთა, და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთა, არამედ ყოვლისა სოფლისა“ (1იოანე 2,1-2)? აქ თავის თავიც ჩართო წმინდანმა, რითაც სურდა ეჩვენებინა, რომ სინანული ვრცელდება მცოდველებზე ისეთი უხვი და მაღალი მადლის მიღების შემდეგაც, როგორც უწმინდეს იოანე მახარებელს მიენიჭა. შენ ამბობ, რომ ნათლისღების შემდეგ სინანულს ძალა აღარ აქვს? ბოროტი მონა ხარ შენ და შენი ტალანტი მიწაში დაგიფლავს: სინანულს არ ქადაგებ, რათა მართლმკვეთელმა სიტყვამ ცოდვილთა სულები მოინადიროს დასჯისაგან გამოსახსნელად და საცხონებლად. მაშ იცოდე, რომ სინანულის ურწმუნოება ცოდვაა, უკეთურებაა.

ტალანტით დავიწყეთ სიტყვა, ტალანტითვე დავასრულოთ; მრავალჯერ გავამრავლოთ ღმერთის მიერ ბოძებული ტალანტი, რათა ვცხონდეთ; და დაე, საყოველთაო აღდგომის დღეს შეგვიწყნაროს უფალმა, რომელსაც შვენის დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე. ამენ.