| |
წმიდა ეფრემ ასური
სიტყვა უფლის მოსვლაზე, წუთისოფლის აღსასრულსა და ანტიქრისტეს მოსვლაზე
მე, უმცირესმა, ცოდვილმა, ცდუნებულმა ეფრემმა როგორ შევიძლო თქმა უთქმელისა - ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება? მაგრამ ვინაიდან მაცხოვარმა, მისი მადლისა და მოწყალებისაებრ, უწიგნურთაც მიმადლა სიბრძე, მათ მიერ კი ყოველგან განანათლა მორწმუნენი, მაშასადამე, ჩემს სიტყვასაც სრულყოფს - სარგებლად და სამოძღვროდ ჩემთვისაც - მთქმელისთვის - და ყველა მსმენელისათვისაც. აწ კი სალმობითა და სულთქმით ვიტყვი წუთისოფლის აღსასრულზე და ვახსენებ იმ ურცხ, შესაზარ გველს, მთელ ცისქვეშეთს რომ შეაშფოთებს და შეაძრწუნებს; შიშს, სულმოკლეობასა და და საშინელი ურწმუნოებას დანერგავს ადამიანთა გულებში და სასწაულებს, ნიშნებსა და საშინელებებს მოახდენს, „ვიდრე ცდუნებადმდე, უკეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა“ (მათე 24, 24), ის ყველას გააცრუებს ცრუ სასწაულებითა და ნიშნებით. წმიდა ღმერთის დაშვებით მიიღებს გველი ხელმწიფებას მსოფლიოს საცდუნებლად, რადგან სავსებით აღსრულდება წუთისოფლის უკეთურება და ყველგან ყოველგვარი საშინელება მოხდება. ყოვლად წმიდა მეუფემ ადამიანთა უსჯულოების გამო დაუშვა წუთისოფლის გამოცდა მზაკვარი, უკეთური სულის მიერ, რადგან ადამიანები ნებსით განუდგნენ ღმერთს და ბოროტება შეიყვარეს.
დიდი ღვაწლის მომუშაკება მოელით, ძმებო, იმ ხანებში ადამიანებს, განსაკუთრებით კი მართლებს (მორწმუნეებს), რადგან გველი დიდი ხელმწიფებით აღასრულებს ნიშნებსა და სასწაულებს, საშინელ ჩვენებებში ღმერთის დარად აჩვენებს თავს: ჰაერში იფრენს და ყველა ეშმაკი ანგელოზივით ამაღლდება მტარვალის წინაშე. ის ძლიერად დაიძახებს, იერს შეიცვლის და უზომოდ შეაძრწუნებს ყველა ადამიანს. ვინ აღმოჩნდება მაშინ მტკიცედ მოზღუდული, ურყევი? ვის ექნება სულში სარწმუნო ნიშანი მხოლოდშობილი ძის, ჩვენი ღმერთის წმინდა მოსვლისა, როცა იხილავს გამოუთქმელ მწუხარებას, ყოველი მხრიდან რომ მოიწევა ყოველ ადამიანზე. ვერავითარ ნუგეშისცემას ვერ იპოვიან ისინი ვერც ხმელეთზე, ვერც ზღვაზე - ვერსად. ვინ დადგება მტკიცედ, როცა იხილავს, რომ მთელი მსოფილო ძრწის და შფოთავს; ყველა გარბის მთებში, რათა დაიმალოს. ერთნი შიმშილით კვდებიან, მეორენი ცვილივით ჩამომდნარან წყურვილისაგან და არავინაა მათი მწყალობელი. ვინ გაუძლებს ცრემლით დაცვარული ღაწვების ხილვას იმ ადამიანებისა, ძლიერი წადილით რომ ხმობენ: „დედამიწაზე ჯერ კიდევ იქადაგება განა სადმე უფლის სიტყვა“? და მათ მიუგებენ „არსად ისმის უფლის სიტყვა“. ვინ გადაიტანს იმ დღეებს, ვინ მოითმენს მოუთმენელ მწუხარებას ხალხების აღრევის ხილვისას, დედამიწის ყოველი კიდიდან რომ დაიძვრებიან მტარვალის სანახავად და ბევრი თაყვანს სცემს გველს, ძრწოლით მხმობელი ,, შენ ხარ ჩვენი მხსნელი“? ზღვა ხმაურობს, შფოთავს, მიწა გამომშრალა, ცა არ ასწვიმებს, მცენარეები ჭკნებიან; აღმოსავლეთში მცხოვრებნი დიდი შიშით გარბიან დასავლეთში; ასევე, მზის დასავლეთის მკვიდრნი შეშფოთებულები ისწრაფიან აღმოსავლეთისკენ. მაშინ ურცხვი მიიღებს ხელმწიფებას და ეშმაკის მოციქულებს დაგზავნის ყოველ კუხეში, რათა კადნიერად იქადაგონ: „დიდი მეუფე გამოჩნდა დიდებით, მოდის და იხილეთ“. ვის ექნება ანდამატივით მტკიცე სული, რომ მხნედ, მამაცურად გადაიტანოს საშინელი საცდურები? არსებობს განა ადამიანი, რომელსაც ყველა ანგელოზი შენატრის?
