|
წმიდა ეფრემ ასური
თქუმული წმიდისა ეფრემისი დიდების მოყუარეთათჳს მხილებაჲ
ძველი ქართული თარგმანი
გაუწყებ თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რამეთუ ღუაწლსა შინა მწუხარებისასა მოწყლულ ვარ სიყტჳსა მისგან წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: იხილენით მოწყინენი და გიკჳრდინ. არამედ ყოვლისა პირველად ჯერ-არს ჩემდა, რაჲთა ვწუხდე და ვზრუნვიდე უცბობისა და უსწავლელობისა ჩემისათჳს, რამეთუ გზა-ვიქმენ ყოვლისა ცოდვისა და მტერისა მიერ შეიკრნეს ყოველნი ასონი ჩემნი საბლითა ცოდვისაჲთა. და ამის გამო მიღირს მე პირველად გლოვაჲ მწუხარებით ბოროტთა ჩემთათჳს და მისა შემდგომად აუგთათჳს და ბრალთა მოყუსისათა.
ჯერ-არს ჩემდა პირველად აღმოღებად დირე თუალისაგან თჳსისა და მაშინღა ხილვად წუელი თუალსა შინა მოყუსისასა, ვითარცა წერილ არს სახარებასა შინა (მათე 7.5) . არამედ ესე უწყოდეთ, ძმანო ჩემნო, ვითარმედ საწუნელი და რომელი ჩუენ შეურაცხ-გჳყოფიეს ჟამთა ამათ ჩუენთა, მის მიერ დავინთქმით მწუხარებითა. რაჟამს ვხედავ დაჴსნილობასა და უდბობასა ჩუენსა საქმესა შინა მონაზონებისასა, და ვერ შემძლებელ ვარ ტჳრთად და დღითი-დღედ განვილევი მწუხარებითა. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: ვიხილენ უჯერონი, დავდნებოდე, რამეთუ მცნებანი შენნი არაჲ დაიმარხნეს; რომელი უკუე ჭურჭერი ცოდვისაჲ არა შეგჳმზადა მტერმან, რომელი ღონჱ დაცემისაჲ არა აღგჳგო.
ვაჲ ჩუენდა, ვინმე არა იგლოვდეს ამათ ესევითართა მედგრობათა ზედა, რომელთა ჩუენ დამტკიცებულ ვართ. ამისთჳს გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, რაჲთა გულისჴმა-ჰყვნეთ სიტყუანი ესე ჩემნი და მცირედ გულს-მოდგინე და მოსწრაფე იქმნნეთ, რომელთა-ეგე აღგირჩევიეს წესი მონაზონებისაჲ, რამეთუ შეგიმოსიეს სახე ანგელოზთაჲ, სქემაჲ ანგელოზებრივი, და ქცევაჲ და განგებაჲ ერის-კაცობრივი. ჰგონებთ სამეა, საყუარელნო, ვითარმედ ცათა შინა ანგელოზთა თანა არს შური და ჴდომაჲ, ვითარ-ესე ვხედავ მონაზონთა შორის, რამეთუ დაუთესავს მტერსა შური და ჴდომაჲ და განკითხვაჲ. და ამით ღონის ძიებითა და ვერაგობითა მძლე ქმნულ არს კაცად-კაცადისა ჩუენგანისა თითოეულისა ღონის ძიებითა და ვერაგობითა.
აჰა ესერა ვხედავთ კაცად-კაცადსა ჩუენგანსა, რომელსამე მოუპოვები[ე]ს მარხვაჲ ფრიადი, და ძლეულ არს იგი შურითა და ჴდომითა, და სხუაჲ განყენებულ არს ნებისაგან სიძვისა, და ზუაობასა უძლევიეს მისდა. და სხუასა მოუგიეს მღჳძარებაჲ, და ძლეულ არს იგი მოყუსისა განკითხვითა. და სხუაჲ დაყუდებულ არს განკითხვისაგან, და ძლეულ არს იგი ურჩებისაგან და პასუხობისა; და სხუაჲ დაყუდებულ არს გემოანთაგან საჭმელთა, და დანთქმულ არს იგი ცუდად დიდებითა. და სხუაჲ მოთმინე არს ლოცვასა შინა, და ძლეულ არს იგი შფოთითა და რისხვითა. და სხუასა მოუგიეს მცირედ სახიერებაჲ და მოთმინებაჲ, და აღზუავნების იგი უდებთა ზედა და განიკითხავს. და ესრეთ შეუკრავს მტერსა თითოეული ჩუენი თითოეულითა ბოროტითა თჳნიერ ცნობისა და გულისჴმი-ყოფისა ჩუენისა. და ამისთჳს არს განპებაჲ და ჴდომაჲ შორის მონაზონთა მსგავსად მსოფლიოთა.
