მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

დავითმა სიხარული დაიბრუნა მონანიების შემდეგ

 

შენ ყოველივეს შენს დასკვნებზე აგებ, მე კი მოციქულის ქველმოქმედებას დავიმოწმებ. დაგიმტკიცებ, რომ შენი საკუთარი დასკვნებით მოციქულს ცილს სწამებ, და სინანულისაკენ გიბიძგებ. რას ეუბნება იგი სარწმუნოებისაგან განდგომილ გალატელებს? „შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის“ (გალატელთა 4,19). რაკიღა ისინი სალმობით, ანუ ჭირითა და განსაცდელებით ნაშობნი იყვენენ (სულიერად) პავლეს მიერ, ამიტომაც თქვა: „ კუალად მელმის“, რადგან ისინი უკვე ნათელღებულები იყვნენ ქრისტეს მიერ. მან არ დაგმო ეკლესიური ადამიანები, რომლებიც უწინ მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ შემდეგ განუდგნენ სარწმუნოებას, ხოლო ორგზის ან მრავალგზის ნათლისღება აკრძალა. მაშ უნათლავებს ამცნო განა: „ჰრბიოდეთ კეთილად“ (გალატელთა 5,7), ან: „ვინ გეშურებოდა თქუენ წეშმარიტებისა არა მორჩილებად“ (გალატელთა 3,1)? ასევე, ნუთუ უნათლავებს უთხრა: „ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!“ (3,4); „რომელმან იგი მოგცა თქუენ სული (სულიწმიდა) და იქმს ძალთა თქუენ შორის საქმეთაგანმე სჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისათა“ (3,5)? ხოლო თუ მოციქულმა სამღვდლო დასის წევრებსაც არ აუკრძალა სინანული, მაშ როგორღა ამტკიცებ, რომ ნათლისღების შემდეგ მონანიება შეუძლებელია? დავითი ამბობს: „სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“ (ფსალმუნი 50,13); როგორ შეიძლება მტკიცება იმისა, რომ მცოდველებს სულიწმიდის მადლის მიღების შემდეგ სინანული არ მიეცემათ? ის წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ შესცოდა და მოინანია, და ღმერთმა შეუნდო, მე კი - სჯულიერად მონანულს - არ შემინდობა? დავითი ამბობს: „მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა“ (ფსალმუნი 50,14) - მრუშობის შემდეგ მას სიხარული წაერთვა, მონანიების შემდეგ კი დაუბრუნდა, და ამის შემდეგ იგი წინასწარმეტყველებდა, ვიდრე თვით სიკვდილამდე.