მე კი, ქრისტეს მოყვარე და სისრულით შემკულო ძმებო, თავზარი მეცემა გველის ხსენებაზეც კი, ვფიქრობ რა იმ მწუხარებაზე, ადამიანებზე ბოლო ჟამს რომ მოიწევა.ვფიქრობ, როგორი დაუნდობელი და ბოროტი აღმოჩნდება საძაგელი გველი კაცთა მოდგმის მიმართ; რა სასტიკად დასჯის წმინდანებს, რომლებიც მის მოჩვენებით სასწაულებს არ ირწმუნებენ! ბევრი ღვთის სათნომყოფელი ადამიანი აღმოჩნდება იმ ხანებში; მოუკლებელი ლოცვითა და გაუსაძლისი გლოვით აღჭურვილნი, ისინი მთებს და უდაბნო ადგილებს შეაფარებენ თავს და გადარჩებიან. იხილავს რა მათ გამოუთქმელ ცრემლს და წრფელ სარწმუნოებას, უფალი მოსიყვარულე მამასავით შეიწყალებს მათ და თავიანთ თავშესაფრებში დაიცავს.ამასობაში კი ყოვლად საძაგელი გველი არ დაცხრება - წმინდანების ძებნას არ შეწყვეტს არც ხმელეთზე, არც ზღვაში, რადგან თავს უკვე იგულვებს დედამიწის მეფედ და ყოველ ადამიანს - თავის ქვეშევრდომად. ის ვერ გააცნობიერებს თავის უძლურებასა და ამპარტავნებას, რომლითაც დაეცა, უბედური, არამედ წინააღმდეგობას განიზრახავს ბოლო ჟამს - მანამ, ვიდრე ზეციდან უფალი მოვა დიდებით. ზარს დასცემს დედამიწას მტარვალი, ყველას შეაძრწუნებს ცრუ, ჯადოქრული სასწაულებითა და მზაკვრული ნიშნებით.
