|
წმიდა ეფრემ ასური
სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი მონაზონთათჳს და სინანულისა
ძველი ქართული თარგმანი
რომელსა ჰნებავს განსუენების სენაკსა შინა, ნუმცა ემღერიან მას ეშმაკნი საშუებელთა მიერ სოფლისათა, არამედ განეშორენ იგი კაცთაგან ყოვლითა საქმითა. და ნუმცა ვის აბრალებს და განიკითხავს გონებითა, და ნუცა ვის აქებს, და ნუცა შე-ვის-ეპოების, და ნუცა ჰნატრის ვის და ნუცა საქმეთა ვისთა აჴსენებნ, და ნუცა აუგთა ვისთა გამოეძიებს, და ნუცა ვის შეაწუხებს, და ნუცა გონებასა თჳსსა უტეობს ჟამ ერთცა გულის-სიტყუათა მტერისათა, რაჲთა არა შეიგინოს მწინკულევანებითა. რამეთუ კაცი, რომელი მიენდოს სიმართლისა საქმეთა თჳსთა და აღასრულებდეს ნებასა თჳსსა, ესევითარი ვერ შემძლებელ არს განრინებად მტერისა საფრჴეთაგან და ვერცა განისუენოს და ვერცა აგრძნეს ნაკლულევანებაჲ თავისა თჳსისაჲ. და ოდეს სული მისი განვიდეს მისგან, ძნიად პოოს განსუენებაჲ. ხოლო უკუეთუ გნებავს სრულების, შეუდეგ ღმერთსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და გაქუნდინ გონებასა წყალობაჲ ყოველთა დაბადებულთათჳს, და ლმობიერად და გლოვით ითხოვდი მარადის ღმრთისაგან შეწევნასა და წყალობასა. ხოლო რომელი სხუასა ასწავებდეს მცნებათა ღმრთისათა, არა უწყის მან, უკუეთუ შეწირულ არს წინაშე ღმრთისა საქმჱ მისი. ანუ არა რაჟამს ვეტყოდი მოყუასსა, დასცხერ ამისგან და ყავ ესე, და მე უწყოდი ჭეშმარიტად, ვითარმედ ცოდვილ ვარ და სინანულსა ქუეშე ვარ, და ვერ უწყი და ვერცა გულ-პყრობილ ვარ, თუ მომიტევებს ცოდვათა ანუ არა. რამეთუ ცოდვანი, დასტურად ვიცი, მქონან, ხოლო წყალობასა ღმრთისასა და შენდობასა ვერღა გულ-პყრობილ ვარ, ვიდრე არა შევემთხჳო ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა.
ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობის, ვითარმედ შენდობილ არიან ცოდვანი შენნი ღმრთისა მიერ, ამით ნიშნითა უწყოდე: უკუეთუ დაგავიწყდეს და ყოლადვე გონებასა შენსა არღარა იძვრის ჴსენებაჲ ცოდვათა შენთაჲ, რომელნი გიქმნიან, და სხუაჲ მოგაჴსენებდეს და შენ არღარა გაჴსოვდის, თუ ვითარ იქმოდე მათ. უკუეთუ ესრეთ დაგავიწყდეს, მაშინ უწყებულ იყავ, რამეთუ მოგიტევნა შენ ღმერთმან ცოდვანი შენნი და შეგიწყალა შენ. ხოლო უკუეთუ აქამომდე ჴსენებაჲ მათი დადგრომილ არს გონებასა შენსა, მაშა იგლოვდი და ტიროდე მათთჳს და გეშინოდენ და ძწოდე, რამეთუ ვერ გულ-პყრობილ ხარ, ვიდრემდის შეემთხჳო ქრისტესა დღესა მას საშჯელისასა.
უკუეთუ ვინმე ზრახვიდეს შენ თანა უსარგებლოთა სიტყუათა, ნუ ისმენ მათ, რაჲთა არა სული შენი წარწყმიდაო, და ნუცაღა გრცხუენის მისგან, თუ შეწუხნეს, არამედ განეშორე მისგან და ნუ მიუპყრობ სასმენელთა შენთა სმენად სიტყუათა მისთა და ნუცაღა იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ: რაჲ მგლიან, ზრახვიდეს, რამეთუ მე გონებასა არა შევიწყნარებ სიტყუათა მისთა. ამას ნუ იტყჳ ყოლადვე, რამეთუ შენ არა უძლიერეს ხარ გონებითა ადამისა, რომელი-იგი ღმერთმან ჴელითა თჳსითა დაჰბადა, რომელსა-იგი ევნო სმენად ბოროტისა სიტყუაჲ იგი მისი. ხოლო მოჰრიდე და ნუ ისმენ ყოლადვე ბოროტისა სიტყუაჲ და ეკრძალე, რაჲთა არ ჴორცითა ხოლო მოჰრიდო, არამედ გონებასა ყოლადვე ნუ შეუტეობ სიტყუათა მისთა, რამეთუ, უკუეთუ მცირედი ოდენ ისმინო მისგანი და დაჰმარხო იგი გულსა შენსა, ეშმაკთა არღარა ეგრეთ უტეონ, ვითარ-იგი შენ გესმინოს, არამედ შეჰმატონ ფრიად, ვიდრემდის მოაუძლურონ სული შენი. ხოლო უკუეთუ მოჰრიდო, სრულიად მოჰრიდე ჴორცითა და გონებითაცა, ხოლო მე, ვითარ ვხედავ ვითარ სიყუარულსა სარგებლისასა და პატივისა და განსუენებისასა წარუტყუენვან ყოველთა კაცთა გონებანი, არამედ შიში ღმრთისაჲ და შეიწრებაჲ თავისაჲ საშუებელთაგან მოუტევნებენ ყოველთა შეცოდებათა.
კაცი ილოცავს წინაშე ღმრთისა და ღმერთი ჰხედავს გონებასა მისსა. უკუეთუ გულსა უც მიგებაჲ ბოროტისაჲ ბოროტისა წილ შემაწუხებელსა მისსა, ლოცვაჲ მისი ცუდ იქმნების. იღუაწე ყოვლითა ძალითა შენითა, რაჲთა არა ჰზრახვიდე ენითა შენითა სხუასა და გონებითა იგონებდე სხუასა. ჯერ-არს მისა, რომელი დაყუდებულ არს, რაჲთა აქუნდეს შიში მარადის წარდგომად წინაშე ღმრთისა დღეთა ცხორებისა მისისათა. რამეთუ ესე ცუდი შრომაჲ არს, უკუეთუ გუაქუნდეს სათნოებაჲ ღმრთისაჲ პირითა ხოლო და ცოდვაჲ და ბოროტი გონებითა.
