| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-52 კვირა: წმიდა წერილის წიგნთა კითხვისათვის
ნუ მიეცემი წიგნების კითხვას იმისთვის, რომ მიატოვო თავის წურთა სათნოებებში. ბევრს ნუ იშრომებ და იკითხავ, არამედ ჰქმენი ეს განსჯით, ხოლო ყველაზე მეტად კეთილ საქმეებში დაშვერი. ნუ შეიჭირვებ თავს წიგნთა იმგვარი კითხვით, რომელსაც საქმე არ მოჰყვება, იმიტომ, რომ სჯული მხოლოდ საქმეებით სრულდება. ბევრნი გათანგვამდე კითხულობენ, მაგრამ თავიანთ მოქმედებებში, საქციელში უგუნურებად წარმოსდგებიან. სხვანი კი მუშაკობით დაშვრებიან, და სიბრძნეში თვით ბრძენკაცთაც აღემატებიან. გაცილებით უმჯობესია, საქმეთა ქმნა, ვიდრე წიგნთა მთელი გროვის წაკითხვა და წაკითხულის არშესრულება.
ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც არ დაშვრებიან სჯულის წიგნთა კითხვაში, მაგრამ აღასრულებენ სჯულს. ნუ მიეცემი განსწავლულობას და დიდად არ დაშვრე მხოლოდ ამისთვის, რათა განიდიდო შენი სიბრძნით. მხოლოდ ის როდია ბრძენი, ვინც დაფარულის ახსნა-განმარტებას შეუდგება. უფრორე იმისთვის იზრუნე, რომ საქმით აღასრულო წაკითხული, და არამხოლოდ განმარტო დაწერილი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად ბრძენი, ვინც თავისი ცხოვრებით განაბრძნობს უგუნურთ. ვინც გულმოდგინედ მიეცემა წიგნების წაკითხვას, მან უნდა აღასრულოს კიდეც წაკითხული, და არ შემოიფარგლოს ოდენ გულმოდგინე კითხვითა და დროის უქმად გატარებით, იმიტომ, რომ ამას როდი მოითხოვს ჩვენგან ის, ვინც თავისკენ მოგვიწოდებს და თავის საღმრთო მოძღვრებას გვიქადაგებს ჭეშმარიტ ბრძენთ. სიბრძნეა - დიდებულ დასასრულს ეწიოს ადამიანი. მშვენიერი საქმეა – საღმრთო მცნებების ცოდნა და მათი გულმოდგინე აღსრულება; და პირიქით, სირცხვილია – კითხულობდე და არ ასრულებდე წაკითხულს, ბევრს კითხულობდე და არაფერს იქმოდე. მაშ, ვეცადოთ, ძმებო, კეთილგონიერად ვიკითხოთ და გონივრულად ვიქცეოდეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მსაჯული, რომელიც ანგარიშს მოითხოვს ზრახვებისთვისაც კი, გამოუძიებელს არ დატოვებს ჩვენს არც ერთ აზრს, არც ერთ ფიქრს. და ნეტარია ის, ვინც ყურადღებით უსმენს წმიდა წერილს და ვინც, კითხულობს რა საღმრთო წიგნებს, ცხოვნების ამ წყაროს, ცდილობს, აღასრულოს სჯული და აღძრას სული თავისი ჯეროვანი სიტყვისათვის, საქმისა და ზრახვისათვის.
|
|