მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-47 კვირა: იღვიძებდეთ და განუწყვეტლივ – ებრძოდეთ მტერს!

 

ყოველდღე განამზადე შენი ლამპარი, როგორც ბრძენმა კაცმა, და ყოველჟამ გულმოდგინედ დააკვირდი მას ცრემლთა ღვრითა და ლოცვა-ვედრებით. მთელს იმ დროს, რომელშიც საშიშროებას ვერ ხედავ საკუთარი თავისთვის, მაინც ფხიზლად იყავი, რამეთუ ის დრო დგება, რომელიც ძრწოლით, შიშითა და შეშფოთებითაა აღსავსე, და თავისი მღელვარე, არეული ხასიათის გამო უმჯობესზე ფიქრის საშუალებასაც კი არ იძლევა. ყურადღებით დააკვირდით, ჩემო საყვარელნო, თუ როგორ ძლიერდება ყოველივე მზაკვრული, როგორ წარემატება ბოროტება ყოველდღიურად და როგორ წინ მიიწევს მზაკვრობა! ყოველივე ეს გვაიძულებს, მომავალ მშფოთვარებას და უდიდეს მწუხარებას მოველოდეთ, რომელიც მთელს ქვეყნიერებას კიდით კიდემდე მოიცავს. ჩვენი ცოდვების მიზეზით, ჩვენი მოუძლურების გამო წარემატება ქვეყნად მზაკვარი. მაშ, ყოველდღე ვიფხიზლოთ, მუდამ ვმღვიძარებდეთ, (ჩემო) ღვთისმოყვარე მხედრებო, რათა გამარჯვებულნი აღმოვჩნდეთ მტერთან ბრძოლაში, ქრისტესმოყვარენო! შევისწავლოთ ამ ბრძოლის კანონები; იგი უხილავად მიმდინარეობს, და ამ ბრძოლის კანონია ქვეყნიურ საზრუნავთაგან გამუდმებული განძარცვა. თუკი ყოველდღე თვალთა წინა გაქვს სიკვდილი, მაშინ არ შესცოდავ. თუკი განიძარცვავ ქვეყნიურ საზრუნავთ, მაშინ არ გაიქცევი ბრძოლის ველიდან. თუკი მოიძაგებ ყოველივე მიწიურს და უგულებელყოფ წარმავალს, მაშინ შესძლებ, გამარჯვების ჯილდო მოიპოვო, ვითარცა მხნე, ძლევაშემოსილმა მხედარმა. ქვეყნიური თავისკენ, ქვე-მოიზიდავს ყოველივეს, და ვნებები ბრძოლის დროს აძნელებენ გულისმიერ თვალებს; სწორედ ამიტომ გვებრძვის და გვძლევს ხოლმე მზაკვარი ჩვენ – აღვსებულთ ყოველივე ქვეყნიურით და დამონებულთ ამაო საზრუნავებზე.