მოიძულე ყოველი საქმე სოფლისაჲ და განსუენებაჲ ჴორცთაჲ, რამეთუ ესე არიან, რომელნი შეგამტერებენ ღმერთსა. დაამტკიცე გონებასა შენსა ესე, ვითარმედ შრომაჲ და სიგლახაკე და უცხოებაჲ და მოთმინებაჲ და დუმილი - ესენი შობენ სიმდაბლესა, და სიმდაბლე მიუტევებს კაცსა ყოველთა შეცოდებათა. და რომელმან არა მოიგნეს ესე საქმენი, მონაზონებაჲ მისი ცუდ არს. და კუალად ისწრაფე ყოვლითა გულითა შენითა, რაჲთა განეყენო კაცსა უკუეთურსა, მწუნობარსა და განმკი\თხველსა, რაჲთა შემძლებელ იქმნე მოცალებად და ტირილად ცოდვათა შენთათჳს.
და კუალად იზრუნე და იღუაწე ყოვლითა გულითა შენითა, რაჲთა არავის ეშჯოდი სარწმუნოებისათჳს, არამედ დაიცევ შენ მტკიცედ სარწმუნოებაჲ მართალი, რომელი მოიღე მამათა შენთაგან პირველთა, რომელნი იყვნეს მორწმუნენი. რამეთუ ვერვინ კაცთაგანი შემძლებელ არს მიწდომად სიღრმესა ღმრთეებისასა. და უწყოდე, სადა არა არს მშჳდობაჲ, მუნ არცა ღმერთი არს. და ყოველსა, რომელსა მოუგიეს სიმდაბლე, და შესცოდა მას ძმამან, ცოდვაჲ იგი აჩემა თავსა თჳსსა და თქუა: მე ვარ, რომელმან ვცოდე. ხოლო რომელი განიმართლებდეს თავსა თჳსსა და არა ვისგან შეწუხნეს და არცა ბრალეულ რასმე ზედა იქმნეს, მას თავი თჳსი ბრძენ ჰგონიეს, და რამეთუ შორს არს იგი სიმდაბლისაგან საღმრთოჲსა. და რომელი ასწავებდეს სხუასა, ვიდრემდის მას ეშინოდის შთავრდომად ვნებასა მას, რომლისათჳს განაკრძალებდეს სხუათა, გინა იგი შევარდებოდეს, ესევითარი ვერ შემძლებელ არს სწავლად სხუათა. რომელსა მოუგიეს დაყუდებაჲ, ჯერ-არიან მისა სამნი ესე საქმენი მოგებად: პირველად შიში ღმრთისაჲ და ლოცვაჲ მარადის და რაჲთა არა წარიტყუენვოდის გონებაჲ მისი, რამეთუ სახელი ამალეკისაჲ მოწყინებაჲ არს.
და ოდეს იწყოს კაცმან არა აღსრულებად ნებისა თჳსისა და დააცადოს ცოდვასა და ღმრთისა მიივლტოდის მოწყინებაჲ, მოსწრაფე არს პირველად ყოვლისა ბრძოლად მისა, რაჲთამცა კუალად-აგო ცოდვასავე პირველსა. ხოლო რომელი მოსპოვლავს მოწყინებასა, ესე არს ლმობიერად დადგრომაჲ ვედრებასა ღმრთისა მიმართ, ხოლო ლმობიერებაჲ მოიპოვების მარხვითა, და რომელი მარხვიდეს, მოაუძლურებს ჴორცთა და მიიყვანებს კაცთა მადლობად ღმრთისა და იტყჳს, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ ვარ, არამედ შენ, მხოლოო ღმერთო, შემეწიე მე და განმაძლიერე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი.
ძმანო ჩემნო, უკუეთუ არა მოიგოს კაცმან სურვილი ღმრთისა მიმართ და საწმუნოებაჲ მართალი და უზაკუველობაჲ და არავის მიაგოს ბოროტი ბოროტისა წილ, და შრომაჲ გუამისაჲ და სიმდაბლე და სიწმიდე, წყალობაჲ კაცთაჲ და განშორებაჲ საქმეთაგან ამის სოფლისათა და სიმშჳდე და სულგრძელობაჲ, და მარადის ლმობიერად ევედრებოდის ღმერთსა და სიყუარული ჭეშმარიტი, და არა კუალად ექცეს მასვე, რომელი დაეტევა და არა ესვიდეს კეთილთა საქმეთა მისთა და მარადის შემწე იყოფდეს ღმერთსა განსაცდელთათჳს მომავალთა მის ზედა. ყოველსა, რომელსა თანა ესე არა არს, რომელ ვაჴსენე, ვერ შემძლებელ არს იგი ცხორებად. და ესეცა უწყოდე ჵ კაცო, რამეთუ, მტერნი შენნი არა დასცხრებიან ძჳრის ზრახვად შენდა და შენცა ნუ უდებ იქმნები მათთჳს, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ თანა-ცნობასა მას სულიერსა, დანერგულსა შენ თანა ნათლის-ღებისა მიერ, და ნუცა მიენდვები თავსა შენსა, ვითარმედ: მო-რასმე-წეულ ხარ აქამომდე საქმესა სათნოებისასა, ვიდრემდის ჰხედავ-ღა სულსა შენსა ქუეყანასა შინა მტერთა შენთასა, რომელ არს ვნებანი ამის სოფლისანი. ყოველმან რომელან დაუტეოს ზრუნვაჲ ცოდვათა თჳისთაჲ და სხუათასა ზრუნვიდეს, იგი ცუდად შურების, რომელი ილოცვიდეს ყოვლითა გულითა და ცნობითა ჭეშმარიტითა ღმრთისა მიმართ, ჯერ-არს მისა, რაჲთა უწყოდის, ვითარმედ ყოველმან რომელმან ყოს ნებაჲ თავისა თჳსისაჲ თჳნიერ ნებისა ღმრთისა მტერად ღმერთსა აღუდგების.
