მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი მხილებაჲ მონაზონთა უდებთა და დახსნილთაჲ

 

ძველი ქართული თარგმანი


რომელი აბრალებდეს სხუათა, ჯერ-არს მისა, რაჲთა არა იყოს იგი ბრალეულ. რომელი სხუათა განიკითხვიდეს, ნუმცა ვისგან განიკითხვის იგი საქმეთა თჳსთათჳს. რომელი ამხილებდეს მომხუეჭელთა, ნუმცა ემხილების მას უსამართლოებაჲ. რომელსა ჰნებავს სარკე ყოფად, იხილენ და განიცადენ მან ხატი თჳსი. პირველად წმიდა ყავ და განაშუენე ტაძარი შენი, რაჲთა სავანე ყოს მას შინა უფალმან. ხოლო უკუეთუ იპოვოს მას შინა შფოთი და ძჳრისა ჴსენებაჲ, სული მრუშებისაჲ დაემკჳდრების მას შინა. უკუეთუ არს რისხვაჲ სახლსა შენსა, კუამლითა სავსე არს, განჴადე სახლით შენით შური და მანკიერებაჲ, რომელ არს სულმყრალობაჲ ბოროტი, და შეიხუენ მას შინა საცეცხლურნი სავსენი საკუმეველითა სულნელითა. განგავე სახლი შენი სკორისაგან, რომელ არიან საქმენი საძნაურნი და ჩუეულებაჲ ბოროტი, და მოჰფინე მას შინა ვარდისა წილ და შროშნისა სულნელისა ლოცვაჲ ლმობიერი და სულ-თქუმაჲ მწუხარებით და გლოვით.

მოვედით და ვაბრალობდეთ სიდუხჭირესა აუგთა ჩუენთასა და ესრეთ განვდევნოთ მტერი ჩუენი მოქადული, და ცოდვაჲ მოვიძულოთ. უკუეთუ არა გინებით ემხილოს უმშჯავროსა, არასადა დასცხრეს საქმეთა მისთაგან ბოროტთა. მუშაკმან კეთილმან განმარგლის ყანაჲ თჳსი ღუარძლისაგან, და რომელი სულიერად ასწავებნ, განწმიდის გონებაჲ რყუნილებისაგან. უკუეთუ არა შეჰრისხნეს მოხუცებული, არასადა სრულ იქმნეს ჭაბუკი. სილირწჱ და ურცხჳნოებაჲ ეშმაკისაჲ უფროჲს არს სილირწესა ძაღლისასა, რამეთუ ძაღლსა ოდეს კაცი შეჰრისხნის, მუნთქუესვე ოდენ გარე განვიდის, ხოლო ეშმაკი ძნიად განვიდის შერისხვითა, რამეთუ მომაძულნიან ჩუენ მკურნალნი, რაჲთა სენნი ჩუენნი უკურნებელად ეგნენ გუამთა შინა ჩუენთა, რამეთუ ოდეს მოვიძულნეთ წამალნი, დაადგრეს ტკივილი ჩუენ თანა. ამისთჳს მომძულნის ჩუენ ეშმაკმან მოძღუარნი და მასწავლელნი ჩუენნი, რაჲთა სარგებელისაგან განგუაშორნეს და მყვნეს ჩუენ შეურაცხის-მყოფელ და მწუნობარ მასწავლელთა ჩუენთა, რაჲთა არა განგუამტკიცნენ, და მაწუევნ ჩუენ შურის გებასა თავით-თჳსით შემაწუხებელთა ჩუენთაგან, რაჲთამცა სატანჯველნი განგჳმრავლნა ჩუენ საუკუნესა მას. მასწავებნ ჩუენ ტყუვილსა, რაჲთა ჩუენ ძლით დაიფარნეს ზაკულებანი და აუგნი თჳსნი. შეიმოსის სახე კრავთაჲ, რაჲთა არა ივლტოდიან ცხოვარნი. არა მიფლობს ჩუენ მოქცევად და შენანებად, რომელი-იგი არს სახე სარკისაჲ, რაჲთა მას შინა ვიხილნეთ ბრალნი ჩუენნი და განვიშოროთ ზაკულევაჲ მისი. იგი თჳთ ბრძოლად აღუდგის მამხილებელსა და მასწავლელსა ჩუენსა, რაჲთა არა გამოჩნდენ ზაკულებანი მისნი და ამაო იქმნენ მრავალ[ნი] ღონის ძიებანი მისნი სწავლითა მისითა. ვითარცა სარკითა შემოგჳთხზის ჩუენ გულ-ფიცხლობაჲ, რაჲთა რყუნილობათა მისთა ვიდოდით. და სულ-მყრალობაჲ მისი მოაწიოს ჩუენ ზედა, რაჲთა სულ-გრძელობით საქმეთა შინა მისთა ვიქცეოდით. მყვნის ჩუენ ურცხჳნო და კადნიერ, რაჲთამცა წარმწყმიდნა წარმდებებასა შინა და თავჴედობასა ჩუენსა. მიმტაცის ჩუენგან სირცხჳლი, რაჲთა არად შევჰრაცხნეთ მამხილებელნი ჩუენნი. მასწავის ჩუენ, ზაკუვაჲ, რაჲთა ესრეთ ვცოდვიდეთ. საშჯელისა სიტყუანი მასწავლნის ჩუენ, რაჲთა მძლე ვექმნეთ სიტყჳს-მგებელთა ჩუენთა სიტყჳთა ბოროტითა. ასწავის ჭაბუკთა ურცხჳნოებაჲ და კადნიერებაჲ და მოხუცებულთა გულსა შთაუგდის შიში ჭაბუკთაჲ, რაჲთა არა შეურაცხობით აღიმცირნენ.

