წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-46 კვირა: ივლტოდე ამაოებისაგან, რომელიც ღმერთისაგან განგვაშორებს!
არასარწმუნოა აწინდელი საუკუნე, საყვარელნო, იმიტომ, რომ რაიმეს მფლობელს ყოველივეს ართმევს, და ადამიანიც იტანჯება, დიდად დაშვრება და წუხდება ქვეყნიურ ცხოვრებაში. და ვინც არ გულმოდგინებს მისთვის, ქვეყნიური ცხოვრებისთვის, ის გულწრფელად, არაპირმოთნედ შეუვრდება ღმერთს, რადგან ამა წუთისოფლისგან არანაირი წინდი არა აქვს აქაური წარმავალი სიკეთეებისა. ეს ქვეყანა თავის თავში განხრწნადს შეიცავს, იმიტომ, რომ თავად არის დაფუძნებული სიკვდილზე. ვისაც მასში ყოველივე აკლია და უქონელია, იმას არც მოქიშპე ჰყავს და ის არც ინაწილებს სხვათა ამაო შრომას. მაშ, რატომ არ უნდა გახდე შენ, ჰოი, კაცო, კეთილგონიერი და რატომ არ უნდა გაწყვიტო კავშირი ამა განხრწნად, ამაო ქვეყანასთან? რატომ ვერ უნდა მოახერხო ამაოების ძლევა, რათა ქონებაზე უარის თქმით თანხმობა გქონდეს სინანულთან? კაცთა ქვეყნიური საქმეების მემკვიდრე – ამაოებაა, უსარგებლობა, რამეთუ ისინი გაფანტულობას იწვევენ, მომხვეჭელობის სიყვარულს, დიდებისმოყვარეობისა და ავხორცობის, ხორციელ სიამეთა სიყვარულს აღმოაცენებენ, და ამიტომ ამაოება უაღრესად კეთილგანწყობილია თავის აღმომაცენებელთადმი. |