იმ ხანებში, როცა ვეშაპი აღზევდება, დედამიწაზე სიმშვიდე გაქრება, დიდი მჭმუნვარება, ვალალება, გოდება, სიკვდილი და შიმშილი დაისადგურებს ყოველ კუთხეში. თვით უფალმა თქვა თავისი - საღმრთო ბაგეებით, რომ ასეთი ჭირი „არა სადა იქმნა დასაბამითგან” (მარკოზი 13. 19), როგორ აღვწერთ ჩვენ, ცოდვილები, იმ უსაზომო, გამოუთქმელ ჭირს, როცა თვით უფალი ამგვარად საუბრობს იმ ჟამზე? ყოველი ჩაუღრმავდეს გონებით უფლისა და მაცხოვრის წშინდა გამონათქვამებს, გულისხმა-ჰყოს, რომ თავისი წყალობისა და მოწყალებისამებრ, უფალს სურს შეამოკლოს ჭირის დღეები, რადგან მეტისმეტად დიდი მწუხარება მოიწევა წუთისოფელზე. იგი შეგვაგონებს და ხმობს: „ილოცევდით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა, გინა შაბათსა“ (მათე 24. 20), და კიდევ: „იღვიძებდით უკუე ყოველსა ჟამსა“ და მოუკლებლად „ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა“ (ლუკა 21 36), რადგან ჟამი ახლოსაა. ყოველ ჩვენგანს ეწევა ეს უბედურება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჯერა დაუცხრომლად ვევედროთ ღმერთს ლოცვებში, მხურვალე ცრემლი ვიწუროთ, დღედაღამ შევუვრდეთ მას, რათა გვიხსნას ჩვენ, ცოდვილები. ვისაც გლოვა და შემუსვრილება შეუძენია, უფალს ევედროს, რომ თავი დავაღწიოთ დედამიწაზე მოწეულ ჭირს, სრულებით არ ვიხილოთ შესაზარი მხეცი და არც მისი ხმა ვისმინოთ. სახარება გვაუწყებს: „იყუნენ სიყმილნი და ძრუანი ადგილდ-ადგილდ“ (მათე 24. 7) და სიკვდილი გამეფდება დედამიწაზე. სულის სიმამაცე და მხნეობაა საჭირო, რათა ადამიანმა თავისი ცხოვრება დაიცვას საცდურებისგან. თუ კაცი თუგინდ მცირედ უზრუნველი აღმოჩნდება, მაშინ ის იოლად იძლევა და ბოროტი, ცბიერი გველი მას თავისი სასწაულებით მოინადირებს. ასეთი ადამიანი ვერ იპოვის შეწყალებას საშინელ სამსჯავროზე; იქ გაცხადდება, რომ იგი ნებაყოფლობით ერწმუნა მტარვალს.
მრავლის მრავალი ლოცვა უნდა აღვუვლინოთ ღმერთს და ცრემლი ვიდინოთ, საყვარლებო, რათა მტკიცენი დავრჩეთ განსაცდელში, რადგან ბევრი საოცრება, ჩვენება, სასწაული აღსრულდება მხეცის მიერ. ის ღვთისმბრძოლია თავისდა თავად, მაგრამ ამას არ სჯერდება და ყველას წარწყმედა სურს. ამიტომ ისეთ ღონეს იძიებს მტარვალი, რომ ყველამ უნდა მიიღოს მხეცის ნიშანი ანუ ბეჭედი, როცა თავის დროზე, ანუ ჟამთა აღსასრულს მოვა იგი ყველას საცდუნებლად და ნიშნებს იქმს. ვინც მხეცის ბეჭედს მიიღებს, მხოლოდ მას შეეძლება სურსათისა და ყოველგვარი საჭირო ნივთის