მლაღობელსა ასწავის გინებაჲ და მასწავლელსა დასდვის ზარი მისი, რაჲთა არა ასწაოს და განიკურნოს. მყვნის ჩუენ საიდუმლოდ საწუხელნი და კაცთა წინაშე საწადელნი, რაჲთა მყვნეს სამარე განგოზილ, სავსე სიმყრალითა მკუდართაჲთა. უკუეთუ აღშფოთნის ჴელმწიფე, ოქრომან დააწყნარის, და უკუეთუ განჴურდეს მსაჯული, ვეცხლმან დაამდოვროს და მამხილებელი ქრთამმან დაადუმოს. სადა უკუე არს მგელთა ქორწილი და სიხარული, უკუეთუ მწყემსმან დაიძინოს. განრყუნაჲ მათი უფროჲს ჭამისა არნ. მომხუეჭელი ზომსა ვერ იწონს მოტაცებისასა. კუამლი მავნებელ არს სახედველთა და უმშჯავროებამან დააბრმის ბრძენი. ვაჭრობასა შინა არნ ჭელტობაჲ და ცილობაჲ. უბიწონი შესთხინის შურსა ეშმაკმან.

კაცის-მკლველი თჳსითავე მახჳლითა მოიკლას და ფრიად მზრახი ენისაგან მოინადიროს, ყვის დაჴსნილ ცოდვილი საქმითა თჳსითა და მოსწრაფე ზაკუვითა. შეგინებულსა აშფოთებნ სიმყრალითა და უბიწოსა - შურითა. იხილნა ეშმაკმან საქმენი ღმრთისანი, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემს ნიჭთა მისთა, და განახუნა საუნჯენი თჳსნი და რომელსამე მისცა ამპარტავნებაჲ და სხუასა გულ-ფიცხლობაჲ და სხუასა შური. და რომელსამე ასწავა ზუაობაჲ, და სხუასა - თავჴედობაჲ. და რომელი სიწმიდით ზის, მოსწრაფებით ასწრაფებს მრუშებასა. ეშმაკი მომრუშეთა თანა ძლიერ არს და მმარხველთა თანა უძლურ, და არა დასცხრების ყოლად ყოვლით კერძოვე საფრჴეთა თჳსთა დარწყუვად, და სულგრძელებს ბრძოლასა შინა, არცა დაშურების და არცა დასცხრების.

ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, მის მიერ ვითარი მტერი ძლიერი და მოუწყინებელი და მარადის მოსწრაფე წარწყმედასა ჩუენსა დადგრომილ არს წინაშე ჩუენსა წყობად მრავლითა მანქანებითა. ნეტარ არიან წმიდანი, რამეთუ მის მიერ გჳრგჳნოსან იქმნეს. გონებაჲ მტერისაჲ საფრჴეთა მისთა თანა არს მარადის, და ჩუენი - მონაგებთა თანა ჩუენთა. იგი მარადის სანადიროსა მისსა ზედა დადგრომილ არს, და ჩუენ - ნერგთა ჩუენთა თანა. სული ზრუნავს ხილთათჳს და უშრომელად მომინადირებს ჩუენ; რომელი არა შურებ(ი)ს, პირველად მას მოინადირებს ეშმაკი.

ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, რომლისაღა წინაშე დაჴსნილ ვართ. ვაჲ ჩუენდა სამარადისოჲსა ბრძოლისა მისისაგან. ნეტარ ჩუენ, ძმაო ჩემნო, უძლურებისა მისისათჳს. უკუეთუმცა შემძლებელ იყო ძლევად და წარწყმედად ჩუენდა, არასადამცა მრავალთა ღონეთა ეძიებდა ბრძოლისა და ძლევისა ჩუენისათჳს, ერთი ოდენ-მცა კმა იყო. ხოლო ღონის ძიებითა მისითა გუეუწყა ჩუენ, რამეთუ უძლურ არს და ვერ შემძლებელ არს იგი ძლევად ჩუენდა, უკუეთუ ჩუენ თავით ჩუენით არა მივერჩდეთ ზრახებათა მისთა ბოროტთა.

აწ უკუე კაცი შემძლებელ არს ნებითა თჳსითა ძლევად ნებასა მისსა ბოროტსა, რამეთუ ნებისა ჩუენისაგან მოგუეცემის ჩუენ ძალი და უძლურებაჲ. უკუეთუ უდებ-ვყოთ, განძლიერდეს ჩუენ ზედა. და უკუეთუ ვიღუაწოთ, მეოტ იქმნეს ჩუენ მიერ. რომელი მტერთა თჳსთა მეოტ ექმნეს, იგი განაძლიერებს მტერთა მისთა თანა მის ზედა მოკლვად მისა. თავით ჩუენით მომკლავს ჩუენ მტერი, რამეთუ ნებაჲ ჩუენი საკრველ გუექმნა. ნებითა ჩუენითა შემკრავს ჩუენ მტერი და შემაყენებს საპყრობილესა მისსა უშრომელად.

იცითა, რამეთუ ქორწილი წმიდა არს, ხოლო მან აცთუნა და შეაგინა. იხილა, რამეთუ სიწმიდე დიდად შუენიერ არს და იგი ღონის ძიებით მეძიებელ არს განრყუნასა მისსა. ღმერთი ყოვლითა ღონის ძიებითა აღამაღლებს კაცთა და მტერი ყოვლითა ღონის ძიებით გარადმოსთხევს ქუეყანად. ქალწულთა აღიყვანებს ღმერთი ზეცად და მტერი გონებათა ჩუენთა გარდამოჰზიდავს ქუეყანად და შთაჰჴდის ქუესკნელად. თუალნი ჩუენნი განხუმულ არიან ნაშენებთა მიმართ და გონებაჲ მიდრეკილ არს მონაგებთა მიმართ. იქმნა გონებაჲ ჩუენი მეძიებელ გემოთა, და ცნობაჲ ჩუენი შემკრებელ წარმავალთა. მთათა და ჴევთა შევიდა ოქროჲ და კაცნი განვიდეს ძიებად სარგებელისა, რომლისაგან ვერ განძღენ სიხარულითა. ოქროჲ მეოტ არს ჩუენგან და გონებაჲ ჩუენი მდევარ არს მისსა ძიებად; და სიმართლე, რომელი მოივლტის ძიებად ჩუენდა, ჩუენ მეოტ ვართ წინაშე მისსა. ნებათა მიერ გამოიცადების ძალი ძლიერთაჲ, ნებისაგან იქმნის ღუაწლი და ღუაწლისაგან გამოცდილებაჲ.

