წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-51 კვირა: სიწმიდისათვის
რაც კი მე ყველაზე ამაღლებული და სასიხარულო მქონდა ჩემს ყრმობაში, ყოველივე მომისპო სატანამ ჩემი ზნის აღვირახსნილობით. და ის ჩემი უძვირფასესი და უპატიოსნესი ქვაც, მზეზე უნათლესად მბრწყინავი, მზაკვრობით წარმიღო, თავისი მომატყუებელი ცთუნებებით წარმტაცა. სათნოების პირველი სამკაული – ქალწულებაა. ხოლო თუკი შენი ფეხი დაბრკოლდა, შეირყა ამ საფეხურზე და ვერ შესძლო მასზე დგომა, მაშინ უწყოდე, რომ არსებობს კიდევ სხვა სამკაულიც სიწმიდის საფეხური. და თუ შენ ჭეშმარიტად წმიდა ხარ, ქალწულებთან ერთად ღირს-იქმნები ნეტარებისა. დაე, დიდებისგმეტყველებდეს შენ, უფალო, ჩემი ცოდვილი სული, იმიტომ, რომ ეშმაკმა ცოდვით დათრგუნა იგი, ხოლო შენ – განკურნე და განაცოცხლე! დაე, გადიდებდეს შენ ყოველი გრძნობა, ყოველი აზრი ჩემი, იმიტომ, რომ შენ, შენი წყალობით, განმიბანე და განმინათლე ისინი! დაე, ილოცონ ჩემთვის, უბადრუკისათვის, ნათლის ძეთა დასებმა, იმიტომ, რომ განვარისხე მე ღმერთი! დაე, ისინი მოწყალე-ჰყოფდნენ უფალს, რათა არ მოვაკლდე მათთან ერთობას და მეც მათსავით შემეძლოს დიდებისმეტყველება მის წინაშე! და შენ, უფალო, მომიძიე და მპოვე მე, დაღუპული, იმიტომ, რომ შენი მხრებით წარმიყვანე წყმედული ცხოვარი! მომიწოდე მე, უფალო, მიმიხმე შენთან, რათა თანაშერაცხულ ვიქმნე შენს სამწყსოში და მივეთვალო შენს ცხოვართ, და ქება-დიდებას გიგალობდე ყველა მონანულთან ერთად. |