შეძენა. ზედამხედველებს დააყენებს ვეშაპი თავისი ბრძანებების აღსასრულებლად. შენიშნეთ, ძმებო, და იხილეთ გადამეტებული, გადარეული მანქანება მხეცისა და მზაკვრობა - რითი იწყებს ის? - მუცლით, რათა შიმშილისგან უკიდურესად შეჭირვებული ადამიანი იძულებული გახდეს, მიიღოს მისი ბეჭედი, ანუ უკეთური გამოსახულება სხეულის არა სხვა რომელიმე ნაწილზე, არამედ მარჯვენა ხელზე და შუბლზე. ამას იმისთვის იქმს მზაკვარი, რომ ადამიანმა მარჯვენა ხელით ჯვრის ნიშის აღბეჭდუა (პირჯვრის გამოსახვა ვეღარ შეძლოს. იცის უკუღმართმა, რომ სხეულის ჯვრით დაბეჭდვა მთელ მის ძალას მოაუძლურებს. ამიტომ ადამიანს ის თავის ბეჭედს დაასვამს მარჯვენა ხელზე, რადგან მარჯვენა ხელი ჯვრით აღბეჭდავს ჩვენი სხეულის ყოველ ასოს; ამგვარადვე შუბლიც, როგორც სასანთლე, ზე აღმართავს ნათელს ნათლისას – ჩვენი მაცხოვრის ნიშს (ჯვარს). ამიტომაც, ჩემო ძმებო, უმძიმესი მოღვაწეობა გვმართებს ქრისტეს მოყვარე ყველა ადამიანს, რათა სიკვდილის ჟამამდე არ შეუშინდეთ და უქმად არ ვიყოთ იმ დროს, როცა გველი თავის ბეჭედს გამოსახავს ცხოველმყოფელი ჯვრის ნაცვლად. ამისთვის უეჭველად იხმარს ისეთ ღონეს, ისეთ ხრიკს, რომ უფლისა და მაცხოვრის ხსენებაც კი აღიხოცოს იმ დროს. ამას კი უძლური იქმს, რადგან ჩვენი მაცხოვრის წმინდა ძალისა ეშინია და ძრწის, რამეთუ ვინც არ დაიბეჭდება მხეცის ნიშნით, არც მისი ყალბი მოჩვენებითი სასწაულებით მოიხიბლება, ამასთან უფალიც არ განუდგება ასეთებს, არამედ განანათლებს მათ და თავისკენ მიიზიდავს.
ჯერ არს, რათა სავსებით ვიცნოთ, ძმებო, მტრის ბოროტგანზრახული ჩვენებები - ცრუ სასწაულები. ჩვენი უფალი მყუდროებაში მოვა ყოველ ჩვენგანთან და მხეცის მანქანებას გააქარწყლებს. წმინდად დავიმარხოთ ქრისტეს სარწმუნოება და ამით მტარვალის ძლიერებას შევარყევთ; შევიძინოთ მყარი და მტკიცე გონება და უკუიქცევა ჩუენგან უძლური, ვეღარას იღონებს ჩვენს სავნებლად.
გევედრებით, ძმებო, მე, უმცირესი თქვენ შორის, ნუ ვიზარმაცებთ, ქრისტეს მოყვარენო, არამედ მეტი და მეტი ძლიერება შევიმოსოთ ჯვრის ძალით. აუცდენელი ღვაწლი მოგვდგომია კარზე. ყველამ ავიღოთ სარწმუნოების ფარი. მზად ვიყოთ იმ სარწმუნო მონებივით, მტერს და უცხოს რომ არ იღებენ და შინ არ უშვებენ. უღმერთო და ულმობელი მპარავი მაცხოვრის მოსვლის ჟამამდე მოვა, რათა ჭეშმარიტი მწყემსის რჩეული სამწყსო გაძარცვოს, დაკლას და წარწყმიდოს. შევეცადოთ შევიტყოთ, ძმებო, როგორი სახით მოვა დედამიწაზე ურცხვი გველი.