ვაჲ, ძმანო, ვინმე არა იგლოვდეს და სულთ-ითქუმიდეს ჩუენ ზედა, რამეთუ აღვირჩიეთ წესი ესე ანგელოზებრი და დაუტევეთ სოფელი და ნათესავნი, და ვიდრე აქამომდე სოფლისავე ზრუნვასა შინა ვიქცევით. მონაგებნი შეურაცხ-ვყვენით და გულის-თქუმაჲ მათი ვერ განვიშორეთ, სახლები დაუტევეთ და დღითი-დღედ დავდნებით ურვითა. სიმდიდრე არა გუაქუს და ამპარტავნებისაგან არაჲ დავსცხრებით. ქორწინებისაგან დაყენებულ ვართ და ნებისაგან ბოროტისა არა დავსცხრებით. გარეშჱთ ვჩათ მდაბლად და შინაგანითა სულითა ვეძიებთ პატივსა და დიდებასა. გლახაკად საგონებელ ვართ, და რეცა არას მოვიგებთ, და სიხარბესა დაუდნობიეთ. სიტყჳთ გლახაკნი ვართ და გულის-თქუმითა მონაგებთაჲთა დასნე\ულებულ ვართ და სიყუარულითა მრავალთა ჭურჭერთა და წადი\ერებითა სამოსლისაჲთა. ვინ არა იგლოვდეს და ტიროდის ამას ესევითარსა მონაზონებასა ჩუენსა ზედა!
ვინ უკუე იხილნეს ესევითარსა უდებებასა შინა მონაზონნი და არა ფრიად დაუკჳრდეს, და უფროჲს ხოლო ჭაბუკნი და ძლიერნი, რომელთა აქამომდე არღა უცნობიეს მონაზონებისა ძალი და თავჴედად იქცევიან. აქამომდე არღა უცნობიეს, რაჲ არს სქემაჲ მონაზონებისაჲ, და ამპარტავან არიან. აქამომდე არღა ასმიეს გონებასა მათსა, რაჲ არს მონაზონებაჲ და სწავლაჲ მონაზონებისაჲ, და მათ სხუათა სწავლად უწყიეს. ხოლო აქამომდე არღა უხილავს, რომელი-იგი წინა უც და იგინი ზუაობენ. აქამომდე კიბესა ფერჴი არღა დაუდგამს და გონებითა ღრუბელთა თანა ფრინვენ. აქამომდე გემოჲ არღა უხილავს მონაზონებისა სიტკბოებისაჲ და ზუაობითა აღჭურვილ არიან. აქამომდე სწავლისა ჴმაჲ არღა ასმიეს, და მათ უწყიეს სხუათა რისხვით სწავლად. აქამომდე არღა შერაცხილ არიან რიცხუსა ძმათა თანა და თავთა მათთა წარჩინებულ ყოფად უწყიეს. აქამომდე არღა შემოსრულ არიან მონასტრისა კარსა და უწყიეს წუნობად, განკითხვად და გამოწულილვად. და რასა განგიმრავლებ საქმეთა მათთა უწყებასა, რამეთუ არასადა ვინ მონაზონ იქმნების ღმრთისათჳს ჯერისაებრ, რაჲთამცა დაამონა თავი თჳსი ძმათა მორჩილებასა. არამედ უკუეთუ ვინმე შეჰრისხნის, პასუხ-უგებნ ტკივილით, და თუ ებრძანის რაჲმე, არა ყვის, არცა კეთილისათჳს აღიშურვის. ხოლო საქმესა შინა, რომელსა არარაჲ სარგებელი სულისაჲ არნ, მას ნეფსით თავი თჳსი განუკუთვნის. ჯერეთ სამი დღე არღა არს, ვინაჲთგან მონაზონად იკურთხა, და მოხუცებულთა მამათა და ძუელთა მონაზონებითა ესწორებინ იგი. დაუმორჩილებელ და ურჩ არნ, და თჳთ თავით თჳსით ირჩევნ საქმეთა მსგავსად ნებითა თჳსითა. ვერ შემძლებელ არნ ტჳრთად დაწუვასა გუამისა თჳსისა გულის-თქუმითა სიძვისაჲთა, და განუტევნის თუალნი თჳსნი და უნდოდ იხედავნ. თავი შეუყოფიეს უღელსა ქუეშე მორჩილობისასა და ნაცვალად მორჩილობისა ირისხვინ და ბრძანებნ და შფოთებნ. რაჟამს ჰრქჳან: ყავ ესე, ძმაო, მიუგის და ჰრქჳს: არა ვყო ეგე, თუ იგი ვინმე არა მოვიდეს და იქმოდის ჩემ თანავე. და კუალად მიუგის და ჰრქჳს: იგი ვინმე უცალო არს წიგნის კითხვასა, იგი ჩემსა ვიდრემე უარზანიგე არსა? და ნუთუღა სახლსაღა მამისა თჳსისა იყო მუშაკი და არა იცოდა მარჯუენაჲ და მარცხენაჲ, და აწღა, ოდეს ვანად მოვიდა, წიგნსა ისწავლის, რაჲთა თარგმანად გამოჩნდეს, და კუალად თქჳს: იგი ვინმე განისუენებს, იგი ჩემსა უარზანიგე არსა? და სხუაჲ განიფრთხობს, მეცა ეგრევე მნებავს მათებრ. და მას ვინმე ზეწარნი ასხენ, იგი ჩემსა რაჲთა ურზანიგე არს სამოსელსა? და მას ვისმე პა[ტი]ვ-სცემენ, იგი ჩემსა არა უარზანიგე არს პატივსა. იგი ვინმე მამათა თანა უბნობს, მეცა წარვიდე და უბნობდე მათ თანა. იგი ვინმე უხუცესობს, ბრძანებს, მე რაჲსა არა ვბრძანებე, იგი რაჲთა უმჯობეს არს ჩემსა?