არნ რომელიმე გემოთ მოყუარე სანოაგეთათჳს და არა სიძვისა. არნ რომელიმე ამპარტავან და არა მპარავ, და არნ რომელიმე ძლეულ ვეცხლის მოყუარებითა და არა გემოთ მოყუარებითა ჴორცთაჲთა. და არნ რომელიმე ქების მოყუარე და სხუაჲ შუების მოყუარე. არნ რომელიმე სასუმლის მოყუარე და სხუაჲ სიქადულის მოყუარე. არნ რომელიმე მოქადულ და მბასრობელ. რომელიმე გინების მოყუარე არნ და რომელიმე მიმცემელ არნ, რომელიმე შფოთის მოყუარე არნ და სხუაჲ მასმენელ არნ მოყუსისა.

არნ, რომელსამე სძულნ უსამართლოებაჲ, და სხჳთა ვნებითა დანთქმულ არნ იგი. არნ, რომელიმე მოძულე ერთისა ბოროტისა, და სხჳთა შეგინებულ არნ ყოლადვე. არნ, რომელიმე განერის საფრჴისაგან ერთისა, და სხუასა ადგილსა მღჳმესა შთავარდის. ოდეს შეიკრის კაცი მტერისაგან, გემოთაგან, საქმე, რომელი ჰნებავნ მას, მითავე შეკრულ არნ, რაჲთა კრულებაჲ იგი მისი გემოვან უჩნდეს მას, რამეთუ უყუარს კრულებაჲ იგი. არღარა განიჴსნას ქედი მისი. და რამეთუ, რაჟამს კრულ არს იგი, ნებითა თჳსითა დაადგრეს იგი უკუნისამდე მას ზედა. რამეთუ შემკრველი იგი მისი მოძღუარი არს და იცის, ვითარმედ, უკუეთუ ნებისა მისისა შეკრას გონებითა თჳსითა, მყის განხეთქნეს საკრველნი იგი მისნი. ყოველსა კაცსა ნებითა თჳსითა შეჰკრავს და თავის უფლობისა ჴელმწიფობაჲ აქუს, თუ ინებოს განხეთქაჲ საკრველთა მისთაჲ. რომელი შეკრულ არს ჴორცითა, არა შეკრულ არს სიძვითა. და ჰგონებდეს საწყალობელი, ვითარმედ არა შეკრულ არს იგი. და რომელი შეკრულ არს კიცხევითა და ბასრობითა, რავდენ არა კრულ არს იგი პატივითა. ჰგონებდეს იგი, ვითარმედ ჴსნილ არს. ნუ ჰგონებნ, რამეთუ შეაცთუნა ყოველი კაცი საკრველითა მისითა, ვითარცა მთრვალი რაჲ შეიკრის და არა აგრძნობნ. რომელი კრულ არს მტკიცითა საკრველითა, შესანდობელ არს იგი უფროჲს მისსა, რომელი შეკრულ არს დედა ზარდლისა ქსელისა საბლითა. თითოეული ჩუენი ეცინის მოყუასსა ჩუენსა, და ეშმაკი მარტოჲ მეცინის ჩუენ ყოველთა. იგი შეჰკრავს და იგი ეცინის, იგი შეჰკრავს და იგი დაათრობს. რომელი კრულ არს, სტკივის, და ბორკილოსანი იგრძნობს, ხოლო გონებაჲ შეკრულ არს და ვერ აგრობს.

ძმანო ჩემნო, რაჲღა ფრიად მოძღუარი არს შემკრველი იგი ჩუენი, რამეთუ ვერ ვაგრძნობთ საკრველთა მისთა. ძმანო ჩემნო, რაჲღა ფრიად ნანარი არს შემბორკილებელი იგი ჩუენი, რამეთუ ვერ ვსცნობთ, თუ შებორკილებულ ვართ. ისარნი მისნი ისარ ტკბილ არიან. სიბრძნე ცუდ არს ჭეშმარიტებისა წინაშე და იგი მეძიებელ არს უმშჯავროებასა. შეკრულ არს იგი, რაჲთა ვერ მივიდეს სიყუარულისა. დაჴსნილ არს იგი დევნად შურისა, რამეთუ კრულ არს იგი კეთილთა მიმართ, რაჲთა არა ქმნეს. დაჴსნილ არს იგი ბოროტთა მიმართ, რაჲთა მოსწრაფედ აღასრულებდეს. რაჟამს იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს საქმჱ კარვისა მის საწამებელისაჲ, უბრძანა ერსა მისთჳს შესაწირავთა მსგავსად ძალისა, და კაცად-კაცადი შესწირვიდა მსგავსად მონაგებთა მათთაებრ: რომელიმე ოქროსა, რომელიმე მარგალიტსა, რომელიმე ანთრაკსა პატიოსანსა; ხოლო გლახაკნი რომელი[მე] შესწირვიდა თხისა თმასა, რომელიმე - ტყავსა; ხოლო დედანი მდიდარნი შესწირვიდეს ძოწეულსა, და ქურივნი - სთულსა ღებულსა. და ყოველთა მიერ შეიმკო კარავი იგი. და ვითარცა აღასრულეს, მას შინა შეიწირვიდა ღმერთი მდიდართა და გლახაკთასა, ცოდვილთა და მართალთასა. და ეგრევე მარხვასა მათსა მსგავსად ძალისა მათისა, და ლოცვასა მათსა, ვითარ-იგი ჯერ იყო მათდა. მდიდარი შესწირვიდა ზუარაკთა და გლახაკი მართუეთა ტრედისათა, და მართუენი იგი ტრედისანი სწორად ზუარაკთა შეიწირვოდეს. რამეთუ ქრისტემანმცა მსგავსად სარწმუნოებისა ქურივისა მისგან შეიწირნა ორნი იგი მწულილნი სწორად მრავალთა მათ საფასეთა მდიდართასა, და უფროჲსღა აღემატნეს მწულილნი იგი საფასეთა მათ კეთილად განგებითა მის ქურივისაჲთა, ვითარცა-იგი ღმერთსა ყოვლითა ღონის ძიებითა ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, ეგრეთვე ყოვლითა მიზეზითა ჰნებავს ეშმაკსა სიკუდილი ჩუენი. ვითარცა-იგი მწულილნი შემძლებელ იყვნეს ცხოვნებად სულისა, ეგრეთცა მცირე სიტყუაჲ ბასრობისაჲ და კიცხევისაჲ შემძლებელ არს წარწყმედად სულისა. ვითარცა-იგი ავაზაკი ერთითა სიტყჳთა ცხოვნდა, ეგრეთვე ერთი სიტყუაჲ ბასრობისაჲ წარმწყმედელ არს მეტყუელისა. ერთი სიტყუაჲ თქუა განკითხვისაჲ მარიამ და მისთჳს განკეთრებულ იქმნა იგი, ვითარცა თოვლი. მარიამ წინაწარმეტყუელი იყო და განკითხვისათჳს განიკეთრა (რიცხვ. 12. 1-10) .