მაცხოვარმა, განიზრახა რა კაცთა მოდგმის ხსნა, ის ქალწულისგან იშვა, კაცობრივი ხატი შეიმოსა და თავისი ღმრთეების წმინდა ძალით დათრგუნა მტერი. მტერმაც განიზრახა ღმრთის მსგავსად მოვლინება ჩვენს საცდუნებლად. ჩვენი უფალი ნათლის ღრუბლებზე მჯდომარე, საშინელი ელვის მსგავსად ზეგარდამოვა დედამიწაზე (მეორედ); მტერი კი სულ სხვაგვარად მოვა, რადგან ის განდგომილია ნამდვილად შემწიკვლული ქალწულისაგან იშვება ეშმაკის იარაღი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის განხორციელდა. მპარავივით მოვა ყოვლად საძაგელი, იმგვარი სახით მოგვევლინება, რომ ყველას აცდუნებს: მოვა თავმდაბალი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, - როგორც თვითონ იტყვის თავის თავზე; დაგმობს კერპებს, უპირტესად შერაცხავს ღვთისმოშიშებასა და კეთილმსახურებას. გარეგნულად უაღრესად მშვენიერი, სიკეთეს გამოავლენს, გლახაკებს შეიწყალებს, ყველას ალერსიანად მოეპყრობა, განსაკუთრებით პატივს სცემს იუდეველ ხალხს, რადგან იუდეველები მის მოსვლას მოელიან. ყოველივე ამასთან ერთად კი დიდი ხელმწიფებით აღასრულებს ის ნიშნებს, სასწაულებსა და საშინელებებს, საეშმაკო ხრიკებს იხმარს ყველას აამებს, რათა მალე შეიყვაროს ხალხმა. პირველ ხანებში მტარვალი საჩუქრებს არ მიიღებს, მრისხანედ არ ილაპარაკებს, მოქუშულ სახეს არ გამოაჩენს, არამედ მამათმთავრის გარეგნობით შეუდგება მსოფლიოს ცდუნებას მანამ, ვიდრე არ გამეფდება. ამიტომ, როდესაც მრავალი ხალხი და ტომი იხილავს ასეთ სათნოებასა და ძალას, უეცრად ყველას ერთი აზრი შეიპყრობს, და დიდი სიხარულით გამოაცხადებენ მას მეფედ, თან ერთიმეორეს ეტყვიან: „განა არსებობს სადმე ასეთი კეთილი და მართალი ადამიანი?“ მალე გაძლიერდება მისი სამეფო და ის სასტიკად დაამარცხებს სამ დიდ მეფეს. გახელმწიფების შემდეგ გველი გულით აღზვავდება და ბალღამს ამოანთხევს, ძრწოლას მოჰგვრის სამყაროს, შეძრავს მას კიდიდან კიდემდე, ყველას შეავიწროვებს და სულებს შებილწავს. ის უკვე კეთილკრძალულებას კი აღარ გამოავლენს, არამედ ყოველთვის უმოწყალოდ უდიერად მოიქცევა და გამოჩნდება მქისე, გულფიცხი, სწრაფი, უწესო, საშინელი, საძაგელი და მოძულე. სიკეთის მჩემებელი ულმობელი, მძვინვარე, ურცხვი, მომსვრელი აღმოჩნდება და ეცდება, მთელი კაცთა მოდგმა ჩაითრიოს ცოდვის მორევში. ის მრავალ ცრუ სასწაულს მოახდენს მოსაჩვენებლად, და არა ნამდვილად; სასწაულებს იქმს დიდძალი ხალხის კრებულის წინაშე, რომელიც ქებას აღუვლენს მას მოჩვენებითი სასწაულებისთვის. მხეცი საზარლად დაიძახებს, ძლიერ ხმას გამოსცემს; მისი ძახილისგან შეიძვრება ადგილი, სადაც ხალხი შეიკრიბება, და მტარვალი იტყვის: „ყველა ერმა და ხალხმა იცანით ჩემი ძალა და ხელმწიფება!“ ის მთებს გადადგამს მხილველთა თვალწინ და ზღვიდან კუნძულებს გამოიხმობს, მაგრამ ყოველივეს მოტყუებითა და მოჩვენებით აღასრულებს, და არა ნამდვილად. მთელ მსოფლიოს აცდუნებს იგი, ყველას მზერას მოატყუებს; ბევრი ირწმუნებს მას და განადიდებს, როგორც ძლიერ ღმერთს.
