წმიდა ეფრემ ასური
სინანული ღმერთმა დააწესა
იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბიძგებს, ხოლო სინანული გვირჩევს, უშჯულოება მოვიძულოთ და ღვთისადმი მოვექცეთ. პირველი სასოწარკვეთას გვინერგავს, ხოლო მეორე ცხონების სასოებას აღგვითქვამს. ცოდვა სინდისს აღშობს და აძინებს, სინანული კი მისი განწმენდისა და დამშვიდების კვერთხია. „უფალმან აღმართნის დაცემულნი” (ფსალმ. 145,7), და ამას იქმს ის სინანულის მეშვეობით. დავითი რომ ამბობს: “კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე” (ფსალმ. 22,4), გაიაზრე და ჩასწვდი, რომ ის სინანულის მიერ ნუგეშისცემას გულისხმობს. გველი გვარწმუნებს, უპატიოსნოდ მოვიქცეთ, და სიმწარეს განგვიმზადებს, სინანული კი გვირჩევს, არ შევშინდეთ და ცხონების სასოება არ დავკარგოთ. ბიწიერება გონებას აბნელებს, ხოლო სინანული ანთებული ჩირაღდანი-შორიდანვე უჩვენებს მას ღმერთს.
მონანულის ფეხთა სანთელი სჯულია (დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “სანთელ არს ფერხთა ჩემთა და ნათელ ალაგთა ჩემთა სჯული შენი, უფალო”), ოღონდ სინანულის გარეშე სჯულიც ურგებია, რას ამბობ წინასწარმეტყველო? განა თვალს არ უნათებს სანთელი? ფეხებს ხომ თვალები არა აქვთ! თვალებს უგულებელჰყოფ განა და ფეხებს ანიჭებ მხედველობას? სულიერი ფეხი გონების თვალია. სხეული ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის, რათა დაინახოს ის, რისი დანახვაც სურს, სული კი ადგილიდან არ იძვრის და გონებით განჭვრეტს. წინასწარმეტყველმა (დავითმა) სულს აუნთო სანთელი. მაგრამ გონების თვალს ნივთიერი სანთელი არ სჭირდება. სინანულის სანთელი სჯულია, რადგან ცოდვილები მის მიერ შეეყრებიან ღმერთს. უკეთურს სული დაუბნელდა, ის ვერ ხედავს ღვთის სიკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ მტერმა სასოწარკვეთით აუვსო გული. მაგრამ სინანული - კეთილი ექიმი, მის სულს თითქოს ხშირი არმურიდან გამოიყვანს, ათავისუფლებს ყოველივე იმისაგან, რაც სიძნელეებს უქმნის, და მას საღმრთო სახიერების ნათელს განუცხადებს.
|