ესევითარი სახე მოუგიეს ჟამისა ამის მონაზონთა ჭაბუკთა. და ესე არს წესი და განგებაჲ სიმდაბლისა მათისაჲ ახლად მოსრულთაჲ, და ამით განგებითა ეგულების შესულაჲ სასუფეველსა ცათასა და არა უწყიან, ვითარმედ ამის საქმითა მტერად ღმერთსა აღუდგებიან და სულთა მათთა დაანთქმენ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა. და ამისგან საცნაურ არს ჩუენდა, რამეთუ არარაჲ დაგჳტევებიეს წესი გარეშჱ, რომელ არს შფოთი და განგებაჲ მსოფლიოჲ, რამეთუ სახელით ხოლო მონაზონ ქმნულ ვართ, ხოლო საქმით სოფლისავე ზრუნვასა ვიღუწით. ამისთჳს არა მაქუს ჩუენ შენდობაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ სახითა ხოლო მონაზონთა ვჰგავთ და საქმით უმადლოდ მეძავნი. სახითა რეცა მდაბალნი და საქმითა ამპარტავანნი. სახითა მყუდრონი და საქმითა კაცის-მკლველნი. სახითა რეცა მყუდრონი ურთიერთას და საქმით მტერნი მოყუსისანი. სიტყჳთ მოყუარენი და საქმით მოშურნენი, ურთიერთას გულ-მოძულენი. სახითა წმიდანი და ქალწულნი და საქმითა მსიძავნი და შეგინებულნი. სახითა დაყუდებულნი და გონებითა ყოველსა ადგილსა განმცხრომელნი. სახითა წრფელნი და უმანკონი, და საქმით მანკიერნი და თავჴედნი, სახითა ს[ი]ტყჳთ ნუგეშინის-მცემელნი და საქმით განმკითხველნი. სახითა შემწენი და აღმაშენებელნი, და საქმით მაშფოთებელნი და დამაბრკოლებელნი.
აწ უკუე სადაჲთ შემოვლენ ვნებანი ესე საძნაურნი, ძმანო ჩემნო? ამისთჳს შემოვლენ, რამეთუ არა არს ჩუენ შორის სიყუარული სრული მოყუსისა მიმართ, და რავდენ არა არს ჩუენ თანა ჭეშმარიტი სიმდაბლე და არცა არს შიში ღმრთისაჲ, და რამეთუ უდებ და შეურაცხ-გჳყოფიან მცნებანი ღმრთისანი, და განვსცხრებით და ვლაღობთ და ვიცინით უწესოდ და განვიფრთხობთ უჯეროდ, და სიტყუასა ღმრთისასა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა არა შევიწყნარებთ. არცაღა ვითარცა ერთსა ჩუენგანსა პირსა მას საშინელსა გამოუთქუმელსა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის თავი თჳსი დიდ ყოფის, იყავნ იგი მრწემ თქუენ შორის და მსახურ თქუენდა (მარკ. 10.43) . და ჩუენ აქამომდე არა გჳხილავს წინა-განმზადებული იგი გონებითა ჩუენითა, და თითოეული ჩუენი განლაღებულ არს მოყუასსა თჳსსა ზედა, და შევიჭამებით ურთიერთას. ყოველნივე ბრძნად გამოვჩნდებით თავით თჳსით. ყოველთა წინამძღურობაჲ გჳყუარს, ყოველნი ჴელმწიფებასა ვეძიებთ, ყოველთავე ბრძანებაჲ გჳყუარს, ყოველნი შჯულის მდებელ ვართ და წიგნთა თარგმანებაჲ გუნებავს. ყოველნი მოძღურობასა ვეძიებთ, ყოველნივე განგებასა ვლამით, საქმეთა გამოძიებასა. ყოველთა წინამძღურობაჲ გჳყუარს და ყოველთა გუნებავს, რაჲთა მეორედ ვიყვნეთ ყოველსა პატივსა. სადა უკუე არს [,ძმანო ჩემნო,] თქუმული იგი მოციქულისა პავლესი, ვითარმედ: "უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა უკუე არიან სასმენელნი?" (I კორ. 12.17).