სხუაჲ რომელი განიკითხვიდეს, უკუანაჲსკნელი მისი ჯოჯოხეთს შინა ყოფად არს. თქუა მარიამ, ვითარმედ: ღმერთი ჰზრახავს მოსეს; და შეურაცხ-იქმნა იგი, რამეთუ ბასრობით თქუა. და უკუეთუმცა განგმო სამართლად კაცი უკეთური, შეურაცხ-ჰყო სიწმიდე შენი, ვინაჲთგან მწიკულევანებაჲ შეჰრიე მას, უბიწოებაჲ განირყუნების, უკუეთუ ბილწებაჲ რაჲმე თანა შეეზაოს. სარწმუნოებაჲ განირყუნების, უკუეთუ ზაკუვაჲ თანა იყოს. სიმართლე განირყუნების, უკუეთუ შეუჴდეს მას იჭჳ. მიცემაჲ განირყუნების, უკუეთუ ქებაჲ შეერიოს, ლოცვაჲ განირყუნების, უკუეთუ შეუჴდეს ამპარტავნებაჲ. მარხვაჲ განირყუნების, უკუეთუ ერთოს სიძულილი. სიყუარული განირყუნების, უკუეთუ შეერიოს შური. მრავალ გზის საჭმელმან კეთილმან მოკლის კაცი, ოდეს შეჰრიან მას წამალი მაკუდინებელი მცირე. საქმეთაგან ცდათა ჯერ-არს ხილვად ჩუენდა დაფარულთაჲ მათ. უკუეთუ საჩინოთა მათ კეთილთა საქმეთა ბოროტისა საქმე გან[მ]რყუნელ არს, ეგრეთვე დაფარულთაჲ არს. სახედ მოგუცა ჩუენ მარიამ, რამეთუ მის მიერ გულისჴმა-ჰყო ჭეშმარიტი, რამეთუ ცხადად ერთ სახედ განკეთრებულ იქმნა, რაჟამს-იგი ცოდა მან ფარულად. და აუგის მიერ ჴორცთაჲსა ეუწყა მას აუგი იგი ყოველთა სულისაჲ, დუხჭირი. ბილწებითა კეთროვნებისაჲთა გულისჴმა-ყო ყოველმან ერმან, ვითარმედ განკითხვაჲ და ბასრობაჲ ფრიად ბოროტ არს, რამეთუ გუამი მისი იქმნა სარკე სულისა დაფარულისა. განრყუნილებისაგან ჴორცთაჲსა იცნობა განრყუნილებაჲ იგი გონებისა მისისაჲ, რამეთუ გარეშჱ განრყუნა კეთრმან და შინაგანი - განკითხვამან შურითა. აუგი იგი გარეშჱ აუწყებდა აუგთა შინაგანთა.

იხილეა განრღუეული იგი, რამეთუ ცოდვითა მისითა იქმნა განრღუეულ, რამეთუ რაჟამს დაჰჴსნნა მან მცნებანნი, მით დაიჴსნეს ასონი მისნი. რაჟამს დაჰჴსნა სიყუარული ღმრთისაჲ, დაიჴსნა ძალი გუამისა მისისაჲ. იქმნა მარიამ აუგ დედათა, რამეთუ ამპარტავნებით განბასრა მდაბალი იგი. ყვნა მოსე სასწ[ა]ულნი დიდ-დიდნი და მცირედ სცთა ენითა თჳსითა, არამედ არა ევნო, რამეთუ იყო იგი ჴმა-წულილ და ენა-ბრგუნვილ. ხოლო არავე დაშთა თჳნიერ პატიჟისა, რამეთუ დააყენა იგი მისთჳს ღმერთმან შესლვად ქუეყანასა მას ფილისტიმისასა. ზღუაჲ საშინელი და წარმწყმედელი გზა ექმნა მას და მცირე ბრალი ზღუდე დამაყენებელ ექმნა მას შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა.

