მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანული ამპარტავნების საკვებად არ უნდა ვაქციოთ

 

წინასწარმეტყველი ამბობს:,, ეკლესიასა შინა უფლისასა ნუ სტირთ ცრემლითა“ (მიქ. 2,5-6). ის სინანულს არ უგულებელყოფს და არც უფლის წინაშე მდაბალი გულიდან ამოთქმულ აღსარებას უწოდებს სიცრუეს, არამედ ამბობს, რომ თუკი უკეთური განზრახვით თვალთმაქცურად იღვრება ცრემლი, ასეთი მონანიება არამყარია. უფალი სხვა წინასწარმეტყველის მიერ ხმობს კიდევ: „განიხეთქეთ გულნი თქუენნი და არა სამოსელნი თქუენნი“(იონ.2,13). მას სურს, სინანულით კი არ ვიწონებდეთ თავს და ვმედიდურობდეთ, არამედ ნამდვილად მოვინანიოთ. დავითი ამბობს: „ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“ (ფსალმ.6,7). ეკლესიაში კი არ ვიდენ ცრემლს, ადამიანებს მხოლოდ გარეგნულად კი არ ვაჩვენებ სინანულს და დიდების მოხვეჭას ვეცდები, მართლად რომ შემრაცხონ, არამედ ჩემს საძინებელში ცრემლით „დავბანო მარად ღამე „ ცხედარი ჩემი. ასე მოვიქცევი, რათა თანხმობაში ვიყო ქრისტესთან ამ სიტყვების წარმომთქმელთან: „დაჰხაშ კარი შენი, და ილოცე“. და მამა ღმერთი, ვისთვისაც დაფარულად იქმ, გიზღავს შენ და ღვთის წყალობას ცხადად მიიღებ ( იხ: მათ.6,6). დავითი ამბობს: ,,დავშვერი სულთქმითა ჩემითა“( ფსალმ. 6,7). განა რისთვის? იმისათვის, რომ მისი კვნესა არავის გაეგო, ხოლო ამოსკვნილი სულთქმის შეკავება შრომაა, დავშრომაა. „რაი სთქუათ, - ამბობს იგი, - გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ“ (ფსალმ. 4,5), ადამიანებს კი არ განუცხადოთ. ბევრნი ვაჭრობენ აღსარებით - ხშირად იმაზე უკეთესებად აჩვენებენ თავს, ვიდრე სინამდვილეში არიან, და ამით თავს იფარავენ. მეორენი სინანულით ირეწენ და მისით დიდებას ყიდულობენ; სხვები სინანულს ამპარტავნების საბაბად აქცევენ და მოტევების ნაცვლად ახალ ვალებს იწერენ. ჯერ ძველი ვალისაგან არ გათავისუფლებულხარ და ახალს იდებ? ვალის გადასახდელად მოხვედი და ახალი ვალებით იბორკავ თავს? ვალისაგან გათავისუფლებას ცდილობ და მრჩობლ მონობას განიმზადებ? აი რას ნიშნავს თქმული: „და ლოცვა მისი შეერაცხენ მას ცოდვად“ (ფსალმ.108,7). ასეთი ადამიანი როგორ არ დაუბრუნდება ცოდვას? როგორ არ მიეცემა ვნებებს ხელახლა? მოასვენებს მას გველი? ქვეწარმავლები აღარ შეაწუხებენ განა? ვაი, რომ მასზე აღსრულდება ქრისტეს ნათქვამი: მასში ჩასახლდებიან „სხუანი შვიდნი უბოროტესნი სულნი“ (ლუკ.11,26). კაენმა თავი იმართლა და ღმერთს დასცინა; ამიტომაც შვიდი სასჯელით ისჯება მკვლელობისათვის - განგვიმარტავს სიტყვა უფლისა.

სინანული არა ხმაურსა და ბრწყინვალებას არამედ აღსარებას საჭიროებს. ზომიერი იყავი ყველაფერში: ნუ ილაპარაკებ ძალიან ბევრს და ნურც სიტყვაძუნწობას გამოიჩენ. მეტისმეტად თავმოდრეკილი და მოხრილი ნუ იდგები ეკლესიაში, ასევე: მოღუშულ და კუშტ სახეს ნუ მიიღებ სავაჭროზეც, არამედ ყოფაქცევაში ზომიერება შეიძინე. შინ მრისხანე ნუ იქნები და ქუჩაში თავდაბალი; გლახაკივით ნუ დამწუხრდები და ნურც მასხრად ააგდებიებ თავს ვისმე ქარაფშუტასავით, არამედ ყოველივე, მოციქულის სიტყვისამებრ, „შუენიერად და წესიერად“ (1 კორ. 14,40) აღასრულე. დანიელის ღირსება ვერ დაამცრო ბაბილონმა და შენც ვერ დაგამდაბლებს ქალაქში ყოფნა. თუ ჭეშმარიტად კეთილმსახური იქნები. სამი ყრმა სახმილმა ვერ შეწვა და შენც არ გევნება, როცა მორჩილების შესასრულებლად ან საერთო - სასარგებლო მსახურებისთვის ქალაქში ან სოფელში წახვალ, თუ შენ საქციელს თავშეკავება და სარწმუნოება მართავენ. ტობია ნინევიელებთან ცხოვრობდა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ზიანი ვერ მიაყენა. ლოტის წმიდა და უკიცხველი ცხოვრება სოდომელთა უსჯულოებამ ვერ შეამწიკვლა და მათმა გაშმაგებულმა გარყვნილებამ ლოტის მტკიცე სარწმუნოება ვერ შეარყია. თუ შენც შეიძენ გულმოდგინებას, სავაჭრო ადგილზე ყოფნაც ვერ შეგიქმნის დაბრკოლებას ღვთისკენ სავალ გზაზე. დუმილს სისასტიკის საბაბად ნუ აქცევ და მოღვაწეობა მწირთა შეწყნარებაზე ნუ დაგაბრკოლებს. უპოვარება არა ადამიანობის მიზეზად არ გექცეს და მცნების აღსრულების გამო უნაყოფო ნუ დარჩები.