მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანული სავსებით გარდაქმნის ადამიანს

 

სინანული, საყვარლებო, უზარმაზარი ბრძმედია-მასში სპილენძი ოქროდ გარდაიქმნება; ის ტყვიას იღებს და ვერცხლს გასცემს. რომ იცოდეთ, რა დიდ სარგებელს აღუვლენს სინანული! სპილენძს გამოახურებს და საზღაურს არ ითხოვს; არც შეშა სჭირდება, არც ცეცხლი, არც მუშაკები. როგორი ხელოვნებაა! როგორი გამოგონებაა, როგორი ძალაა გარდაქმნისა! ტყვია თვითონ გადაიდნობს თავს. როგორ? როგორ და ისე, რომ ცოდვილები თვითონ იქცევიან ბრძმედებად თავიანთი თავისთვის. სულთქმები, სულს სხეულს წინააღმდეგ რომ აჯაყებენ, იმდენად აღატყინებენ სინანულის ცეცხლს, რომ ცოდვები სიმსუბუქეს იძენენ და თვითონვე დნებიან! ცოდვისა და მანკიერების სიმკვრივეები მაშინ დაიხსნება, როცა ცრემლით იგლოვებს ის, ვინც სულთითქვამდა და სინანული განწმენდს დარღვეულ მანკიერებას მანამ, სანამ მადლი გონებას შეენივთება და ტყვიას ოქროდ აქცევს. თუ გინახავს შენ, როგორ იღებს მინა იაგუნდის ზურმუხტის და საფირონის ფერს, მაშინ არ დაეჭვდები, რომ სინანული - თითქოს ტყვიას ვერცხლად გარდაქმნის და სპილენძს ოქროდ. თუ ადამიანის ხელოვნებასაც შეუძლია, ერთი ნივთიერება მეორეში განაზაოს და ძველს ახალი სახე მისცეს, მაშინ რამდენად მეტად ძალუძს საღმრთო მადლს კიდევ უფრო მეტის აღსრულება? ადამიანი მინას ოქროს ფურცლებს აფარებს და ის, რაც უწინ მინა იყო, ოქროს შესახედაობას იღებს. ასევე საღმრთო მადლი მას, ვინც გუშინ უსჯულო იყო, დღეს ღვთის მონად აქცევს. და აქცევს არა ზედაპირულად და გარეგნულად მხოლოდ, არამედ სინდისშიც ღვთის წინაშე. ადამიანსაც რომ მოესურვებინა მინისთვის ოქროს შერევა, ის ოქროსებრ მინას მიიღებდა. მაგრამ ადამიანი ხარჯებს ერიდება და მინაზე ოქროს სიფრიფანა ფირფიტების დადებით ლამობს. ამის მიღწევას. სინანული კი ღმერთის სათნოებას ეფუძნება, მონანულს სულიწმიდის მადლთან შეამტკიცებს და ადამიანს სავსებით აქცევს ძედ ღმერთისად, რათა მას არა გარეგნული ბრწყინვალება, არამედ შინაგანი სამეუფო ზეზი ამკობდეს.