აწ უკუეთუ მოსე, რომელი განმღრთობილ იყო ქუეყანასა ზედა, ერთისა მცირისა სიტყჳსათჳს დაეყენა შესლვად იერუსალჱმდ. მაშა, რომელმან ენაჲ აღილესოს მოყუსისათჳს, რავდენ უფროჲს დაეყენოს იგი შესლვად სასუფეველსა ცათასა! ცეცხლმან შეჭამნა შემასმენელნი იგი სამთა ყრმათანი და მათე მახარებელისანი, რამეთუ სიტყჳთა შეიგინნეს იგინი და წარწყმდეს. უკუეთუ იგინი შეჭამნა ცეცხლმან, ჩუენ რაჲსა არა აღჳრ-ვასხნეთ ენასა ჩუენსა? ქუეყანამან შთანთქნა მზრახნი იგი, რომელთა აღელესნეს ენანი მათნი მოსეს ზედა, რამეთუ დაეტევნეს მეძავნი და შეგინებულნი, და დაინთქნეს ენოანნი და მგმობარნი. ზღუამან შთანთქნა მეგჳპტელნი და ჴმელმან - მდრტჳნველნი. სიტყუაჲ ერთი ცუდი თქუა ხიარ ჟამსა მას შიმშილისასა, რამეთუ აცილობდა წინაწარმეტყუელსა და მუნთქუესვე დათრგუნვილ იქმნა იგი ფერჴითა ერისაჲთა კართა ზედა და მოკუდა (IV მეფეთა 7. 18-20). ამით სარწმუნო არს სტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარმედ სიტყჳსათჳსცა ცუდისა სიტყუაჲ მისცეთ დღესა მას განკითხვისასა. ყოვლით კერძოვე შეკრულ იქმნეს კაცნი მტერისაგან, რომელიმე შეკრულ არს ვითარცა მოსესხე და რომელიმე ვითარცა თავს-მდები. ბუნებაჲცა მოგუასწავებს, სხჳსა მიზეზითა მოკუდის კაცი, და სადა მიზეზითა არა არნ, დაინთქის მოსესხისა თანა. ესე არს წესი თავს-მდებისაჲ. მართალი ნეფსით იძლიის და უნებლიაჲთ განიკითხის, ვითარცა თავს-მდები მართალი, რომელი დაინთქის მოსესხისა თანა. უკუეთუ ზრახვიდეს მტყუავარი წინაშე მართლისა, ანუ განიბასროს, ანუ იყუედროს, ანუ შეურაცხ-იქმნეს, გინა უსამართლოჲ ეყოს და მართალსა მოეწონოს იგი, იქმნა იგი ვითარცა თავს მდები. უკუეთუ ვინმე აგინებდეს მეფესა, და რომელსა ესმოდის და დადუმნეს, პატიჟი ორთაჲვე მათ ერთი არს: და რომელიმე მოიკლის ენისაგან თჳსისა და რომელიმე სასმენელთაგან თჳსთა. უკუეთუ გითხრობდეს მტყუვარი სიტყუასა საქმისათჳს და შენ მიუპყრნე სასმენელნი შენნი, სიკუდილი იგი, რომელი გამოჴდა პირით მისით, შთაცალა იგი შინაგან სასმენელთა შენთა. სადაჲთ უკუე შემოვიდა სიკუდილი, არა ყურთაგანა, რომელთაგანცა შემოვალს შესმენაჲ მაკუდინებელი?

შემძლებელ არს მტერი წარწყმედად მდუმრისა სიტყჳთა, რამეთუ ვინაჲთგან ვერ შეუძლებს მოკლვად ენისაგან, მოჰკლავს მას სასმენელითა. უკუეთუ ვერ მოკლას იგი საქმითა, მოკლას იგი გულის-სიტყჳთა. მართლიად ეტყოდეს ეშმაკნი მჴსნელსა ჩუენსა, ხოლო მან არა შეიწყნარა მათგან, მოციქულთა რაჲსა არა დაადუმნეს ეშმაკნი იგი, რომელნი აქებდეს მათ, რამეთუ ჴმაჲ მათი მწარე იყო ყურთა შინა მოწაფეთასა. რომელი ისმენდეს ტყუვილსა, იგი უშეგინებულეს არს მისა, რომელი ტყუოდის. რომელი უმწინ\კულევანეს არს მტყუვრისა? იგი, რომელი დუმნეს. რომელსა უყუარს მწინკული იგი, გონებაჲცა მისი მწინკულევან არს. მისცა უფალმან ჩუენმან თავი თჳსი, ხოლო სასმენელნი მისნი არა მიუპყრნა ტყუვილსა. პირითა თჳსითა გემოჲ იხილა ძმრისა და ნავღლისაჲ, და ყურითა არა ისმინა უსამართლოჲ. მისცა თავი თჳსი ბასრობად, და სასმენელითა არა შეიწყნარა უჯეროჲ. მიუპყრა პირი შენი მტყუვარსა ამბორის-ყოფად და ნუ მოუპყრობ სასმენელთა შენთა სიტყუათა მისთა. უკუეთუ მიუპყრა პირი შენი, ემხილოს მას; ხოლო უკუეთუ მიუპყრნე ყურნი შენნი, გემომან სტყუათა მისთამან მოგაკუდინოს შენ. განეშორე წამლისა მისგან მაკუდინებელისა და სულისას მისისა ყნოსისაგან და გემოთაგან მისთა. კუამლსა მოჰრიდებ და მტყუვრისასა ისმენ? განეშორები სულისაგან სიმყრალისა და მტყუვარსა თანა დაშჯდები? კუამლი მავნებელ არს თუალთა და სიტყუაჲ ბასრობისაჲ და განკითხვისაჲ მავნებელ არს მსმენელთა მისთა. დაღაცათუ მყრალობაჲ მძი\მე არს საყნოსელთა, არამედ ძჳრის ზრახვაჲ უბოროტეს არს სასმენელთა.