ნუ იგონებნ გულსა შინა შენსა ყოლადვე, ვითარმედ მი-რასმე-წდომილ ხარ და გიძლევიეს, რამეთუ ვიდრე არა შეემთხჳოს კაცი ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა და გამოვიდეს მის ზედა განბჭობაჲ და ცნას, თუ რომელსა ადგილსა შეიწევის, ვერ შეძლებელ არს მინდობად. რამეთუ ძნიად და შიშით შემძლებელ არს კაცი დაჯერებად და სათნო ყოფად ღმრთისა, რამეთუ მწუხარებაჲ, რომელი ღმრთისა მიერ არნ, რომელი დასწუავნ გულსა კაცისასა, იგი არს განმგებელი საცნობელთა გარეშეთა. და ეგრეთვე, რომელი წინა-აღუდგებიან რასმე მოძღურებით, იგი მცველ არს საცნობელთა გონებისათა. არა არს შენ თანა, ჵ კაცო, განსრულებაჲ კმა-საყოფელი და ვერცა შემძლებელ ხარ მინდობად თავისა შენისა.
ამისთჳს ჯერ-არს შენდა, რაჲთა მოიგო შრომაჲ მარადის, ვიდრე ესე ხარ-ღა ჴორცთა ამათ შინა. ვიდრემდის კაცი უდებ იყოს, გულის-სიტყუანი აიძულებენ წარდგომად ღმრთისა, ხოლო რაჟამს განთავისუფლდეს ვნებათაგან, მაშინ ჰრცხუენინ მას მიხედვად ღმრთისა მიმართ ყოლადვე და შეჰრაცხის თავი თჳსი, ვითარმედ: ვერ შემძლებელ არს იგი ქცევად ნებისაებრ ღმრთისა. და განშორებულად ჰხედავნ თავსა თჳსსა ღმრთისაგან, ხოლო სულსა, რომელი ჴორცთა შინა მკჳდრ არს, არა აქუს მას ენაჲ კაცისა მიმართ ზრახვად და არცა იტყჳს, ვითარმედ უდებ არს იგი. და არცა სხუასა ჰზრახავს და არცა იტყჳს: იგი ვინმე მოღუაწე და მოსწრაფე არს, რაჲთამცა ჰრქუა: ნუ ეგდენ აიძულებ თავსა შენსა. და არცა თუალნი ასხენ, რომლითამცა ჰხედვიდა აუგთა მოყუსისათა, და არცა ენაჲ აქუს ზრახვად ნაკლულევანებასა მოყუსასა, რომლითამცა შეაწუხა, და არცა ყურნი ასხენ, რომლითამცა ისმინა, რომელი არა სარგებელ არს მისა, და არცა ვის კაცთაგანისა ძეს საქმე მისი არარაჲ ყოლადვე, არამედ შექცეულ არს თჳსთა ცოდვათა და მასწავლელ არს იგი ყოვლისა კაცისა მცნებათა ღმრთისათა დამარხვად. და არა თუ ჴორციელისა სიყვარულისათჳს. და ყოველი რომელი ექუს-ექუსით იმარხვიდეს და თავი თჳსი მისცეს მძიმესა შრომასა, თჳნიერ სიმდაბლისა შრომაჲ მისი ცუდ არს.
უკუეთუ მოიგოს კაცმან ჭურჭერი რომელიმე საჴმრად თჳსა და ჟამსა საჴმარებისასა არა პოვოს იგი, არა უკუე ცუდად მოიგოა, ოდეს-ღა ვერ ირგო ჟამსა საჴმარებისასა? ეგრეთვე ყოველი რომელი იტყჳს, თუ მეშინის ღმრთისა, რაჟამს შეემთხჳოს მას ჟამი შფოთისაჲ გინა ცუდად განრისხებისა და შურ-იგოს თავით თჳსით გინა ასწავებდეს სხუათა საქმესა, რომელსა-იგი არღარა მიწევნულ იყოს, გინა ეძიებდეს დაჯერებასა კაცთასა, ანუ ენებოს უხუცეს წოდებაჲ კაცთაგან, და რომელნი მსგავს არიან საქმეთა ამათ და ვნებათა, და ამისსა შემთხუევასა არა პოვოს შიში ღმრთისაჲ თავსა შინა თჳსსა ამათ ვნებათა ბრძოლასა მისსა მიმართ, მაშინ საცნაურ იქმნეს, ვითარმედ ყოველი შრომაჲ მისი და რომელსა იტყოდა, ვითარმედ მოუგიეს მას შიში ღმრთისაჲ, ცუდად იტყოდა და ცუდ არს. სიყუარული ამის სოფლისაჲ განარისხებს ღმერთსა, და რამეთუ განაცხრობს და ევნების თუალთა, მოიძულე და შეურაცხ-ყავ სიყუარული ჴორცთაჲ, რაჲთა არა აღეტყინოს შენ თანა ცეცხლი იგი ბუნებისაჲ. შეიიწრე მუცელი შენი შიმშილითა და წყურვილითა, რაჲთა არა დაივიწყო ჴსენებაჲ ღმრთისაჲ. ილოცევდ ყოველსა ჟამსა, რაჲთა არა შეჰვარდე ჴელთა მტერთა შენთასა. შეურაცხ-ყვენ გემონი, რაჲთა არა აღეგზნას შენ შორის ცეცხლი იგი უძღებებისაჲ. აიძულე თავი შენი მოთმინებად განსაცდელთა, რაჲთა გფარვიდეს შენ მარჯ[უ]ენე დამბადებელისაჲ. დასთხიენ წინაშე მსაჯულისა ცრემლნი მრავალნი, რაჲთა განაბნიოს შენგან ჴსენებაჲ ცოდვათა შენთაჲ. დაუტევე სიხარული ქუეყანისაჲ, განსუენებაჲ ჴორციელი, რაჲთა ღირს იქმნე სიხარულსა წმიდათა თანა.
იწურთიდ ფსალმუნთა ყოველსა ჟამსა დავითისათა, რაჲთა განიდევნენ შენგან ეშმაკნი ბოროტნი. შეჰვედრე ცხორებაჲ შენი საწუთროჲსაჲ ჴე\ლთა დამბადებელის შენისათა, რაჲთა განერე საქმეთა ბნელისათა. დაგლახაკენ ნეფსით სიმდიდრეთაგან ამის სოფლისათა, რაჲთა იშუებდე შენ ტაბლასა მას ზედა ლაზარესსა. შეწირე სული შენი მადლობით მისა, რომელმან-იგი შეწირა სული თჳსი მამისა შენთჳს, რაჲთა ჰპოვო განსუენებაჲ დღესა მას უკუანაჲსკნელსა. მიეც თავი შენი კითხვასა წიგნთა საღმრთოთასა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო სლვაჲ გზასა მას იწროსა, რომელი მიიყვანებს სასუფეველად.