აწ უკუეთუ ჩუენ ყოველნი განმგებელნი ვიყვნეთ, სადა უკუე არიან მრავალ-ფერნი იგი საქმენი და განგებანი ღმრთისანი?! და კუალად იგივე იტყჳს: "არავინ თავით თჳსით მი[ი]ღის პატივი, არამედ რომლისა მიცემულ არს ღმრთისა მიერ" (ებრ. 5.4) . და კუალად იგივე იტყჳს: "ნუუკუე ყოველნი მოძღუარ იყვნენა? ნუუკუე ყოველნი წინაწარმეტყუელ იყვნენა, გინა მოციქულ? (I კორ. 12,29) და ამისთჳს განაწესნა ღმერთმან მთავრობანი და ჴელმწიფებანი ზეცისანი. აწ უკუეთუ ცათა შინა წმიდანი ანგელოზნი არა შექმნნა ღმერთმან გუნდად ერთად, არამედ, იხილეთ, რომელნიმე ყვნა მთავრობა და ჴელმწიფება, და ყოველნი იგი გუნდნი ვერ გარდაჰვლენ განწესებულისაგან მათისა. და უკუეთუ წმიდანი ანგელოზნი ამას წესსა ზედა არიან, მაშა, რაჲ ძეს ჩუენი ცილობასა და განრისხებასა თანა ურთიერთას! ანგელოზნი და მთავარანგელოზნი არა იმტერებიან და არცა იშურებენ თითოეული მათი, არამედ განწესებულსა მათსა ზედა ჰგიან უდრტჳნელად. და არცა ცანი და ქუეყანაჲ და არცა ზღუაჲ, გინა მზჱ და მთოვარე, და არცა ვარსკულავნი არცა შეიცვალებიან წესისაგან მოცემულისა მათდა, ხოლო თითოეული ჩუენი ეკუეთების და აჭენებს მოყუასსა თჳსსა, და სხუაჲ ებრძვის სხუასა და სწუნობს, და ჰგუემს და ურთიერთას მსგავსად ძალისა შეურაცხ-ჰყოფენ, და დაჰქენჯნიან და იტყჳ[ა]ნ, ვითარმედ: კაცად-კაცადი შემძლებელ არს მოყუსისა თჳსისა ყოფად, რომელი ენებოს. სიბრმითა გულისა ჩუენისაჲთა რაჲსამე არა დავსჯერდებით სიტყუასა მას, რომელი უთქუამს, ვითარმედ: კაცად-კაცადი თქუენი, რომელსა ზედა იჩინა, მას ზედაცა ეგენ. ვითარ არა გეშინის, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "რომელსა ფრიად მიეცეს, ფრიადცა ეთხოვოს მას (ლუკა 12.48) . მე გევედრები, ძმანო ჩემნო, და ვითხოვ თქუენგან, რაითა არა იყოს ცხორებაჲ ჩუენი, დაჴსნილობით და თჳნიერ შიშისა ღმრთისა, რომელნი არა ჰგონებენ წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა. გევედრები, რაჲთა ვიყვნეთ, ვითარცა იგინი, რომელნი არა ჰგონებენ სიტყჳსა მიცემასა საქმეთა მათთათჳს. ხოლო მე გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა ვიყვნეთ საყუედრელ მსოფლიოთა, და არცა დავჰრთვიდეთ ცოდვასა ზედა ცოდვასა, და რაჲთა არა იგმოს ჩუენ ძლით წმიდაჲ ესე სქემაჲ მონაზონებისაჲ, არამედ იქებისმცა ჩუენ მიერ. რამეთუ უვეჭუელად მომავალ არს ჟამი იგი საშინელი და არა ყოვნის, რომელსა შინა განვიკითხნეთ საქმეთა ჩუენთა და გულის-სიტყუათათჳს, და არა ვპოვოთ შენდობაჲ ამის ყოვლისათჳს, რომელსა სიტყუასა შემძლებელ ვართ ჩუენ მიგებად ქრისტესა, რამეთუ არარაჲ დაუშთა, რომელი არა თავს-იდვა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ სახე იგი მისი ვისწაოთ. ნუუკუე არა დამდაბლდაა, რაჲთა ჩუენ სიმდაბლით ვისწაოთ? ანუ არა მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდიდმდე, რაჲთა ჩუენცა მორჩილებაჲ მოვიგოთ. არა ჰნერწყუვიდესა პირსა მისსა წმიდასა, რაჲთა ჩუენცა გინებასა დაუთმოთ და შეურაცხებაჲ თავს-ვიდვათ და არა განვძჳნდეთ ვითარცა მჴეცნი?! არა უკუე ყურიმალსა სცეს წმიდასა მას, რომლისაგან ძწიან ძალნი ცათანი, რაჲთა რაჟამს ჩუენ ვიგუემნეთ და შეურაცხ-ვიქმნეთ ვიეთგანმე, არა განვ\ბოროტნეთ და ვიქმნნეთ ვითარცა ჯარბნი წამლეანნი და ძჳრი დავიმარხოთ გულთა შინა ჩუენთა?!