ჯერ-არს შენდა, რაჲთა დაიცვნე სასმენელნი შენნი ვნებათაგან. უკუეთუ გუამი შენი დაგიცავს სიძვისაგან, დაიცევ პირიცა შენი განკითხვისაგან; დაღაცათუ ვერ შემძლებელ არს პირი სიძვად, შემძლებელ არს ბრალობად და ტყუვილად. უკუეთუ რომელნიმე ასოთა შენთაგანნი წმიდა არიან მავნებელთაგან მისთა და რომელნიმე ცოდვენ, ესე ვითარცა მკუდარი მკლველ არს შენდა. უკუეთუ მიდრკენ მისა სასმენელნი შენნი. სახე მბრძოლთა აღჭურვილთაჲ მიიღე. რამეთუ ოდესმე ისარი მიემთხჳის ჯაჭუსა განხეულსა და განეწონის გუამსა და მოაკუდინის ახოანი მბრძოლთაგანი, რავდენ უფროჲს შევიდეს და სიკუდილი კართაგან ყურთაჲსა განღებულთა. ყურთა კარი ვრცელ არს და მის მიერ შევიდა პირველადვე სიკუდილი პირველისა მის მამისა ჩუენისა. შე-უკუე-აბ კარი ყურთა შენთა და მეკარე დაადგინე, რაჲთა არა შევიდეს ძჳრის სიტყუაჲ, ნუ უდებ იქმნები წამლისათჳს მაკუდინებელისა, ვითარმედ: მცირე არს და ვერ შემძლებელ არს მოკლვადო.  ნუ უდებ იქმნები განკითხვისათჳს და იტყჳ: ესე არარაჲ არს და ვერ შემძლებელ არს წარწყმედად. იხილეღა მფრინველი, რამეთუ ოდესმე ფრჩხილითა ოდენ შევარდის მახესა და მოინადირის იგი.

ხოლო სალმობათათჳს და ტკივილთა ვინ შემძლებელ არს სიტყუად. რამეთუ მცირისაგან ტკივილისა იქმნის ბოროტი სატანჯველი. რაჲსათჳს დაიწყევა ქანაანი, არა სიცილისათჳსა მართლისა მის ზედა? არა თუ უმშჯავროებისა რაჲსათჳსმე განიკითხა და არცა კაცის-კლვისათჳს დაიწყევა, არამედ განბასრებისათჳს მიიღო მან ბოროტი იგი პატიჟი. და ვაჲ არს მისსა, რომლისა გულის სიტყუანი წმიდანი შეაბილწნა განკითხვამან და ბასრობამან მოყუსისამან, რამეთუ იყვნეს ასონი მისნი უბიწო, არამედ მოაკუდინა იგი მცირემან მან ასომან, რომელ არს ენაჲ. იხილე ესე სიცილისათჳს, ვითარღა ვაებაჲ მოიღო. აწ უკუე ვისმე არა ეშინის განკითხვისაგან, რამეთუ მის მიერ მოიწევის წყევაჲ რაჲმე. რაჲ არს სამოსელი იგი ბაყლეანი, რომელი ემოსა მას, რომელ-იგი შევიდა ქორწილსა მას სამეუფოსა, გამომიცხადე ჩუენ, ჵ თარგმანო, რაჲთა არა შესცთენ კაცნი შემოსად მისა. არს იგი ძჳრის ზრახვაჲ, პარვაჲ, ტყუვილი, უსამართლოებაჲ, ვეცხლის მოყუარეობაჲ, სული ამპარტავანობისაჲ, გული ბოროტის მეძიებელი, შური ზაკუვაჲ, ძჳრის ჴსენებაჲ, შფოთი, გუამი მსიძავთაჲ და სული ბოროტსა მიდრეკილი, მრუშებაჲ, სოფლისა ამის სიყუარული.

ესე არს სამოსელი იგი ბაყლეანი და მით ვერვინ შემძლებელ არს შესლვად ქორწილსა მას სამეუფოსა. გუამნი ნუკეულნი შებაყლებულნი გულის-თქუმათაგან ვნებისათა ვერ შევლენ საქორწინესა მას საღმრთოსა. და იგი რომელსა ემოსა სამოსელი ბაყლეანი, იყო იგი მეძავი, მემრუშე, უძღები, და არაწმიდაჲ, და ამისთჳს გამოაძეს იგი საქორწინისაგან ნათლითა სავსისა, რამეთუ იყო იგი მოყუარული საქმეთა ბნელისათა. კაცი, რომელი იშუებდეს მარადის გემოთა შინა ამის სოფლისათა, ვერ შემძლებელ არს იგი შესლვად და ინაჴის დგომად წმიდათა მათ თანა გუამთა მარხვითა განჴმელთა. ხოლო სამოსელი იგი პატიოსანი შესატყუებელი ქორწილისაჲ, ესე არს განწმედაჲ ყოვლისაგან მწინკულისა. ქალწულებაჲ, უბიწოებაჲ გუამისაჲ და სული ღმრთის მოყუარე, და პირი სავსე მარადის გალობითა და დიდებითა ღმრთისაჲთა, და ჴელნი სავსენი ქველის საქმითა, და სიმდაბლე და სული სიგლახაკის მოყუარე, და სინანული და მარადის რეკაჲ კარსა მას ღმრთისასა, და ძმათ მოყუარებაჲ და თუალთ უხუაობაჲ, და სიწმიდე გულისაჲ და სიწრფოებაჲ მოუდრეკელი ბოროტსა, საქმე სულიერებრი და საღმრთოჲ სლვაჲ სიწმიდით, და უბიწოებით გულის-თქუმაჲ კეთილისაჲ და სახე შუენიერი, ესე არიან სამოსელი იგი საქორწინე, და რომელსა ესე არა ემოსოს, არა შეუტეობენ მუნ. ხოლო რომელსა-იგი სამოსელი ბაყლეანი ემოსა და ბრძანა მეუფემან გარე განძებაჲ მისი, არა ჰურიაჲ იყო იგი, არამედ ნათ[ე]ლ-ღებული. ჰურიაჲ ვერ იკადრებს ყოლადვე მიახლებად კარსა მას საქორწინისასა, რამეთუ მეუფისაგან რისხვეულ არს იგი.

