მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანული დღესასწაულია

 

თუმცა ყველა სათნოება აპურებს ღმერთს, მაგრამ ყველაზე დიდ ტრაპეზს სინანული განუმზადებს. საღმრთო წერილი გვაუწყებს: „იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა“(ლუკ.15,7). სინანული დღესასწაულია ღვთისა, რადგან ზეცასაც მოუხმობს ნადიმზე. ანგელოზები ხარობენ, როცა სინანული მათ სერობაზე იწვევს; ზეცის დასთა დასები ნადიმობენ, სინანულისგან გამხიარულებულნი. ზვარაკებსა და ვაცებს არ კლავს სინანული, არამედ ცოდვილი ადამიანების ცხონებას წინადაუგებს ღმერთს სადღესასწაულოდ.

 

სინანული მსხვერპლად წირავს ცოდვილებს, მაგრამ კვლავ განაცხოველებს მათ; აკვდინებს და კვალად აღადგენს მკვდრეთით. როგორ ხდება ეს? ისმინე: სინანული ცოდვილებს თავის წიაღში იწყნარებს და მართლებად აქცევს, ანუ განამართლებს. გუშინ მკვდრები იყვნენ, დღეს სინანულის მიერ გაცოცხლდნენ უფლისთვის; გუშინ უცხოები იყვნენ, დღეს უფლისანი არიან: გუშინ უსჯულოები იყვნენ, დღეს წმინდანები არიან.