ანუ არა მდუმრიად დგაა იგი წინაშე მსაჯულისა, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ სიტყჳს-მგებელ და მოსარჩლე? არა უკუე გესმაა, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: არა რას თავით ჩემით ვჰყოფ, რაჲთა არა ჩუენცა ვეძიებდეთ ნებისა ჩუენისა აღსრულებასა და სხუათა განვიკითხვიდეთ? არა გესმაა, რომელი-იგი თქუა: "მიიღეთ და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11.29), რაჲთა ჩუენ ვიყვნეთ ეგრევე მდაბალ მსგავსად მისა და არა ვშურობდეთ ერთიერთსა და არცა ვსძულობდეთ და შევიჭამებოდით ურთიერთას ცილის წამებითა და განკითხვითა.
მაუწყეთ-ღა, ძმანო ჩემნო, ამის ყოვლისათჳს, რომელი პასუხი მოგაქუს წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან ჩუენთჳს ესე ყოველი დაითმინა, რაჲთა ჩუენ წესი მისი ვისწაოთ და კუალსა მისსა შეუდგეთ. და ჩუენ უდბობით შეურაცხ-ვყავთ ესე ყოველი. რომელი შენდობაჲ ყოფად არს ჩუენდა დღესა მას განკითხვისასა მართლისა მისგან მსაჯულისა, არა უწყი. გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ვიღუაწოთ მცირედ, რაჲთა არა ვნებისათჳს ჴორციელისა შეურაცხებით განვისხნეთ და უცხო-ვიქმნნეთ კეთილ\თა მათგან საუკუნეთა, დაუსრულებელთა. და არცა პატივისა ამისთჳს მცირედ ჟამისა წარვიწყმიდოთ დიდებაჲ იგი წარუვალი. და არცა შურისა და სიძულილისათჳს მოვატყუათ თავთა ჩუენთა სატანჯველი იგი საშინელი საუკუნოჲ.
მითხარ-ღა, ჵ მონაზონო, შენ არა სულისა შენისა განრინებისათჳს გამოხუედა სოფლით შენით? აწ უკუე, რაჲსა გამოიწულილავ აუგთა ძმისა შენისათა? უკუეთუ ნეფსით შენით მოგიდრეკიეს ქედი შენი უღელსა ქუეშე მონებისასა, რაჲსა ეძიებ, რომელი არა გეთხოვების და არცა სარგებელ არს შენდა? გრწმენინ ჩემი, ძმაო, და დაიჯერე და ირწმუნე, ვითარად არცა პატიოსანი და არცა დიდებული, არცა წინამძღუარი და არცა შემდგომი, არცა მამასახლისი და არცა პატივცემული კაცთაგან, და არცა ჴელმწიფე და ყოველი მსგავსი ამათი კაცთაგანი არავინ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა, და არცა მოეტევნენ შეცოდებანი მათნი და ვერცა იჴსნან სული თჳსი ჯოჯოხეთისაგან და მწარეთაგან სატანჯველთა, უკუეთუ პირველად არა მოიგონ სიმდაბლე და სიყუარული, მორჩილებაჲ და მოთმინებაჲ და სულგრძელებაჲ. და უკუეთუ ესე საქმენი არა იყვნენ კა\ცისა თანა, ნუ აცთუნებს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ვერ სადა სათნო-ეყოს იგი ღმერთსა.