მოიძულე ყოველი, რომელი არა სარგებელ იყოს შენდა შემდგომად სიკუდილისა, დაივაჭრე სავაჭროჲ, რომელი დაადგრებოდის ცათა შინა. შეურაცხ-ყავ ქებაჲ და ნუ გეშინინ ყუედრებისა, რამეთუ მოკუდავი ხარ ამას სოფელსა და ვერ შემძლებელ ხარ ცნობად მათ. მოაქციენ თუალნი შენნი სოფლისა სიქადულთაგან, რაჲთა არა გექმნენ საშუებელნი საგმობელ და სიგლახაკე. ფარაო განამტყუვნა ღმერთი და სოფელი შეიყუარა, ამისთჳსცა მიიღო მისაგებელი მისი ზღუასა შინა მეწამულსა აქა და ზღუასა მას ცეცხლისასა საუკუნოდ მუნ. მიუთხრობდი ყოველსა ჟამსა მარადის ძალსა და სასწაულსა სამებისა წმიდისასა, რაჲთა მეოტ იქმნეს შენგან გულის-თქუმაჲ ნაყროვნებისაჲ, განეშორე რჩულისა გამომეძიებელთა, მოსარჩლეთა, რაჲთა არა განგიღონ შენ კარი გმობისაჲ. დაიყვენ ყურნი შენნი გამოწულილვასა მხოლოჲსა მის სიტყჳსასა, რაჲთა არა იქმნეს ენაჲ შენი აღმომაცენებელ ბოროტისა. განეშორე მაცილობელთა და შეეყავ მდაბალთა. და ესე იყავნ სიბრძნე შენდა, რომელი ასწავებს ათასსა და იქმს ერთსა, რამეთუ არს კაცი ღმრთისაჲ. დამდაბლდი, რაჲთა აჰმაღლდე; დაგლახაკენ, რაჲთა განმსდიდრდე; იმშიე, რაჲთა განსძღე; იწყურე, რაჲთა ჰსუა; ფრიად საწუნელ იქმენ, რაჲთა პატივ-ცემულ იქმნე; იგინე, რაჲთა იქო; დაშუერ, რაჲთა განისუენო; განშიშულდი, რაჲთა შეიმოსო; ტიროდე, რაჲთა გიხაროდის; მოკუედ, რაჲთა ცხოვლე იქმნე; იღჳძებდ, რაჲთა განჰბრწყინდე? იმარხევდ, რაჲთა გიხაროდის; იგლოვდ, რაჲთა განმხიარულდე; ილოცევდ, რაჲთა განერე სატანჯველთაგან, ინანდი, რაჲთა განსწმიდნე; ითხოვდ, რაჲთა მიიღო; ირეკდ, რაჲთა განგეღოს; სდევდ, რაჲთა ეწიო; გიყუარდინ, რაჲთა საყუარელ იყო; აღიღე ჯუარი შენი, რაჲთა ნათელსა შინა დიდებულ იყო; დაკალ გუამი შენი შრომითა და განწმიდე სული შენი ლოცვითა; მოიძულენ მონაგებნი და ევლტოდე ამპარტავანებასა; შეურაცხ-ყავ ქებაჲ და შეიმოსე სული სიმდაბლისაჲ.
განაგდე სათნოებაჲ დედათაჲ და იყავ უბიწო და წმიდა ქრისტესა. განაგდე სიყუარული საფასეთაჲ და განჰმარტე ჴელი შენი გლახათა წყალობისათჳს. სტიროდე თავსა შენსა, ვიდრე-ესე ცოცხალ-ღა ხარ, რაჲთა არა ეძიებდე წყალობასა დღესა მას განკითხვისასა და ვერღარა ჰპოვო. მოიგე მორჩილებაჲ და იწროებაჲ თავისა თჳსისაჲ, რაჲთა არა გწყუროდის, ვითარცა მდიდარსა მას, რომელსა არა ეწია ლაზარე. იყავნ თავი შენი დაწუნებულ წინაშე შენსა, რაჲთა სცხოვნდე სულითა მოსლვასა მას ქრისტესსა, შენ გაქუს ხატებაჲ მისი, რომელი-იგი ყოველთა უმაღლეს არს.
იღუაწე საქმედ კეთილთა საქმეთა, რაჲთა მსგავს აბრაჰამისა იქმნა. მწერალი უკუეთუ არ მოძღუარი არნ, აბრალებედ და ჰგმობედ წერილსა ხატისა მისისასა, რაჟამს ვერ გამოწერის კეთილად. და შენ მსგავს ხარ მწერალსა დაფარულად. აწ უკუე შეამკვე კეთილითა და მრავალ-ფერითა წამლითა გონებაჲ შენი, რაჲთა არა შენ ძლით იგმოს გამომხატველი შენი და განირყუნეს შუენიერებაჲ ხატისა შენისაჲ. აიხუენ მსგავსად დამბადებელისა შენისა სახენი საქმეთა შენთანი და უჩუენე შუენიერებაჲ წერილისა მისისაჲ დაფარული უბიწოებითა გონებისა შენისაჲთა. გამოაცხადე საიდუმლოჲ სიბრძნისა შენისაჲ და აჩუენე ძალი მისი სიმართლითა შენითა. მიუთხრობდი სასჯელსა მას საუკუნესა ცრემლითა შენითა და ქადაგებდი სასუფეველსა მოთმინებითა შენითა. აღამცირენ ძჳრის-მეტყუელნი შენნი დუმილითა და ამხილე უძღებთა მარხვითა შენითა, განაღჳძენ მძინარენი მღჳძარებითა შენითა და ნუგეშინის-ეც ცოდვილთა სახითა შენითა. ამხილე ნაყროანთა მოთმინებითა შენითა და ლმობიერ-ყვენ მდიდარნი სიგლახაკითა შენითა.
იყავ შენ უცხო სოფლისაგან და განაცხადე ძალი სიყუარულისაჲ, განდევნე შფოთი გულისაგან შენისა და შეაყავ თავი შენი სინანულსა. დააყენე ენაჲ შენი დრტჳნვისაგან და აღმახუე იგი გალობად ღმრთისა მარადის. შორს ყავ ოქროჲ სენაკისაგან შენისა, რაჲთა დაიმკჳდროს მას შინა სულმან ღმრთისამან. იყავ მეუფე მუცელსა შენსა ზედა, რაჲთა განიშორნე ყოველნი საბრჴენი მტერისანი. განეშორე მრავალ-მეტყუელებასა, რომელი მოცალეთა მოუპოებიეს, რამეთუ არარაჲ არს მას შინა სარგებელი სულისაჲ, ნუ გძინავს ჟამსა მკისასა, რაჲთა არა გემოსოს ძონძი დაბებკული ჟამსა მიგებისასა. შეჰრისხენ ნებასა ჴორცთა შენთასა, რაჲთა არა მძლე გექმნეს მტერი შენი. წარეცი სასუმელი სნეულთა და ნუ ხარ მოყუარე მისა. ნუ მისცემ ნებასა შენსა განსუენებასა, რაჲთა არა მბრძოლად აღგიდგენ. ნუ განუღებ კარსა განსუენებასა ჴორცთასა, რაჲთა არა იძლიოს ქალაქი შენი და წარიტყუენოს მტერთა მიერ. ნუ იხარებ და იგემოვნებ სიტყუათა, რომელთა ეშორო საქმით, რაჲთა არა იბრალო ქორწილსა მას სამოსლისა შენისა მიზეზითა.
