|
წმიდა ეფრემ ასური
სინანული ძველი ცოდვების დატოვებას ნიშნავს
გამოწვლილვით გამოვიძიოთ ჩვენი ცოდვები და მოვინანიოთ, თავი გამოვიწუროთ სინანულით, რათა მიტევების მადლი-ჩვენი ნამდვილი ფერი -არ დავკარგოთ. გამოწურვა ნიშნავს ყოველივე იმის გულმოდგინედ დატოვებას, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება. ამგვარად შევიძენთ ფერს, რომელიც ჩვენს სულში გამოიწრთო, და ეს ფერი უკვე აღარ გადაგვივა. გულმოდგინედ განიბანე თავი ცრემლით, როგორც მატყლს რეცხავენ, თავი დაიმდაბლე, გაიუბრალოვე და ყოველმხრივ შეიზღუდე. ასე რომ განიწმინდები წინასწარ, მადლის მიღებისთვის უკვე გამზადებული წარდგები ღვთის წინაშე.
ზოგიერთი ადამიანი მოინანიებს ცოდვას, მაგრამ ისევ იმავე ცოდვით ეცემა. ეს იმის გამო ხდება, რომ მან სავსებით არ დათრგუნა თავის გულში დაფარული გველი, არამედ მის ხატებას სულში დაბუდების უფლება მისცა. ამის გამო იგი თითქოს მუცელში ისახება და ხელახლა აღიდგენს თავისი ბოროტების სრულ სახეს. როცა ხედავ მონანულს და ხელახლა მცოდველს, იცოდე, რომ იგი თავის გონებაში არ შეცვლილა, მასში ჯერ კიდევ დაცოცავს ცოდვის ქვეწარმავალი. მტკიცე და მყარი სინანულის ნიშანი კი არის შემოკრებილი და მკაცრი ცხოვრება, მზვაობრობის დატოვება, თავზე დიდი წარმოდგენის უგულებელყოფა. გულწრფელად მონანულ ადამიანს გონება მიწყივ საწადელი იესო ქრისტეს მიმართ უნდა ჰქონდეს მიპყრობილი იმ სურვილით, რომ ქრისტეს მადლით ახალ ადამიანად იქცეს. ასე მატყლი იქცევა ძოწეულად, ან ცისფერ, ან იაგუნდისფერ ქსოვილად.
თავი მოიზღუდე ყოველივესგან, რაც სათნოებებს ეწინააღმდეგება, რადგან სინანულით დამაშვრალ გონებას უგულისხმოეაბა, უგუნურება მოეზავება. თუ მარხულობ და სულელურად იცინი, ადვილად წაიბორძიკებ. თუ ლოცვის დროს ტირიხარ, საზოგადოებაში კი ერისკაცივით გიჭირავს თავი, ადრე გაებმები ბოროტის მახეში. თუ შენი უბიწო ყოფაქცევის მიუხედავად, დაუდევარი ხარ, დაცემას არ დააყოვნებ.
მთელი გულით უნდა შეინანო ცოდვები. მონანული ვალდებულია, მუდამ ერთნაირი იყოს; სახელდობრ, ყოველთვის დაცემულ ცოდვილად გრძნობდეს თავს. თუ ნაკლულევანება გამოაჩნდება ვისმე, ეს არასრული მოქცევის ნიშანია. თუ ვინმე შეიცვლება (კვლავ ცუდისკენ), ამით საცნაური გახდება, რომ მის სინანულს გონებაში მტკიცე საფუძველი არ ჰქონია. ასეთი ადამიანი მოსწავლე ბავშვივით ინანიებს: ნაცემივით ტირის და ინანიებს არა ნებით, არამედ იძულებით. წუთისოფლის კანონები შიშით ცვლიან ადამიანების ყოფაქცევას, მაგრამ ამით მათი გულის განწყობილება არ იცვლება. შენც, როცა ინანიებ, გულის სიღრმეში ფიქრობ: „თუ შემთხვევა მომეცემა, ისევ ჩავეფლობი მანკიერებაში“. არ გისურვებ, მონანულო, გამუდმებით ტირილს და მცირე ხნის განმავლობაში უგულისხმობაში ჩაფვლას. არ გისურვებ სულ ეკლესიაში ყოფნას და იქ ისე მოქცევას, როგორც სავაჭროზე იქცევიან. ნუ გგონია, რომ არსებობს ღმერთისთვის განკუთვნილი საათები, სიბრძნის მოხვეჭას რომ უნდა დაეთმოს, და არსებობს ეშმაკისთვის განკუთვნილი საათები, როცა ლირწებაში ჩაფვლა შეიძლება. ნუ ანგარიშობ, ნუ გგონია, რომ ხან კეთილმსახურების ჟამია, ხან კი-უსჯულოებისა. ასე მსახიობები იქცევიან: საზოგადოებაში ისინი წესიერი ხალხია, სანახაობის დროს კი უპატიოსნო, სასეირო ადამიანები ხდებიან; საზოგადოებაში დამაჯერებლობას იმსახურებენ, სახილველზე კი მატყუარები არიან. შენ კი სავაჭრო ადგილზეც ისეთივე იყავი, როგორიც ეკლესიაში ხარ; ისეთივე ზუსტი იყავი საქმით, აზრებით, საქციელით, სიტყვებით, როგორიც აღსარების დროს ხარ.
|
|