აწ უკუე განეკრძალენ ყოველი კაცი, რაჲთა არა ემოსოს სამოსელი ბაყლეანი და განიძოს გარე ქორწილისაგან. იხილენ თითოეულმან თქუენგანმან სამოსელი თჳსი, უკუეთუ არს წმიდაჲ და უბაყლოჲ ვნებათაგან, და უკუეთუ იყოს ბაყლეანი, ისწრაფენ იგი განრცხად სინანულითა პირველ განძებისა თქუენისა საქორწინისა მისგან, რამეთუ მეუფე აღიხილავს მეინაჴესთა მუნ და მსგავსად სამოსლისა პატივ-სცემს. და ჩუენ, ვიდრე-ესე აქა ვართ-ღა საწუთროსა ამას, შემძლებელ ვართ განრცხად სამოსლისა ჩუენისა, ხოლო მუნ არღარავინ უფლებს განცვალებად სამოსლისა, რომლითა წარმოდგეს. რამეთუ მუნ სინანული არღარა შეიწირვის და არცა ვედრებად მიითუალვის და არცა მეხუე[ი]შნე შეიწყნარების, რამეთუ სიტყუაჲ მეუფისაჲ არა განცრუვნების, ნუ იყოფინ! ხოლო აქა, თუ ვინ დაეცეს, უკუეთუ ენებოს, კუალად აღემართოს, რამეთუ რომელმან ისიძვა, განწმდების სინანულითა. და რომელი თანამ-დებ არს, აქავე შემძლებელ არს გარდაჴდად თანა-ნადებისა თჳსისა.

რომელსა სამოსელი ბაყლეანი ჰმოსიეს, განირცხინ იგი ცრემლითა, რამეთუ ამით განსპეტაკნების უფროჲს ყოვლისა სარცხელისა. ჵ მსმენელნო, გეშინოდენ და ეკრძალნენით, ნუუკუე თქუენ გემოსოს სამოსელი იგი ბაყლეანი და მით იკადროთ შესლვად ქორწილსა. ჵ მეტყუელო და მკითხველო, გეშინოდენ, ეკრძალე და განიხილე სამოსელი შენი, და უკუეთუ ბაყლეან არს, ისწრაფე განრცხად იგი სინანულითა.

ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყო სოფლი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა, და ღმრთისა მიმართ ხოლო დადვა სასოებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყო და მოიძულა ცოდვაჲ ბოროტი და შეიყუარა ღმერთი ჭეშმარიტი, შემ[ნ]დობელი ცოდვათა მისთაჲ. ნეტარ არს, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, ვითარცა ზეცისა ანგელოზი და მიემსგავსა ქერაბინთა, და განიწმიდნა გულის-სიტყუანი თჳსნი მარადის.

ნეტარ არს, რომელი უბიწო და წმიდა იპოა წინაშე ღმრთისა და განთავისუფლდა ყოვლისაგან შეგინებისა და გულის-სიტყუათაგან ბოროტთა. ნეტარ არს, რომელი თავისუფალ-იქმნა ღმრთისა მიერ ყოველთაგან საქმეთა ამის სოფლისათა, ნეტარ-არს, რომელმან მარადის შთაიგდო გულსა თჳსსა და იჴსენებდა გონებითა ყოლადვე დღესა მას დიდსა და საშინელსა განკითხვისასა. ნეტარ-არს, რომელი მოსწრაფე იქმნა განკურნებად წყლულებათა თჳსთა ცრემლითა და სულ-თქუმითა. ნეტარ არს, რომელი შემძლებელ იქმნა ყოლადვე მოპოვნებად ცრემლთა, რაჲთა მით დაშრიტნეს მარადის აღტყინებულნი იგი ვნებანი ცოდვისანი. ნეტარ არს, რომელი ვიდოდა მარადის გზასა მას მცნებათა ღმრთისათასა და ყოველსა ჟამსა კეთილსა იქმოდის გულითა ჴსნილითა და სიყუარულითა. ნეტარ არს, რომელი მოსწრაფე იქმნეს საქმედ კეთილისა და იმარხვიდეს სასოებითა მტკიცითა, მან დაიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ წმიდათა თანა. ნეტარა არს, რომელსა მარადის ეჴსენოს თქუმული იგი, ვითარმედ: ყოვლისათჳსცა სიტყჳსა ცუდისა სტყუაჲ მისცეს მსაჯულსა მას საშინელსა დღესა მას განკითხვასა (მათე 12.36) და საცოჲ დასდვას პირსა თჳსსა, რაჲთა არა სიტყუათაჳს დაისაჯოს.

ნეტარ არს, რომლისაჲ იქმნა გუამი, ვითარცა ხე დანგრეული, და ირწყვებოდის იგი დღითი-დღედ ცრემლითა თჳსითა, ვითარცა წყაროჲთა. ნეტარ არს, რომელმან დაჰნერგა ნერგი კეთილი და მან მოსცა ნაყოფი შუენიერი უფალსა. ნეტარ არს, რომელი ეგზების სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ცეცხლითა, და მით დაწუნა ყოველნი გულის-სიტყუანი მწინკულევანნი და ბოროტნი. ნეტარ არს, რომელი ნეფსით თჳსით იქმნა ქუეყანა კეთილ და გამოსცა ნაყოფი ერთისა წილ ასი და სამეოცი და ოცდა ათი. ნეტარ არს, რომელმან პოვა მარგალიტი იგი სამეუფოჲ ზეცისაჲ და განყიდა ყოველივე იგი, რაჲცა აქუნდა, და იგი ხოლო მოიყიდა.