მაშინ მწარედ ატირდება და სულთითქვამს ყოველი სული; მაშინ ყველა აღმოაჩენს და იხილავს, რომ გამოუთქმელი მწუხარება შეაჭირვებს დღედაღამ, ვერსად იშოვიან საჭმელს, რათა შიმშილი მოიკლან, უწყალო ზედამხედველებს განაწესებს მტარვალი, და მხოლოდ მას, ვისაც შუბლსა და მარჯვენა ხელზე დაესმება მტარვალის ბეჭედი, ცოტაოდენი საჭმლის ყიდვის ნებას დართავენ, რისი შოვნაც კი შესაძლებელი იქნება, მაშინ ჩვილები სულს დალევენ დედების კალთაზე, დედებიც ზედ დააკვდებიან თავიანთ შვილებს, მამა ცოლ-შვილთან ერთად მიიცვლება სავაჭრო ადგილზე და არავინ იქნება მათი კუბოში ჩამსვენებელი და დამმარხველი. ქუჩებში დაყრილი გვამების სიმრავლის გამო ყველგან სიმყრალე დაისადგურებს და ჰაერი შეიბილწება, რაც საშინლად შეზარავს ცოცხლებს. გულისტკივილით იტყვის დილით ყოველი: „ნეტავ როდის დაღამდება, რომ მოვისვენოთ?” როცა შებინდდება, ყველა მწარედ იგოდებს: „ნეტავ მალე გათენდება, ჩვენზე მოწეულ მწუხარებას რომ გადავურჩეთ?“ მაგრამ არსად არის გასაქცევი, არც თავშესაფარი, შფოთსა და მღელვარებას მოუცავს ყოველივე - ზღვაც და ხმელეთიც. ამიტომაც გვამცნობს უფალი: „მღვიძარე იყუენით“ და დაუცხრომლად „ილოცევდით“, რომ მწუხარებას გადავურჩეთ. ზღვა აყროლდება, ხმელეთი აყროლდება, შიმშილი დაისადგურებს, მიწისძვრები მოხდება... შიში და ძრწოლა შეიპყრობს ადამიანებს ზღვაზეც და ხმელეთზეც, საშინელებები მოხდება ზღვაზეც და ხმელეთზეც. აურაცხელი ოქრო-ვერცხლი და აბრეშუმის ტანსაცმელი აღარავის მოჰგვრის სიხარულს იმ მწუხარების ჟამს, არამედ ყველა ადამიანი ნეტარად შერაცხავს მიცვალებულებს, დამარხულთ იმ დრომდე, სანამ დედამიწაზე უსაზომო მწუხარება დაისადგურებდა. ქუჩებში დაიყრება ოქრო-ვერცხლი და მათ აღარავინ შეეხება, რადგან ყოველივე შესაძაგი გახდება. ყველა ეცდება, სასწრაფოდ გაიქცეს და დაიმალოს, მაგრამ ვერსად დაემალებიან მწუხარებას. შიმშილი, სიმძიმლი და შიში გამეფდება ყველგან. ყოველივე ამას ისიც დაერთვება, რომ ხორცის მჭამელი შხეცები და ქვეწარმავლები დაგესლავენ ადამიანებს. შიში შეიპყრობს ყველას შინაგანად ძრწოლა - გარეგნულად, დაუმარხავი გვამებით აივსება ქუჩები აყროლდება ფოლორცები, აყროლდება სახლები, შიმშილი წყურვილი დატანჯავს ადამიანებს ფოლორცებზე, შიმშილით და წყურვილით დაიტანჯებიან ისინი სახლებშიც. აურზაური, აყალმაყალი და შფოთი შეაწუხებს ადამიანებს ფოლორცებზე. ხმაური, ჩოჩქოლი და ვაი-უშველებული ისმის სახლებიდანაც. ქვითინით ხვდება ყველა ერთმანეთს - მამა შვილს, შვილი მამას და დედა ასულს. მეგობრები ქუჩებში შეხვდებიან ერთმანეთს და იქვე აღესრულებიან; ძმები მოეხვევიან ერთმანეთს და ერთიმეორეზე ყელგადაჭდობილები მიიცვლებიან. პირისახის სილამაზე დაუჭკნება ყოველ ხორციელს და ადამიანები მკვდრების შესახედაობას მიიღებენ. შესაძაგად იქცევა ქალის სილამაზე. ყოველი სხეული გახმება და დაიშრიტება