დასთესე თესლი შენი კეთილი ქუეყანასა სიტყჳერსა, რაჲთა არა პურის მთხოელ იქმნე. ქუეყანასა მას,. რომელსა არა აქუს შეწევნაჲ მთხოელისაჲ. იგულე სასანთლე შენი და აღაგე იგი ზეთითა სახიერებისა და მოწყალებისაჲთა, რაჲთა არა დაივსოს სანთელი შენი შორის კრებულსა მას შემავალსა ქორწილად და გარე უკუნ გაქციონ მეკარეთა. ელოდე სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და ითხოვდ წყალობასა, ვიდრე ცოცხალ იყო, რაჲთა არა განგირისხნეს მსაჯული და მიგცეს საპყრობილოდ. ევლტოდე ასულთა ევაჲსთა ჴორციელად და ნუ წინა-აღუდგები მათ, რამეთუ ახოვანნი შეცჳვეს სანადიროსა მათ, სადა წარწყმდეს. ნუ აუფლებ სახედველთა შენთა ხედვად გარეშე სიწმიდისა, რაჲთა არა შეიჭუროს მათ მიერ მტერი შენი შენ ზედა ვნებათა მიზეზითა და დაგცეს პატივისაგან. ნუმცა იარების გონებაჲ შენი გარეშე გზისა მისგან იწროჲსა, რაჲთა არა მოგნადირონ მტერთა შენთა უწყალოდ, და წარიღონ მონაგები შენი. ნუ ხუალ გზასა მას იერიქოჲსასა და ნუცა დაუტეობ იერუსალჱმსა, რაჲთა არა მოიწყლა ავაზაკთა მიერ და არა ჰპოვო წყლულებათა შენთა კურნებაჲ.
და უკუეთუ გნებავს, მიგითხრა საქმე რაჲმე განმაღჳძებელი სინანულად და მოქცევად ღმრთისა მიმართ წიგნთაგან საიდუმლოთა. რამეთუ წერილ არს იოვანესთჳს ღმრთის მეტყუელისა, ქრისტეს მოციქულისა და მოწაფისა საყუარელისა, ვითარმედ რაჟამს იგი იქცეოდა ქუეყანასა ასიაჲსასა, რომელსამე ქალაქთაგანსა, პოვა მან ერთი ვინმე ჭაბუკი შემკული შუენიერად და ძლიერი და შუენიერი პირითა და შუებული ჴორცითა. და ენება წმიდასა მოციქულსა, რაჲთამცა იჴსნა იგი კერპთ მსახურებისაგან და აცხოვნა სული მისი, და დასთესა მის თანა თესლი იგი კეთილისა სარწმუნოებისაჲ. ხოლო მან აღუთქუა და შეიწყნარა, რაჲთა იქმნეს მორწმუნე ქრისტესა.
მაშინ მიიყვანა წმიდამან მან ეპისკოპოსისა მის ქალაქისა, რაჲთა მისგან ისმინნეს საღმრთონი სიტყუანი. მიუგო წმიდამან იოვანე ეპისკოპოსსა და ჰრქუა: ამას კაცსა ნამარხევად მიგითუალავ, ჵ ეპისკოპოს, მოწამებითა ღმრთისაჲთა და ყოველთა ამათ ეკლესიისა კრე\ბულთაჲთა, რაჲთა ასწაო ამას სარწმუნოებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და მოწრაფედ დაიცევ იგი ვნებათაგან მტერისათა. და ვითარცა ესე ჰრქუა წმიდამან იოვანე ეპისკოპოსსა, და შეჰვედრა მას ჭაბუკი იგი.
ხოლო იგი განვიდა გარემო სოფლებსა მას და ქადაგებდა სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მაშინ შეიყვანა ეპისკოპოსმან ჭაბუკი იგი და ასწავებდა დღითი-დღედ სარწმუნოებასა და ითუალვიდა. და მისა შემდგომად მოსცა მას ნათელი და ქრისტეანე ყო და ჰგონებდა იგი, ვითარმედ შეჭურა და განამტკიცა იგი სარწმუნოებასა ზედა ნათლის-ღებითა. და განუტევა იგი და არღარა შესძინა სწავლად და მოთუალვად მისა ჯერისაებრ.
და ვითარცა მოიცალა ჭაბუკმან მან, შეეყო იგი კაცთა ვიეთმე ჭაბუკთა უკეთურთა და განრყუნილთა და ბოროტის მეძიებელთა. ხოლო მათ მიიყვანეს იგი და ასწავეს ყოველი ფერი უკეთურებაჲ და ბოროტისა საქმე და ღამით პარვაჲ. და კუალად მიიყვანეს იგი მეძავთა ქულბაგსა და მეღჳნეთასა და ასწავლნეს ყოველნი უკეთურებანი მათნი. უკუანაჲსკნელ განიყვანეს იგი მთად და ყვეს იგი ავაზაკთ მთავარ ძლიერებისა მისისათჳს და სიმჴნისა და შეუმზადეს მას ყოვლით კერძოვე წარსაწყმედელი, და დაიბუნაგეს მთასა გარე, და დაემკჳდრა მის თანა სული უწყალოებისაჲ. და არცაღათუ გონებითა მსგავს იყო იგი კაცთა, არამედ მიემსგავსა იგი სიბოროტითა მჴეცთა მძჳნვარეთა და ყოლადვე არა მოიჴსენა შიში ღმრთისაჲ გულსა თჳსსა.
