მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-48 კვირა: განაგდე შენი გულიდან მანკიერებები!

 

ისაგრე, იღვაწე და დაშვერი, სანამ ჯერ კიდევ არის ჟამი, რათა თავის დროზე უკვე გაუჭირვებლად მოიმკო ნაყოფი! არ გიყვარდეს სიძულვილი, გძაგდეს შური, მტრობა და ქედმაღლობა! რისთვის მეუფებს, ძმებო, ჩვენ შორის შური? რისთვის აღიმაღლებ თავს, ჰოი, კაცო, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ მიწად და მტვრად გადაიქცევი? შეიყვარე გულშემუსრვილობა, შეიყვარე მოთმინება, შეიყვარე თავშეკავება, რათა თავი დაიცვა მრავალ განსაცდელთაგან და განეშორო ამაო საზრუნავთ, სტიროდე ლოცვისას, რათა მოსვენება ჰპოვო იქ, სადაც გადასახლდები სიკვდილის შემდეგ! გულმოდგინება გქონდეს შენი ცხოვნების საქმეში, ვითარცა ბრძენსა და გონიერს, იმიტომ, რომ ურცხვობა, სიცილი, ასევე ხუმრობები არანაირ სარგებლობას არ მოგიტანენ სიკვდილის დღეს, რამეთუ ყოველივე ეს მხოლოდ უგუნურთა გულში პოულობს ადგილს. წრფელი გულით შეიყვარე თავმდაბლობა, და მადლს მოიპოვებ ყოვლისმპყრობელი ღმერთის წინაშე — აქაც და მომავალ საუკუნეშიც! მთელი შენი სიძლიერით მოშიშებდე ღმერთს, და იგი გასწავლის, თუ ვით ჯერ-არს ცხოვნება.

თავმდაბლობა და სიმშვიდე იპყარ, და უფლის შიშის მადლი გარდამოვალს შენზე. ხორცის სიბილწეს არაფერი აქვს თავის თავში, გარდა განკითხვისა და დაუშრეტელი ცეცხლისა; ხოლო სიწმიდე აწინდელ საუკუნეშიც ქება-განდიდებაა, და მომავალშიც – დაუჭკნობელი გვირგვინი. შენი სხეული, ძმაო, სულიწმიდის ტაძარია, შენში დამკვიდრებულისა; ამიტომ გულმოდგინება გქონდეს ამ ტაძრის სიწმიდით დაცვისათვის, რათა არ შეურაცხჰყო მასში დამკვიდრებული.