მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანული საღმრთო ტრაპეზია

 

სინანული არის აგრეთვე საღმრთო ტრაპეზი, რადგან ღმერთი მის მიერ იგემებს ადამიანთა ცხონებას. აკი მაცხოვარიც ხმობს. „ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა, და აღვასრულო საქმე მისი“ (იოან.4,34). სინანული სასწაულებრივი პურია უფლისა: ღმერთი სინდისის აღსარებას იგემებს მისით, ლმობიერების ცრემლს სვამს, კეთილსურნელი საყნოსავით-სულთქმის წრფელი გრძნობით ტკბება, რადგან ღმერთისთვის ისინი სურნელოვან ღვინოსავით საამოა. აი, საღმრთო ტრაპეზი: თავშეკავება, მარხვა, მღვიძარება, გულმოდგინე ლოცვა, მორჩილება, თავმდაბლობა. ყოველივე ეს ღმერთს სხვა შესაწირავებზე უმეტესად სთნავს. ის დავით ფსალმუნთმგალობლის მიერ ამბობს: „ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა. (ფსალმ.49,13)? თქვი, წინასწარმეტყეველო, რას იგემებს ღმერთი, რომელი სასმელი აამებს? დავითი მოგვიგებს: გინდა, რომ ღმერთმა ტრაპეზი იგემოს? თუკი ღვთის დაპურება გსურს, შესწირე „ღმრთისა მსხვერპლი ქებისა“ და იგი ყოველ ამგვარ მსხვერპლს შეიწყნარებს; „მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი“ (14) და მას საუკეთესო სასმელს მიართმევ. პავლე მოციქული ამბობს, ქველის მოქმედება სამეუფო პურია. უფალს თქვენი სიტყვიერი მსახურება შესწირეთო (იხ: რომ.12,1), - ამბობს იგი, - რადგან ქრისტეს ერთ პურში ყველა „ერთ-ხორც ვართ, რამეთუ ყოველსა ერთისა მისგან პურისა მოგვაქვს“ (1 კორ.10,17) და ქრისტეს პურისგან მასვე ვწირავთ შესაწირავს. ქრისტეა „კრავი ღმრთისა, რომელმან მიიხუნა (მიიღო, თავს იდო) ცოდვანი სოფლისანი“(იოან.1,29) სინანული კი ცოდვილებს უწმინდურ სინდისს განუწმენდს.

 

მაშ მოვინანიოთ ჩვენ, ცოდვილებმა, რათა ეშმაკს ვძლიოთ; მოუკლებლად ვინანიოთ, რათა ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ. სინანული - მრავალგვარია და ამიტომ სხვადასხვაგვარ წინადასაგებელს (შესაწირავ ძღვენს) განუმზადებს ღმერთს. ის, როგორც ვთქვით, აპურებს მას ქებით და აღსარებით; აპურებს თავშეკავებით, კეთილმსახურებითა და მოღვაწეობით, სხვადასხვაგვარი მოწყალებით. სწორი იქნებოდა განა, რომ ადამიანებისათვის წვეულ ვახშამზე სხვადასხვანაირი საჭმელი მიგვერთმია, ღვთისთვის კი ერთფეროვანი წინადასაგებელი შეგვეწირა? ამიტომ უთხრა ქრისტემ მოწყალეებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამათ მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათ.25,40).

 

ეს როგორღა ხდება? ის ჩვენთან არ არის და ჩვენგან მოწყალებას იღებს? ვისთანაც არ საუბრობს, მათთან ერთად ტრაპეზობს? იმ ადამიანებთან მყოფობს, ვინც მას არ მოუხმობს? წინასწარმეტყველი ამბობს, რომ „ცასა და ქუეყანასა აღავსებს“ (იერ. 23,24) უფალი. ასე რომ, ის ყოველგან არის და იდიდება, რაც სათნოა მის წინაშე.