ანუ არა გასმიეს, რომელი თქუა, ვითარმედ: "არა მოვედ, რაჲთა ვიმსახურებდი, არამედ მსახურებად" (მარკ. 10.45) . და კუალად: "არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ" (იოანე 6.38) . და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს" (მათე 23.12) . ანუ არა გასმიეს, ვითარ-იგი ჰნატრის მდაბალთა და იტყჳს: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 5.3) . ნუუკუე არა გასმიესა, რომელსა-იგი იოვანე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: "რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა ვალს" (I იოანე 2.11) . ანუ არა გასმიესა, ვითარ-იგი ეშმაკნი ზეცით შურისა და ამპარტავნებისათჳს გარდამოცჳვეს? ანუ არა გასმიესა მარიამისათჳს, დისა მოსესისა, ვითარ-იგი ერთისა სიტყჳსათჳს, რომელი-იგი თქუა შურითა მოსესთჳს, მყის განკეთრებულ იქმნა იგი? (რიცხვ. 12. 1-10).
რაჲსათჳს ისმენთ ამას ყოველსა და დაიყოფთ სასმენელთა თქუენთა, ვითარცა ასპიტნი, არა თუ გარეშეთა სასმენელთა, არამედ გულისათა შინაგანთა, რამეთუ ამათ გარეშეთა სასმენელთა ესმის ხოლო, არამედ შინაგანნი იგი დაივიწყებენ და არღარა იჴსენებენ. რაჲსა არა გურწამს სიტყუაჲ იგი, თქუმული წმიდითა პირითა მისითა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "რომელი ჰგიეს სიყ\უარულსა ზედა. ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (I იოანე 4.16) . მე გევედრები თქუენ, ჵ სამწყსონო ქრისტესნო, რჩეულნო, რაჲთა მღჳძარე იყვნეთ, ვიდრე ესე ჟამი გუაქუს-ღა განღჳძებად ჩუენდა, და შეიკრძალეთ უბიწოებაჲ ვიდრე ესე სასოებაჲ ჩუენ თანა-ღა არს. რამეთუ მომავალ არს ჟამი იგი საშინელი, ოდეს თქუენ არა მოელოდით. მაშინ მწარედ სტიროდით და ინანდეთ სინანულითა უსარგებლოჲთა.
აწ უკუე ისწრაფდით, რაჲთა არა ჟამსა მას მწუ\ხარებაჲ საუკუოჲ გეუფლოს თქუენ და სირცხჳლმან დაგფარნეს თქუენ წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა და ყოველთა კაცთა. დასცხერით შფოთისაგან და ცუდად განრისხებისა და ურჩებისა და სიტყჳს-გებისა, უფროჲს-ღა თქუენ, კრებულო ჭაბუკთაო, სიმდაბლე მოიპოვეთ ყოვლითა ძალითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა დაემორჩილენით მოხუცებულთა და მოძღუართა თქუენთა, რაჲთა ესრეთ სათნო-ეყვნეთ უფალსა ჩუენსა.
იყო ჟამსა მას პირველთა მამათა ჩუენთასა კეთილი ფრიადი და განსასუენებელი მრავალი. ხოლო გასმიეს სამე, რავდენი მჴურვალებაჲ და მოწრაფებაჲ მოეგო დაჯერებისათჳს ღმრთისა, სიმდაბლე დიდი და შრომაჲ ფრიადი და მოთმინებაჲ ურ[ი]ცხჳ. ხოლო აწ დღეთა ამათ და ჟამთა ჩუენთა მოგჳგიეს ურჩებაჲ, რისხვაჲ და გულის-წყრომაჲ, შური და ამპარტავნებაჲ, ჴორცთა განსუენებაჲ და სულისათჳს უდბობაჲ და დაჴსნილობაჲ.