გულისთქმა კაცობრივი. ვინც ულმობელ მხეცს ერწმუნება და მის ბილწ ბეჭედს მიიღებს, ანაზდად ყველა მიადგება მას და გულისტკივილით ეტყვის: „ჩამოვდნით, დავიტანჯეთ შიმშილისგან, მოგვეცი საჭმელ-სასმელი და მოგვაშორე შხამიანი ქვეწარმავლები“, საწყალობელი გველი კი, რომელსაც ამის ძალა არ შესწევს, გამძვინვარებული შერისხავს მათ და ეტყვის: „საიდან მოგცეთ, ხალხო, საჭმელი და სასმელი? ცას არ სურს, უწვიმოს დედამიწას და დედამიწაც აღარ გვაძლევს არც მარცვლეულს, არც ნაყოფს“, გველის შერისხვისგან ატირდებიან ადამიანები, მაგრამ მწუხარენი ნუგეშს ვერსად იპოვიან. სხვა უთქმელი მწუხარებაც დაერთვება ჭმუნვას, სახელდობრ: ასე ნაჩქარევად რომ ერწმუნენ მტარვალს. იმ უბადრუკს თავის თავის შველაც თუ არ შეუძლია, სხვებს როგორღა შეეწიოს? მაშინ მოიწევა დიდი ჭირი და ფრიადი ვნება გველისგან (ანტიქრისტესგან): ის შიშით განმსჭვალავს ადამიანებს, შეძრავს ქვეყანას, ააზვირთებს ზღვას, შიმშილითა და წყურვილით დატანჯავს ადამიანებს, მხეცებს მიუსევს მათ, არავის მათგან, ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და თაყვანს სცემს ანტიქრისტეს, როგორც სახიერ ღმერთს, არავითარი ნაწილი არ ექნება ქრისტეს სასუფეველში, არამედ გველთან ერთად ჩავარდება გეენიაში. ნეტარია, ვინც სავსებით წმინდა და სარწმუნო აღმოჩნდება, ვინც უფალს უძღვნის გულს შეუორგულებლად, რადგან ის უშიშრად უგულებელყოფს მხეცის ყველა შემოთავაზებას, ყველა ხრიკს, და არად ჩააგდებს ტანჯვა-წამებას და მის საცდურებს.
მაგრამ მანამ, ვიდრე ეს მოხდება, უფალი, მისი მოწყალებისამებრ, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელს და ენოქს წარმოგზავნის, რათა მათ ასწავლონ კაცთა მოდგმას ჭეშმარიტი ღვთისმსახურება; სახარების სწავლებით განანათლონ ხალხები, რათა მტარვალს შიშის გამო არ შეუვრდნენ. ისინი იქადაგებენ: „ჰოი, ადამიანებო, ეს ხიბლია, მზაკვრობაა! სრულებით არ ერწმუნოს მას არავინ, არავინ დაემორჩილოს ღვთისმბრძოლს. არც ერთი თქუენგანი არ შეშინდეს, რადგან მალე განქარდება მისი მზაკვრობა. წმიდა უფალი მოდის ზეციდან, რათა საჯოს ვეშაპი და ყველა, ვინც მისი სასწაულები ირწმუნა“. მცირენი ისურვებენ მაშინ წინასწარმეტყველთა ქადაგების მოსმენას, მცირენი ირწმუნებენ მათ სიტყვებს. მაცხოვარი კი ამას თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის საჩვენებლად იქმს: იმ საშინელ დროსაც არ ტოვებს იგი კაცობრიობას უფლის სიტყვის გარეშე, რათა სამსჯავროზე აღარავის მოუხდეს სიტყვისგება.
ბილწის მოსვლის დროს თუკი სადმე იპოვებიან წმინდანები, ცრემლის ნაკადულებს იდენენ ყოვლად წმინდა ღმერთის წინაშე, რათა უფალმა გველისგან გამოიხსნას ისინი. სასწრაფოდ წავლენ უდაბნო ადგილებზე, მთებსა და გამოქვაბულებში დაიმალებიან, მიწასა და ნაცარს დაიყრიან თავზე და ფრიადი სიმდაბლით აღსავსენი, დღედაღამ ლოცვას აღუვლენენ უფალს.
