წმიდა ეფრემ ასური
სინანული სულიერი სარგებელია
ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღმოფხვრის მათ და სათნოებას თესავს. ის იღებს იმას, რაც არ გაუცია; სინანული კეთილმსახური შემკრებია, სარგებლისა, მომკითხველი იმისა, რაც არ გაუცია. ის ცოდვილებს მიმართავს: “მომეცით თქვენი ცოდვების ტვირთი - ჩემი ზღვევინების სარგებელი. სარწმუნოებას იმარხავ? მე შენი სარწმუნოების მონაგარი ვარ და თანანადებისგან გაგანთავისუფლებ. მე შენთვის მზაკვრობა და ბოროტება არ მომიცია, ადამიანო; პირიქით, მე მომეცი შენი ბოროტება, გავანადგურებ მას და ღვთის წინაშე წარგადგენ, როგორც გვიცხადებს ამას იგავი ტალანტებზე”.
კარგად გაიაზრე და ჩასწვდი გონებით, რას ამბობს სახარება - სინანულს ის ღმერთის სავაჭროს უწოდებს: ღვთისსათნო მოვაჭრეებმა მისით გაიორმაგეს თავიანთი სამკვიდრებელი. კეთილმა მუშაკებმა მისით გაანოყიერეს საღმრთო ხნული, მისი ნაყოფით გაამდიდრეს ეკლესია, საღმრთო ბეღლები გაავსეს. სინანულის მეშვეობით მიწა ზეცად იქცა, რადგან წმინდანებით ქვეყნის ანგელოზებით - აივსო. იქებიან კეთილი მსახურები, სინანულით მრავალჯერ რომ განამრავლეს ნათესი. ჯილდოებს მიეწიფნენ ღვთის ქველი მნეები, რომელთაც დიდი სარგებელით დადეს ვერცხლი სავაჭროზე. ჯილდოების მიხედვით ვიმსჯელოთ მსახურზე, უფლის ქების მიხედვით ვიცნოთ თესლი. სარგებლის მიხედვით ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენია დადებული სავაჭროზე. “ვინაიდან, - ამბობს სინანული, - კეთილად იმსახურეთ და ხუთ ტალანტს სხვა ხუთიც შესძინეთ, ათ ქალაქზე დაგადგენთ უფალი. უფალო, შენ ვერცხლს იღებ და ქალაქებს გასცემ; შენ ჯერ ტალანტები მოგვანიჭე და ახლა ქალაქებს არიგებ”. “დიახ, - ამბობს იგი, - ქალაქები სინანულით შეკრებილი ნაყოფია. რაკი თქვენ თქვენს ცხოვრებაზე ზრუნავთ, მე ხალხებს მთავრებად დაგადგენთ და გადიდებთ”.
|