|
წმიდა ეფრემ ასური
მართლებს ცოცხლები ეწოდებათ, ცოდვილებს - მკვდრები
სამოთხე დედამიწაზე (ახალ მიწაზე) რომ იყოს და იქ მართლები სუფევდნენ, ქრისტე ამ შემთხვევაშიც მათთან იქნება ამობრწყინებულ მზესავით, მამისგან განუშორებელი. იგი მარადის გააცისკროვნებს მათ ახალი ზეციდან ისე, რომ მართლებიც შეძლებენ ამაღლებას და ქრისტესთან შეყრას და ქრისტეც გარდმოვა მართლებთან დიდების ღრუბლით. ამას პავლე ამოწმებს: „აღვიტაცნეთ ღრუბლითა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ“ (1 თესალონიკელთა 4,17) სამოთხის ახალ მიწაზე, ან ზეცაში, სადაც იქნება ზეციური იერუსალიმი, ანუ ქრისტეს მეუფება. პავლე ამას სხვაგვარადაც გვაუწყებს: იგი ამბობს, რომ ანგელოზი, დასცემს რა საყვირს ქრისტეს ბრძანებით, ადამიანებს აღადგენს, რათა ყოველმა სულმა იხილოს ქრისტეს მოსვლა. რისთვის? იმისათვის, რომ ქრისტე იხილონ. შემდეგ ამას მიუერთა ის, რასაც ქრისტემ კრავებისა და თიკნების განრჩევა უწოდა. ვინაიდან პავლე მართალია, ამიტომაც ამბობს: „ჩუენ ცხოველნი“. რატომ ეწოდებათ მართლებს „ცხოველნი“ (ანუ ცოცხლები?) იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „წარვიდენ ესენი ცხოვრებასა საუკუნესა“ (მათე 25, 46); მართლებს აქვთ ღირსება, რომ მათ ცოცხლები ერქვათ.
შენ იტყვი: განა ცოცხლები არ ეწოდებათ უსჯულოებსაც, რომლებიც მარადის დაიტანჯებიან; ისინი ცოცხლები რომ არ იყვნენ, როგორღა დაიტანჯებოდნენ? წინააღმდეგ ამისა, მოციქულმა მიგვახვედრა, რომ ცოდვილების ცხოვრება მკვდარია, და ქრისტემაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯუელსა საუკუნესა“ (მათე 25, 46); ამიტომაც შესანიშნავად თქვა პავლემ: „რომელი იგი იშუებდეს ცოცხლივ მკუდარ არს“ (1 ტიმოთე 5, 6) და ქრისტეა მსაჯული ცოცხლებისა და მკვდრების. ყველას ცხოვრება ერთნაირი როდია. პირუტყვებიც ცოცხლობენ, მაგრამ არაფრით განსხვავდებიან მკვდრებისგან, ამიტომაც ვინც მათ დაამწყვდევს, არ განიკითხება. ცოდვილების ცხოვრებაც სიკვდილია, ისინი ცოცხლობენ იმისათვის, რომ გარდაიცვალონ სამარადისო სატანჯველისათვის. მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ ცხოვრება“ (იოანე 14,6). მართლებს სწორედ რომ შესანიშნავად ეწოდებათ ცოცხლები, რადგანაც ამ ცხოვრებაში ღვთის ჭვრეტით დატკბობა და არავითარი ბოროტების არ ჩადენა ნამდვილად არის სიცოცხლე.
მაგრამ მკვდრეთით აღდგომის შესახებ რაც ვთქვით, მთავარი მასში ის არის, რომ აღდგომა ერთია, ჩუენ ყველანი მყისიერად, წამისყოფით აღვდგებით. წმიდანები შეიცვლებიან, რადგან აწ უკვე საუკუნო ცხოვრებისათვის აღდგებიან. იოანემ განმარტა, რას ნიშნავს აღდგომა. იგი წერს: „გარდაიცუალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად“ (იოანე 5,24). ამგვარად, „პირველად ქრისტე“ აღდგა, რადგან იგია ცხოვრება; „და მერმე ქრისტესნი იგი“ (ქრისტეს მორწმუნენი (1 კორინთელთა 15,23), და ისინიც შეიცვლებიან - მოკვდავები იყვნენ და უკვდავებას შეიმოსავენ. „მაშინღა“, - ამბობს მოციქული, - ,,აღსასრული“ (15,24), ანუ ცოდვილთა განკითხვა. ხოლო ნეტარების განცდა და დაუსჯელობა რომ ცხოვრებაა, ამის საწინააღმდეგო კი - სიკვდილი, ამას ქრისტე ამოწმებს: „რომელსა არა ჰრწმენეს” ჩემი სიტყვები, „აწვე დასჯილ არს” (იოანე 3,18), ხოლო „უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს,სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე” (8,51) და „მოღა-თუ-კუდეს ჰსცხონდესვე" (11,25). ჭეშმარიტი სიცოცხლე სამარადისო შვებაა. როგორც სიკვდილია საუკუნო ტანჯვა, ისე სიცოცხლე არის საუკუნო განსვენება. მოციქულმა დაწერა: „პირველად ქრისტე”. (მას არ უთქვამს, რომ პირველი აღდგომა ქრისტეა, არამედ თქვა: „პირველად”, რათა შენ ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ: „და მერმე ქრისტესნი იგი", მეორე ადგილზე არ ილაპარაკო. „მაშინღა აღსასრული”, - ამბობს იგი არა იმიტომ, რომ სამყაროს აღსასრული უკვე აღდგომისთანავე დადგება, არამედ იმიტომ, რომ წმინდათა რიცხვის აღვსების შემდეგ, როცა არც ერთი წმიდანი აღარ იქნება დედამიწაზე, უვარგისი და გარყვნილი კაცობრიობა აღსასრულს მოიწევს. პავლე ამბობს, რომ ღმერთი მართლმსაჯულია და არა უსამართლო, დაატეხს რა რისხვას ადამიანებს „დღესა მას რისხვისა”. იგი წერს: „ ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა მართლ-მსაჯულებისა ღმრთისასა" (რომაელთა 2, 5). თუ „პირველად” არის „ქრისტე”, მაშ რატომ შემოიტანა განყოფა: „და მერმე ქრისტესნი იგი"? რა თქმა უნდა, არა იმიტომ რომ ორი აღდგომა იქნება-პირველი და მეორე. თუ მან ორი აღდგომის მიზეზით თქვა: „და მერმე ქრისტესნი იგი“ და „მაშინღა აღსასრული“, ისე გამოვა, რომ ქრისტე საწყისია („პირველია“) ურწმუნოებისთვისაც. ნუ იმსჯელებ ამგვარად. ქრისტე არის წინამძღვარი არა უკეთურთა, არამედ მხოლოდ კეთილმსახურთა. როგორღა აღსრულდება აღდგომა, თუკი სამყაროს აღსასრულამდე მოვა ქრისტე თავისი მეორედ მოსვლით? თუ ქრისტე მოვა, რათა მართლებთან ერთად სუფევდეს, მერე დაბრუნდება და ხელახლა მოვა, როგორც მსაჯული, მაშინ ის სამ მოსვლას აღასრულებს. რატომ არ წერია ეს წმიდა წერილის არც ერთ წიგნში? და ეს შეუძლებელიცაა. სამყაროს აღსასრულამდე რომ მოვიდეს იგი, მაშინ სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ განხრწნადი იქნება, მართლებიც გაიხრწნებიან; ისინი ხელახლა მოკვდებიან და თვით მათთან ერთად იხილავს ხრწნის გემოს. მაგრამ ეს სიცრუეა. მოციქული ამბობს: „ვითარცა იგი წინაუც კაცთა ერთგზის სიკვდილი, და მისა შემდგომად სასჯელი“ ( ებრაელთა 9,27) ასევეო, - განაგრძობს,- „ქრისტე ერთგზის მოკვდა, სიკვდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომაელთა 6,9). ასე რომ, ერთია აღდგომა მართალთა და ცოდვილთა და იგი წამისყოფით აღსრულდება.
მაგრამ ჩემი სიტყვა შენკენ არის მომართული, სინანულის მოშურნევ. შენ უნდა იცოდე, როგორ და რაოდენ სიკეთეს მოგანიჭებს სინანული. ჩვენ წიაღსვლა მოგვიხდა - სათქმელს გადავუხვიეთ, რათა შენ იცოდე, რა კარგია როდესაც აწმყოს სესხად აძლევ ღმერთს და ამაოების სათარეშოდ არ იქცევი. თუ ღმერთს სწირავ იმას, რაც მან ასაღორძინებლად და გასამრავლებად მოგანიჭა, შენ გველს არცხვენ — ამაოსა და წარმავალ ტკბობას უგულებელყოფ, რისი აღთქმითაც გველმა ჩვენი პირველმშობლები აცდუნა. თუ არარად შერაცხავ განხრწნად დიდებას, ერთარსი ღმერთის წინაშე იდიდები და ამით გააქარწყლებ გველის ქმედებებს, რადგან ჩვენს პირველმშობლებს მან საღმრთო დიდების სურვილი ჩაუნერგა. თუ შენ არ ეცდები, ბრძენი და დიდებული გამოჩნდე წუთისოფელში, მტერს განაცვიფრებ, რადგან ყოველივეს ცოდნისა და გამოცდის სურვილით დააბა მან ჩვენი წინაპრები. იგემე, - თქვა მან, - ნაყოფი, რომელსაც მრჩობლი თვისება აქვს, და გახდები „ვითარცა ღმერთი“ - კეთილისა და ბოროტის მცნობელი - და მაშინ აღარაფერი დაგჭირდება. ქალი დაემორჩილა, მოიხიბლა ნაყოფის სიტკბოებით, მრავლის ცოდნა მოიწადინა, რათა აღარასოდეს აღარაფერი ენატრა, ხელი გაიწოდა, და სინამდვილეში დანაშაული ჩაიდინა. გველი როდის წყვეტს ნაყოფს და ქალს აწვდის - მას არ სურს, რომ ადამიანი ცოდვის ნაყოფს მოაკლდეს! ევამ თვითონ, თავისი ხელით მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა (დაბადება 3,6). ქმედებები შეიძლება გონებაშიც აღვასრულოთ, რადგან ნება - სურვილი ჩვენი გონების მკლავია. შური არა ხელით, არამედ სულში აღსრულდება. ამიტომაც იცოდე, რომ სულში ჩადენილი ცოდვებიც უნდა მოინანიო.
|
|