ნეტარ არს, რომელმან პოვა აგარაკსა შინა საფასე დიდძალი და ყოველივე დაუტევა და მოიგო აგარაკი იგი. ნეტარ არს, რომელმან მოიჴსენა მარადის დღე იგი განსლვისა მისისაჲ ამიერ სოფლით და გულს-მოდგინედ იღუაწა ჟამისა მისთჳს, რაჲთა უშიშ იპოვოს წარმყვანებელთაგან. ნეტარ არს, რომელმან პოოს კადნიერებაჲ ჟამსა მას განშორებისასა ამის სოფლისაგან, ოდეს-იგი განეშორებოდის სული ჴორცთაგან, დღესა მას საშინელსა, რაჟამს მოიწინენ ანგელოზნი იგი მრისხანენი და გამოიტაცონ სული გუამისაგან და წარადგინონ წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა. მაშინ მიუთხრობელი ზარი და გამოუთქუმელი შიში და ძწოლაჲ შეედვას სულსა მას, რამეთუ სიმწარისა და საშინელებისა ჟამი არს დღე იგი განშორებისაჲ სულისაჲ ჴორცთაგან, რამეთუ დღესა მას შესაძრწუნებელსა თანა-წარმოუდგენ სულსა მას საქმენი თჳსნი ყოველნი, რომელნი ექმნენ სოფელსა ამას, ღამით გინა დღით, ცხადნი და იდუმალნი. რაჟამს-იგი ანგელოზნი ასწრაფებდენ სულსა გამოსლვად ჴორცთაგან, ხოლო რაჟამს იხილნეს სულმან მან საქმენი იგი თჳსნი, შეძრწუნდეს და ვერ ეძლოს გამოსლვად შიშისაგან. მაშინ შიშითა დიდითა ზარ-განჴდილმან დაუტევნეს ჴორცნი თჳსნი თჳნიერ ნებისა თჳსისა და შიშითა და ძწოლით წარვიდეს წარდგომად წინაშე მსაჯულისა. რა რაჟამს იხილნეს საქმენი თჳსნი, მიუგოს და ჰრქუას: გზა-მეცით მე, რაჲთა განვიდე. მიუგონ საქმეთა და ჰრქუან: ჩუენ შენნი შექმნულნი ვართ და შენ თანა მომავალ ვართ წინაშე ღმრთისა. ამის ესევითარისათჳს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მოვიძულოთ სოფელი ესე ცუდი და შევიყუაროთ ქრისტე მჴსნელი ჩუენი და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, რამეთუ არა უწყით ჟამი იგი განსლვისა ჩუენისაჲ ამიერ სოფლით, რამეთუ უგრძნულად ყოფად არს. რაჟამს-იგი ვიშუებდეთ და ვიხარებდეთ, მყის მოიწიოს ჟამი იგი და წარიტაცოს ცოდვილი დღესა, რომელსა არა მოელოდის და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, წარვიდეს სული სიტყჳს გებად საქმეთა თჳსასთჳს.

ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა მოსწრაფე იქმნნეთ მცირედ და განვათვისუფლნეთ სულნი ჩუენნი მონებისაგან სოფლისა ამის მყის წარმავალისა და ცუდისა, რომელი სავსე არს ეკლითა და საფრჴითა მაკუდინებელითა. ვისწრაფოთ, რაჲთა განვარინნეთ სულნი ჩუენნი სანადიროჲსა მისგან ეშმაკისა. რამეთუ მახენი ეშმაკისანი ტკბილ არიან, რომლითა შეიტყუნის უდებნი მონადირებად. ხოლო ჩუენ არა მივერჩდეთ სიტკბოებათა მისთა, რაჲთა არა უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა აღესრულოს ჩუენ ზედა სიტკბოებაჲ იგი. მახეთა სიკუდილისათაჲ არს ზრუნვაჲ ამის სოფლისა საქმეთაჲ და საშუებელთა მისთაჲ და გულის-თქუმაჲ საქმეთა მისთა ბოროტთაჲ. აწ ნუმცა მოუძლურდებით და დავინთქმით გულის-თქუმათაგან ბოროტთა და შეგინებულთა. ნუმცა უდებ ვართ, ძმაო, ჟამსაცა ერთსა გულის-სიტყუათათჳს მტერისათა, ნუმცა დაიბუდებენ გონებასა შენსა ყოლადვე. არამედ მიივლტოდე ღმრთისა მიმართ ლოცვითა, ცრემლითა და მარხვითა და სულ-თქუმითა, რაჲთა განერე საფრჴეთაგან და მახეთა მოშურნისათა. ნუ ჰგონებ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ხარ, რაჲთა არა დაემორჩილო გულის-თქუმასა ბოროტსა და საქმეთა შეგინებულთა. დაიცევ სული შენი, ძმაო, რაჲთა არა რაჟამს მოვიდეს ბრძანებაჲ ღმრთისაჲ და გპოოს შენ ცოდვასა შინა და არღარა გეპოვოს შენ ჟამი სინანულისაჲ და შენდობაისაჲ, და ვერღარას შემძლებელ ხარ სიტყჳს გებად სიკუდილისა ჟამსა მას უკუანაჲსკნელისა შენისასა ამიერ სოფლით. მრავალნი ჰგონებენ მრავალთა წელთა ცხორებასა და მყის სიკუდილი მოუჴდის და წარეკუეთის სასოებაჲ მათი. გამოიწერე სიკუდილი წინაშე თუალთა შენთა ყოველსა ჟამსა, ძმაო, და გეშინოდენ ღმრთისა და ვითარ-იგი წარდგომად ხარ შენ წინაშე ქრისტესა.

განიმზადე ყოველსა ჟამსა სანთებელი შენი და აღანთე იგი ბრწყინვალედ ლოცვითა და მარხვითა და მღჳძარებითა და ქველის მოქმედებითა და სიყუარულითა, რაჲთა ესრეთ ღირს იქმნე შესლვად ქორწილსა მას ზეცისა სიძისა უკუდავისასა, სადა-იგი იდიდების სახელი წმიდაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.