აწ უკუე მცირე და საწუნელ გგონიეს ესე სიტყუაჲ და ესე საქმენი, რომელსა შინა ვართ ჩუენ ჟამსა ამას. და ნუ ჰგონებთ თავთა შინა თქუენთა, ვითარმედ მი-რასმე-წდომილ ხართ კეთილისა საქმესა. რამეთუ რომელსა ჰნებავს განრინებაჲ სულისა თჳსისაჲ, ჯერ-არს მისა, რაჲთა მოიგოს შრომაჲ ფიცხელი და მოღუაწებაჲ ფრიადი. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელთა-ესე შეუმოსიეს სამოსელი ცხოვართაჲ და თმაჲ დაჭირებით მოუპარსავს, ვითარმედ ესე ხოლო არს მონაზონებაჲ; გინა ოდეს იყოს კაცი ჴმელ გუამითა და უპოვარ ჴორცითა, იგი ხოლო არს მონაზონებაჲ; ანუ ოდეს იყოს კაცი კეთილად მეტყუელი და წიგნთა თარგმანი, ვითარმედ იგი არს სრულ, ნუ იყოფინ! არა იგი არს, არამედ რომელსა ჰქონან საქმენი კეთილნი მცნებისაებრ ღმრთისა, იგი არს მონაზონ, ამას-ღა ვიტყჳ, არა თუ სქემასა წმიდასა მონაზონებისასა შეურაცხ-ვჰყოფ (ნუ იყოფინ!), არამედ ჯერ-არიან სქემასა თანა საქმენიცა, რამეთუ სახე ოდენ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს. და ნუ უდებ იქმნებით და ნუცა დაჰჴსნდებით, არამედ აღჳრ-ასხენით სიჭაბუკესა თქუენსა შრომითა დიდითა, რამეთუ დაღაცათუ სიტყუანი ესე ჩემნი შეგაწუხებენ და დაგიმძიმდებიან, არამედ ეგრე მნებავს თქუენთჳს, რაჲთა შეიწყნარნეთ სიტყუანი ჩემნი, ვითარცა წამალნი მტკივანნი, ადვილად მკურნალი წყლულსა ცოდვისასა. და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ კაცთაგან დაფარულნი იგი ცოდვანი თქუენნი, დაფარულ არიან წინაშე ღმრთისა, რომელსა არარაჲ დაეფარვის. მართლიად გეტყჳ, რამეთუ დაფარულთა თქუენთა, რომელთა საიდუმლოდ იქმთ, იგი დავიდუმე დაწერად წიგნსა ამას შინა ამისთჳს, რამეთუ, უკუეთუმცა დავწერენ, ივლტოდეთ-მცა ყოველნი და არავინ თქუენგანი დაშთა ჟამ ერთცა სირცხჳლითა. არამედ მე გევედრები თქუენ, ძმაო ჩემნო, საყუარელნო, რაჲთა განუკუთნნეთ თავნი თქუენნი მორჩილებასა და შეურაცხებასა და სიყუარულსა, და ეკრძალენით ურჩებასა ურთიერთას, და მოიგეთ მარხვაჲ და ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ. და ნუმცა ხართ ლალვისათჳს მჴნე და წიგნის კითხვისათჳს უძლურ და დაჴსნილ. და ნუმცა ხართ გულის-სიტყუათათჳს ბოროტთა, ვითარცა მჴეცნი, და ლოცვასა თუალ-დაწუხვილ და მძინარე, ვითარცა წარმართნი უურველნი. ნუმცა ვართ ცუდთა სიტყუათათჳს, ვითარცა ზუარაკნი, ძლიერ, და ლოცვისათჳს, ვითარცა მელნი, უძლურ და ვერაგ. და ნუმცა ხართ პასუხობასა უსაზომო და სულიერებისა სიტყუასა მოწყინე და ნუმცა სიტყუათა ზედა ლაღობისა და განცხრომისათა მხიარულ არიან პირნი თქუენნი და წიგნთაგან სწავლისა და მამათა ანდერზისა მწუხარე და უსმ.
და ნუმცა ხართ დღისი მრთელ და ძლიერ გუამითა ნაყროვანებისა და სიხარულისათჳს და ღამისა ლოცვასა სნეულ და უძლურ. და ნუმცა ხართ მოყუარე სხჳსა მორჩილობასა, რომელი თქუენ უბრძანოთ, და მოძულე და ურჩ, რომელი სხუამან გიბრძანოს თქუენ. ნუ წუნობის გიჩს თქუენ იგი და ნუმცა ხართ გულს-მოდგინე და სწრაფით მისლვასა ტაბლისა დაგებასა, და უდებ და მცონარე საქმესა შინა მონასტრისასა. და ნუმცა ხართ წინაშე დედათა მხიარულ და განმცხრომელ გულითა, და წინაშე მამათა და ძმათა თქუენთა მჭმუნვარე პირითა და მწუხარე გულითა, არამედ გევედრები თქუენ, მონანო ღმრთისანო კეთილნო, რაჲთა აღიშურვოთ შური იგი კეთილი ყოველსა ზედა საქმესა სათნოსა და საქებელსა, რომლითა აღეშენნენ ყოველნი.