და ამას ესევითარსა განრყუნილებასა შინა დაყუნა ჟამნი რავდენნიმე. და ვითარცა მოიწია წმიდაჲ იოვანე ღმრთის მეტყუელი კუალად ქალაქად ჭაბუკისა მის, მოიკითხა ეპისკოპოსი იგი და ჰრქუა წინაშე ყოვლისა კრებულისა: მომეც მე, ჵ ეპისკოპოს, ნამარხევი იგი ჩემი, რომელი მიგეც შენ მოწამებითა ღმრთისაჲთა და ეკლესიისა კრებულისაჲთა. მაშინ განცჳბრდა ეპისკოპოსი სიტყუასა ზედა მოციქულისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ საფასისათჳს იტ[ყ]ჳს. და ვითარცა იხილა იოვანე ეპისკოპოსი შეშფოთებულად, მიუგო და ჰრქუა: მომგუარე ჭაბუკი იგი, რომელი შეგვედრე წინაშე ღმრთისა. მაშინ ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, სულთ-ითქუნა სიღრმითა გულისაჲთა და ტირილით მიუგო და ჰრქუა, ვითარმედ: მოკუდა ჭაბუკი იგი, რომელი შემოგევედრა ჩემდა, მოციქულო. მიუგო მან წმიდამან იოვანე და ჰრქუა: და რომლითა სიკუდილითა მოკუდა? ჰრქუა მას ეპისკოპოსმან: მოკუდა იგი სულითა, რამეთუ განრყუნეს იგი თანა-შემყოფთა ბოროტთა პირველად ბილწებითა ქალაქსა შინა და უკუანაჲსკნელ განიყვანეს იგი უდაბნოდ და ყვეს იგი მთავარ ავაზაკთა, და აქამომდე მიწევნულ არს ბოროტითა უფროჲს ყოველთა ძჳრის მოქმედთა და მოსრავს უწყალოდ ყოველთა, რომელთა მიემთხუევის. მიუგო იოვანე და ჰრქუა ეპისკოპოსსა: კეთილსა მწყემსსა მიგანდვე სული ჭაბუკისაჲ მის, კეთილი მწყემსი დაგადგინე ტარიგსა მას ზედა ქრისტესსა, რამეთუ უდბობით მიეც იგი პირსა მჴეცისა მის მძჳნვარედ განმრყუნელისასა სამწყსოთა ქრისტესთა. აწ უკუე მომგუარეთ საჴედარი, და მომეცით მე კაცი, რომელმან მასწაოს მე გზაჲ მის საავაზაკოჲსაჲ. და მუნთქუესვე მოჰგუარეს საჴედარი და დაჯდა მას ზედა, და მისცეს კაცი, რომელმან უჩუენოს გზაჲ. და განვიდა ესრეთ უდაბნოსა მას საავაზაკოსა ძიებად კრავისა მის ქრისტესისა წარწყმედულისა.
და ვითარცა მიიწია წმიდაჲ იოვანე მთასა მას ავაზაკთასა, შეიპყრეს იგი რომელთამე მათგანთა ბოროტის ყოფად. ხოლო წმიდამან იოვანე ჰრქუა მათ: მე თჳთ განზრახვით თქუენდა მოვალ, მიმიყვანეთ მე მთავრისა თქუენისა. და იყო ჭაბუკი იგი შეჭურვილ საჭურველითა და მდგომარე განშორებულად-რე კრებულისა მისგან ავაზაკთაჲსა. და ვითარცა წარემართა წმიდაჲ იოვანე მის კერძო, მიჰხედნა ჭაბუკმან მან და იცნა იგი. და ვითარცა იცნა იგი, სივლტოლად დგა სირცხჳლისა მისგან. მაშინ წმიდაჲ იოვანე სდევდა მას და ღაღადებით ეტყოდა: რაჲსათჳს ევლტი, შვილო ჩემო, მამასა შენსა; რაჲსათჳს შრომასა შემამთხუევ უცხოსა ამას და უძლურსა მოხუცებულსა? მელოდე, შვილო ჩემო, და ნუ გეშინინ, რამეთუ არს შენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. მე შევინდო შენ წილ სინანულითა, ვითარცა-იგი უფალმან მისცა სული თჳსი ჩუენ ყოველათათჳს. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, მელოდე და გრწმენინ ჩემი, ვითარმედ ქრისტემან მომავლინა შენდა შენდობისა მიცემად. მე თავს-ვიდვა სიკუდილი შენთჳს. მე მივსცე სიტყუაჲ სისხლთა მათთჳს, რომელ დასთხიენ. მე აღვიხუნე ყოველნი ცოდვანი შენნი ქედსა ჩემსა ზედა. ნუ გეშინინ, ნუცა სასოწარკუეთილ ხარ ცოდვათა შენთათჳს.
და ვითარცა ესმეს ჭაბუკსა მას სიტყუანი ესე წმიდისა იოვანესგან, მუნთქუესვე დასთხია საჭურველი თჳსი და ძწოლაჲ შეედვა, და იწყო ტირილად მწარითა ცრემლითა, და მოეგება წმიდასა იოვანეს და დაეცა პირ-დაქცევით ფერჴთა მისთა თანა და გოდებდა. ხოლო წმიდამან იოვანე აღადგინა იგი და მოწლედ მოიკითხა. ხოლო იგი მრავლისა მისგან ტირილისა ვერ შემძლებელ იყო სიტყჳსა მიგებად მისა და თხოვად შენდობისა, არამედ განჰმარტა მარჯუენე მისი წინაშე იოვანესა და უჩუენა, რამეთუ შებღალულ იყო იგი სისხლითა კაცთაჲთა. მაშინ მიიღო იოვანე მარჯუენე ავაზაკისაჲ მის და ამბორს უყოფდა და იმთხუევდა თუალთა თჳსთა და ჰრქუა: დღეს ნათელს-გიღებიეს ამით ცრემლითა და განწმედილ ხარ ყოველთა ცოდვათა შენთაგან და ნუღარა მწუხარე ხარ. და მუნთქუესვე წარიყვანა იგი მის თანა და შეჰრთო კრებულსა ეკლესიისასა და ესრეთ აცხოვნა სული მისი. და მის მიერ არწმუნა ყოველსა ერსა, ვითარმედ არს სინანული ცოდვილთათჳს და განწმედაჲ ცრემლითა და სასოებაჲ ჭეშმარიტი აღდგომისაჲ, და ამისსა ჭეშმარიტებასა დაამტკიცებს პირველი იგი ავაზაკი, რომელი ცხონდა ჯუარსა ზედა დამშჭუალული სიტყჳთა ერთითა სარწმუნოებისა და სინანულისაჲთა. და კუალად წამებენ ყოველნი, რომელნი განერნეს ბოროტისაგან სინანულითა.
