მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

წინათქმა

 

მკითხველს ვთავაზობთ წმიდა ეფრემ ასურის – სინანულის მსოფლიო მოძღვრის – მგზნებარე სიტყვებს ამ უდიდესი, მაცხოვნებელი საიდუმლოს შესახებ. სულ 52 სიტყვას, ანუ რამდენი კვირაც არის წელიწადში. წმიდა მამის ეს ღმრთივსულიერი შეგონებანი სინანულზე თარგმნილია 2000 წელს მოსკოვში გამოცემული წიგნიდან: „სულის მაცხოვნებელი საუბრები სინანულის შესახებ“, გამოკრებილნი ეფრემ ასურის ქმნილებათაგან ლეონიდე დენისოვის მიერ.

წინათქმაში ავტორ-შემდგენელს მოჰყავს წმიდა ეფრემის სიტყვები: „სინანული – ყოვლადუხვი ნაყოფია, მრავალნაყოფიერი ყანა: ღმერთი განიხარებს მისით, რადგან ვის დაღუპვასაც ცოდვა ლამობს, იმას სინანული აღადგინებს საღმრთო დიდებისათვის.

კეთილმა მოღვაწეებმა სინანულით განაპოხიერეს ღმერთის ყანა, მის მიერ გაამდიდრეს ეკლესია კეთილი ნაყოფებით, მისით აღავსეს ღვთის ბეღელნი. სინანულის წყალობით იქცა ქვეყანა ზეცად, რამეთუ წმიდანებით აღავსო – “ამქვეყნიური ანგელოზებით“ (96-ე სიტყვა; ქმნილებანი, მე-3 გამოცემა, მ., 1882 წ., ნაწ. III).

ავტორის, ლ. დენისოვის თქმით, წიგნში შემოკლებულადაა თავმოყრილი წმიდა ეფრემ ასურის 23 ჰიმნი (2,3,4,5,7, 8,11, 13, 18, 25, 27,29, 30,31, 32, 35, 38, 50, 51, 53, 67, 69) და ორი – შესვენებულთა საგალობელი (56, 65), ხოლო დანარჩენი ფრაგმენტები ამოკრებილია ღირსი მამის სამოძღვრებო სიტყვებიდან სინანულზე.

სინანულს მარადის უნდა შესწირავდეს უფალს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარეგანადაც და თავის გულშიც.

ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი მკითხველისთვის სასარგებლო იქნება, ყოველ კვირას წაიკითხოს წმიდა მამის – ეფრემ ასურის (+379 წ, ხსენება - ახ. სტ. 10 თებერვალს) ეს, ჭეშმარიტად სულის მაცხოვნებელი შეგონებანი.