წმიდა ეფრემ ასური
შენი სიტყვით შეიძლება კიდეც განმართლდე და კიდეც დაისაჯო
სინანულის დასაბამი სიტყვებში იდება, რადგან სიტყვიერი აღიარება სინანულის საწყისია მხოლოდ. ამიტომ მეზვერესაც ცხონების საწყისი ენიჭება: სავსებით არ გაუთავისუფლებია იგი უფალს ვალისაგან, რადგან მან ჯერ კიდევ არასრულად შეინანა. შეიმეცნე აქედან ღმერთის სიზუსტე ყოველივეში და სინანულის სარგებლობაში ჩასწვდი; როგორც შეინანებ, ისეთივე ჯილდოს მიიღებ. რაკი სიტყვით აღიარე ცოდვები, მაშასადამე, ღმერთმა დაუშვა, რომ წარმატებით შეინანო შენი ცხოვრებითაც. რას ამბობს მეზვერე? „ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“! (ლუკა 18,13). ქრისტე კი რას ამბობს მასზე? - ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი“ (14). მას არ უთქვამს, რომ მეზვერე უკვე გამართლებულია და განკითხვისაგან განთავისუფლებულია, რათა ჩვენთვის ჭეშმარიტი სინანულის სახე (ნიმუში) მოეცა - არა მარტო სიტყვით მონანიებისა, არამედ მოქმედებითაც. სოდომიც „გამართლებულია“ იერუსალიმთან შედარებით, როგორც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს (ეზეკიელი 16,52), მაგარამ არა მისი სათნოებისათვის, არამედ იმის გამო, რომ იუდეველების უკეთურება სოდომელებისას აღემატა. ასევე მართლდება მეზვერე ფარისეველთან შედარებით. ავაზაკი, რომელმაც სიტყვიერად აღიარა თავისი უსჯულოება, ცხონდა, რადგან მას ცხოვრებით მონანიების დრო არ მიეცა. ის შეიცვალა და ამით გამოავლინა, რომ ცხოვრებითაც მოექცეოდა, დრო რომ მისცემოდა. შენი სიტყვისაებრ, როგორც უკეთურებასა და უღმერთობაში შეიძლება დაგედოს ბრალი, შენმა სიტყვამ ასევე, შესაძლოა, კეთილმსახურადაც გამოგაჩინოს. მოსე უსიტყვოდაც ხმობდა უფლის მიმართ (გამოსვლა 14,15) მაშასადამე, გაფიქრებისთვის, გულისსიტყვისთვისაც შეიძლება მოტევების მიღება. პავლე ამბობს: „ვილოცვიდე გონებითაცა“ (1კორინთელთ 14,15), რათა გიჩვენოს, რამდენად სასარგებლოა ორივე სახის ლოცვაც და თითოეული მათგანიც; ოღონდ ყურადღებით უნდა ჩაუღრმავდე სულიერ მჭვრეტელობას.
|