და კუალად იყო ვინმე უწინარეს ნათესავისა ამის ჩუენისა მოვრიკ მეფისა ზე მორწმუნისა კაცი უკეთური ფრიად, მთავარი ავაზაკთაჲ, დამთხეველი სისხლისაჲ და მოქმედი ბოროტისაჲ თრაკეთისა ქუეყანასა. და იყო იგი უმადლო და უწყალო თჳნიერ გონებისა კაცთაჲსა, ვიდრემდის მიიწია ბოროტსა, რომლითა აღაოჴრა და უვალ ყო იგი კაცთაგან, და მრავალ-გზის მრავალი აღჭურვილი მჴედართაჲ და სპათა სიმრავლე განვიდის ძიებად მისა და ვერ შემძლებელ იქმნეს შეპყრობად მისა ვერ რომლითა ღონის ძიებითა, არამედ ახოვნებითა მისითა რომელნიმე მათგანნი მოსრნის, და რომელნიმე შეიპყრნის, და რომელნიმე განაბნინის ძლიერად, და ამას ზედა განრყუნილებასა დაყუნა ჟამნი მრავალნი.
და ესმა მისთჳს და ბოროტთა საქმეთა მისთათჳს მორწმუნესა მეფესა მოვრიკს. წარავლინა ერთი ვინმე შინაურთა მსახურთა მისთაგანი და წარჰსცა მძივი იგი, რომელი ჰკიდავნ ყელსა მეფისასა, რაჲთა მისცეს მას საფიცი მტკიცე და დაუბეჭდოს მძივითა მით და სახელდებითა ღმრთისაჲთა, რაჲთა უშიშად მოვიდეს მისა. და ვითარცა იხილა იგი ავაზაკთ მთავარმან და ესმ[ნ]ეს სიტყუანი მეფისა მის, თქუმულნი მისა, შეიკდიმა და დასთხია ყოველი იგი საჭურველი და სახე ავაზაკთაჲ. და შთამოვიდა იგი მთით გულითა წრფელითა, ვითარცა კრავი, და მისცა თავი თჳსი ჴელთა მეფისათა ნეფსით. და მიენდო საფიცსა მისსა სავსე ყოვლითა ბოროტითა. ხოლო ღმრთის მორწმუნემან მეფემან შეიწყნარა იგი სიხარულითა და არარაჲ ბოროტისა საქმე უჴსენა მას. და მცირეთა დღეთა შედგომად დასნეულდა ავაზაკი იგი, და დააწვინეს იგი სახლსა სასნეულოსა მეფისასა. ხოლო ასუეს მას ღჳნოჲ, რამეთუ ინება; და გარდაიქცა სნეულებაჲ მისი თავ-ქედად, განწირულად ცხორებისაგან, და წარვიდა ცნობაჲ მისი. და ვითარცა განწირეს იგი სიკუდილად, კუალად მოიქცა და გონებასა მოეგო, და ღამე შემოეწიფა და ეუწყა თავით თჳსით, ვითარმედ საწუთროსა ამას სოფელსა დაუტეობს.
მაშინ იწყო ლმობიერად ვედრებად ღმრთისა მიმართ მოწყალისა მრავლითა ცრემლითა, და ფრიადითა გოდებითა აღიარებდა ცოდვათა თჳსთა და ითხოვდა შენდობასა ცოდვათა თჳსთასა და იტყოდა, ვითარმედ: არარას ვითხოვ შენგან, ჵ კაცთ მოყუარეო, არამედ მასვე, რომელი-იგი ჰყავ უწინარეს ჩემსა მსგავსსა ჩემსა ავაზაკსა ზედა, რომელმან აღიარნა ცოდვანი მისნი, და შენ განუღე მას სამოთხე. ეგრეთვე აჩუენე ჩემ ზედაცა სასწაული შენი, სახიერო, და შეიწირენ ცრემლნი ესე ჩემნი, რომელნი ესე დავრდომილი ვძე სარეცელსა ზედა სიკუდილისა ჩემისასა. და ვითარცა-იგი მიითუალე ეზეკია მეფისაგან, ოდეს-იგი ტირილით გევედრებოდა შენ მდებარე სარეცელსა თჳსსა ზედა, და ვითარცა-იგი ღირს ჰყვენ ფასსა სრულსა მუშაკნი იგი მეათერთმეტისა ჟამისა, რომელთა-იგი არარაჲ ქმნეს ვენაჴსა მას შენსა. ეგრეთვე შეიწირენ ცრემლნი ესე ჩემნი მცირედნი მწარენი და ნათელ-მეც მე მათ მიერ მეორედ, და განმწმიდე მე დატევებითა ცოდვისა ჩემისაჲთა, ვითარცა ნათლის-ღებითა, და ნურარას მთხოვ მე თჳნიერ ამისსა, რამეთუ ჟამსა ამას ვერღარას შემძლებელ ვარ საქმედ, და ვხედავ, რამეთუ სული ჩემი მიჰყავს შენდა, და რომელნი წარმიყვანებენ მე, მოახლებულ არიან, და ნუ გამოიწულილავ საქმეთა ჩემთა, რამეთუ ვერარას კეთილსა ჰპოებ ჟამსა ამას, რამეთუ ცოდვათა ჩემთა წარმისწრვეს მე წინაშე შენსა. და ჟამი შემომეწიფა და კეთილთა საქმეთაგან შიშუელ და გლახაკ ვარ და ცოდვანი აურაცხელ არიან, არამედ ვითარცა-იგი შეიწირენ ცრემლნი პეტრე მოციქულისანი, შეიწირე ტირილიცა ჩემი, ჵ კაცთ მოყუარეო, და დააბკურენ ცრემლნი ესე ჩემნი ჴელით-წერილსა ცოდვათა ჩემთასა და აჴოცე იგი ბრალთაგან ჩემთა ურიცხუთა.
და დაყო ავაზაკმან მან ჟამი რავდენიმე ამას ვედრებასა შინა მრავლითა ცრემლითა და აღიარებდა ცოდვათა თჳსთა წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი გუაუწყეს ჩუენ სხუათა მათ სნეულთა, რომელნი წვეს გარემოჲს მისსა, და რამეთუ თავის სახუე(ვე)ლითა თჳსითა იწმედნ ცრემლთა მათ, რომელნი გარდამოდიოდეს თუალთაგან მისთა, და მას შინა შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა.
იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მის ქალაქისათაჲ მკურნალი წმიდაჲ და სათნოებითა შემკული, რომელი დღითი-დღედ და ჟამითი-ჟამად ითუალვიდა სნეულთა მათ, და ეხილვა მას ავაზაკი იგი სნეული. მაშინ იხილა მკურნალმან ჩუენებით სახლსა შინა თჳსსა ჟამსა მას, რომელსა მოკუდა ავაზაკი იგი. იხილა, რეცა მრავალი კრებული ავაზაკთაჲ მოიწია ცხედარსა ზედა მის ავაზაკისასა და მოიცვეს იგი. და აქუნა მათ თანა ქარტაჲ ფრიადი, რომელსა შინა ეწერნეს ყოველნი ცოდვანი ავაზაკისანი მის. და კუალად იხილნა ორნი კაცნი ნათლისანი და აქუნდეს მათ თანა სასწორნი. მაშინ წარმოდგა სიმრავლე იგი [ავაზაკთაჲ] და შთაკრიბეს ყოველი იგი ქარტაჲ, რომელსა ეწერა ყოველი ცოდვაჲ ავაზაკისაჲ მის ერთკერძოსა მას ბუდესა სასწორისასა, და დასძლია ცალიერსა მას. მაშინ თქუეს კაცთა მათ ნათლითა შემოსილთა ურთიერთას: ჩუენ არარაჲ გუაქუს ყოლადვე, რაჲ შთავდვათ სასწორსა ამას ერთკერძოსა. მიუგო ერთმან მან მოყუასსა თჳსსა და ჰრქუა: ამისი ჯერეთ ათი დღე არღარა არს, ვინაჲთგან მოსრულ არს ავაზაკობით, რასა უკუე კეთილსა საქმესა ეძიებ ამის თანა?
და ვითარცა ამას იტყოდეს ურთიერთას, იწყეს რეცა ძიებად რასამე ცხედარსა მისსა თანა, რაჲთამცა პოვეს კეთილისა საქმესა. და ერთმან მათგანმან პოვნა თავის-სახუეველნი იგი ავაზაკისანი, რომლითა იწმედნ ცრემლთა მისთა. მიუგო და ჰრქუა მოყუასსა თჳსსა: მართლიად გეტყჳ, რამეთუ არარაჲ არს აქა ჩუენ თანა თჳნიერ ესე თავისა სახუეველნი, შთაუსხნეთ ესე წყალობასა თანა ღმრთისასა ერთ კერძო სასწორსა მას. და ვითარცა შთასხნეს იგინი წყალობასა თანა ღმრთისასა ბუდესა მას ცალიერსა, და დასძლიეს მეორესა მას და განიბნია ყოველი იგი ქარტაჲ, რომელსა წერილ იყვნეს ცოდვანი ავაზაკისანი. მაშინ ღაღად-ყვეს ანგელოზთა და თქუეს: სძლო წყალობამან ღმრთისამან. და წარიყვანეს სული მისი და აღიყვანეს მათ თანა ზეცად. და ივლტოდეს ვაებით შავნი იგი სირცხჳლეულნი.
და ვითარცა იხილნა მკურნალმან მან ჩუენებაჲ ესე და განიღჳძა მუნთქუესვე, და შეიმოსა სამოსლი თჳსი და წარვიდა მწრაფლ სახლსა მას სასნეულოსა და მივიდა ცხედარსა მის ავაზაკისასა და შეახო გუამსა მისსა და პოვა იგი მჴურვალე, რამეთუ მუნთქუეს ოდენ განსრულ იყო სული მისი და აღსრულ იყო წინაშე უფლისა. და თავის სახუეველნი მისნი ესხნეს თუალთა ზედა მისთა, სავსენი ცრემლითა. და აუწყეს მათ, რომელნი წვეს მახლობელად მისა, რომელი-იგი ესმინა ტირილით ვედრებაჲ ღმრთისაჲ და აღსარებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ. მაშინ აღიხუნა თავის სახუეველნი იგი ჴელითა თჳსითა და შევიდა წინაშე მოვრიკ მეფისა მორწმუნისა და უჩუენნა იგინი და უთხრა მას ჩუენებაჲ იგი, რომელი იხილა ძილსა შინა, და რაჲ-იგი ესმა მათგან, რომელნი წვეს მახლობელად მისა სიკუდილისა ჟამსა. და ჰრქუა მკურნალმან მან მეფესა: ვჰმადლობ ღმერთსა, ჵ უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ გუესმინა ჴსნაჲ ავაზაკისაჲ ცოდვათა და ბრალთა მისთაგან აღსაარებითა ჯუარსა ზედა მეუფისა ზეცათაჲსა. და კუალად აწ ესერა თუალითა ჩუენითა ვიხილეთ, რამეთუ ავაზაკი ცხოვნდა აღსაარებითა ცოდვათა თჳსთაჲთა მეუფებასა ჴელმწიფებისა შენისასა.
ხოლო ჩუენ გუესმის ესე და გურწამს, რამეთუ ჭეშმარიტ არს, არამედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვიმზადნეთ თავნი თჳსნი დღისა მისთჳს სიკუდილისა სინანულითა სრულითა უწინარეს სიკუდილისა. რამეთუ მრავალნი მყის წარიტაცნის სიკუდილმან და არა აუფლის სიტყჳსაცა ერთისა აღმოთქუმად, არცა ტირილად და არცაღა ანდერძისა ყოფად. ამისთჳს ყოველსა ჟამსა ჯერ-არს ჩუენდა მოლოდებაჲ დღისაჲ მის, რამეთუ არა უწყით, ვითარ იყოს. განსლვაჲ ჩუენი ჴორცთაგან და ნუმცა უდებ ვართ და ნუმცა ვალოდინებთ სინანულსა ჩუენსა ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა, არამედ უსწროთ და მივივლტოდით წინაშე წმიდასა პირსა მისსა აღსარებითა ცოდვათა ჩუენთაჲთა. და ესე ამისთჳს დავწერე, რაჲთა ჰბაძვიდეთ შურსა მას კეთილსა და არა უდებ იქმნეთ.
არამედ განვიღჳძოთ სინანულად და მოვაცალოთ თავთა ჩუენთა სათნო-ყოფად ღმრთისა ყოვლითა გულითა ჩუენითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და კეთილისა საქმითა, და დავიცვნეთ მცნებანი ღმრთისანი, რაჲთა მივემთხჳნეთ კეთილთა მათ ზეცისათა შენდობითა ცოდვათა ჩუენთაჲთა, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და წყალობითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა, რომლისაჲ არს დიდება და პატივი და მადლი და თაყუანის-ცემაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი [უკუნისამდე, ამენ].
|
|