იქცეოდეთ ყოველსა შინა საქმესა თქუენსა სიმდაბლითა, სიყუარულითა, სახიერებითა, სულ-გრძელებითა და ურთიერთას სათნო-ყოფითა; და რაჲთა არა იცილებოდით საქმესა ზედა, რომელსა არა იყოს სარგებელი სულისაჲ, არამედ შეუდეგით უცონილად მარხვასა და ლოცვასა, რამეთუ ვერ შემძლებელ ხართ ძლევად ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა თჳნიერ მარხვისა და ლოცვისა, და რაჲთა მითვე მოვიგნეთ კეთილნი იგი საუკუნენი, და ნუმცა ვეძიებთ საქმეთა ქუეყანისათა, რომლითა დავიჭირვნეთ საქმენი ზეცისანი.
აწ უკუე ვისწრაფოთ გულს-მოდგინედ, რაჲთა მოვიგნეთ საქმენი იგი ზეცისანი ღმრთისა მიერ. ჰე საყუარელნო, განვიღჳძოთ ძილისაგან უდებებისა, რამეთუ ზამთარსა ბოროტსა მოუცავთ და მტერი ჩუენი უხილავი მარადის კართა ჩუენთა ზედა დგას, რაჲთამცა ცხოველნივე შთამნთქნა ჩუენ. განვეკრძალნეთ უკუე ბრძოლად მისა, რაჲთა ვსძლოთ და მოსაგებელი საუკუნოჲ მოვიგოთ მეუფისაგან ცათაჲსა, რამეთუ იგი მრავალ-ფერითა ვერაგობითა გუბრძავს ჩუენ. და ჩუენცა ეგრევე მრავალ-ფერითა საჭურველითა შევიჭურნეთ და ძლიერად წინა-აღუდგეთ. უკუეთუ გუბრძოს ჩუენ ნაყროვანებითა, წინა-აღუდგეთ მას მარხვითა. და უკუეთუ გუბრძოდის ჩუენ გულის-სიტყჳთა სიძვისაჲთა ვჰბრძოთ ჩუენცა სიწმიდითა მოთმინებითა და დავიცვნეთ სასმენელნი ჩუენნი, და მუნთქუესვე ივლტოდის პირისაგან ჩუენისა. და უკუეთუ გბრძოს თქუენ აღძრვითა გულის წყრომისაჲთა, შეიჭურენით თქუენ სიმშჳდისა და სიმდაბლისა საჭურველითა. და უკუეთუ გბრძოდის თქუენ სიძულილითა, ჰბრძოდეთ თქუენ სიყუარულითა. და უკუეთუ გბრძოდის დიდებისა და პატივისა სიყუარულითა, თქუენ მოიხადეთ შეურაცხებაჲ და სიგლახაკე. და უკუეთუ გბრძოდის ამპარტავნებითა და თავჴედობითა, გამოიწერეთ თქუენ გონებასა თქუენსა სიმდაბლჱ იგი მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.
და უკუეთუ გბრძოდის თქუენ შურითა, მოიჴსენეთ თქუენ დაცემაჲ იგი კაენ მოშურნისაჲ. და უკუეთუ გეწყვებოდის თქუენ უძღებებითა და ნაყროვნებითა, მოიჴსენეთ თქუენ ესავისი იგი შეურაცხებაჲ. უკუეთუ გეწყვებოდის თქუენ განკითხვითა, დუმილითა წინა-აღუდეგით მას. და უკუეთუ ჩუენ ფრთხილ-ვიყვნეთ და უცონილად წინა-აღუდგებოდით მას დღითი-დღედ ამით საჭურველითა, რომელ ვაჴსენენ, უეჭუელად ივლტოდის იგი ჩუენგან და ვერ შემძლებელ იქმნეს იგი ვნებად ჩუენდა, და მყის მადლი ღმრთისაჲ მოიწიოს ჩუენ ზედა.
გრწმენინ ჩემი, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ვითარმედ ესე საქმენი, რომელ წარმოგითხრენ, უკუეთუ დაიმარხნეთ, ვერ შემძლებელ იქმნეს უხი\ლავი იგი მტერი ძლევად თქუენდა და მის მიერ შეხჳდეთ სასძლოსა მას ზეცისა სიძისა უკუდავისასა და მის თანა სუფევდეთ სასუფეველსა მი[ს]სა საუკუნესა. და მადლობით ქებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|