წმინდა ღმერთისგან მიეცემათ ეს; მისი მადლი წარუძღვება მათ განსაზღვრულ ადგილებზე. ისინი გადარჩებიან, თავს შეაფარებენ ნაპრალებსა და გამოქვაბულებს და ანტიქრისტეს ნიშნებს - და საშინელებებს არ იხილავენ. ვინც გონებით მისწვდება ამ მოძღვრებას, ის უცდომლად იცნობს ანტიქრისტეს მოსვლას, ხოლო ვისი გონებაც წუთისოფლის ზრახვებს შეუპყრია და ვისაც ეს სოფელი უყვარს, მისთვის ცხადი არ იქნება ყოველივე ეს, რადგან დღემუდამ ამ სოფლის საზრუნავით შებოჭილმა კიდეც რომ ისმინოს ყოველივე, ამას არ დაიჯერებს, არ ირწმუნებს, და მასწავლებელს მოიძაგებს. წმინდანები კი განმტკიცდებიან ამ სწავლების მეშვეობით, რადგან ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავს უგულებელყოფენ.
მაშინ იტყებს მთელი დედამიწა და ზღვა; იგლოვებს ჰაერი, იგოდებენ ველური მხეცები და ცის ფრინველები, ატირდებიან მთები, ბორცვები და ბარში ვულები; ცის მნათობებიც ივალალებენ კაცთა მოდგმისთვის, რადგან ყველა განუდგება წმინდა ღმერთს და მზაკვრობას ირწმუნებს, მიიღებს რა ბილწისა და ღვთისმბრძოლის ნიშანს მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაცვლად. მაშინ იგოდებს დედამიწა და ზღვა, რადგან ადამიანთა ბაგეები ფსალმუნებასა და ლოცვას აღარ აღასრულებენ; გლოვის ჟამი დაუდგება ქრისტეს ყველა ეკლესიას, რადგან აღარსად აღესრულება ღვთისმსახურება და მსხვერპლი აღარ შეიწირება.
ბილწის მეუფება და ბოროტმოქმედება სამ წელიწადნახევარს გასტანს. ამის შემდეგ, როცა აღსრულდება მთელი დედამიწის ყველა საცდური, ბოლოს და ბოლოს, თქმულისამებრ, ზეციდან უფალი მოვა ელვასავით გაბრწყინებული; მოვა ყოვლადწმინდა, საშინელი და დიდებული ღმერთი იგავმიუწვდომელი, შეუმსგავსებელი დიდებით მის დიდებას წარმოუძღვებიან ანგელოზთა და მთავარანგელოზთა დასები, შექმნილნი ალად ცეცხლისა. მას წარმოუძღვება მძვინვარედ მოტყინარე, ცეცხლის მდინარე, ქერუბიმები, რომლებსაც თვალები ქვევითკენ აქვთ დახრილი, და სერაფიმები, სახესა და ფეხებს ცეცხლის ფრთებით რომ იფარავენ და ძრწოლით ხმობენ „აღდექით, მიცვალებულებო, სიძე მოდის“ გაიხსნება საფლავები, თვალის დახამხამებაში სიკვდილის ძილისგან გაიღვიძებს ყველა ადამიანი და სიძის წმინდა მშვენიერებას იხილავს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა დასთა დასები, ათასეულნი და ათასობით ათასეულნი, ზეცის ურიცხვი მხედრობა იხარებს დიდი სიხარულით; განცხრებიან წმინდანები, მართლები და ყველა, ვინც არ მიიღო გველისა და უღმერთოს ბეჭედი. ანგელოზები შეკრავენ მტარვალს ყველა დემონთან ერთად. ასევე ყველას, ვინც მისი ბეჭედი მოიღო, ყველა უღმერთოს შეკრულს მიიყვანენ სამსჯავროს წინაშე და მეუფე მათ განაჩენს გამოუტანს - სამარადისოდ დასჯას უშრეტ ცეცხლში. ყველა, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და ვინც გამოქვაბულებს შეაფარებს თავს, სიძესთან ერთად იშვებს ზეცის სასახლეში საუკუნოდ. ამენ.
|
|